„საქსტატმა“ გამოაქვეყნა 2018 წლის სოფლის მეურნეობაში მემცენარეობის წინასწარი სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, გასულ წელს ხორბლის წარმოება 8,5 პროცენტით აღემატებოდა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 33,3%-ით გაიზარდა, სიმინდისა კი - 33,5%-ით. 2017 წელთან შედარებით, 21,1%-ითაა გაზრდილი კარტოფილის წარმოება. ამასთან, 2018 წლის განმავლობაში მოყვანილი ბოსტნეული 9,8%-ით აღემატებოდა წინა წლისას.
ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე, რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ, სამწუხაროდ, „საქსტატი“ თავისი მონაცემებით მიახლოებულ სურათს ასახავს, რეალური სურათი კი სოფლის მეურნეობის მდგომარეობის შესახებ არ გვაქვს. რუსუდან გიგაშვილი მემცენარეობის დარგში გამოყოფს ხორბლით თვითუზრუნველყოფის დაბალ მაჩვენებელს:
„ის, რომ 15%-იანი თვითუზრუნველყოფა გვაქვს ხორბალში, არის კატასტროფა!“.
„მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი ამ ეტაპზე არსებითად არ თვლის მსჯელობას იმაზე - არის, თუ არა საქართველოს აგრარული ქვეყანა? - არამედ, მწვავე საკითხია ის, რამდენად თვითკმარია ქვეყანა სოფლის მეურნეობის პროდუქციიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. პასუხი მარტივია - არ არის. ამასთან მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული:
“ამ ეტაპზე არ ვართ თვითკმარი, რადგან ვერ ვქმნით, მაგრამ რაღაც ეტაპზე შეიძლება ვიყოთ, თუ დავეხმარებით ტექნოლოგიურად და ცოდნით ფერმერებს. ყველაზე დიდი პრობლემა არის ცოდნის დეფიციტი. ჩვენი ორგანიზაცია დღეში საშუალოდ 100 ადამიანს ემსახურება კონსულტაციით. ცოდნაზე მოთხოვნა არის“.
„დილის საუბრების“ სტუმრის აზრით, ფერმერებისთვის ცოდნის გადაცემის მცირე რესურსი არ კმარა:
„ეს უნდა მოხდეს დიდი ინტენსივობით, კარდაკარის პრინციპით. ეს საკითხი არის ფუნდამენტი და ჰაერშია გამოკიდებული. როგორი სუბსიდირებაც უნდა მოვახდინოთ, თუ მას წინ არ გაუძღვა ცოდნა, შედეგს არ მოგვცემს“.
რუსუდან გიგაშვილი იმასაც შენიშნავს, რომშეზღუდული რესურსის მიუხედავად, ფერმერთა ინფორმირებულობა გარკვეულწილად იზრდება. ერთი მხრივ, საჭიროა ინფორმაციის გასაგები ენით მიწოდება და მეორე მხრივ, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ინტერნეტთან წვდომა მათ უმრავლესობას არ აქვს და უნდა გამოინახოს კომუნიკაციის სხვა გზები ინტენსიური ინფორმირებისთვის. ის „მომავლის ფერმერის“ მაგალითზე ლაპარაკობს და ყვება, რომ თვეში 35 მოკლე ტექსტურ შეტყობინებას უგზავნიან ფერმერებს: იქნება ეს პირუტყვის ჭიაზე პროფილაქტიკის, მოსალოდნელი გვალვისა თუ რაიმე ტექნოლოგიურ სიახლეზე მისათითებლად:
„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ტექნოლოგიები. თითზე ჩამოსათვლელია საქართველოში მეწარმეები, ვინც სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებით მუშაობს. არ არის ცოდნა, არ არის ხელმისაწვდომი ფინანსები. მაგალითად, კენკროვან კულტურებში სარწყავი სისტემით უზრუნველყოფა ვინც მოახერხა, 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი მოსავალი მიიღო“.
რუსუდან გიგაშვილი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის შიგნით სოფლის მეურნეობის პროდუქციის განვითარების ხელშეწყობის საკითხზე. ის თვლის, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული, თანმიმდევრული პოლიტიკა:
„ძალიან დიდი წყვეტა გვაქვს სიტყვასა და საქმეს შორის. ვაკეთებთ ფრაგმენტულად, როცა გვინდა განვავითაროთ შიდა წარმოება და ვერ ვქმნით ადგილობრივი ბაზრის განვითარების მექანიზმებს. არ დაადგა საშველი ანტიდემპინგურ კანონმდებლობას. ერქვას ბაზრის დაცვითი მექანიზმები. ამას ევროკავშირიც გვთხოვს. თაროზეა შემოდებული. ყველა ნორმალური ქვეყანა აამოქმედებს დაცვის მექანიზმებს და კონკურენტულ ფასს დაუქვემდებარებს შემოსულ პროდუქტს. დღეს თურქული პროდუქტი შემოდის არაჯანსაღ პირობებში. შარშან გაზაფხულზე ვერ შემოვიდა თურქეთიდან კარტოფილი, რადგან იქ დაფიქსირდა „კარტოფილის კიბო“. ამის გამო ვერ შემოვიდა. ამით კარტოფილის შემოსავლის კუთხით ამოისუნთქეს ადგილობრივმა ფერმერებმა. ასე არ უნდა იყოს. ღვთის ანაბარა არ უნდა იყოს ფერმერი დატოვებული“.
