Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი სპორტსმენები: ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან


გეგა გეგეშიძე
გეგა გეგეშიძე

ერთი თვე ხდება, რაც ქართული ჭიდაობის შესახებ მთავარი სასაუბრო თემა არა ნაკრების ამა თუ იმ ტურნირზე გამოსვლა და წარმატებები, არამედ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტსა და მოქმედ ტიტულოვან სპორტსმენს შორის მომხდარი ინციდენტია.

სპორტის სასახლის არენაზე ხელჩართულ ჩხუბს ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიება და გეგეშიძის დაკავება მოჰყვა. საქართველოს ნაკრების წევრთა საპროტესტო აქციების ფონზე სასამართლომ ფედერაციის პრეზიდენტს ხუთიათასლარიანი გირაო შეუფარდა და არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

ზურაბ დათუნაშვილი და მისი მომხრეები დროდადრო ახალ-ახალ მძიმე ბრალდებებს უყენებენ გეგა გეგეშიძეს და კვლავ კატეგორიულად მოითხოვენ მის გადადგომას. სპორტსმენმა რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ თუ ფედერაციის ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, ან კარიერას დაასრულებს, ან საქართველოს დატოვებს და სხვა რომელიმე ქვეყნის სახელით გააგრძელებს ჭიდაობას.

განსაკუთრებულად დაძაბული პერიოდის განმავლობაში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მასმედიასთან ურთიერთობას თავს არიდებდა, თუმცა მან რადიო თავისუფლებას მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც მოვლენების საკუთარ ხედვას წამოაჩენს და თბილისის ჭიდაობის ფედერაციას თაღლითობაში ადანაშაულებს.

რადიო თავისუფლება: რა მოხდა გეგა გეგეშიძესა და ზურაბ დათუნაშვილს შორის?

გეგა გეგეშიძე: მინდა თავიდანვე ყველამ დაინახოს, რომ ზურაბ დათუნაშვილის მიმართ აგრესიის არანაირი საბაბი არ არსებობდა. 2017 წელს, როდესაც დათუნაშვილი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი, ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი და მეც და სხვებსაც ზურას პორტრეტით დამშვენებული მაისურები გვეცვა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თბილისში ზურა ერთ-ერთ ღამის კლუბთან დაჭრეს. მაშინვე მივედი საავადმყოფოში. ვუთხარი, რომ რითაც შემეძლო, ყველაფრით დავეხმარებოდი. პრობლემები ჰქონდა - ის არ იყო მარტო დაზარალებული.

რადიო თავისუფლება: რას გულისხმობთ?

გეგა გეგეშიძე: აჯობებს ამაზე თავად ზურას ჰკითხოთ. მე არ მსურს ამ თემაზე უფრო დეტალურად საუბარი. დაიწყო დათუნაშვილმა მკურნალობა და ნელ-ნელა ვარჯიშიც განაახლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფორმის სწრაფად აღდგენა გაუჭირდა. მონაწილეობა ვერ მიიღო თბილისის საერთაშორისო ტურნირზე - ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას მემორიალზე. სწორედ ამ ტურნირის შედეგებით უნდა დაეკომპლექტებინათ მწვრთნელებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც რამდენიმე თვეში მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე მიიღებდა მონაწილეობას. გამოჩნდა, რომ შეიძლებოდა დამღუპველი ყოფილიყო ევროპის ჩემპიონისთვის ნაკრებში ადგილის დაკარგვა. გაუჭირდა ამასთან შეგუება და იყო რისკი, კარიერაც დაესრულებინა. ამიტომ მწვრთნელებმა და ფედერაციის ხელმძღვანელობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ. სპორტსმენს, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ეჭიდავა, ვთხოვეთ შესულიყო თანაგუნდელისა და მეგობრის მდგომარეობაში, რადგან ეს საჭირო იყო არა მარტო ზურასთვის, არამედ მთლიანად ქართული ჭიდაობისთვის.

რადიო თავისუფლება: დათუნაშვილმა პარიზში არცთუ ცუდად იჭიდავა - საპრიზო სამეულამდე ერთი მოგება დააკლდა.

გეგა გეგეშიძე: მთავარი იყო, რომ ამით მან გუნდისგან დიდი მხარდაჭერა დაინახა. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ისევ გალიდერდა შიდა კონკურენციაში და 2018 წელს ევროპის ჩემპიონატზე უკვე დამსახურებულად გაემგზავრა. დამარცხდა და მიზეზად მსაჯები დაასახელა, ბოლო წამებზე წამმზომი გამიჩერესო. შემდეგ ვერც ბალავაძე-კარტოზიას ტურნირზე გახდა ჩემპიონი და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინ ნაკრებში მოხვედრის პრეტენდენტი მისი სხვა თანაგუნდელი გახდა, რომელიც ბალავაძე-კარტოზიას ტურნირზე მასზე უკეთესად გამოვიდა.

რადიო თავისუფლება: ამ წარუმატებლობას მოჰყვა მისი პირველი უთანხმოება ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან. დათუნაშვილი ამბობს, რომ შარშან ზაფხულში საწვრთნელი შეკრება უსამართლობისა და მწვრთნელებთან უთანხმოების გამო დატოვა.

გეგა გეგეშიძე: შეკრებაზე ზურამ მწვრთნელებისგან მოითხოვა, მისთვის დამატებითი შანსი მაინც მიეცათ, როგორც ევროპის ორგზის ჩემპიონისთვის. მწვრთნელებმაც უთხრეს, რომ შანსი მართლაც მიეცემოდა თურქეთისა და გერმანიის საერთაშორისო ტურნირებზე. უცებ გაირკვა, რომ ის შანსს არა თავის წონაში, არამედ ერთი წონითი კატეგორიით დაბლა ითხოვდა. ამაზე კი მწვრთნელებისგან უარი მიიღო. დათუნაშვილი განაწყენდა და შეკრება მიატოვა, ჟურნალისტებს კი უთხრა, რომ იჩაგრებოდა.

რადიო თავისუფლება: თქვენ თუ ჩაერიეთ მაშინდელ კონფლიქტში?

გეგა გეგეშიძე: შეკრებიდან დაბრუნებული დათუნაშვილი ფედერაციაში მოვიდა თავის ძმასთან ერთად, ვიჩაგრები და საზღვარგარეთ წასვლა მინდაო. რომ მიხვდნენ, რომ უარზე ვიყავი, ძმამ მითხრა, მოდი, ძმაკაცურად მოუწერე ხელი წასვლაზეო. როგორც ვიცი, შეთავაზებაც ჰქონდა, ოღონდ არ ვიცი, რომელი ქვეყნიდან. მინდა ამ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. 2018 წლის ზაფხული იყო, როდესაც ზურაბ დათუნაშვილი უცხოეთში წასვლის სურვილით მომადგა, - ახლა რომ იმავე სახის ულტიმატუმს აყენებს, თუკი მე არ გადავდგები.

რადიო თავისუფლება: ახლა აღარაა საჭირო ფედერაციის პრეზიდენტის ხელმოწერა?

გეგა გეგეშიძე: საქმე იმაშია, რომ თუ წასვლაზე ხელს მოვუწერდი, უცხოეთის ქვეყნის სახელით ჭიდაობას სწრაფადვე შეძლებდა, ჩემი ხელმოწერის გარეშე კი ორი წლის შემდეგ მიეცემოდა ამის უფლება. ვუთხარი, რომ მე წინააღმდეგი ვიყავი და ვურჩიე, სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს, ასევე ვეტერან სპორტსმენებს დალაპარაკებოდა. როგორც ვიცი, შეხვდა რომან რურუას, თამაზ მაჭავარიანს, ბაკურ გოგიტიძეს, ედიშერ მაჩაიძეს და სხვებს და ყველასგან უარი მიიღო. სხვა გამოსავალი რომ აღარ ჰქონდა, გააგრძელა ვარჯიში, ოღონდ თავის დარბაზში. ერთმანეთს აღარ შევხმიანებივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე კონფლიქტი გვქონდა. გავიდა დრო და დათუნაშვილის მწვრთნელი ვილი ხარაზოვი შეგვეხმიანა, ზურას საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობა უნდა და პრობლემა ხომ არ იქნებაო? რა თქმა უნდა, არ- მეთქი. ასე მივედით შეჯიბრებამდე, რომელზეც როგორც მოიქცა, ყველამ კარგად იცის.

რადიო თავისუფლება: იმის თქმა გინდათ, რომ წინასწარ გეგმავდა სიტუაციის დაძაბვას?

