"აღიარე!" - ამ შეძახილებით, სანთლებით, პლაკატებითა და დროშებით, ყოველი წლის 24 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სომეხი მოსახლეობა იხსენებს ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს დაწყებულ სომეხთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტას. საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები ტრადიციულად, „ქვის ჯვართან“ იკრიბებიან და თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებენ, სომეხთა გენოციდად აღიარონ პირველი მსოფლიო ომის დროს დატრიალებული ტრაგედია.
კარინა პეტროსიანი ერთ-ერთია მათ შორის, ვისი ოჯახის წევრებიც დაიღუპნენ. "ეს არის უმძიმესი დღე ჩვენი სომეხი ერისთვის და საერთოდ, ქრისტიანული სამყაროსთვის. ჩემი ოჯახიდან მარტო პაპაჩემი დარჩა ცოცხალი, ყველა დახოცეს. მსოფლიო ვალდებულია, რომ აღიაროს" - ამბობს კარინა პეტროსიანი.
1915 წლის 24 აპრილს კონსტანტინოპოლში დაიწყო სომეხთა მასობრივი დაკავება და დევნა, რომელიც 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სამი წლის განმავლობაში, მილიონზე მეტი სომეხი დაიღუპა. დაახლოებით ამდენივე ოსმალეთის იმპერიიდან გაიქცა და მთელ მსოფლიოში გაიფანტა.
ახალციხესა და ახალქალაქში ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ ფეხით მსვლელობა 23 აპრილს, საღამოს და 24 აპრილს, დილით მოაწყო. საქართველოს პარლამენტში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ამ დღეს მსოფლიოში მცხოვრები ყველა სომეხი აღნიშნავს: "24 აპრილს ჩვენ ვგლოვობთ, რადგან 1915 წელს მილიონნახევარი სომეხი მოკლეს. ჩვენ მათ არასდროს ვივიწყებთ. მსოფლიოს ბევრმა განვითარებულმა სახელმწიფომ სომეხთა გენოციდი აღიარა. ყოველწლიურად მათ სხვა ქვეყნები ემატება."
მსოფლიოში მრავალი ისტორიკოსი და არაერთი ქვეყანა გენოციდად მიიჩნევს პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვას და დეპორტაციას. გენოციდი აღიარებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანას. მათ შორის არ არის საქართველო.
თურქეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ის მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად.