Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კიმის ვიზიტის შემდეგ, პუტინიც გეგმავს ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას


პუტინი ჩრდილოეთ კორეაში გეგმავს ჩასვლას.
პუტინი ჩრდილოეთ კორეაში გეგმავს ჩასვლას.

კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ვლადიმირ პუტინიც გეგმავს ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას. დასავლეთი, უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გარდა, თვალს ადევნებს დაძაბულ ვითარებას კორეის ნახევარკუნძულზე და აშფოთებს ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის დაახლოება.

აშფოთებს იმიტომ, რომ მოსკოვი-ფხენიანის მზარდი თანამშრომლობა რუსეთს უკრაინაში ბრძოლის გაგრძელებაში ეხმარება, ჩრდილოეთ კორეას კი - ბირთვული იარაღის განვითარებაში, სამხედრო არსენალის შევსებასა და, ზოგადად, გაძლიერებაში.

ორივე მათგანი მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთთან - „აშშ-ის დომინირებული საერთაშორისო წესრიგის“ კიდევ ერთ მეტოქესთან.

პუტინის მიწვევა ფხენიანში

21 იანვარს კორეის სამთავრობო მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ პუტინი ფხენიანში მიიწვიეს, რაზეც მან მადლიერება გამოხატა და „ძალიან მალე ჩამოსვლის“ პირობა დადო.

რუსული სამთავრობო „ტასის“ ცნობით, მეორე დღეს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვიზიტის ზუსტ თარიღზე მხარეები დიპლომატიური არხებით ჯერ კიდევ მსჯელობენ.

მოწვევას ერთი კვირით ადრე წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩოი სუნ ჰუის ვიზიტი მოსკოვში, 3 თვის წინ - ლავროვის ვიზიტი ფხენიანში, ოდნავ უფრო ადრე კი - თვით კიმ ჩენ ინის ვიზიტი რუსეთში.

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრები ფხენიანში, 2023 წლის 19 ოქტომბერი
რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრები ფხენიანში, 2023 წლის 19 ოქტომბერი

გასულ კვირას მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ ჩრდ. კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰუიმ, მისმა რუსმა კოლეგა სერგეი ლავროვმა და პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადეს, რომ „სტრატეგიულ და ტაქტიკურ თანამშრომლობას“ გააძლიერებენ, რათა დაიცვან ორი ქვეყნის „საკვანძო ინტერესები“.

რუსეთიც და ჩრდილოეთი კორეაც სულ უფრო მეტად არიან იზოლირებულები დასავლური სამყაროსაგან. მათ აშშ-ისა და მოკავშირეებისაგან დაწესებული საერთაშორისო სანქციების ქვეშ უწევთ ოპერირება.

ორივე ქვეყანა იზიარებს ხედვას „ახალ, მრავალწახნაგოვან საერთაშორისო წესრიგსა“ და შეერთებული შტატების წინააღმდეგ „გაერთიანებული ფრონტის“ შენებაზე.

მათ ბანაკშია გლობალური ლიდერობის ამბიციების მქონე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც.

კიმ ჩენ ინი ათვალიერებს რუსულ სამხედრო ტექნიკას ხაბაროვსკის მხარეში, რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოკრუგში
კიმ ჩენ ინი ათვალიერებს რუსულ სამხედრო ტექნიკას ხაბაროვსკის მხარეში, რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოკრუგში

კიმ ჩენ ინი რუსეთში

რამდენიმე თვით ადრე, სანამ პუტინი ვიზიტს დაგეგმავდა და კორეის საგარეო მინისტრი მოსკოვს ეწვეოდა, რუსეთში კიმ ჩენ ინი ჩავიდა.

კიმი, რომელსაც მანამდე 4 წლის განმავლობაში არ ჰქონდა საკუთარი ქვეყნის საზღვრები დატოვებული, 2023 წლის სექტემბერში დაიძრა რუსეთისკენ.

მაგრამ წავიდა არა თვითმფრინავით, არამედ მძიმედ შეჯავშნილი მატარებლით, რომელიც ნელა, დაახლოებით 30 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

ერთპიროვნული მმართველობის გარდა, ასე მოგზაურობის მაგალითიც ბაბუისა და მამისგან აიღო.

