მუსიკოსი გოგოს ქანდაკება, რომელიც 10 წელი ვაკის პარკის ერთ-ერთ შესასვლელთან იდგა, ახლა რამდენიმე მეტრით ზევით, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში დგას.
ვაკის პარკის რეაბილიტაციის დაწყების წინ კლუბ „სენატს“, ვისაც სკულპტურა ეკუთვნოდა, სთხოვეს, რომ ქანდაკება პარკის ტერიტორიიდან გაეტანა.
მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ სკულპტურა DJ 2011 წელს შექმნა, რისთვისაც 4 მასალა გამოიყენა: ბრინჯაო, გრანიტი, მარმარილო და უჟანგავი ლითონი. იმავე წელს ქანდაკება, როგორც მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, "უნებართვოდ" დაიდგა ვაკის პარკში.
ქანდაკება ახლა საკომუნიკაციო ცენტრ „ბირჟა“-ს ეზოში დგას. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ვახო ბალალაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოქანდაკეს დაზიანებული ფრაგმენტების შეკეთება სთხოვეს.
ახლა იმ ადგილას, სადაც ქანდაკება იდგა, ვაკის პარკის სასეირნო და ველობილიკები იწყება.