ასე გამოეხმაურა გასული კვირის ბოლოს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამ ქვეყნებიდან მიგრაციის გააქტიურებასა და აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს.
თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ 2023 წლის პირველი ექვსი თვეში აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა „გაზრდილია სულ 6%-ით“. და განმარტავს, რომ შიდსის ცენტრის მიერ ჩატარებული ანალიზის თანახმად, „ეს ზრდა დაკავშირებულია არა იმდენად მიგრაციის პროცესების გაძლიერებასთან, რამდენადაც COVID-19 პანდემიის დასრულებასთან, რეგულაციების მოხსნასთან და ტესტირების რაოდენობის ზრდასთან“.
მისივე თქმით, შიდსის ცენტრი მუშაობს მიგრანტებთან იმისათვის, რომ ყველა აივ ინფიცირებული მიგრანტი დროულად იყოს ჩართული მკურნალობის და მოვლის სერვისებში:
„შედეგიც კარგი გვაქვს. ბოლო 18 თვის განმავლობაში მკურნალობის სერვისები მიეწოდა უცხოეთის 214 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის 91 მოქალაქეს და უკრაინის 74 მოქალაქეს. ამასთან ამ პაციენტებს გლობალურ ფონდთან შეთანხმებით ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მიეწოდებათ აბსოლუტურად უფასოდ. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ეს მედიკამენტები უფასოა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე, რომელიც იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მართალია, საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, მაგრამ ამის მიუხედავად, გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები.
შიდსის ცენტრში აღარ კეთდება დამატებითი განმარტებები მიგრაციის ფონზე ქვეყანაში აივ-შიდსის გამოვლენის მაჩვენებლის შესაძლო ზრდაზე. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის პრეს-სამსახურში გვითხრეს.
არადა, მაგალითად, საინტერესო იყო, გაგვეგო, ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობის 6%-ით ზრდა, მაღალია, საშუალო თუ დაბალი? რის საფუძველზე იმატა მაჩვენებელმა, გაზრდილი მიმართვიანობისა თუ უცხოეთიდან შემოსული ინფიცირებული მიგრანტების აღრიცხვის ფონზე?
საინტერესო იყო კიდევ ერთი განმარტების მოსმენაც, თუ რას ნიშნავს შიდსის ცენტრის დირექტორის მიერ ნახსენები „ეპიდზედამხედველობის გაძლიერება“. როგორ და რა მეთოდებით აძლიერებს შიდსის ცენტრი აივ ინფექციაზე ეპიდზედამხედველობასა და პრევენციის, მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდებაზე კონტროლს.
რუსეთიდან გაზრდილი მიგრაციის ფონზე, საქართველოში აივ/შიდსის გავრცელების რისკების შესახებ ჯერ კიდევ ივნისში წერდა ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის ყურადღებას ამახვილებდა რუსეთიდან შემოსულ პაციენტებზე, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ მათ ჰყავდათ ქართველი სქესობრივი პარტნიორები:
„მოგეხსენებათ, რუსეთში ძალიან მაღალია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება. შესაბამისად, ჩემი აზრით, გასათვალისწინებელია ამ ინფექციის საქართველოში სწრაფი გავრცელების რისკი“, - წერდა ინფექციონისტი და ამბობდა, რომ არსებული რისკების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება სახელმწიფოს დონეზე უნდა ყოფილიყო აყვანილი.
გოჩა გაბოძე აქტივისტი და აივ-დადებითი პაციენტი თვლის, რომ რუსეთიდან და უკრაინიდან გაზრდილი მიგრაციის ფონზე, რეალურ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში აივ-შიდსის გავრცელების საფრთხე, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც მისი თქმით, დაცული სქესობრივი ურთიერთობების კულტურა და ზოგადად, სქესობრივი განათლება, საქართველოში მინიმალურ დონეზეა.
კითხვის ნიშნები აქვს მას საქართველოში ჩამოსული მიგრანტებისთვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებითაც:
„რამდენიმე ხნის წინ აზერბაიჯანის ორმა მოქალაქემ მომმართა. მათ მითხრეს, რომ მიმართეს შიდსის ცენტრს, მაგრამ მედიკამენტები ვერ მიიღეს. საქართველოში მოქმედი გლობალური ფონდის აივ-შიდსის პრევენციის პროექტის თანახმად, როდესაც ქვეყანაში აივ-ინფიცირებული მიგრანტი ჩამოდის, ის დგება აღრიცხვაზე. ექიმის კონსულტაციაში საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, ის ფულს იხდის, თუმცა, ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მას უფასოდ გადაეცემა. მიგრანტების გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რამდენად არის ქვეყანაში მედიკამენტების მარაგები, რათა მიგრანტებმა არ შეწყვიტონ მკურნალობა, რადგან როდესაც აივ-ინფიცირებული ადამიანი მკურნალობს, ის არ არის გადამდები და შესაბამისად, არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს გარშემომყოფებისთვის“.
აივ/შიდსის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რუსეთსა და უკრაინაში
2021 წლის მიწურულის მონაცემებით, რუსეთში, აივ-შიდსით ინფიცირებულია ზრდასრული მოსახლეობის 1.5%, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებს შორის. ამავე წლის მონაცემებით, ყოველი 2475 მოქალაქეს შორის, ერთი აივ-დადებითია. ქვეყანაში ყოველწლიურად აივ-ინფიცირების 100 000 შემთხვევა რეგისტრირდება. მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, რუსეთში უკიდურესად დაბალია აივ-შიდსის პრევენციისა და მკურნალობის მაჩვენებელი. 2020 წელს რუსეთში აივ-ინფექციით 30 000 ადამიანი გარდაიცვალა.