გეგა გეგეშიძე: ასე არ ვფიქრობ, მაგრამ როდესაც შეატყო, რომ ჩემპიონი ვერ ხდებოდა, უსუსური ბრალდებით შეუტია მსაჯს. სპორტსმენს რომ შეხვედრის ბოლო ნახევარ წუთში არ აფრთხილებენ, თუკი ის აშკარად არ გაურბის მეტოქეს, ეს ჭიდაობაში დაუწერელი კანონივითაა და ზურაბ დათუნაშვილმაც მშვენივრად იცის. არადა, სწორედ ამ მიზეზით მიიჭრა მსაჯთან, ქულას რატომ არ მაძლევო. მაგიდაზე დაუფურთხა უმაღლესი კატეგორიის მსაჯს, რომელიც უცხოეთიდან გვყავდა მოწვეული სწორედ იმისთვის, რომ მინიმუმამდე შეგვემცირებინა უსამართლო გადაწყვეტილებები. დიდი შანსია, იმ მსაჯმა ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოჭიდავეების შეხვედრა განსაჯოს და დათუნაშვილის საქციელის გამო ზუსტად იქ მიიღოს ჩვენთვის უსიამოვნო გადაწყვეტილებები.

რადიო თავისუფლება: თქვენ ამტკიცებთ, რომ დათუნაშვილთან თქვენი დაპირისპირების მიზეზი ეს გახდა?

გეგა გეგეშიძე: მე იმ დროს ტრიბუნაზე ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ აყენებდნენ მსაჯებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას სპორტსმენი და მისი ძმა, რომელიც ფინალისას მისი სეკუნდანტი იყო. არენაზე მოგვიანებით ჩავედი. იქამდე დათუნაშვილებთან ნაკრების მწვრთნელები მივიდნენ - ბექა როყვა და ლადო გეგეშიძე ყველასათვის გასაგონად ეუბნებოდნენ დათუნაშვილს, რომ ის შეხვედრა ნაკრების დასაკომპლექტებლად არაფერს წყვეტდა და ორივე ფინალისტს საერთაშორისო ტურნირებზე მიეცემოდა თავისი უპირატესობის დამტკიცების შანსი. ძმებმა ხალიჩა დატოვეს და სიტუაციაც თითქოს ჩაწყნარდა, მაგრამ ზურას ძმა თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გოჩა ჩორგოლიანმა წააქეზა - ბიჭო, ნახე, რას გიშვრებიან, ხმა ამოიღეთ, ამას როგორ პატიობთო. იქ კი უკვე პროცესი უმართავი გახდა. როცა შევატყვე, რომ საქმე ძალიან გართულდა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩავთვალე თავი ვალდებულად არენაზე ჩავსულიყავი. გულწრფელად გეუბნებით, ვინმესთან ჩხუბზე არც მიფიქრია. მინდოდა მხარეებისთვის მეთხოვა, დაწყნარებულიყვნენ. გავცდი ერთ დათუნაშვილს, მეორეს (ზურას) და ვაპირებდი მესამე ძმასთან მისვლას, მაგრამ... კადრებშიც კარგად ჩანს: ზურას მიერ ჩემს შეტრიალებას მოჰყვა ჩემი ხელის მოქნევა. როგორ ფიქრობთ, ტკბილი სიტყვებით მომმართა და ამით გამომიყვანა წყობილებიდან? დათუნაშვილები რომ კონფლიქტურები არიან და სულ ჩხუბობენ, ეს საჭიდაო სამყაროში ყველამ კარგად იცის. ისიც ახსოვთ, ჯერ კიდევ 2011 წელს ზურას ძმამ, გიორგიმ, როგორ გაუტეხა ქართველ მსაჯს ცხვირი თბილისის საერთაშორისო ტურნირზე, პირდაპირ ხალიჩაზე. ზურა დათუნაშვილმა ევროპის ერთა თასზე იჩხუბა რუს მეტოქესთან და მოხსნეს ტურნირიდან. ამას მივამატოთ დარბაზს მიღმა მომხდარი ინციდენტი და თუნდაც 11 იანვრის ფაქტი და დასკვნაც ყველაფრის გათვალისწინებით გამოვიტანოთ. ოღონდ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევებიდან დაახლოებით ნახევრის დროს მე ფედერაციაში არ ვმუშაობდი.

რადიო თავისუფლება: ახლა რომ იმ მომენტზე დაგაბრუნათ სხვანაირად მოიქცეოდით?

გეგა გეგეშიძე: მაშინაც ვფიქრობდი, როდესაც ტრიბუნიდან დარბაზში ჩავედი, რომ მხოლოდ გამშველებელი უნდა ვყოფილიყავი. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ... როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, ძალიან ძნელია იმ მომენტში თავის შეკავება. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი და მართლა ვნანობ, მაგრამ, არავინ იცის, იმ დროს თვითონ რას გააკეთებდა. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს.

