4 დეკემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რუსუდან კოხოძე. მან ისაუბრა შშმ პირებისთვის გარემოს ხელმისაწვდომობის პრობლემაზე და სახელმწიფოს არაქმედით როლზე, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს გამოწვევებზე.
“პირველ რიგში ჩვენ ჩავუღრმავდით საკანონმდებლო რეგულაციებს და გამოიკვეთა ის, რომ ნორმატიული აქტები და მთავრობის დადგენილებები, რომლებიც შშმ პირებისთვის ფიზიკური გარემოს მისაწვდომობას არეგულირებს, არის ხარვეზიანი, არ მოდის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, წინააღმდეგობრივია ერთმანეთთან, ნახაზები და ნორმატიული აღწერა შეუსაბამოა და მოძველებულ სტანდარტებს ეყრდნობა.ამიტომ თუ ეს საკითხი ძირეულად არ გადაწყდება, მუდმივად გვექნება მოცემულობა, რომ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები, რეაბილიტირებული ქუჩები და ა.შ მიუწვდომელი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“- აღნიშნა რუსუდან კოხოძემ. მისი თქმით, ფიზიკური გარემო უმთავრესი დამაბრკოლებელი ფაქტორია შშმ პირებისთვის, რათა მათ დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლონ და ისარგებლონ განათლების, დასაქმების, გართობისა და სხვა უფლებებით.