აივ-შიდსის გავრცელების ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს უკრაინას. აივ-ინფექციით უკრაინაში ზრდასრული მოსახლეობის 0,9%-ია ინფიცირებული. გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიშის თანახმად, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეჭრამდე, ქვეყანამ აივ-შიდსის პრევენციისა და მკურნალობის მხრივ, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 2022 წლისთვის ქვეყანაში ანტირეტროვისურულ მედიკამენტს 132 ათასზე მეტი აივ-ინფიცირებული იღებდა. უკრაინა იყო ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, სადაც აივ-პრევენციის სერვისების ძირითადი პაკეტი სრულად ფინანსდებოდა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ომის ფონზე შიდსის 30-მდე ცენტრი დაიხურა, გლობალური ფონდისა და აშშ-ის დახმარების გეგმის ფარგლებში, უკრაინამ შეძლო და მიიღო პაციენტთათვის საკმარისი ანტირეტროვირუსული მედიკამენტი.
„შეიკავონ თავი შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტებისგან და მით უმეტეს, დაუცველი კავშირისგან“
ორგანიზაცია „ჰეპა პლიუსი“ 13 წელია მუშაობს ზიანის შემცირების პროგრამასა და ქვეყანაში აივ-შიდსის პრევენციაზე. ორგანიზაციის წარმომადგენლები სისტემატურ შეხვედრებს მართავენ რისკ-ჯგუფებთან, მათ შორის, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებთან (საქართველოში აივ-ინფიცირებულთა 33,5% ნარკოტიკული საშუალებების ინექციური მომხმარებელია) და მათ სექსუალურ პარტნიორებთან.
მანანა სოლოღაშვილი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის ფონზე, რისკ-ჯგუფებთან შეხვედრებისას, ახლა უკვე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სიფრთხილის ზომების გაძლიერებაზე:
„როგორც უკრაინა, ისე რუსეთი, აივ-შიდსის მაღალი პრევალენტობის ქვეყნებია და როდესაც ვიცით, რომ ამ ქვეყნებიდან ათასობით მიგრანტი შემოდის, ცხადია, რომ თავიდანვე უნდა გაკეთდეს აქცენტი თავდაცვასა და პრევენციაზე. ჩვენი ბენეფიციარები, ვისთანაც ყოველთვიურად საინფორმაციო შეხვედრებს ვატარებთ, ამასთანავე არიან თანასწორ-განმანათლებლები. შესაბამისად, მათ თემის წევრებს, ე.წ. ქუჩის ნარკომომხმარებლებს უნდა გაუზიარონ აქ მიღებული ინფორმაცია. მათ ვაფრთხილებთ, რომ მიგრანტებთან ურთიერთობისას უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად, ვინაიდან, მაღალია ინფიცირების რისკი დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს ან ზიარი შპრიცის გაზიარებისას. ვურჩევთ, რომ ისედაც შეიკავონ თავი შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტებისგან და მით უმეტეს, დაუცველი კავშირისგან“.
საქართველო აივ/შიდსის სტატისტიკის რუკაზე
დღეს საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით.
2022 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9714 ინფიცირებული, მათგან 7257 კაცია, 2457 ქალი. საქართველოში აივ-ინფექცია/შიდსით 2059 პაციენტია გარდაცვლილი. 2022 წელს ინფექციის 552 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსის გადაცემის გზების პროცენტული მაჩვენებელი კი საქართველოში ასეა გადანაწილებული.
- ინფიცირების ყველაზე მაღალი 51% ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.
- 33,5% ნარკოტიკული საშუალებების ინექციური მომხმარებელია.
- 12,8% ლგბტქ თემის წევრია.
- 1,2% დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით, ანუ ინფიცირებული დედისგან მუცლად ყოფნისას ან ლაქტაციის დროს.
დღეს არსებული მკურნალობის მეთოდებით, თუკი ვირუსი ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება და თუკი პაციენტი მკურნალობის კურსს დროულად დაიწყებს, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა იქნება იმდენივე, რაც არა აივინფიცირებული ადამიანის.
თუკი მკურნალობის ფონზე, ინფიცირებულის ორგანიზმში ვირუსის მაჩვენებელი ნულდება, ანუ არაგანსაზღვრად ვირუსულ დატვირთვას აღწევს, მაშინ ვირუსის სხვისთვის გადაცემა შეუძლებელია და მას შეუძლია ჰქონდეს აქტიური სქესობრივი ცხოვრება, მათ შორის, გააჩინოს შვილებიც.
ორგანიზმში ვირუსის განულება არ ნიშნავს, რომ პაციენტი მეტ-ნაკლებად ან სრულად განიკურნა აივ-ინფექციისგან. როგორც კი ინფიცირებული წყვეტს მედიკამენტის მიღებას, მის ორგანიზმში ვირუსული დატვირთვა კვლავ იზრდება.
საქართველოში, პაციენტების 91%-ს, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან, ვირუსი ორგანიზმში განულებული აქვთ.
აივ-პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში აივ-ინფექციით სულ 84 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა და 40 მილიონზე მეტი გარდაიცვალა.