Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამჯერ გადასახლებული და ორჯერ დაკრძალული ლევან გოთუა


10 მარტი მწერალ ლევან გოთუას დაბადებიდ დღეა.

„მსოფლიო მასშტაბის და დღემდე დაუფასებელი“, - ასე ახასიათებს მას მწერალი როსტომ ჩხეიძე.

როდესაც ლევან გოთუას წიგნები იწერებოდა, არათუ დაფასება, ცოცხლად გადარჩენაც საქმე იყო. სამჯერ დაპატიმრებულსა და გადასახლებულს თავადაც უკვირდა, ამ ყველაფერს როგორ გავუძელიო. ბოლომდე შეინარჩუნა სიმხნევე, ფიზიკური ძალა, ბავშვური გულუბრყვილობა. „თვალებში მიყურებდა და როგორ მომატყუებდაო, ამბობდა ხოლმე“, - იცინის მისი მეუღლე, ციცო ალხაზიშვილი.

მაშინ ახალგაზრდებს უფრო ვერ იტანდნენ და გადაწყვიტეს, ლევანი დაეხვრიტათ.
როსტომ ჩხეიძე


პირველად რომ გადაასახლეს, 19 წლის იყო. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, კოჯორში მე-11 არმიის წინააღმდეგ იბრძოდა. 1924 წელს, როდესაც ხალხი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა, ლევანი დააპატიმრეს. ამავე დროს დააკავეს მამამისი, პართენ გოთუაც. მამა-შვილი ცალ-ცალკე აიყვანეს, ამიტომ ერთმანეთის პატიმრობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„მაშინ ახალგაზრდებს უფრო ვერ იტანდნენ და გადაწყვიტეს, ლევანი დაეხვრიტათ. გამოიძახეს გოთუა. დარაჯმა პართენი მიუყვანა. უთქვამთ, ეს არა, ახალგაზრდა გვინდაო. პართენი მიხვდა, ლევანზე იყო საუბარი და ფეხებში ჩაუვარდა, ბარემ აგერ ვარ, მე მომკალითო. საბოლოოდ, აღარც პართენი დახვრიტეს. ეს ამბავი ლევანმა შემდეგ თავის „უგზო ქარავანში“ გამოიყენა“, - ჰყვება როსტომ ჩხეიძე.

„უგზო ქარავნის“მთავარი გმირი გიორგი სააკაძეა. როსტომ ჩხეიძე ამბობს, რომ მაშინ ამ მოთხრობის დაწერას გამბედაობა სჭირდებოდა. სწორედ იმ პერიოდში სტალინმა გიორგი სააკაძეზე ფილმის გადაღება შეუკვეთა, სცენარიც თავად აარჩია და სააკაძე, რომელიც რეალურად ავკარგიანი და გაორებული პიროვნება იყო, გმირად გამოიყვანა. ამ დროს კი ლევან გოთუა წერს ნაწარმოებს, სადაც გიორგი სააკაძის რეალური სახეა აღწერილი.

22 წელი პატიმრობაში

პირველი დაპატიმრების შემდეგ ლევანი სოლოვეცკის კუნძულებზე გადაასახლეს. ეს არის არქიპელაგი, რომელიც შვედეთან ახლოს მდებარეობს. ტერიტორია უკიდურეს ჩრდილოეთს მიეკუთვნება და იქ ყინვა მინუს 30 გრადუსზე დაბლაც კი ჩამოდის. ლევანი ისე წაიყვანეს, ოჯახმა თბილი ტანსაცმლის მიწოდებაც ვერ მოასწრო. კუნძულზე 6 წელი დარჩა.

ლევან გოთუა გადასახლებაში
ლევან გოთუა გადასახლებაში

სახლში დაბრუნების ნება არც სასჯელის მოხდის შემდეგ მისცეს, ამის გამო რამდენიმე წლით ვლადიკავკაზში მოუწია დასახლებამ. საქართველოში დაბრუნებულმა სცადა საბჭოთა კავშირიდან გაეღწია. თურქეთში გადასვლას აპირებდა, საზღვართან რომ დააპატიმრეს.

მესამე გადასახლება კი მის მეგობარს უკავშირდება. საქართველოში მორიგი დაბრუნების შემდეგ ლევანმა ალპინისტურ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. მთებში ხეტიალისას მეგობარს გადააწყდა, რომელიც საზღვარზე გადასვლას ცდილობდა. ლევანმა მეგობრობის ხათრით გაუშვა, მაგრამ ეს შემთხვევა გახმაურდა და მწერალი ახლა უკვე მესამედ გადაასახლეს ვორკუტაში, სადაც ზამთარი საშუალოდ რვა თვე გრძელდება, ყინვა კი მინუს 50 გრადუსს აღწევს.

„უამრავი მზაკვრობა ნახა, უამრავი დამსმენი და პროვოკატორი, მაგრამ მაინც ბოლომდე ბავშვივით გულუბრიყვილო დარჩა. ყოველთვის შეიძლებოდა მისი მოტყუება“, - ამბობს როსტომ ჩხეიძე.

ხის მორებით გამოტანილი რომანი

გადასახლებაში ლევან გოთუამ მაღალი ძაბვის ყუთზე აბრა „სიცოცხლისთვის სახიფათოა“ ჩამოკიდა. თავად ამ ყუთში შეძვრებოდა და ასე, ქაღალდის ნაგლეჯებზე, ასანთის კოლოფებსა და გაზეთის კიდეებზე წერდა რომანებს. ამ ნაგლეჯებს საქართველომდე რომ ჩამოეღწიათ, პატიმრები ხის მორებს გულს ამოაჭრიდნენ, შიგ ფურცლებს ჩადებდნენ და ზონიდან ასე გაჰქონდათ. ზონის გაღმა სხვა სანდო კაცი ფურცლებს ამოიღებდა და საქართველოში გზავნიდა, ადრესატი სიმონ ჩიქოვანი იყო.

„სიმონ ჩიქოვანი ამ ტექსტს აწყობდა და როდესაც ლევანი ჩამოვიდა, დაახვედრა. 11 კაცი მონაწილეობდა ტექსტის გამოტანაში. იმ 11 კაციდან ერთი მაინც რომ ყოფილილყო გამცემი, მთელი გეგმა ჩაიშლებოდა“, - ჰყვება როსტომ ჩხეიძე.

მეტეხის ციხეში დაწერილი დღიურები
მეტეხის ციხეში დაწერილი დღიურები

ასე ნაკუწ-ნაკუწ დაიწერა „გმირთა ვარამის“ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, ისტორიული რომანი, განსაკუთრებული ენითა და სტილით, უშუალოდ მწერლის მიერ შექმნილი სიტყვებით... ნეოლოგიზმები ლევან გოთუას განსაკუთრებით უყვარდა და ასეთ სიტყვებს იგონებდა: „მხარჩამოშლილი, ბადალუპოვარი, მხარჯავარი, ქვაბ-ქალაქები, ქვა-ყუთი, ქვა-კამარა, კეთილმოქალაქეობა, კეთილხმოვანი, კლდე-ჭერი, თვალკიაფა, ჯუჯაგულობა, ბრძენ-პაპა, ნადირ-კაცი...“ („ლევან გოთუას პუბლიცისტური და ეპისტოლარული მემკვიდრეობა“, ავტორი: თამარ შაიშმელაშვილი).

„გმირთა ვარამის“ გარდა ლევან გოთუას დაწერილი აქვს: „კრწანისის სევდა“ , „ყინწვისის ანგელოზი“, „ხანძთის ზარი“, „სიბრძნე სიკვდილისა“, „სერაფიტა“ და ასე შემდეგ.

როსტომ ჩხეიძე ამბობს, რომ ეს წიგნები ახალგაზრდებს ხშირად რთული ეჩვენებათ, რადგან ლევან გოთუას, ისევე როგორც ყველა მწერალს, შეჩვევა უნდა: „ფოლკნერს, რა, არ უნდა შეჩვევა? შეეჩვიე! ხუთი გვერდი წაიკითხე და ისე ჩაგითრევს, ვეღარ შეელევი. ლევან გოთუა წერდა არა დამწვარ და დაბუგულ ქვეყანაზე, არამედ ისეთ საქართველოზე, როგორიც სურდა რომ ის ყოფილიყო. ძალიან მხნეა. ვერ გრძნობ, რომ ეს დაპყრობილი ქვეყნის შვილმა და კატორღელმა დაწერა“.

ცეკვა მწვერვალზე

„დაღლა ხერხემალს კუზივით აზის, შიმშილსაც ვგრძნობთ, მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ შოკოლადის ნატეხი ვჭამეთ. წყურვილიც გვახლავს. ცხენისწყლის სათავის შემდგომ ხომ არსად გვისვამს. რომ შევდგებით, ცივა, ცივა, ქარი გველივით სრიალებს და საყელოს ეძებს. მწყურია... მეტად მწყურია. პეშვით თოვლს ავიღებ... დავმუჭავ და ვწუწნი“, - ეს ლევან გოთუას მოგონებებიდანაა. ის ამ დროს ერთ-ერთ ექსპედიციაშია, ალპინისტ ალიოშა ჯაფარიძესთან ერთად უმოწყალოდ იყინება. ფილოლოგი თამარ შაიშმელაშვილი წერს, რომ ამ დროს ლევანმა თავის სიცოცხლეში პირველად იცეკვა. რომ არ ემოძრავათ, დილამდე ვერ გაატანდნენ.

„...ლევან გოთუა მთასავით კაცია, მთებშიც არ იჩქმალება მისი გოლიათობა. მთაზე მცოცავი მთაა“, - თქვა ერთხელ ედიშერ ყიფიანმა.

ლევანი სულით ხორცამდე მოგზაური იყო, ყველგან დადიოდა, ხან ახალგაზრდებთან ერთად, ხან - მარტო, ხან - საკუთარი პერსონაჟების ნაცვლად.სურდა იგივე ეგრძნო, რასაც მისი გმირები გრძნობდნენ.

თამარ შაიშმელაშვილი თავის ნაშრომში წერს, სადაც უსახელო მწვერვალს ნახავდნენ, ავიდოდნენ და, პირველდამპყრობლის პრივილეგიით, ქართველი კლასიკოსების სახელებს არქმევდნენო. ასე გაჩნდა ვაჟას, აკაკის, ილიას სახელობის მწვერვალები. ერთი ექსპედიცია ხვამლის მთასაც ერგო, იქ მეფეების საიდუმლო სამალავის პოვნა უნდოდათ. საერთოდ, ძალიან უყვარდა გამოქვაბულები და მიაჩნდა, რომ მათში ბევრი რამ იყო ყურადღების ღირსი.

1944 წელს კაცხის სვეტზეც ავიდა, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ფეხი არავის დაედგა. უკანასკნელი მესვეტისგან მხოლოდ ძვლები იყო დარჩენილი. ლევანმა შეაგროვა და აკლდამაში დააწყო.

ლევან გოთუა ბეთანიის მონასტერში
ლევან გოთუა ბეთანიის მონასტერში

გვიან შექმნილი ოჯახი

„როდის უნდა მოესწრო ოჯახის შექმნა? ჩამოვიდოდა რამდენიმე წლით, დაიჭერდნენ, გააგზავნიდნენ... დაიჭერდნენ, გააგზავნიდნენ... ალბათ, არც ფიქრობდა ამაზე, არ უნდოდა ცოლ-შვილი დაეტანჯა“, - ამბობს ლელა გოთუა. ის რომ დაიბადა, ლევანი 61 წლის იყო.

ლელა გოთუა მამაზე, ლევან გოთუაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:20 0:00

ხრუშჩოვის პერიოდში, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ლევან გოთუა გაათავისუფლეს, მაგრამ იმ პირობით, რომ საქართველოში არ ჩავიდოდა და იქვე დასახლდებოდა. ლევანი არ დათახმდა: ჩემთვის თავისუფლება სამშობლოში დაბრუნებაა და ამას თუ ვერ შევძლებ, ბანაკიდან არ გავალ, რაღა ღობის იქით მიცხოვრია და რაღა ღობის აქეთო. საქმე ისევ განიხილეს და ამჯერად ხრუშჩოვმა ნება მისცა საქართველოში დაბრუნებულიყო.

დაბრუნდა და მხოლოდ მაშინღა შეირთო ცოლი, თავისზე 22 წლით უმცროსი ციცო ალხაზიშვილი.

„ყველაფრის მცოდნე, ფიზიკურად და სულიერად ძლიერი ადამიანი იყო. თავიდან თქვენობით ველაპარაკებოდი, ვერ ვამბობდი - „შენ“. 12 წელი ვიყავით ერთად, მაგრამ ეს ყველაფრით სავსე 12 წელი იყო, ყველგან დავყვებოდი“, - ამბობს ის.

ლევან გოთუა, ცოლთან და შვილთან ერთად.
ლევან გოთუა, ცოლთან და შვილთან ერთად.

მწერალი უკვე რეაბილიტირებული იყო და მასთან სტუმრად მისვლის აღარ ეშინოდათ. შვილს, ლელას, მაშინდელი სახლი სწორედ ასეთი, სტუმრებით სავსე, დაამახსოვრდა:

„ძალიან მიყვარდა დილაობით მისი გაღვიძება. ცხვირში მოვკიდებდი ხელს, შევაჯანჯღარებდი და ვეუბნებოდი, ზღაპარი მომიყევი-მეთქი. თავის მოგონილ ზღაპრებს მიყვებოდა, მაგრამ არ დამამახსოვრდა. ძალიან პატარა ვიყავი“.

ლევან გოთუა 1973 წლის 30 იანვარს ინსულტით გარდაიცვალა. დაკრძალეს არმაზში, მისივე სახლის ეზოში. მოგვიანებით მისი ნეშტი სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში იქნა გადასვენებული.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG