Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სააკაშვილის საკითხში კიევი არც უკან დახევას აპირებს, არც თავს შეიკავებს” - სოლომია ბობროვსკა


სოლომია ბობროვსკა
სოლომია ბობროვსკა

“დიდად არ გვაღელვებს, თუ რომელიმე ქართველ პოლიტიკოსს ეს განცხადება არ მოეწონა, რადგან ვხედავთ, რას აკეთებს და საით მიდის საქართველოს მთავრობა - იქით, საითაც იანუკოვიჩი მიგვათრევდა 2013 წელს, როცა ცდილობდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, უკრაინა რუსეთის ქოლგის ქვეშ შეეტენა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოლომია ბობროვსკა, ვოლოდიმირ ზელენსკის იმ განცხადების შესახებ საუბრისას, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა და თქვა, რომ რუსეთი უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოს მთავრობის ხელით კლავს. სოლომია ბობროვსკა მიხეილ სააკაშვილს კარგად იცნობს, იგი 2016-2017 წლებში, სააკაშვილის შემდეგ, ოდესის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2019 წლიდან კი უკრაინის რადის წევრია. სააკაშვილს ჯერ კიდევ შეუძლია დაეხმაროს უკრაინას, გახდეს ნატოს 33-ე წევრი, საქართველოს კი წლები დასჭირდება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ისე დასაახლოებლად, როგორც ეს 10-15 წლის წინ იყო, - უთხრა სოლომია ბობროვსკამ ვაჟა თავბერიძეს.

რადიო თავისუფლება: თქვენ რას ფიქრობთ, რა ხდება ახლა სააკაშვილის თავს? როგორ ჩანს ეს კიევიდან?

სოლომია ბობროვსკა: მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ალბათ, ნახავდით ჩვენი პრეზიდენტის განცხადებას - საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ელჩს უკან აბრუნებენ კონსულტაციისთვის, რათა გაირკვეს, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ - შეუძლია თუ არა ქართულ მხარეს, აგვიხსნას, რა პირობებით დააბრუნებს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს უკრაინაში? ვნახეთ, რა პირობებშია - ამას ნორმალურს ვერ დაარქმევ. წლებია ვიცნობ მას და ძალიან მიმძიმს მისი ამ მდგომარეობაში ხილვა. ვფიქრობ, იგივე რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისაც. ვიზიარებთ მის პოზიციას და გადაწყვეტილებას, მოითხოვოს სააკაშვილის უკან, უკრაინაში დაბრუნება, პირველ რიგში იმისთვის, რომ ჯეროვანი სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინოთ და სიცოცხლე შევუნარჩუნოთ.

რადიო თავისუფლება: ზელენსკის განცხადებამ ბევრი გააღიზიანა კიდეც საქართველოში, განსაკუთრებით სამთავრობო წრეები და მთავრობის მიმართ სიმპათიით განწყობილები. მას ბრალს დებენ, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ერევა. რას უპასუხებდით ამაზე?

ბობროვსკა: მძიმე სანახავია ის, თუ რას სჩადის საქართველოს მთავრობა - და არა მხოლოდ მიშას გამო, იმის გამოც, თუ რა პოზიცია დაიკავეს მათ ამ ომის მიმართ. თქვენი პარლამენტი მსოფლიოს იმ თითზე ჩამოსათვლელი პარლამენტების სიაში შედის, ვინც ზელენსკის უარი უთხრა სიტყვით გამოსვლაზე. მერე აღადგინეთ ფრენები მოსკოვთან, გვესმის არგუმენტები, რომ უკრაინაში ომი თურმე ნატოს ბრალია და ა.შ. ასე რომ, არ გვიკვირს, როდესაც ვისმენთ რასაც ამბობენ სააკაშვილზე. მაგრამ, კიდევ ერთხელ - უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის პასპორტით, და უკრაინა გააგრძელებს მოთხოვნას, რომ დაგვიბრუნონ, რათა გადავარჩინოთ. უკვე ყველამ ნახა, რა შემზარავ პირობებშია - რუსები უკეთესად ექცევიან სამხედრო ტყვეებს, ვიდრე სააკაშვილს ექცევიან და ეს მრავლისმეტყველია. ასე რომ, არა, დიდად არ გვაღელვებს, თუ რომელიმე ქართველ პოლიტიკოსს ეს განცხადება არ მოეწონა, რადგან ვხედავთ, რას აკეთებს და საით მიდის საქართველოს მთავრობა - იქით, საითაც იანუკოვიჩი მიგვათრევდა 2013 წელს, როცა ცდილობდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, უკრაინა რუსეთის ქოლგის ქვეშ შეეტენა. საქართველოს მთავრობამაც ეს გზა აირჩია. ამავდროულად, ვხედავთ ნაპრალს მთავრობასა და ქართველ ხალხს შორის - ვხედავთ და ვაფასებთ იმ ქართველი მებრძოლების თავგანწირვას, რომლებიც დღეს ფრონტის ხაზზე იბრძვიან, ვხედავთ, ვგრძნობთ და ვაფასებთ ქართველი ხალხის თანადგომას, მაგრამ ვერ დავეთანხმებით და მოვიწონებთ იმას, რასაც თქვენი მთავრობა აკეთებს. ვშიშობ, საქართველოში ავიწყდებათ, რა დაგმართათ რუსეთმა 15 წლის წინ, 2008 წელს და 91-94 წლებში.

