ამ წუთებში, როცა ეს სტატია იწერება, ტრანსგენდერი ქალი, მადონა, რომელმაც გუშინ, 30 აპრილს, თბილისის მერიასთან თავის დაწვა სცადა, საავადმყოფოში წევს, წინასწარი ინფორმაციით, მეორე ხარისხის დამწვრობით.
მადონა გადარჩა, მაგრამ როგორც მისმა ადვოკატმა, ციალა რატიანმა გვითხრა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კარანტინის გამო, დღეს ის მასთან არ შეუშვეს.
ტრანსგენდერმა ქალმა პროტესტის უკიდურეს ფორმას იმიტომ მიმართა, რომ სხვა გამოსავალი ვერ იპოვა და ასე სცადა სახელმწიფოს ყურადღების მიქცევა.
მადონას მსგავსად, ქირის გადაუხდელობის გამო უსახლკაროდ რჩება კიდევ რამდენიმე ტრანსგენდერი ქალი, რომლებიც სექს-მუშაკობით ირჩენდნენ თავს და პანდემიის პერიოდში, აბსოლუტურად უსახსროდ დარჩნენ.
რადიო თავისუფლება მათ გამოუვალ მდგომარეობაზე ჯერ კიდევ ათი დღის წინ წერდა:
ტრანსგენდერ ქალებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთხელ უკვე შეუგროვეს თანხა - ეს ერთჯერადი დახმარება იყო, რამაც მათ წინა თვე გაატანინა. მაგრამ დადგა ახალი თვე, ისევ მოვიდა ქირის გადახდის ვადა, ამასობაში გამოილია ყველა დანაზოგი და მათი სასოწარკვეთილების ხარისხიც გაიზარდა.
შემდეგ იყო ეს ვიდეო მიმართვაც - კიდევ ერთი მცდელობა ყურადღების მისაქცევად. მაგრამ უშედეგოდ.
მაინც და მაინც რამე უნდა დავიზიანოთ და მოვიჭრათ?
ეს კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალის, ანას სიტყვებია.
არც მან იცის როგორ გადარჩეს - უკვე რამდენიმე დღეა მეგობართან ცხოვრობს. „ფეხის წვერებზე დავდივარ, რომ არ შევაწუხო“. მაგრამ იცის, რომ ეს დროებითი თავშესაფარია, ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება - ყოველი დღე წინაზე მძიმეა, ყოველი შემდეგი დღე უფრო უიმედო.
შოუ უნდოდათ? ხომ იყო შოუ. ეს არ არის მისაბაძი. ამას არავინ ამართლებს, მე ვგმობ კიდეც ასეთ ნაბიჯს, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს.
ყველამ იცოდა, რა დღეშიც ვართ - არანაირი რეაგირება.
ზოგს მისცეს დახმარება, მაგრამ უმ მაკარონს ქუჩაში ხომ ვერ შეჭამ? გოგოები უსახლკაროდ არიან. და მათი ადგილი ამ კომენდანტის საათის დროს ქუჩაშიც არ არის.
სულ 50 ტრანსგენდერი ქალი ვართ და აქედან 23 ადამიანია სიაში, ვისაც ამ წუთში თავშესაფარი სჭირდება. დღესვე. ახლავე.
ორგანიზაციებსაც მივწერე, იქნებ რაღაც თანხა მოგვიგროვოთ, თავშესაფარი რომ ვიპოვოთ-მეთქი. არავინ შეწუხდა.
გუშინდელი ამბის მერე ყველამ ხმა ამოიღო.
შეიძლება ხვალ მეც იგივე გავაკეთო, რომ ვიღაცამ ყურადღება მომაქციოს. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რამე თუ არ დაიზიანე, რამე თუ არ მოიჭერი, არავინ მოგაქცევს ყურადღებას.
მოგვხედოს მთავრობამ! ის ვალდებულია!
თვითმკვლელობამდე მიყვანა - როცა იცი, დამნაშავე არ დაისჯება
საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ გუშინდელი ამბავი უმსხვერპლოდ კი დასრულდა, მაგრამ მადონას წინ დაკითხვა ელის.
შსს-ში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე ისჯება, თუმცა როგორც იურისტები ამბობენ, როგორც წესი, მსგავსი გამოძიებები თაროზე რჩება და ასეთ გამოძიებებს დაახლოებით იგივე ბედი აქვთ, როგორც, მაგალითად, ციხეებში პატიმრების თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტებს.
ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი განმარტავს, რომ წესით, გამოძიებამ სახელმწიფოს კონკრეტული წარმომადგენლები უნდა გამოავლინოს, მხრიდანაც იკვეთება უყურადღებობა ამ ადამიანების მიმართ. რაც, მისივე სიტყვებით, საეჭვოა მოხდეს. და თუ ამბავს საზოგადეობის დიდი დაინტერესება არ მოჰყვება, გამოძიება ამ საქმესაც მიივიწყებს.
მიეცით ამ ქალებს უსაფრთხო თავშესაფარი!
არასამთავრობო სექტორმა თანასწორობის მოძრაობსი სახელით მთავრობას მიმართა და მოითხოვა "ანტიკრიზისული გეგმის ნაწილად მოიაზროს ლგბტქ ადამიანების საჭიროებები". კონკრეტულად კი, მთავრობის მიმართ მთავარი მოთხოვნებია:
- სახელმწიფომ უზრუნველყოს ლგბტქ ადამიანების დახმარება ბინის ქირის სუბსიდირებით ანდა თავშესაფრის შეთავაზებით;
- საგანგებო მდგომარეობისას შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში, სახელმწიფომ გაითვალისწინოს ლგბტქ ადამიანების საჭიროებები და აღმოუჩინოს მათ შესაბამისი დახმარება.
ხოლო მედიას ისინი სთხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, დაუსვან შეკითხვები, თუ როგორ ხედავენ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს და კონკრეტულად, რა ფორმით აპირებენ ტრანსგენდერი ადამიანების დახმარებას.
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ დირექტორი ეკა წერეთელი სწორედ ამას გვეუბნება, რომ სახელმწიფო არის ვალდებული დაინახოს ის ადამიანბეი, ვისაც ვერც თავად ხედავს და ვინც ვერც დანარჩენი საზოგადოებისგან იღებენ მხარდაჭერას.
თუ, მაგალითად, გარემოვაჭრეს კიდევ აქვს შანსი მეზობელმა, ნათესავმა, შვილმა ან ვინმემ შეიფაროს და დაეხმაროს მათ, ტრანსგენდერი ქალებისათვის ყველა კარი ჩაკეტილია. და ამაში, როგორც ეკა წერეთელი შენიშნავს, ამ სიძულვილის გამოკვებაში, სახელმწიფოს როლი არც ისე მცირეა:
„რა მოხდება, რომ ამ ქვეყანამ მიხედოს თავის 50 მოქალაქეს? და როგორც კარანტინში გადაჰყავს ადამიანები, სადაც დღეს 5000 ადამიანია, ამ ქალებსაც მისცეს სადმე უსაფრთხო თავშესაფარი - სამიოდე თვით. ესეც უკიდურესი გზაა, რადგან ისინი ძლივს ნაშოვნი ბინიდან უნდა გამოვიდნენ, ძლივს მოპოვებული ნდობა უნდა დაკარგონ და სამი თვის შმდეგ ისევ გაიარონ ბინის ძებნის რთული გზა. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა. მან ყველაფერი უნდა შესთავაზოს ამ ადამიანებს. იმიტომ, რომ არც რიგით მოქალაქეს და არც რომელიმე არასამთავრობოს არ ეყოფა იმის რესურსი, რომ სახელმწიფოს მაგივრობა გასწიოს. ეს არის მისი პირდაპირი ვალდებულება“.
სახელმწიფოს სიტყვაძუნწი პასუხი
მერიისგან დახმარების იმედი ტრანსგენდერ ქალებს ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. ამ ეტაპზე პასუხი ასეთია, რომ თბილისის მერია დღეს ეხმარება მხოლოდ მარტოხელა მოხუცებს - საკვებით და ჰიგიენური საშუალებების პაკეტით. სხვა ტიპის ფინანსური დახმარების პროგრამა ამ ეტაპზე დედაქალაქის მთავრობას არა აქვს.
მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევაში მათ შეუძლიათ ცალკეულ ადამიანებს მხოლოდ საკვები პროდუქტებით.
მერიის ცხელია ხაზის ნომერია :2 72 22 22
მთავრობის კანცელარიიდან გვიპასუხეს, რომ ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების მიერ ანტიკრიზისულ ეკონომიკური გეგმაში წერია და ყველა მოქალაქე, ვინც ამ გეგმით განსაზღვრულ რომელიმე მიზნობრივ ჯგუფს ეკუთვნის, შესაბამის დახმარებას მიიღებს.
ამ ანტიკრიზისულ გეგმაში კი წერია, რომ „საქართველოში არის მოქალაქეების საკმაოდ სერიოზული სოციალური ჯგუფი და ფენა, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები, ან თავს თვლიდნენ თვითდასაქმებულად, "რომელთა იდენტიფიცირებაში სოციალური დახმარების სამსახურები ჩაერთვებიან“.
ამაში კი ის იგულისხმება, რომ თუ სახელწიფო მათ მიაგნებს, სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით, მათ ერთჯერადად, 300 ლარით დაეხმარება.
ცალკე უმცირესობებზე ამ გეგმაში არაფერი წერია და ასევე ბუნდოვანია, ამ 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით შეძლებენ თუ არა ტრანსგენდერი ქალები სარგებლობას.
მათ არა აქვთ არც სოციალურად დაუვველების სტატუსი. ეს ის ხალხია, ვინც პანდემიამდე თავს ირჩენდა ყოველდღიური შემოსავლით და ვინც სამსახურთან ერთდ სახლიც - ნაქირავები თავშესაფარიც დაკარგა.