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი ემზადება შეჯავშნული მატარებლიდან ჩამოსასვლელად. 2023 წლის 12 სექტემბერი, ხასანი, რუსეთი.
ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი ემზადება შეჯავშნული მატარებლიდან ჩამოსასვლელად. 2023 წლის 12 სექტემბერი, ხასანი, რუსეთი.

2019 წელს, როდესაც ვიეტნამში დონალდ ტრამპს შეხვდა, 4500 კმ გაიარა, - ჩინეთის გავლით, - ამავე მატარებლით. იმავე წელს შეხვდა პუტინს, ისევ მატარებლით იმგზავრა ვლადივოსტოკამდე.

და ამჯერადაც ვლადივოსტოკში ჩავიდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მას იქ დაათვალიერებინა სამხედრო ტექნიკა, თვითმფრინავები, (ფრეგატი) სამხედრო გემი „მარშალი შაპოშნიკოვი“.

შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც.

კიმმა რუსეთი, უკრაინის ომის გამო, „ჰეგემონურ ძალებთან“ მედგრად ბრძოლისათვის შეაქო.

პუტინმაც გამოხატა მზაობა, დახმარებოდა ჩრდილოეთ კორეას კოსმოსური და სატელიტური პროგრამების განვითარებაში.

ამ ვიზიტმა და მოლაპარაკებებმა მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა ორივე ქვეყანას.

პარტნიორობის შედეგები

ვაშინგტონის თანახმად, რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში იყენებს ჩრდილოეთ კორეაში დამზადებულ რაკეტებს.

ფხენიანიც და მოსკოვიც ამ ცნობებს უარყოფენ, მაგრამ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, 2024 წლის იანვარში რუსეთმა უკრაინაში უკვე ორჯერ გამოიყენა ჩრდილოეთ კორეაში დამზადებული რაკეტები.

სამხრეთ კორეის უშიშროების მტკიცებით კი, ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს ერთ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გადასცა. ამ ჭურვებს, „ბლუმბერგის“ ცნობით, „ისკანდერის“ სარაკეტო კომპლექსებიდან ისვრიან.

უკრაინის პროკურატურა იუწყება, რომ ხარკოვის მიმართულებით რუსეთის მიერ გამოყენებული არაიდენტიფიცირებული რაკეტა, მათი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაშია წარმოებული.
უკრაინის პროკურატურა იუწყება, რომ ხარკოვის მიმართულებით რუსეთის მიერ გამოყენებული არაიდენტიფიცირებული რაკეტა, მათი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაშია წარმოებული.

ბრიტანულმა გამოცემა "გარდიანმა" 22 იანვარს დაწერა, რომ მოიპოვა დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ხელთ აქვს ჩრდ. კორეის მიერ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების დამამტკიცებელი საბუთები.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი კარგი წყაროა ჩრდილოეთ კორეისათვის, განავითაროს ბირთვული რაკეტების პროგრამა, - რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ ჩრდ. კორეის მეზობლებს აღმოსავლეთ აზიაში, არამედ შეერთებულ შტატებსაც, - კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებით.

თეთრი სახლის იარაღის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა, პრანაი ვადიმ განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა „უპრეცედენტოა“. მისი თქმით, ფხენიანისადმი რუსეთის დახმარებამ შესაძლოა, „ძირი გამოუთხაროს შეერთებული შტატების ბირთვული შეკავების პოლიტიკას იაპონიასა და სამხრეთ კორეაში“.

იაპონია და სამხრეთი კორეა შეერთებული შტატების მოკავშირეები არიან.

კიმ ჩენ ინი თვალს ადევნებს „კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის“, Hwasong-18-ის გამოცდას. 2023 წლის 18 დეკემბერი
კიმ ჩენ ინი თვალს ადევნებს „კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის“, Hwasong-18-ის გამოცდას. 2023 წლის 18 დეკემბერი

სამიზნე: სამხრეთი კორეა

კიმი ბოლო პერიოდში შესამჩნევად ამკაცრებს რიტორიკას სამხრეთ კორეისადმი.

