ეს ფოტო ერთ-ერთია ბოლოდროინდელ გამოსახულებებს შორის, სადაც ასახულია უკრაინის ბრძოლის ველზე გამოყენებული საბჭოთა სიმბოლოები. კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის და ვლადიმირ ლენინის პორტრეტები საბჭოთა პოლიტიკური სისტემის თანმდევი ნაწილი იყო.
უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის პირველ დღეებში სამოყვარულო ვიდეოებში რამდენიმე რუსულ ტანკზე აღმართული საბჭოთა დროშები ჩანდა. ბოლო დროს კი იმატა კრემლის მიერ დაფინანსებული მედიის მიერ გადაღებულმა პროფესიონალურმა ფოტოებმა, სადაც ასახულია საბჭოთა სიმბოლოები. ეს გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის ჯარი უფრო ფართოდ ითვისებს ამ ესთეტიკას.
იან გარნერი, ისტორიკოსი და რუსული სამხედრო პროპაგანდის ექსპერტი, ამბობს, რომ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება დიდწილად ინდივიდუალური ჯარისკაცების და რაზმების ინიციატივაა, თუმცა ამას ახალისებს კრემლის მიერ დაფინანსებული „პროპაგანდისტული ღონისძიებები - კონცერტები, სატელევიზიო გადაცემები და ა.შ.“
რუს ჯარისკაცს უნიფორმაზე მიკერებული აქვს სტალინის გამოსახულება წარწერით: „ჩემს დროს [ასეთი რამ] არ ხდებოდა“.
გარნერი მიიჩნევს, რომ საბჭოთა სიმბოლოებს საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად იყენებენ, რადგან ომის ამოცანები სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.
„ინდივიდუალურ ჯარისკაცებს უჭირთ გაერკვნენ, თუ რა არის სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ომის მიზნები, ან როგორია პუტინის რეჟიმის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიები“, - ამბობს გარნერი.
„თუმცა მათ აკავშირებთ მსგავსი ესთეტიკა, წარსულის ესთეტიკა, რომელიც მიანიშნებს უტოპიურ მომავალზე, სადაც რუსეთი კვლავ დიდ ძალად იქცევა“.
ეს გამოსახულება შეეხება ინციდენტს, რომელიც 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის პირველ დღეებში მოხდა. ერთ სოფელში უკრაინელი ქალი საბჭოთა დროშით მიესალმა, მისი აზრით, რუს ჯარისკაცებს. ჯარისკაცები სინამდვილეში უკრაინელები იყვნენ, რომლებმაც ქალს საჭმელი მისცეს და დროშა ფეხით გათელეს.
ამ ქალს რუსული მედია აქტიურად იყენებს უკრაინელების მიერ რუსეთის თავდასხმის მხარდაჭერის დამადასტურებელ სიმბოლოდ.
გარნერი არ მიიჩნევს, რომ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება მიზნად კომუნისტური სისტემის გაცოცხლებას ისახავს. „ჩემი აზრით, რუსეთში ძალიან ცოტას თუ სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა“, - ამბობს ის.
ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსების უმეტესობა საბჭოთა კავშირთან უფრო ახდენს იდენტიფიკაციას, ვიდრე დამოუკიდებელ რუსეთთან. თუმცა, გარნერი აღნიშნავს, რომ უკრაინაში კომუნისტური და ცარისტული სიმბოლიკა ერთად გამოიყენება ხოლმე, რაც გვაფიქრებინებს, რომ საბჭოთა გამოსახულებები უფრო ძველი დიდების სიმბოლოდ მიიჩნევა.
„აქედან აზრს ვერ გამოვიტანთ, თუ ვერ მივხვდით, რომ ეს პოლიტიკურად ბუნდოვანი გამოხატულებაა უკეთეს დროში დაბრუნების სურვილისა“, - ამბობს ისტორიკოსი. „თუმცა, ცხადია, ვლაპარაკობთ უკეთეს დროზე, რომელსაც არასოდეს უარსებია“.