Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში მოსახლეობა წყლის გადაკეტვას აპროტესტებს და ძველი ვალების ჩამოწერას მოითხოვს


კომპანია "რუსთავის წყლის" თანამშრომლები
კომპანია "რუსთავის წყლის" თანამშრომლები

4 დეკემბერს რუსთავში, თბილისის ქუჩის #33-ის ბინადრები კომპანია „რუსთავის წყლის“ თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი გახდა კომპანიის მიერ დავალიანების მქონე აბონენტებისთვის სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტა. მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი გაუფრთხილებლად შეუწყვიტეს. ამბობენ იმასაც, რომ ვალი გასული საუკუნის 90-იანი წლებში დაგროვდა, რომელიც, მათი განცხადებით, უნდა ჩამოწერილიყო.

გადმოწერა

აბონენტების ნაწილს 1000-ლარიანი დავალიანება აქვს, ნაწილს 500-600 ლარიანი. თბილისის ქუჩის 33-ე შენობის მკვიდრი ონისე იჩქიტიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მიმდინარე დავალიანებასთან ერთად, ყოველთვე დამატებით50 ლარს იხდის, მაგრამ ყოველ ჯერზე ქვითარზე ძველი დავალიანება უცვლელია. უცვლელია გაფრთხილებაც, რომ დავალიანების გამო, სასმელი წყლის მილს გადაკეტავენ.

„რუსთავის წყალი“ მოითხოვს, რომ მთელი ვალის მესამედი დავფარო, ყოველთვე ხომ ვიხდი 50 ლარს?, საშუალება არ მაქვს,რომ ერთიანადგადავიხადო 170 ლარი. 50-50 ლარიანი გადახდით კი ვალი 3-4 თვეში 200 ლარამდე ჩამოვა და ამასაც როგორმე გადავიხდი, რატომ მიჭრიან წყლის მილს?“ -ამბობს ონისე იჩქიტიძე.

იმავე სახლში მცხოვრებ ხვიჩა თოდუას უკვირს, საერთოდ რატომ მოხვდა მოვალეთა სიაში, რადგან სასმელი წყლის მოხმარებისთვის არც ძველი დავალიანება აქვს და მიმდინარესაც იხდის. მან ამ კითხვით “რუსთავის წყლის“ თანამშრომელსაც მიმართა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

„წასული ვიყავი, 2 ლარი და რამდენიმე თეთრი მქონდა დარჩენილი გადასახდელი, ჩამოვედი და წყალი გადაკეტილი დამხვდა“, - ჩივის ხვიჩა თოდუა.

გვესმის მოსახლეობის მდგომარეობის, მაგრამ გასათვალისწინებელია ის უზარმაზარი დანახარჯიც, რომელიც ქალაქის წყლით მომარაგებაზე იხარჯება. ქალაქიდან 22 კილომეტრის დაშორებით, წყლის სათავე ნაგებობაზე, უზარმაზარი აგრეგატები მუშაობს, რომელიც ბევრ ელექტროენერგიას მოითხოვს...
თემურ ჯანელიძე

რადიო თავისუფლებასთან საუბარში თბილისის ქუჩის 33-ე შენობის ბინადრები ერთხმად აცხადებენ,რომ დავალიანება გამრიცხველიანებამდე ჰქონდათ, გამრიცხველიანების შემდეგ კი, „რუსთავის წყლი“ მათ ჯერ კიდევ 2010 წელს დაჰპირდაძველი ვალების ჩამოწერას. თუმცა პირობა არ შესრულდა. კომპანიის დირექტორი, თემურ ჯანელიძე ამბობს, რომ „რუსთავის წყალი“ აბონენტებთან მათთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ხელმძღვანელობს.

„არასწორად არაფერი კეთდება. გვესმის მოსახლეობის მდგომარეობის, მაგრამ გასათვალისწინებელია ის უზარმაზარი დანახარჯიც, რომელიც ქალაქის წყლით მომარაგებაზე იხარჯება. ქალაქიდან 22 კილომეტრის დაშორებით, წყლის სათავე ნაგებობაზე, უზარმაზარი აგრეგატები მუშაობს, რომელიც ბევრ ელექტროენერგიას მოითხოვს “, - ამბობს “რუსთავის წყლის“ დირექტორი თემურ ჯანელიძე. მისივე განცხადებით, დიდი დავალიანების მქონე აბონენტებს, და ასეთი დაახლოებით 2000 აბონენტია, წყალსგაუფრთხილებლად არ უკეტავენ.

საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით,აბონენტს უნდა ჩამოეწეროს სამწლიანი ხანდაზმულობის მქონე დავალიანება.კომპანია “რუსთავის წყალში“ კი განმარტეს, რომ პრეტენზიის მქონე აბონენტებმა ვალის ჩამოწერის მიზნით სწორედ სემეკს უნდა მიმართონ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG