„მოქალაქეებს გვიზღუდავენ შეკრების და მანიფესტაციის უფლების სარგებლობას. არათუ გვიზღუდავენ, არამედ ცდილობენ მსუსხავი ეფექტი იქონიოს“, - თქვა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე.
რადიო თავისუფლება ასობით პროცესს დაესწრო.
სტატიაში მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საქმეებზე ვწერთ, რომლებიც ორ ნაწილად იყოფა: პირველი ეხება დაკავებულების იმ ჯგუფს, რომელსაც პოლიცია 28 ნოემბერს დაწყებულ პროევროპულ აქციებზე წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, მეორე კი გზის გადაკეტვის საქმეებია. ასეთი აქცია 10 ნოემბერს გაიმართა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, ვარაზისხევში კი 17 ნოემბერს დაიწყო და სამი ღამე გაგრძელდა.
საქალაქო სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში ჯგუფებად მდგარი პოლიციელები პირველი ნიშანია, რომ დღეს აქ პროევროპულ აქციებზე დაკავებულებს მოიყვანენ. ასეთ საქმეებზე წინასწარ მედია ვერ იგებს. მათ შესახებ არ წერია არც სასამართლოს საიტზე, სადაც პროცესების განრიგია გამოქვეყნებული. ინფორმაციული ვაკუუმი რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას:
- იმდენად ბევრი დაკავებულია, რომ საქმეების ელექტრონულად განაწილება ვერ ესწრება;
- წინასწარ უცნობია, რამდენი და ვისი პროცესი უნდა ჩატარდეს.
შსს-ს იურისტებს სამართალდარღვევის ოქმები სასამართლოს კანცელარიაში დილით შეაქვთ, იმავე დღეს, ინიშნება პროცესები.
ბრალდებულები წინასწარი დაკავების საკნებიდან სასამართლოში დილიდანვე გადაჰყავთ. ასე გადავსებულ იზოლატორებში ადგილს სხვა დაკავებულებს უთავისუფლებენ. სასამართლოში მიყვანილები სხდომის ჩანიშვნას დაკავების მანქანაში ელოდებიან. უმრავლესობას ადვოკატი არ ჰყავს. სასამართლოში მორიგეობს იურისტების ჯგუფი. ისინი დაკავებულებს ადვოკატის მომსახურებას ადგილზე უფასოდ სთავაზობენ.
ამ რეჟიმში ადვოკატები პროცესისთვის მომზადებას და დაკავებულების სასარგებლოდ მტკიცებულებების შეგროვებას ვერ ასწრებენ. რჩება მხოლოდ სიტყვიერი მტკიცება, რომ ის, რასაც აბრალებენ, არ ჩაუდენიათ.
28 ნოემბრიდან დღემდე შსს-მ ადმინისტრაციული წესით 400-ზე მეტი აქციის მონაწილე დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რაც ითვალისწინებს სიტყვიერ გაფრთხილებას, ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით.
შსს-ს მტკიცებულებები დაკავების ოქმი და ორი მოწმე პოლიციელის ჩვენებაა. ყველა დაკავებული, რომელთა სასამართლოსაც რადიო თავისუფლება დაესწრო, ამბობდა, რომ მოწმედ მისულ პოლიციელებს სტატუსით „უშუალო დამკავებელი“ პირველად ხედავდნენ.
ყველა მათგანი საუბრობს შავებში ჩაცმულ, ნიღბიან ჯგუფებზე განმასხვავებელი ნიშნების გარეშე, რომლებიც დაკავებისას აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან, შემდეგ კი მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გადასცემენ.
„შსს-ს თანამშრომელი, რომელიც მოწმედ დაიკითხა, ისე დაიბნა, რომ თქვა, მე არ ვყოფილვარ დაკავებაზეო, არადა, როგორც დამკავებელი ისე გამოიძახეს მოწმედ. ეს ნამდვილი სასამართლო არ იყო, ეს მოსყიდული სასამართლოა. თავს დამნაშავედ არ ვცნობ“, - ამბობს 2200 ლარით დაჯარიმებული რეზო დუმბაძე.
პოლიციელების ჩვენებები ერთმანეთს ჰგავს. ამბობენ, რომ „მათ დაინახეს როგორ იგინებოდა უშვერი სიტყვებით, ილანძღებოდა და იქცეოდა აგრესიულად დაკავებული, არ ემორჩილებოდა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, დაშლილიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდება ჩართული იყო ხმამაღლა“.
„მიმიკებით ადამიანი დედას რომ იგინება, ტუჩებზე ვატყობ“, - პასუხობს პატრულის თანამშრომელი ბექა ჩუბინიძე ადვოკატის დამაზუსტებელ კითხვას, როგორ გაიგო გინება, თუ, მისივე თქმით, ხმაური იყო და დაკავებულისგან 10-12 მეტრის მოშორებით, რობოკოპების უკან იდგა. ამას გარდა, პერიოდულად ირთვებოდა ხმოვანი გამაფრთხილებელი.
აქციაზე დაკავებულების საქმეები ყველაზე ხშირად ეწერებათ ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლეებს: ზვიად ცეკვავას, მანუჩარ ცაცუას, ლელა მილდენბერგერს, კობა ჩაგუნავასა და ლელა ცაგარეიშვილს.
„რას ჰგავს რუსთაველი“
„დასწრება გსურთ? მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა“, - ასე მომმართა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, როცა დაკავებულების პროცესების ძებნით გადაღლილი #41 სხდომათა დარბაზში შევედი. მოსამართლე მანუჩარ ცაცუა რევაზ ხაბელაშვილის საქმეს განიხილავს.
შსს-ს იურისტი ამტკიცებს, რომ ხაბელაშვილი „არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, რომელიც აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა დაეტოვებინათ პროტესტის ადგილი, შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, იგინებოდა და ილანძღებოდა უშვერი სიტყვებით, უმისამართოდ, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“.
ეს ტექსტი ყველა პროცესზე იდენტურია, იცვლება მხოლოდ სახელები.
რევაზ ხაბელაშვილმა სასამართლოზე ბრალდებები უარყო, თქვა, რომ აქციაზე მეგობრის დასახმარებლად მივიდა და აქედან 10 წუთში დააკავეს.
ამაზე პასუხად, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ბევრი ისაუბრა აქციასა და მის ძალადობრივ მხარეზე, პოზიციის დაფიქსირებას თავი კითხვითი წინადადებებით აარიდა, თუმცა ნეგატიური დამოკიდებულება ვერ დამალა. მთელი დღის განმავლობაში გადაწყვეტილებების გამოტანისას აქციის სხვა მონაწილეების შემთხვევაშიც, თავის მიერ განვითარებულ ამ ლოგიკას დაეყრდნო:
„რითი ადასტურებთ ამ ყველაფერს? - თქვენ 28 ნოემბერს დაწყებულ აქციაზე 2 დეკემბერს მიდიხართ და მეუბნებით, ქალბატონებს უნდა შევხვდე და წამოვიყვანოო. ხედავთ, რომ ადამიანები დაშავდნენ, პოლიციელები, მოქალაქეები დაშავდნენ, ზოგს თავში ქვა მოხვდა, ვხედავთ, ხომ, როგორი დაზიანებები მიიღეს. ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ, ქალის გულისთვის რას არ გააკეთებს კაცი, მაგრამ ხომ უნდა დადასტურდეს, რომ გამოჩნდეთ თავდადებულად?
მიდიხართ ასეთ ცხელ წერტილში, მანდ კი არა, ძვირფასი ადამიანის გულისთვის ომში წავალ. მე მგონია, რომ თუ თქვენ ეს ნაბიჯი გადადგით ადამიანის უსაფრთხოების მიზნით, ეს ღირსეული ნაბიჯია, მაგრამ უნდა ვნახოთ, იყო თუ არა ეს დადასტურებული.
თუ არ დასტურდება, ჩნდება დიდი კითხვა - რა გინდოდათ იმ აქციაზე, რატომ მიხვედით იმ აქციაზე, სადაც ისმის "დაიშალეთ". კონსტიტუციური უფლება აქვთ სამართალდამცველებს, თუ აქცია მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, შეწყვიტოს შეკრებაო. იქ სასწრაფო იყო, მოქალაქეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, სასწრაფო ეხმარებოდა, ხედავდით, რომ გადაყავდათ, თუ ვერ დამიდასტურეთ თქვენი იქ ყოფნის საჭიროება სხვების დასახმარებლად, მაშინ რა გინდოდათ იქ. ვხედავთ ქვების სროლას, პიროტექნიკის გამოყენებას, თქვენ ამას არ გედავებიან, მაგრამ თქვენ დგახართ ამ ხალხის გვერდზე და უმაგრებთ მხარს. ზოგი უმოქმედოა, ზოგი ახორციელებს მოქმედებას, პოლიციას უნდათ, რომ დაიშალონ.
თუ ადამიანი დგას იქ, ე.ი. მასა ჩანს. მასას ქმნიან, რა მასას ქმნიან? ძალადობის სახე რომ გამოიხატოს? კიდევ გეუბნებით, თქვენ რომ დამიდასტუროთ მე, როგორც ერთი ქართველი და ამასთანავე მოსამართლე, ჩვენი ფასეულობების ტრადიციების პატივისმცემელი, ვეფხისტყაოსნის სამშობლოში დაბადებული, მე ამ გარემოებას ნამდვილად გავითვალისწინებდი, თუ არა და...“.
შსს იურისტის მარიამ დოლიძის მოწოდების მიუხედავად, რომ ისინი არ ითხოვენ პატიმრობას და სახდელის გამოყენების შემთხვევაში, ჯარიმაც მინიმალური ყოფილიყო, მანუჩარ ცაცუამ ხაბელაშვილს მაინც 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, იქამდე კი შსს-ს წარმომადგენელზე გაბრაზდა:
„არც მწვადი დავწვათ და არც შამფურის პრინციპით, უკაცრავად, მაგრამ სასამართლოში ვერ მობრძანდებით. თუ არ შეგიძლიათ პოზიციის დაფიქსირება, თქვით, რომ სასამართლომ გადაწყვიტოს, თუ შეგიძლიათ პოზიციის დაფიქსირება, მაშინ თქვენს პოზიციაში უნდა იყოს, პატიმრობა - დიახ, სახდელი - დიახ“.
მანუჩარ ცაცუამ პროცესი დაასრულა სიტყვებით:
„მე არ ვყოფილვარ რუსთაველზე დღეს, გუშინ, გუშინწინ... როგორც მირჩევენ, არ უნდა გავიდე, რას გავს რუსთაველი“.
ასეთ განცხადებებს ადვოკატები მოსამართლის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებად აღიქვამენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ხელისუფლებისა და პოლიციელების ქმედებებს რუსთაველის გამზირზე. ეს განცდა დარჩა იურისტ ეკა ქობესაშვილსაც მოსამართლე მანუჩარ ცაცუაზე იმ დროს, როცა ის დაკავებულ ოთარ ქისიშვილის საქმეს განიხილავდა.
„შეწყდეს სამართალწარმოება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო“, - ამ სიტყვებით დაიწყო ქისიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება ცაცუამ. გაებადრათ სახე ადვოკატებს, დამსწრეებს, გაჩნდა მოლოდინი, რომ რაიმე განსხვავებულს მოისმენდნენ. მოსამართლემ გააგრძელა:
„ავთო ქისიშვილი იცნოს სამართალდამრღვევად და სასჯელის ზომად განესაზღვროს 5-დღიანი პატიმრობა“, - არადა, პირველი პრეცედენტი იქნებოდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმის შეწყვეტის.
მანუჩარ ცაცუამ დაკავებულს ხულიგნობის მუხლი მოუხსნა, დანაშაული არ იკვეთებაო, მაგრამ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 5 დღით დააპატიმრა.
დაკავებული სხდომაზე ზის შუბლზე იარით: „მცემეს ისე, როგორც ყველაო“. მოსამართლემ მას სპეცრაზმელების მხრიდან აქტივისტებზე ძალადობის ამსახველი ვიდეოები მოსთხოვა.
მანუჩარ ცაცუა 2014 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2017 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. ის განიხილავდა გასული წლის მარტში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებულების საქმეებსაც. მანუჩარ ცაცუამ განიხილა, ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის, მანუჩარ ჩხეტიას საქმეც 2020 წელს, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და სამართალდამცავების შეურაცხყოფაში სდებდნენ ბრალს. არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მოსამართლემ დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ცაცუას შეეხო 2020 წლის არჩევნებისთვის მოსამართლეთა მიგრაცია. ის ზუგდიდის სასამართლოდან ჯერ მცხეთაში გადაიყვანეს, მცხეთიდან კი თბილისში.
ყველა იმ პროცესზე, რომელსაც რადიო თავისუფლება დაესწრო, მანუჩარ ცაცუამ აქციის მონაწილეებს პატიმრობა შეუფარდა, გამოიყენა 2200-ლარიანი ჯარიმებიც.
„აქ ძალადობის საქმეს არ განვიხილავთ“
დაკავებულების უმრავლესობა ნაცემია, ნაწილს კვალი სახესა და ტანზე ეტყობა. თუმცა მოსამართლეები ყველა ჯერზე აწყვეტინებენ სიტყვას დაკავებულს, როცა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბარს იწყებენ.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა რამდენჯერმე განმარტა, რომ ამ პროცესებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას განიხილავს, პოლიციელის მხრიდან ძალადობის შემთხვევაში კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა მიმართონ:
„კატეგორიულად ვგმობ ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის და ვწუხვარ ამის გამო, გულწრფელად“, - ამბობს ლელა მილდენბერგერი. მის წინ სისხლში ამოთხვრილი გიორგი ხაჭაპურიძე ზის, ამბობს, რომ ნაცემია, ფიზიკური ანგარიშსწორების კვალი აქვს სახეზეც.
„ეს შარვალი წავა ნივთმტკიცებად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში“, - თქვა ადვოკატმა.
ნაცემი დაკავებულები სასამართლო პროცესებზე ცუდად ხდებიან. 4 დეკემბერს, 20 წლის ბიჭი სასამართლოს შენობიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
პროცესის მიმდინარეობისას ახალგაზრდის ჯანმრთელობა გაუარესდა. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სხდომა არ გადადო, შესვენება გამოაცხადა და პირობა დადო, რომ 112-ს გამოიძახებდა. ადვოკატ დიმიტრი ნოზაძის თქმით, მოსამართლემ მოიტყუა. მას თავად მოუწია სასწრაფო დახმარების გამოძახება.
ლელა ცაგარეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობა მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე 2015 წელს დაიწყო, ლელა ცაგარეიშვილი მოსამართლედ 2020 წელს გაამწესეს, უვადოდ - 2023 წლიდან. ცაგარეიშვილმა განიხილა მარტის აქციებზე დაკავებულების საქმეებიც, მათ შორის დააჯარიმა გუკა რჩეულიშვილი და ბუკა პეტრიაშვილი.
„ან შეიკავეთ თავი ჩაღიმებისგან, ან შევეცდები არ დაგაჯარიმოთ, რადგან დიდია ჯარიმა, მაგრამ დარბაზიდან გაგაძევებთ. სასაცილოს მე ვერ ვხედავ აქ ვერაფერს, ბატონო“, - მიმართა მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა გზის გადაკეტვის საქმეზე სასამართლოში დაბარებულ თამარ ზერეკიძეს, რომელიც მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.
ლელა მილდენბერგერი განსაკუთრებით მკაცრი მოსამართლეა. ის ხშირად შედის დიალოგში დამსწრეებთან, აკონტროლებს მათ რეაქციას, მიმიკებს, გაღიმებას თუ ჩაცინებას, გადალაპარაკებას და თუ რაიმე არ მოეწონა, „სასამართლოს პატივისცემისკენ“ მოუწოდებს. ის განიხილავს გზის გადაკეტვისა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის საქმეებსაც.
ლელა მილდენბერგერი 2018 წელს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ, ხოლო 2020 წლიდან გამწესდა უვადოდ. მანამდე მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ. ის იყო ერთ-ერთი იმ ოთხი მოსამართლიდან, რომელმაც ანტიკორუფციული სააგენტოს გადაწყვეტილება გააუქმა, მოსამართლეების: ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის ქონების შემოწმების შესახებ. მოსამართლეობამდე წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის ლექტორი იყო.
„ტროტუარზე ვერ გააპროტესტებდით?“
გზის გადაკეტვის საქმეები ყველა ერთმანეთს ჰგავს. მოდის შსს-ს წარმომადგენელი, მოაქვს ტელევიზიებიდან ჩამოწერილი კადრები, ხალხის ჯგუფში მოსამართლეს ხელით აჩვენებენ მას, ვინც, „გზა ხელოვნურად გადაკეტა“. მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილებას - ჯარიმა 500 ლარი.
ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც მედიისთვის გახდა ცნობილი, იყო ალექსანდრე ქავთარაძე, რომელსაც ლელა მილდენბერგერმა სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ სასამართლომ ის სამართალდამრღვევად მიიჩნია.
„მადლობა ბატონ მოსამართლეს, რომ პოლიციისგან ნაცემი ადამიანი, უსამართლოდ დაკავებული და სიტყვიერშეურაცხყოფა მიყენებული, სიტყვიერი გაფრთხილებით დამნაშავედ ცნეს. სიგიჟეში ვცხოვრობთ“, - თქვა ალექსანდრე ქავთარაძემ.
გზის გადაკეტვის საქმეების განხილვის მხოლოდ პირველ ორ დღეს 500-ლარიანი ჯარიმების გამოწერის ოდენობამ 20 000-ს მიაღწია. ამ საქმეზე პროცესები დღემდე გრძელდება.
ადვოკატები მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობენ და მოსამართლეებს გადაწყვეტილების მიკერძოებულად მიღებაში ადანაშაულებენ. მათი შეფასებით, ვიდეოები, რომლებიც გზის გადაკეტვას უნდა ადასტურებდეს, ამას არ აჩვენებს, მეტიც - „მოქმედების პროცესი საერთოდ არ ჩანს“.
„მივიღეთ სურათი, როცა მოქალაქეებს გვიზღუდავენ შეკრების და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობას. არათუ გვიზღუდავენ, არამედ ცდილობენ მსუსხავი ეფექტი იქონიოს. გადაწყვეტილება ნამდვილად არ ადგას ობიექტურ მტკიცებულებებს, ამოწყვეტილი კადრებით არის წარმოდგენილი, რომ ეს პირი იმყოფებოდა აქციაზე. რადგან იმყოფებოდა, დადგენილად მიიჩნევენ ფაქტს, რომ კანონს არღვევდა. ამას დადასტურება სჭირდება, რაც სხდომაზე ვერ წარმოადგინეს“, - ამბობს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.
ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა, ბანიამინ კასიმოვმა სასამართლოზე თქვა, რომ მას ედავებიან გზის გადაკეტვას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მტკიცებულებად კი მარცხენა სანაპიროზე გადაღებული კადრებია წარმოდგენილი. ამის შემდეგ მან იკითხა:
„აქცია-მსვლელობა რომ იყო 24 ნოემბერს თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან წამოვედით პარლამენტისკენ. აქციის მონაწილეები 9 აპრილის ქუჩიდან "თბილისი მერიოტამდე" იდგნენ, თუმცა გზა პოლიციამ რესპუბლიკის მოედნის დასაწყისიდან გადაკეტა. ახლა ვკითხულობ, ვინც იმ გზაზე დავდიოდით, ვარღვევდით ადმინისტრაციულ კანონს?“. მოსამართლეს არ უპასუხია.
ადვოკატების თხოვნის მიუხედავად, მოსამართლეები არ განიხილავენ მიმდინარე აქციას სრულად, დასაწყისიდან დასასრულამდე და მსჯელობენ მხოლოდ იმ ეპიზოდზე, სადაც აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე დგანან. მოსამართლეები იზიარებენ შსს-ს მტკიცებას, რომ აქციის მონაწილეებს მსვლელობისას არ უცდიათ ტროტუარზე გადაადგილება, ამიტომ გზის გადაკეტვა „ხელოვნურია“.
„კი ბატონო გამოხატე მოსაზრება, მაგრამ თუ არ არის იმის საჭიროება, რომ სავალი ნაწილი გადაკეტო... ამაზეა საუბარი და არა ზოგადად შეზღუდვაზე. აქ არ არის საუბარი, რომ იაქტიურეთ, აქ აქტიურობაზე არ არის. კანონი ითვალისწინებს, რომ ესეთი გარემოება თუ არის, მე ვიქნები, თქვენ თუ სხვა, ითვალისწინებს ამას.
ჩანაწერებიც იყო ტელევიზიაში, ერთი სასწრაფოთი მიდიოდა, ის იყო, ეს იყო. ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე კი არა, რომ ადამიანმა მოსაზრება არ გამოხატოს, არამედ საუბარია იმაზე, თუ შეგიძლიათ ეს მოსაზრება სხვა ადგილას გამოგეხატათ იმისთვის, რომ სხვისი უფლება არ შეზღუდულიყო. ერთ შემთხვევაში არ შეიძლება საუბარი, გამოხატვის თავისუფლება მაქვს და ყველგან ეს შემიძლია, მეორე შემთხვევაში სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება ასეთივე კანონითაა დაცული. გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, ამაზე ვლაპარაკობთ, ხომ მეთანხმებით, რომ ეს მნიშვნელოვანია?“,
- მოსამართლე ლელა მილდენბერგერის ეს განცხადება მოჰყვა პარტია „ახლის“ საპარლამენტო სიის პირველი ნომრის ნანა მალაშხიას ნათქვამს, რომ ის შსს-ს სამიზნე გახდა.
შსს-მ ის გზის ხელოვნურად გადაკეტვაში დაადანაშაულა, მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა.
გზის გადაკეტვის საქმეებს განსაკუთრებული სისწრაფით იხილავს მოსამართლე ზვიად ცეკვავა, მას 500-ლარიანი ჯარიმის გამოსაწერად ნახევარი საათიც არ სჭირდება, დრო მხოლოდ მაშინ ეწელება, თუ რამდენიმე საქმეს აერთიანებს. გზის გადაკეტვის საქმეზე დემონსტრანტების დაბარება სასამართლოში გრძელდება.
ზვიად ცეკვავა 2024 წელს 3 წლის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა მოსამართლედ. მანამდე იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში.
„აქციაზე დგომა უკვე კანონდარღვევაა, მტკიცებულებად არცერთ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი გზის გადაკეტვის მომენტი, გამოდის, რომ ყველა, ვინც ქუჩაზე დგას, კანონდამრღვევია. კითხვა მაქვს, თუ გზის გადაკეტვის მოქმედებაში არ არიან ადამიანები ჩართულები, როგორ ადანაშაულებენ გზის ხელოვნურად გადაკეტვაში? გადაკეტილ გზაზე მისვლა რატომ ითვლება კანონდარღვევად? ეს არის ანგარიშსწორება აქციის მონაწილეებზე, პასუხისმგებლობასაც არ გრძნობენ სასამართლოს წინაშე, მოაქვს კადრი, სადაც შეიძლება პროფილშიც კი ჩანდეს სამართალდამრღვევის სკამზე მჯდომი, ეს სასამართლოს დაცინვაა“, - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
როდისაა სისტემა ლმობიერი?
სასამართლო პროცესებზე და მის მიღმა მიმდინარე ამბებზე ჩემი დაკვირვება რამდენიმე ტენდენციას აჩვენებს:
- თუ დაკავებული ადვოკატს არ აიყვანს, აღიარებს დანაშაულს და მოინანიებს კიდეც, მოსამართლეც და შსს-ც ლმობიერებას გამოიჩენს და შესაძლოა, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლოს;
- შსს-ს იურისტები პროცესის დაწყებამდე მიანიშნებენ ადვოკატებს, რომ არ ისაუბრონ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრები იქნებიან;
- თუ სასამართლოში სიტყვით გამოხვალ, ძალადობას გააპროტესტებ, სასამართლოს გააკრიტიკებ ანუ „აქტივიზმით დაკავდები“, მაშინ ჯარიმა ან პატიმრობა გარანტირებული გაქვს;
- პოლიციელების სამხრე კამერები გამორთულია, ადვოკატების მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულებას მოსამართლე საერთოდ არ იზიარებს და ძირითადად პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა.
იურისტ ვიქტორ კვიტატიანის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულმა ბეგლარ წილოსანმა ადვოკატი არ ისურვა. მან დანაშაული აღიარა და სხდომაზე მოინანია კიდეც.
„ორ დეკემბერს ჩამოვედი ბათუმიდან, წალკაში ვიყავი წასასვლელი და დილის 8-ზე გადიოდა მარშუტკა, სულ არ ვაპირებდი აქციაზე მისვლას, მოვხვდი რუსთაველზე და ვნახე ეს ამბავი იყო, სხვებს ვართმევდი ხელიდან და ვეზიდებოდი, საპროტესტო მოძრაობის წევრი არ ვარ. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე და ხმა მივეცი მშვიდობას და საქართველოს განვითარებას. ვერ ვაანალიზებდი რა ხდებოდა, მინდოდა მშვიდობა ყოფილიყო, პირველად მოვხვდი აქციაზე. იმაში დამნაშავე ვარ, რომ პოლიციის მოთხოვნას არ დავემორჩილე“.
ის მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა შენიშვნით გაუშვა. მსგავს ამბავს მოჰყვა მეზობელ დარბაზში კიდევ ერთი დაკავებული, თუმცა არ უთქვამს, ვის მისცა ხმა არჩევნებზე, მოსამართლემ მას პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეებში განსხვავება არ არის, შსს კი ამტკიცებს, რომ მოსამართლეები ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად უდგებიან.
დაკავებულების დიდი რიცხვი და გადატვირთულობა შსს-ს იურისტებსაც უქმნის პრობლემებს. ისინი შეცდომებსაც უშვებენ. მაგალითად, ერთ-ერთ პროცესზე უწყების წარმომადგენელმა დამსწრედ შემოიყვანა პოლიციელი, რომელიც მოწმე უნდა ყოფილიყო. ეს კანონით აკრძალულია. სხდომა შეწყდა და ახალი მოწმის ძებნა სასამართლოში მყოფ პოლიციელებს შორის დაიწყეს. „ეს რა მომივიდაო“, - წუხდა პოლიციელი. მას ჩვენება, დამკავებელი პოლიციელის სტატუსით უნდა მიეცა.
„საქმეებს ქარხნული წესით იხილავენ, 100%-იანი გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები გამოდის, ასე როგორ შეიძლება? ხომ არ შეიძლება, პოლიციელი ყოველთვის მართალი იყოს. ადამიანს ფიზიკურად უსწორდებიან, უკანონოდ აკავებენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეს იძიებს და მაინც სამართალდამრღვევად ცნობენ, უბრალოდ სასამართლოს ასე არ შეუძლია, ყველაფერი წინასწარ დალაგებულია შსს-სა და სასამართლოს შორის, ეს სასამართლო სამართალს არ ემსახურება, ემსახურება სისტემას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვა, რომელიც ასობით აქციის მონაწილეს შეეხო და შეეხება, საქალაქო სასამართლოში ისევ გრძელდება, ამ სტატიაზე მუშაობის განმავლობაში 6-7 დეკემბერს პოლიციელებმა კიდევ 48 პირი დააკავეს.