2012 წლის 10 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე, საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ღია წერილით მიმართა არჩევნებში გამარჯვებული „კოალიცია ქართული ოცნების“ ლიდერსა და მისი მთავრობის მომავალ წევრებს, “გულით და სულით“ მიულოცა მათ გამარჯვება, უსურვა წარმატება და ოცნებების ასრულება. სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ოცნებების ასრულების პერსპექტივას არ დასჯერდა და ივანიშვილის გუნდს თავისი „ ათი ძალიან კონკრეტული“ ოცნებაც შეაშველა. ღია წერილიდან მკითხველი შეიტყობს არა მხოლოდ იმას, თუ რაზე ოცნებოდა საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, არამედ იმასაც, თუ რაზე არ ოცნებობდა. „რა ვქნა, ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში და ვერც ევროკავშირში შესვლაზე... ალბათ, იმიტომ, რომ ახლოდან მაქვს ნანახი და გამოცდილი“, - წერს სალომე ზურაბიშვილი მე-9 ოცნებაში.
ოცნება I – II: „შენი მჯერა, თეა!“
სალომე ზურაბიშვილის I და II ოცნება, რომელთა ადრესატები თავდაცვისა და იუსტიციის მომავალი მინისტრები არიან, შეგვიძლია გავაერთიანოთ, რადგან ორივე ოცნება პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლებას შეეხება. სალომე ზურაბიშვილის აზრით, თავდაცვის მინისტრმა უნდა იზრუნოს „ნაცების მიერ დაგეგმილი მუხროვანის გადატრიალების პაროდიის გამო ციხეში ჩალპობილი 20-მდე არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ოფიცრისა და ჯარისკაცის“ გათავისუფლებაზე, იუსტიციის მინისტრმა კი რაც შეიძლება ჩქარა - და თუნდაც დამნაშავეების დასჯამდე - უნდა გადახედოს უამრავი უდანაშაულო პატიმრის საქმეს...
„შენი მჯერა, თეა!“ - მიმართავს სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის მომავალ და, როგორც აღმოჩნდება, უცვლელ მინისტრს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.
✅ სალომე ზურაბიშვილის ეს ორივე ოცნება მალე ასრულდა. 2012 წლის 28 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი, რომლის საფუძველზეც 3 000-მდე პატიმარმა დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებები, 200-მდე პირი კი (მათ შორის მუხროვანის ამბოხის გამო მსჯავრდებულები) პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.
ოცნება III: „გადავარჩინოთ, რაც გადაურჩათ...“
სალომე ზურაბიშვილის მე-3 ოცნების ადრესატი კულტურის მომავალი მინისტრია, ოცნებები კი ქვეყნის კულტურულ საგანძურს უკავშირდება. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ამბობს, რომ სამომავლოდ „დასანგრევი და გადასატან-გადმოსატანი იქნება ის სიმახინჯეები, რომლითაც მორთულია ქვეყანა“, გადაუდებლად კი მისახედია „ხელნაწერები (რაც ბუბა კუდავას გადაურჩა), ეროვნული მუზეუმი (რაც გადაურჩა ლორთქიფანიძეს), მცხეთა, მესტია და მესტიის მუზეუმის სიწმინდეები... „კონცერტების და ტაშ-ფანდურის დრო არ გვაქვს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი თავისი მესამე ოცნების შესახებ.
❌ თუმცა მალე გაირკვევა, რომ არც ხელნაწერებია გადასარჩენი და არც მუზეუმის საგანძური. ბუბა კუდავაც მხოლოდ 2015 წელს გაათავისუფლეს ხელნაწერთა ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან, დავით ლორთქიფანიძე კი დღესაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორია.
ოცნება IV: “დაიწყოს და აღარ შეწყდეს!“
სალომე ზუბიშვილის მეოთხე ოცნების ადრესატი დიასპორის საკითხთა მინისტრია, რომელმაც უნდა აასრულოს მომავალი პრეზიდენტის მრავალი წლის ოცნება „უცხოეთში მყოფ ქართველთა სახლზე თბილისში“, სადაც, სალომე ზურაბიშვილის თქმით, დაბრუნების მსურველებს მიეცემათ იურიდიული და სხვა სახის ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ დაბრუნდნენ საქართველოში და, თავიანთ მკვიდრ სოფელში დასახლების შემთხვევაში, მიიღონ ფინანსური დახმარება. „ეს პროცესი დაიწყოს და აღარ შეწყდეს“, - ასე დაასრულა თავისი რიგით მეოთხე ოცნება სალომე ზურაბიშვილმა.
❌ თუმცა ამ ოცნების ასრულებასთან დაკავშირებული პროცესი ისე დამთავრდა, რომ არც დაწყებულა: 2017 წლის 1 იანვრიდან საერთოდ გაუქმდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, 2019 წლის 28 ნოემბერს კი ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დააფინანსებდა არა დაბრუნების პროცესს, არამედ გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებას.
ოცნება V: „ჰიპოდრომი ლაზიკის ნაცვლად“
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მეხუთე ოცნების ამსრულებელი „კონფლიქტების მინისტრია“. ზურაბიშვილი შეგნებულად არ ახსენებს სიტყვა „რეინტეგრაციას“. „რა ვქნა, არ მომწონს ეს სიტყვა და არ მგონია, საქმეს წაადგეს“, - ამბობს ზურაბიშვილი, რომლის ოცნების ნაწილია „სასაზღვრო ზოლიდან ძალით გამოყვანილი დევნილები საქათმეებიდან დაბრუნდნენ სასაზღვრო ზოლში, თავიანთ კარ-მიდამოებში“.
სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი „ძველი ოცნება“ ყოფილა აფხაზეთის და სამეგრელოს საზღვარზე („ლაზიკის მაგივრად???“ - ს.ზ.) თანამედროვე ჰიპოდრომის აშენება, სადაც „ორივე მხრიდან გაიმართება შეჯიბრებები და ცხენთსაშენი“.
❌ სალომე ზურაბიშვილის ამ ოცნებებიდან თითქმის არც ერთი არ ასრულდა. „ქართული ოცნების“ მთავრობამ დევნილები კვლავინდებურად „საქათმეებში“ დატოვა, მცოცავი ოკუპაციის გამო კი „სასაზღვრო ზოლში“ ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა. რაც შეეხება ოცნებას აფხაზეთის მიმართულებით, ლაზიკა, რომლის სტატუსი კონსტიტუციით იყო განსაზღვრული, მართლაც არ აშენებულა, თუმცა არც ჰიპოდრომი, დაოთხილი ცხენები და ტანმსუბუქი ჟოკეები უნახავს ვინმეს.
ოცნება VI: „ბაზრები, ბაზრები, ბაზრები ყველგან!“
სალომე ზურაბიშვილი სოფლის მეურნეობის მომავალ მინისტრს უმხელს თავის ოცნება-პროექტს - „100 სოფელი დემოკრატიის გადასარჩენად“, რომელიც მარინა მუსხელიშვილთან ერთად ჩაუფიქრებია ჯერ კიდევ 2006 წელს და, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობის გადასარჩენად უნდა აღდგეს „სოფლის კერა“.
„100 სოფელი მაინც გააცოცხლეთ 2013 წლის ბოლმდე... და აღვადგინოთ სამხარეო წყობა... ბაზრები, ბაზრები, ბაზრები ყველგან! და, პირველ რიგში, თბილისში უბნის ბაზრები, გლეხებმა საშველი რომ ნახონ!“
❌ 100 სოფელი არც 2013 წლის ბოლომდე გაცოცხლებულა და არც მომდევნო წლებში. საერთოდ, ბუნდოვანია, რა იგულისხმება სოფლის „გაცოცხლებაში“, ისევე როგორც ბუნდოვანია „სოფლის კერების“ აღდგენით თვითმმართველობის (ტერიტორიული ერთეულის არჩევითი ორგანოს) გადარჩენის პერსპექტივა. არც გლეხების „საშველი ბაზრები“ გახსნილა ყველგან და, მათ შორის. არც თბილისის უბნებში.
ოცნება VII: „საქართველოს დავუბრუნოთ მედეას მემკვიდრეობა!“
მეშვიდე ოცნების ადრესატი ჯანდაცვის მინისტრია, ოცნება კი „კავკასიური ონკოლოგიური ცენტრის“ შექმნას უკავშირდება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ცენტრი უნდა იყოს „ბოლო თანამედროვე აღჭურვილობით“ და მასში უნდა ჩაიდოს იმაზე არანაკლები თანხა, რაც დაიხარჯა „ბოლო რვა წლის განმავლობაში შადრევნებში, უცხო არქიტექტორების ხიდებში, უგულავას ცოლის საზღვარგარეთულ ოპერაციებში და სხვადასხვა გიბსოკარტონის ქალაქებში“. სალომე ზურაბიშვილი ასევე ოცნებობს მცენარეული მკურნალობის საშუალებებისა და ბალნეოთერაპიული ცენტრების აღდგენასა („მანამდე მიშას მამას მოვაშორებთ ამ სექტორს“) და ამ გზით საქართველოსთვის მედეას მემკვიდრეობის დაბრუნებაზე.
„ჯანდაბა იმათ, ვინც იტყვის, რომ წარსულში ვბრუნდებით“, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი დარდიმანდულად.
❌ თუმცა სალომე ზურაბიშვილის ამ ოცნებას, ისევე როგორც „კავკასიური ონკოლოგიური ცენტრის“ შექმნისას, ახდენა არ უწერია. ერთადერთი, რაც აუხდა, „მიშას მამასთან“ დაკავშირებული ოცნებაა: პროფესორმა ნიკოლოზ სააკაშვილმა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის დირექტორის თანამდებოდა, რომელსაც 1999 წლიდან იკავებდა, 2017 წელს დატოვა.
ოცნება VIII: „კუტუნიოების“ მაგივრად ბავშვებს მივხედოთ!“
მერვე ოცნებაში ქალბატონი სალომე დაბნეულია, არ იცის ვის მიმართოს, რომელიმე მინისტრს თუ თბილისის მერს („როგორც კი გაიქცევა უგულავა“). სალომე ზურაბიშვილის ოცნებაა, არასოდეს დაინახოს ქალაქში ნაგებობა და ტრანსპორტი, რომელიც არ იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე.
„ინვალიდებს საშუალება უნდა მივცეთ გამოვიდნენ სახლებიდან, სახელმწიფო სამსახურში იმუშაონ და გახდნენ ჩვენი საზოგადოების სრულყოფილი წევრები“, - წერს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ყურაღებას განსაკუთრებით ამახვილებს „ინვალიდ და გონებაშეზღუდულ“ ბავშვებზე, რომლებისთვისაც, მისი თქმით, უნდა შეიქმნას თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ცენტრები.
„ანუ მოჩვენებითი და სანახაობითი აღარ გვინდა. „კუტუნიოების“ მაგივრად ჩვენს ბავშვებს მივხედოთ!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
✅ იტალიელ მომღერალ ტოტო კუტუნიოსთან დაკავშირებული ოცნება ნაწილობრივ ასრულდა. „ქართული ოცნების“ მთავრობამ, კუტუნიოს ნაცვლად, სულ სხვა მომღერლები, სხვა „კუტუნიოები“ ჩამოიყვანა. სამაგიეროდ, ნაწილობრივადაც კი არ ასრულდა ოცნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სამკურნალო ცენტრების შექმნაზე. სალომე ზურაბიშვილის ამ ოცნებამ, გარდა იმისა, რომ არ ასრულდა და არსებითად ვერაფერი შეცვლა, ალბათ გული ატკინა ათასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომლებიც უკიდურესად არაეთიკური და დამაკნინებელი ფორმით - გონებაშეზღუდულებად - მოიხსენია.
ოცნება IX : „ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოზე და ვერც ევროკავშირზე“
საგარეო საქმეთა მინისტრისათვის გამხელილ ოცნებაში სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ადგილს უპირველესად ხედავს კავკასიაში და არა ნატოში ან ევროკავშირში.
„რა ვქნა, ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში შესვლაზე და ვერც ევროკავშირში... ალბათ, იმიტომ, რომ ახლოდან მაქვს ნანახი და გამოცდილი... კარგია მათთან თანამშრომლობა, მათი ღირებულებების, ხშირ შემთხვევაში, გათვალისწინება... მაგრამ საოცნებოდ მე ვხედავ საქართველოს, რომელიც დაიბრუნებს კავკასიაში თავის სახეს და თვის როლს როგორც გამაერთიანებელს, დამწყნარებელს და წამყვანს -თანამედროვეობისკენ“, წერს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასევე ოცნებობს „ტრანსკავკასიური ოლიმპიური თამაშების“ გამართვაზე.
❌ სალომე ზურაბიშვილის ეს ოცნებაც აუხდენელი დარჩა. ნატოზე და ევროკავშირზე კი არც უოცნებია.
ოცნება X: „საქართველოს მონარქიული წყობა ხომ არ მოუხდებოდა?“
მეათე, ბოლო ოცნება ყველაზე ვრცელია და ძნელი გამოსაცნობი არაა, თუ ვინ არის მისი ადრესატი და პოტენციური ამსრულებელი: პრემიერ-მინისტრი! სალომე ზურაბიშვილის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაუბრუნოს საქართველოს თავისი სახე, რომელიც შელახული და დამახინჯებულია უმცირესობების შევიწროებით, ეკლესიების კარის შემტვრევით, ადამიანების წამებით და სხვა საზიზღრობებით. სალომე ზურაბიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამ ოცნების ერთ დღეში ასრულება შეუძლებელი იქნება. აქ პირველად ჩნდება საზღვრების დადგენის და დაცვის მნიშვნელობის ხსენებაც.
„კიდევ ერთი ოცნება მექნება“, - მიმართავს ის ბიძინა ივანიშვილს, - „ამ ქვეყანას, ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფობა ეღირსოს, ანუ საზღვრები დადგენილი და დაცული იყოს; სახელმწიფო ინსტიტუტები ხალხის ნდობას იმსახურებდნენ და არ იყვნენ მიკერძოებულები; პოლიცია და ჯარი ქვეყანას ემსახურებდნენ, არც „მიშა! მიშას“ ყვიროდნენ და არც „ბიძინას“.
ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი მოკრძალებულად ლაპარაკობს ოცნებაზე, რომელიც პოსტივანიშვილის ეპოქას უკავშირდება:
„მართლა ოცნებაში რომ ჩამეთვალოს, შეიძლება თქვენი წასვლისას პრემიერის პოსტიდან ისევ ვიფიქროთ, საქართველოს მონარქიული წყობა ხომ არ მოუხდებოდა თავისი დამაწყნარებელი და შემწყნარებელი თვისებებით... ვიფიქროთ, სხვა არ მითქვამს და კანდიდატიც არ მყავს... ეს ბოლო ოცნება კი ის არის, რაც ოცნება უნდა იყოს, ანუ შორეული და მიუწვდომელი... ყველა დანარჩენი ოცნება კი სასწრაფოდ მისახედია!“
❌ სალომე ზურაბიშვილს აქაც გაუცრუვდა მოლოდინი. ივანიშვილი პრემიერის პოსტიდან მალევე წავიდა; მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებული ოცნება, ხელისუფლებისა და ეკლესიის ძალისხმევით, ბოლო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა, „სასწრაფოდ მისახედი ოცნებები“ კი ჯერაც მისახედია.