დეკემბრის ბოლოს აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეასთან კვლავ შეერთება, რისკენაც აქამდე მიიწევდა, შეუძლებელია.

კორეის ნახევარკუნძული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაიყო. 1950-53 წლებში კორეის ომმა კი ეს გაყოფა გაამყარა. ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, თუმცა ფორმალური შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე არ გაფორმებულა. ეს ნიშნავს, რომ ტექნიკურად ისინი კვლავ ომში არიან.

წლების განმავლობაში ურთიერთობების დინამიკა ხშირად იცვლებოდა, ბოლო წლებში კი, - მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინმა ბირთვული პროგრამის განვითარება სანქციების გვერდის ავლით დააჩქარა, - ეს დაძაბულობა პიკს აღწევს.

28 დეკემბერს კიმმა თავის არმიასა და სამხედრო მრეწველობას მოუწოდა, გააძლიერონ ძალისხმევა შესაძლო ომისთვის მოსამზადებლად - „აშშ-ის კონფრონტაციულ ნაბიჯებზე საპასუხოდ“.

„ომის თამაშები“

19 იანვარს ფხენიანმა განაცხადა, რომ წარმატებით დაასრულა წყალქვეშა ბირთვული შეიარაღების სისტემის გამოცდა, - და ეს პასუხი იყო აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის საზღვაო წვრთნებზე.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებით, სამი ქვეყნის წვრთნები ჩატარდა „ჩრდილოეთ კორეის ბირთვული, სარაკეტო და წყალქვეშა საფრთხეების შეკავებისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად“.

მოკავშირეებს შეშფოთების არაერთი საფუძველი აქვთ:

2024 წლის 4 იანვარს ფხენიანმა 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა სამხრეთ კორეის კუნძულების, პენიონდოსა და იონპჰიონდოს მახლობლად, რის პასუხადაც სეულმა ევაკუაცია გამოაცხადა.

სამხრეთ კორეის სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის მოქმედებებს „პროვოკაციული“ უწოდეს და განაცხადეს, რომ შესაბამის ზომებს მიმართავენ. დღის მეორე ნახევარში სამხრეთკორეელმა სამხედროებმა საკუთარი საზღვაო წვრთნა ჩაატარეს სროლაში.

და ეს არ იყო პირველი სამხედრო ინციდენტი.

2022 წლის დეკემბერში დაფიქსირდა სროლა ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო დაცვის მხრიდან, რასაც ფხენიანმა „სასწავლო“ უწოდა.

წლების წინ, 2010 წელს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მოხდა საარტილერიო სროლა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

ამერიკელი ბირთვული მეცნიერი ზიგფრიდ ჰეკერი, რომელიც წლების განმავლობაში აკვირდება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შესაძლებლობების განვითარებას, CNN-თან აცხადებს, რომ ჩრდ. კორეის სახელმწიფო მედიაში ჩნდება სიგნალები, რომ ფხენიანი ემზადება, ისარგებლოს „გლობალური ქაოსითა და აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სისუსტით“.

ჰეკერის თქმით, გარდა რუსეთთან გაძლიერებული სამხედრო ალიანსისა, ჩრდილოეთი კორეა შეგულიანებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაახლოებული ურთიერთობებით.

ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის დროშები. ფოტო გადაღებულია 2016 წელს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში მდებარე კორეულ რესტორანში.
ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის დროშები. ფოტო გადაღებულია 2016 წელს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში მდებარე კორეულ რესტორანში.

პეკინი და მოსკოვი ერთად უწევენ წინააღმდეგობას გაეროს უშიშროების საბჭოში ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესებას.

2023 წლის სექტემბერში რუსეთი გამოვიდა ინიციატივით, ჩრდილოეთმა კორეამ და ჩინეთმა მასთან ერთად ჩაატარონ საზღვაო სამხედრო წვრთნები წყნარ ოკეანეში.

ასეთი საერთო წვრთნების ჩატარება მათ ერთი ნაბიჯით მიაახლოებდა ფორმალური, ერთიანი ფრონტის შექმნასთან შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. თუმცა მხარეებს ასეთი შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

XS
SM
MD
LG