სოფლის მეურნეობის სპეციალისტის აზრით, მნიშვნელოვანია სტაბილურად არსებობდეს ადგილობრივ ბაზარზე გამიზნული სახელმწიფო დაკვეთები:
„ჯარის და ბაღების მომარაგების მიბმა ადგილობრივ წარმოებაზე: მიწოდების სტაბილურობა დადგება, როცა მოთხოვნა იქნება სტაბილური“.
არათანმიმდევრული მიდგომის მაგალითად რუსუდან გიგაშვილს მოჰყავს ხორბლის მაგალითიც:
„საწარმოებს არ უღირთ ადგილობრივი ხორბლის შეძენა, რადგან: პირველადი წარმოება გათავისუფლებულია დღგ-სგან, მაგრამ გადამუშავება დღგ-თი იბეგრება. ამიტომ, თუ მე ვაწარმოებ პურფუნთუშეულს, ვარ წისქვილკომბინატი, ვარ მეფრინველეობის ფერმა და მჭირდება შევიძინო მარცვლეული, არაფრით გამოვიყენებ ადგილობრივ წარმოებას, რადგან ეს ჩემს ბიზნესს ტვირთად დააწვება. შემოტანილს გამოვიყენებ, რადგან მე დღგ-თი ვიბეგრები, ისიც დღგ-თია დაბეგრილი და ჩათვლის პრინციპით მე ამას გავიმარტივებ“.
რუსუდან გიგაშვილი ლაპარაკობს პროფესიონალიზმის დეფიციტზე როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. წუხს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში მიღებული არაერთი გადაწყვეტილება არ ეფუძნება წინასწარ გამოკვლევას და რისკების შეფასებას:
„1 აპრილს შევიდა ცვლილება ბიზნესისთვის, რომელიც სათესლე-სანერგე მასალის, პესტიციდების, სასუქების რეალიზაციას. ცვლილების თანახმად, მაღაზიაში უნდა გაიმიჯნოს სათესლე-სანერგე მასალისა და პესტიციდებისა და სასუქის რეალიზაცია, მაგრამ ამის დაკმაყოფილება ვერ მოხდება. 1%-საც ვერ ნახავთ, ვისაც ამის განხორციელება შეუძლია. ძლივს აქვთ ერთი შენობა და ეუბნებიან ერთ შენობაში ამ ყველაფრის რეალიზაცია არ შეიძლებაო. დაიკეტებიან“.
„მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი უმწვავეს საკითხად თვლის მიწის არასრულფასოვა აღრიცხვიანობას:
„არ გაგვაჩნია მიწის ერთიანი კადასტრი: რა არის დამუშავებული? რა - დაუმუშავებელი? რა არის სახელმწიფოს მფლობელობაში? რა - კერძო სექტორის? სანამ არ დავითვლით მიწას და არ დავითვლით ცხოველს, იქამდე რაზე უნდა ვილაპარაკოთ?“.
რაც შეეხება ევროკავშირთან შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, რუსუდან გიგაშვილი შენიშნავს, რომ „ხალხს აშინებს ეს სტანდარტები“, თუმცა, საკითხი არ უნდა იხილებოდეს, როგორც ევროკავშირის მოთხოვნა, არამედ როგორც თავად საქართველოს ინტერესი:
„დავანებოთ ევროკავშირს თავი. ფიქრობთ იმაზე, ჩვენს შვილებს რას ვაჭმევთ?!“.
საუბრის დასასრულს სტუმარი ყურადღებას ამახვილებს ნედლი რძის წარმოების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე:
„ნედლი რძე იკლებს ქვეყანაში. ძალიან კაბალურ პირობებში არიან ფხვნილით მწარმოებლებთან. ვინც სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, მაინც აწარმოებს და ასაღებს. რძის პროდუქტების დიდი წილი არის გაურკვეველი წარმოშობის. რძის ფხვნილი მომაკვდინებელი არ არის, მაგრამ ყველი რომ აწარმოო, უნდა დაამატო ტრანსცხიმები და არ არის კარგი.
ნედლი რძის მწარმოებლებმა მოითხოვეს სრული პროდუქციის დღგ-სგან გათავისუფლება. პრემიერმა დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას, შევიდა პარლამენტში და იქ დაიბლოკა გუშინწინ. გამოდის, რომ სადღაც ვიღაც იმპორტიორები უხეშად ერევიან. გეუბნება ქართველი მეწარმე: დამეხმარე - გაუმჯობესდება ჩვენი თვითუზრუნველყოფა ნედლი რძით, შემცირდება ტრანსცხიმების მოხმარება და ამ დროს მავანი ამაში უხეშად ერევა. ვფიქრობ, მოსახლეობამ ხმა უნდა ამოიღოს. ამაზე გადის ჩვენი ჯანმრთელობა. ამ დღეებში შეიკრიბებიან ნედლი რძის მწარმოებლები და იქნება განხილვა“.