რადიო თავისუფლება: როდესაც ამბობთ, რომ უკრაინა გააგრძელებს მოთხოვნას, რომ საააკაშვილი დაუბრუნონ - რა ბერკეტები აქვს რეალურად კიევს „ქართული ოცნების“ დასარწმუნებლად, სააკაშვილის გადაცემაზე დათანხმდნენ?

ბობროვსკა: იცით, ცოტათი გამიკვირდა კიდეც, როდესაც პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება წავიკითხე, არ მეგონა, თუ ასეთ რადიკალურ მიდგომას აირჩევდა - დიპლომატიურ ენაზე, როდესაც ელჩს უკან აგზავნი კონსულტაციებისთვის, ეს ძალიან სერიოზული ჟესტია, მნიშვნელოვანი წონის და, როგორც ვთქვი, აქამდე არასოდეს მომხდარა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ეს ნიშნავს, რომ კიევი არც უკან დახევას აპირებს და არც თავს შეიკავებს. ნიშნავს, რომ გარკვეულ ხაზებს გადავაბიჯეთ და ვფიქრობ, პრეზიდენტი და მისი გუნდი გააგრძელებენ ამ მცდელობებს, ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს. ისინი იპოვიან დროს ამისთვის - მიუხედავად და პარალელურად იმისა, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

რადიო თავისუფლება: მის განცხადებაში ვკითხულობთ: „რუსეთი კლავს უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილს ქართული ხელისუფლების ხელით“. ეს ეხმიანება ექსპრეზიდენტის ადრინდელ განცხადებებსაც, სადაც ის ამბობს, რომ მას კრემლის დაკვეთით, ნელა უსწრაფებენ სიცოცხლეს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, ამ „რუსეთის დაკვეთის“ სცენარზე?

ბობროვსკა: ცხადზე ცხადია, რომ მიშა იმ დიდი საფრთხის ნაწილია, რომელიც რუსეთს დღეს ასე აშინებს. მან თქვენი ქვეყანა ჭეშმარიტად პროდასავლურ ქვეყნად აქცია - მაგალითისთვის, უკრაინაში დღესაც კი არ გვაქვს რეფორმების ის სტანდარტები, რასაც მან საქართველოში მიაღწია. მიშა სიმბოლოა - იმ ყველაფრის საპირისპიროა, რაც რუსეთს უნდა საქართველოს თავს მოახვიოს. ის იმ სისტემის ნაწილია, რომელიც რუსეთს სურს, რომ გაანადგუროს, რადგან მისგან საფრთხეს გრძნობს. ჩვენ კარგად ვიცნობთ მიშას - რთული კაცია, კომპლექსური, არაპროგნოზირებადი და ა.შ. მაგრამ მაინც - ის ჭეშმარიტი ფენომენია რუსეთს გამიჯნული პოსტსაბჭოთა სამყაროსთვის და სულაც არ მიკვირს, რომ რუსეთი ცდილობს, ბოლო მოუღოს, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ამის შანსი მიეცათ და სააკაშვილი ხელში ჩაუვარდათ.

რადიო თავისუფლება: როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრი, მაშინ როდესაც ვილნიუსის სამიტი კარსაა მომდგარი, როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება ამას საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე? რამდენად კარგი სავიზიტო ბარათია ეს ბრიუსელის კარზე დასაკაკუნებლად, როდესაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას ლამობ?

ბობროვსკა: სამწუხაროდ, ვფიქრობ, წლები დაგჭირდებათ, რათა იმ მიჯნას დაუბრუნდეთ, სადაც საქართველო 10-15 წლის წინ იყო, როდესაც უკრაინაზე ბევრად წინ იყო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების გზაზე. დღეს თქვენი მთავრობა აცხადებს, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ და ა.შ., მაგრამ ეს ყველაფერი ხელოვნურია. სამწუხაროდ, არ მგონია, ეს [ნატოში გაწევრება] ხანმოკლე პროცესი გამოდგეს საქართველოსთვის, და არ მგონია, რომ ეს მოხდება მანამდე, სანამ თქვენი რუსი ოლიგარქი მთელ ქვეყანას აკონტროლებს. ევროკავშირსა და ნატოში ყველაფერს კარგად ხედავენ - ხედავენ, რა ხდება საქართველოში.

რადიო თავისუფლება: და ბოლო კითხვა - ვთქვათ, რაც უნდა ძნელი წარმოსადგენი იყოს - ვთქვათ, საქართველოს მთავრობა დაგთანხმდათ და სააკაშვილი უკრაინას დაუბრუნდა, როგორი იქნება მისი მომავალი? ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინის დახმარება?

ბობროვსკა: თავისთავად ცხადია, პირველ რიგში, ჯანმრთელობას უნდა მიხედოს, რეაბილიტაციის პროცესი უნდა გაიაროს. აქვს თუ არა მომავალი უკრაინაში? ვფიქრობ, რომ დიახ, აქვს, მას შეუძლია უკრაინას დაეხმაროს - იმიტომ რომ ზედმიწევნით კარგად ესმის რუსების მენტალობა, მათი ლოგიკა და თამაშის წესები მსოფლიო პოლიტიკაში. ასევე, კარგად ერკვევა და იცნობს მსოფლიო პოლიტიკის სხვა აქტორებსაც - ესაა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ესაუბროს გერმანიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებს, ესპანეთს და, რაც მთავარია, დაეხმაროს უკრაინას გახდეს ნატოს 33-ე წევრი.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG