პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საქართველოში სტუმრებისა და საზეიმო ღონისძიებების მრავალფეროვნებით იქნება გამორჩეული. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებენ 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი. პრეზიდენტების გარდა, საქართველოს 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა. განსაკუთრებით გამორჩეულ ღონისძიებათა რიგშია „კრინიცის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში“, რომელშიც, საქართველოს ბიზნესსექტორის გარდა, სლოვაკური და პოლონური ბიზნესდელეგაციის 100-მდე წევრი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას დაესწრებიან ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ბელორუსიიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. კრინიცის ეკონომიკური ფორუმის გამართვა თბილისში საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერის გამოხატულებად მიიჩნევა.