რადიო თავისუფლება: ვიდეოჩანაწერში ჩანს საგანი, რომელიც სავარაუდოდ დათუნაშვილს თავში ჩაარტყით. დღემდე ვრცელდება სხვადასხვა მოსაზრება თუ რა უნდა ყოფილიყო ეს საგანი. შეიძლება რომ გვითხრათ რა გეჭირათ მაშინ ხელში?

გეგა გეგეშიძე: დათუნაშვილი თავიდან იძახდა, გეგეშიძემ თავში რკინის მილი ჩამარტყაო, შემდეგ- ბლაგვი საგანიო. გოჩა ჩორგოლიანმა ჯაჭვი დაინახა, შელიამ - ხელკეტი. ბოლოს, მგონი, ყველა კრიალოსანზე შეთანხმდა. ის ნივთი პოლიციას აქვს ამოღებული და ეს არის ჩვეულებრივი საეკლესიო ფსკვნილი, ალბათ - რამდენიმეგრამიანი. გარწმუნებთ, ჩემი ხელის მოქნევის შემდეგ ზურას არ ჰქონია დაზიანებები. ჩხუბი კიდევ გააგრძელა და დასისხლიანებული დათუნაშვილის ფოტოც გაცილებით გვიანაა გადაღებული.

რადიო თავისუფლება: თქვენმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ჩხუბის შედეგად თქვენც დაზარალდით. რას გულისხმობდა?

გეგა გეგეშიძე: ტუჩი გამისკდა და ხუთი ნაკერი დამჭირდა. არ ვიცი, ვინ დამარტყა. იმდენად ანერვიულებული და გათიშული ვიყავი, თითქმის არაფერი მახსოვდა და რაღაც ეპიზოდები კადრების ნახვის შემდეგ აღვიდგინე.

რადიო თავისუფლება: ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა, რომ თქვენ მას შერიგების მიზნით მამაო მიუგზავნეთ, რომელიც მას გარკვეულ პრივილეგიებსაც დაჰპირდა...

გეგა გეგეშიძე: სასულიერო პირი, რომელიც ზურასთან მართლაც იყო მისული, ჩემთანაც მოვიდა და მითხრა, რომ უნდა შევრიგებულიყავით. მაშინ გავიგე, რომ ზურასთანაც იყო ნამყოფი. იმის თქმა, რომ თურმე სასულიერო პირი ჩემი დავალებით მოქმედებდა, ძალიან დიდი ცილისწამებაა.

რადიო თავისუფლება: ვინ არის ის სასულიერო პირი?

გეგა გეგეშიძე: ის ლამის მთელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სულიერი მამაა. დათუნაშვილი გაცილებით ადრე იცნობდა მას, ვიდრე მე გავიცნობდი. ბიჭებს უყვართ და უდიდეს პატივს სცემენ. ტურნირებზეც კი ჩადის ხოლმე მათ გასამხნევებლად.

რადიო თავისუფლება: თქვენ ძალადობაში გოჩა ჩორგოლიანმაც დაგადანაშაულათ, რომელსაც შარშან ასევე დარბაზში სცემეს. თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანიც იგივეს ამბობს.

გეგა გეგეშიძე: ეს არის სიცრუე და ჩორგოლიანის ბინძური ფანტაზია. იმ დღეს, რომელზეც ამბობდა, მცემესო, მე დარბაზშიც კი არ ვყოფილვარ. გოჩა ჩორგოლიანის შესახებ უკვე მოგახსენეთ, სწორედ ეს ადამიანი იყო 11 იანვარს მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მართლა დათუნაშვილზე შესტკიოდა გული. სულ სხვა მიზეზი აქვს. ძალიან ცუდ საქმეზე გამოვიჭირეთ და პროვოკაციების გარდა სხვა აღარაფერი დარჩენია. რამდენიმე თვის წინ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციიდან მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებაში გავაგზავნეთ წერილი, რომ სამწვრთნელო კურსებში საქართველოს სახელით დავით ოთიაშვილს მიეღო მონაწილეობა. რამდენიმე დღეში მივიღეთ საპასუხო წერილი, რომ მხოლოდ ერთი ადგილი გვქონდა და ბოლოს და ბოლოს გადაგვეწყვიტა, ოთიაშვილი გვსურდა თუ გიორგი გოგშელიძე. გაგვიკვირდა. გოგშელიძის კანდიდატურა მათთვის ნამდვილად არ მიგვიწოდებია. მაშინ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გამოგვიგზავნა ის საბუთი, რომლითაც გოგშელიძის ჩასმას მოვითხოვდით. გაირკვა, რომ მათთვის მიუმართავს თბილისის ჭიდაობის ფედერაციას, ოღონდ ამისთვის საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის სახელი გამოიყენეს. დოკუმენტს ბოლოს ეწერა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ხელს კი გოჩა ჩორგოლიანი აწერდა. საკონტაქტო მისამართადაც სწორედ მისი იმეილია მითითებული. მგონი, ხვდებით, რომ საქმე გვაქვს თაღლითობასთან და ეს პირველი დარღვევა ნამდვილად არაა, რომელზეც ჩორგოლიანი გამოვიჭირეთ. მასზე ფინანსებთან დაკავშირებული საჩივრებით პატარა მოჭიდავეების მშობლებიც ხშირად მოგვმართავდნენ.

რადიო თავისუფლება: თქვნი მნიშვნელოვან ბრალდებებს აყენებთ და შესაბამისად ჩნდება კითხვა- რა ზომები მიიღეთ?

გეგა გეგეშიძე: შევკრიბე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები, ჩატარდა სხდომა და ეს საბუთი ყველას ვაჩვენე. წესდების თანახმად, მაქვს უფლება პირადად მივიღო გადაწყვეტილება და ჩორგოლიანი სახლში გავუშვა, მაგრამ გადავწყვიტე ეს საქმე პრეზიდიუმისთვის მიმენდო. სწორედ პრეზიდიუმის წევრებს უნდა ემსჯელათ მორიგ სხდომაზე ჩორგოლიანის საკითხზე. ეს, რა თქმა უნდა, გაიგო ბატონმა გოჩამ და უკვე ერთი თვეა, ყველაფერს აკეთებს, ოღონდ კი რამე დამაბრალოს.

რადიო თავისუფლება: ფარული ჩანაწერი, რომელშიც გამოჩნდა, რომ თქვენ ხელს ურტყამთ ზურაბ დათუნაშვილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა მოიპოვა, რამდენიმე დღეში კი მან სახლის აივნზე მასრა იპოვა, კარს კი უცნაური დაზიანება ეტობოდა.

გეგა გეგეშიძე: ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირება იაფფასიანი პროვოკაციაა და მეტი არაფერი. „რუსთავი 2“-ის სპორტული ჟურნალისტი დათო ერაძე არის მამაჩემის, ჩემი ძმის და ჩემი მეგობარი. მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, ამ ტელეკომპანიისადმი ბევრი პრეტენზია მაქვს, ერაძე თავისი საქმის პროფესიონალია, კარგი ჟურნალისტია და სპორტული კუთხით რეგულარულად აშუქებს ჭიდაობის აქტივობებს. იგივეს ვიტყვი „რუსთავი 2“-ის სხვა სპორტულ ჟურნალისტებზე. ძალიან მინდა ეს საქმე სწრაფად გამოიძიონ.

რადიო თავისუფლება: ზურაბ დათუნაშვილის მოთხოვნა კატეგორიულია. ის ამბობს, რომ თუ არ გადადგებით, ან კარიერას დაასრულებს, ან უცხოეთში წავა. რაიმე სახის გამოსავალს ხედავთ?

გეგა გეგეშიძე: ზურას უცხოეთში წასვლის სურვილზე უკვე მოგახსენეთ. მის კატეგორიულ მოთხოვნას რაც შეეხება, ვერაფრით დავეთანხმები. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოს. მიხვდეს, როგორ ურევენ ტვინს და იყენებენ სათავისოდ ბინძური ადამიანები, შემდეგ კი დაბრუნდეს დარბაზში და ივარჯიშოს. გარწმუნებთ, მას აბსოლუტურად არავინ ებრძვის. საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი სპორტსმენები.

რადიო თავისუფლება: თუმცა ახლახან ფედერაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შეიკრიბება პრეზიდიუმი და, სავარაუდოდ, დათუნაშვილი დისციპლინურ სანქციებს ვერ გადაურჩება.

გეგა გეგეშიძე: პრეზიდიუმი უახლოეს მომავალში აუცილებლად შეიკრიბება, მომხდარ ინციდენტზე იმსჯელებს და, თუ საჭიროდ ჩათვლის, მკაცრ ზომებსაც მიიღებს. მარტო სპორტსმენს არ ვგულისხმობ. პრეზიდიუმი ჩემს საქციელსაც შეაფასებს.

რადიო თავისუფლებამ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შესთავაზა ზურაბ დათუნაშვილსაც და მის მოსაზრებებს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG