„შვილი არ გყავთ?“ - ეს ფრაზა სასამართლო დარბაზში რამდენჯერმე წამოიძახა 19 წლის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედამ ნარგიზ დავითაძემ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომის განხილვა, მშობლების თხოვნისა და ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, დიდ დარბაზში არ გადაიტანა.
მას აჰყვნენ სხვა მშობლებიც. ისინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ. ადგილების არარსებობის გამო ერთ სკამზე ორს უწევდა ჯდომა. ხალხმრავლობამ სუნთქვა გაართულა. „ჰაერი არ არის“, „შვილები არ გყავთ? მოგვეცით პროცესზე ნორმალურად დასწრების უფლება", „გვგუდავთ", - ისმოდა პროცესის მიმდინარეობისას დამსწრეების წამოძახილი.
მალევე, ერთ-ერთი დაკავებული 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა და სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
ეს 11 იანვარს გამართული სხდომის ყველაზე მძიმე ეპიზოდი არ ყოფილა - ასეთი იყო მთელი დღე. რვა საათის განმავლობაში სასამართლოს დარბაზსა თუ მის გარეთ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
სასამართლო სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დილის 11 საათზე დაიწყო. პროცესს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე წარმართავდა. მას უნდა გადაეწყვიტა დატოვებდა თუ არა პატიმრობაში ჯგუფური ძალადობის საქმეზე 8 დაკავებულს.
აქედან სამს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, დანარჩენ ხუთს, მათ შორის 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდებს: ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს მხოლოდ ძალადობაში მონაწილეობას.
აღკვეთის განმეორებით ჩატარების საფუძველი გახდა პროკურატურის მოთხოვნა გახანგრძლივებულიყო გამოძიების ვადა, შესაბამისად, გადადებულიყო წინასასამართლო სხდომა, რომელიც 16 იანვარს იყო ჩანიშნული. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე პროკურატურას დაეთანხმა და მხარეები აღკვეთის გადასასინჯად სასამართლოში შაბათ დილას დაიბარა.
ანალოგიური პროცესი 10 იანვარს გაიმართა, სადაც თერთმეტი პირის პატიმრობა გადაიხედა, მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე. მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
28 ნოემბრიდან დღემდე სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის, ასევე, პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით 50-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის არიან სტუდენტები, მსახიობები, პოლიტიკური პარტიების წევრები, აქტივისტები. ყველა მათგანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ერთ არასრულწლოვანს, რომელსაც ცეცხლმოკიდებული ნივთის პარლამენტისთვის სროლა ედებოდა ბრალად, პატიმრობა მამის მეთვალყურეობით შეუცვალეს.
11 იანვრის სხდომაზე რვა დაკავებულის პროცესის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომის ჩასატარებლად მესამე დარბაზში აირჩია. არადა, გუშინ იმავე საქმეზე სხვა ბრალდებულებით, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს, წინააღმდეგობის მიუხედავად, დიდ დარბაზში გადასვლის გადაწყვეტილების მიღება მოუწია.
ამ გამოცდილებით, სასამართლოში შეკრებილ მხარდამჭერებს გაუჩნდათ მოლოდინი, რომ სცენარი დღესაც ანალოგიურად წარიმართებოდა და იკითხეს: „რატომ თავიდანვე არ ირჩევენ პირველ დარბაზს, რომელიც დიდია და თან თავისუფალი?“
„გვაწვალებენ, ნერვებს გვიშლიან, გვღლიან“, - შეთანხმდნენ დარბაზის კართან ჯგუფებად შეკრებილები
ცოტა ელოდა, რომ მოსამართლე ხუსკივაძე ადვოკატების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, ერთი გარემოების გამო - ამავე მოსამართლემ იმსჯელა, ბრალდებულების იმავე შემადგენლობისთვის გასული წლის დეკემბერში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. სხდომა დასწრების მსურველთა რაოდენობის გამო სწორედ პირველ დარბაზში ჩაატარა.
ამჯერად მოლოდინი არ გამართლდა. მოსამართლემ თქვა, რომ ადვოკატებს არ ეზღუდებათ შესაძლებლობა ეკონტაქტონ დაკავებულებს, სხდომის საჯაროობას მედია უზრუნველყოფს, დარბაზის შეცვლის მოთხოვნა კი დაუსაბუთებელია.
ამის თქმიდან მალევე მანდატურებმა დარბაზში ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის მაგიდა შემოიტანეს.
„აქ დაჯექით“, - მიუთითა მოსამართლემ.
„როგორ დაგინახოთ, მოსამართლე, ტრიბუნა მეფარება“?
„შეგიძლიათ ადგეთ ხოლმე", - თქვა მოსამართლემ.
დარბაზის შეცვლის მოთხოვნამდე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ვეფხია კასრაძის ადვოკატის, კახა კოჟორიძის შუამდგომლობამ. მან მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილება მოითხოვა.
„აღკვეთის ღონისძიება შეეფარდება უდანაშაულო ადამიანს, ასეა და როცა ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენება ხდება, უნდა იყოს დასაბუთებული. მოსამართლემ და სასამართლოს იმავე შემადგენლობამ, გასულ წელს დეკემბერში გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიღო, პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სამართლიანი და მიკერძოებულია… დღევანდელი განხილვის შედეგი ჩვენთვის წინასწარ არის ცნობილი, ისევ პატიმრობას შეუფარდებთ, რადგან ეს უკვე ვნახეთ წინა სხდომაზე…“ - თქვა კახა კოჟორიძემ.
მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სიტყვა ბრალდებულმა ვეფხია კასრაძემ ითხოვა:
„თქვენ მოკვლევა და განხილვა არ გიწარმოებიათ, ისე მომისაჯეთ პატიმრობა. მადლობასაც გიხდით, მე მომეცა საშუალება, რომ ჩემი ქვეყნისთვის ვეწამე, თქვენ პატიმრობით თავისუფლება კი არ წამართვით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, პირიქით, თავისუფლება მომანიჭეთ. გყავთ ბატონო მოსამართლე მოძღვარი? თუ არ გყავთ მოძღვარი, გირჩევთ გყავდეთ მოძღვარი და მოინანიოთ ეს ცოდვა იმიტომ, რომ ბოროტებას სჩადიხართ. ბოროტებაა, როცა ასეთ ახალგაზრდებს არარსებულ დანაშაულზე სასჯელს უსჯით და ცხოვრებას უზიანებთ. ვინ მოგცათ ამის უფლება?“.
სხდომაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. უკმაყოფილება მშობლებმაც გამოხატეს.
ერთ-ერთმა დაკავებულმა ირაკლი მიმინოშვილმა უჰაერობის გამო დარბაზიდან გასვლა მოითხოვა.
„კონდიცირება ჩართეთ“, - თქვა მოსამართლემ.
მოგვიანებით მიმინოშვილისთვის სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო, მან თავი შეუძლოდ იგრძნო. მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. სასწრაფო დახმარების მოსვლიდან მალევე განხილვა განახლდა, უცვლელი მოთხოვნით შეიცვალოს დარბაზი.
დაწყებამდე ერთ-ერთმა დამსწრემ დარბაზში საქართველოს დროშა გაშალა.
„ეს დროშა გეძღვნებათ თქვენ“, - დაიყვირა დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
ადვოკატ კახა კოჟორიძის თქმით, სასწრაფომ ირაკლი მიმინოშვილს უთხრა, რომ ცუდად გახდომის მიზეზი უჰაერობა იყო, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს ტყუილია და დარბაზს არ შეცვლიდა.
ამის თქმიდან რამდენიმე საათში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე პროცესზე სასწრაფო დახმარების სამედიცინო დასკვნას წაიკითხავს, სადაც წერია: „ბრალდებული უჩივის შემცივნებას, კანკალს, თავის ტკივილს და უკავშირებს სტრესულ ფონს“ და იკითხავს: „სად წერია აქ რომ უჟანგბადობის გამო გახდა ცუდად“.
„თხოვნა მექნება, რომელიმე თქვენგანი 5 წუთით აქ დადგეს, აქ ყოფნა ფიზიკურად შეუძლებელია, ერთმანეთის ნახშირორჟანგს ვსუნთქავთ“, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს.
„ცხოველები ხომ არ ვართ, ადამიანები ვართ“, - დაამატა მან.
ადვოკატები დაინტერესდნენ, რატომ აქვს მოსამართლეს ასეთი პრინციპული დამოკიდებულება დარბაზის შეცვლაზე.
„ეს დაკავებულების წამებაა, ვფიქრობთ ჰაერზე და არა არგუმენტებზე“, - თქვა კახა კოჟორიძემ.
საბოლოოდ, დარბაზის შეცვლაზე დავა ადვოკატების ბოიკოტით დასრულდა. მათ სხდომა დატოვეს “ღირსების შემლახავი გარემოს” არგუმენტით. ადვოკატებმა მოსამართლეს ოფიციალური განცხადებითაც მიმართეს, სადაც ეწერა:
"ჩვენ არ ვამბობთ უარს დაცვის ქვეშ მყოფების დაცვაზე, გთხოვთ, სამუშაო და ადამიანური პირობების შექმნას დარბაზში".
დაკავებულების ოჯახის წევრების მშობლებმა და მხარდამჭერებმა პროტესტი სასამართლოს დერეფანში გააგრძელეს.
„ახლა არის ერთი კაცის სასამართლო, როცა მოსამართლე და პროკურორები სხედან და განიხილავენ საქმეს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სასამართლო ასე უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, ღირსება და პატივს. სასამართლოს ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეცვალა დარბაზი, რისი აკრძალვის უფლებაც არ აქვს. შესაბამისად, ბრალდებულებმა გამოხატეს პროტესტი ამასთან და ყველა ადვოკატმა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ დარბაზი“, - თქვა ვეფხია კასრაძის ადვოკატმა, არჩილ ჭავჭანიძემ.
პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ადვოკატების ბოიკოტის მიუხედავად, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სასამართლო სხდომა გააგრძელა.
„ფსკერია სასამართლო. მოსამართლე ხუსკივაძე არის ფსკერს ქვევით, მოსამართლე ხუსკივაძე არის უგულო, ცივი, მკვდარი ადამიანი, როგორი სამართალიც არის ამ ქვეყანაში. ასეთი პრეცედენტი დედამიწას არ ახსოვს, მოსამართლემ ერთ პატარა ოთახში გადაწყვიტა ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები. მსგავსი უნამუსობა ცხოვრებაში არ გამიგია, არ მინახავს. ერთი ის აკლიათ, ე.წ. ტროიკა შექმნან და ხალხი დახვრიტონ ოთახებში, სადარბაზოებში და ა.შ.“ - თქვა ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ.
ადვოკატებმა რადიო თავისუფლებას აუხსნეს, რომ სასამართლოს აქვს უფლება, აღკვეთის ღონისძიების საკითხი ადვოკატების მონაწილეობის გარეშე გადასინჯოს, მაგრამ მიმდინარე საქმეზე ამ უფლების შესასრულებლად რამდენიმე ხელის შემშლელი გარემოება არსებობს - დაკავებული 8 პირიდან ოთხი 21 წელს მიუღწეველი, ერთი კი არაქართულენოვანია.
ამის გამო, პროკურატურამ ხუთი დაკავებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა. ესენი არიან: ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ზვიად ცეცხლაძე და ინსაფ ალიევი.
სახაზინო ადვოკატს პროკურორები და მოსამართლე სამი საათი ელოდნენ. გიორგი მდინარაძეს მოუწია დაეცვა დაკავებულები ისე, რომ საქმის მასალებს ბოლომდე არ იცნობდა. ეს ფაქტი სახაზინო ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ პროცესზე თავადაც აღნიშნა. მან ბრალდებულებთან გასაუბრებაც მოითხოვა, თუმცა ისინი ბადრაგს უკვე წაყვანილი ჰყავდა. სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ დაკავებულების ოჯახის წევრები.
„თორნიკე, ძალიან გავნერვიულდი, დედი, თუ მოუსმენ ამას არ ინერვიულო, შენ იცი ჩემი ემოციები, ამიტომ მე არავის და არაფრის არ მეშინია, ხომ იცი, რამდენად ძლიერი ვარ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენ იყო ოჯახის გვერდით. მე ვამაყობ შენით, მე გაგზარდე ძალიან კარგი შვილი, არაფერი არ გამიჭირდება ცოტა ხანი მოვითმინოთ და ყველაფერი დამთავრდება იმიტომ, რომ თქვენ გვერდით დგას მთელი საქართველო და მსოფლიო“, - თქვა თორნიკე გოშაძის დედამ მარიზი კობახიძემ.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის - ძალაში დატოვებას შუამდგომლობდა.
პროკურორები შუამდგომლობაში ასაბუთებდნენ, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. ამასთან, მათივე განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გაგრძელდა, ჩასატარებელია საგამოძიებო მოქმედებები, ბრალდებულებმა კი შესაძლოა, თავისუფლებაში ყოფნის პერიოდში, გამოძიებას ხელი შეუშალონ.
საქმეში რამდენიმე საათის წინ ჩართული სახაზინო ადვოკატი, საქმის იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლის გაცნობის საშუალებაც მიეცა, დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას არ დაეთანხმა.
„მინდა გამოვეხმაურო ფაქტს, რის გამოც აქ ვარ. დარბაზის შეცვლას მოითხოვდნენ... მინდა ვთქვა, რომ სასამართლო ვალდებულია დაკავებულების უფლება დაიცვას და დაცვის მხარეს შეეძლოს დაცვის განხორციელება სათანადო პირობებში....
არასაკმარისი ინფორმაციაა მათ მიმართ რაიმე აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ვერ მოვისმინე საკმარისი მტკიცება ბრალდების მხრიდან", - თქვა სახაზინო ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ.
განხილვა ნახევრად ცარიელ დარბაზში ერთი საათი გაგრძელდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლის გარეშე ადგილზე გამოაცხადა და რვა დაკავებული ისევ პატიმრობაში დატოვა. აქციებზე ძალადობისთვის დაკავებულების წინასასამართლო სხდომები მარტში გაიმართება.
მანდატურებმა გადაწყვეტილებით გაბრაზებულ მოქალაქეებს სასამართლოს შენობა მორიგ ჯერზე დაატოვებინეს.
და მაინც რატომ არ შეცვალა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დარბაზი? რატომ იყო ეს მისთვის პრინციპული საკითხი? რატომ არ შეიძლებოდა მოსამართლეს დაკავებული ახალგაზრდების მშობლების წუხილი გულთან მიეტანა და უბრალოდ, თხოვნა შეესრულებინა, დარბაზი ხომ დაკავებული არ იყო? რატომ არ იფიქრა გარეთ დარჩენილ მშობელსა თუ ახლობლებზე, რომლებსაც კარი მიუხურეს სიტყვებით „ადგილი არ არის"? იყო ეს გაჯიუტება? და თუ კი, რა მიზანს ემსახურებოდა? - სასამართლო სხდომათა დარბაზი არც ერთ ეტაპზე დამიტოვებია, პროცესს ბოლომდე დავესწარი, თუმცა ამ კითხვებიდან პასუხები ვერც ერთზე მივიღე.
ირაკლი ხუსკივაძემ თქვა მხოლოდ ეს:
„დარბაზია, სპეციფიკაა, რამოდენიმე საათს შეიძლება გაგრძელდეს განხილვა. აბა, თქვენ რა გგონიათ, რამდენიმე საათი რომ იხილავს სასამართლო დამსწრეების გარეშე ატარებს? როგორ გეკადრებათ. ეს დარბაზი ყოველთვის არის გადაჭედილი. ეს პრობლემა ნებისმიერ დარბაზში შეიძლება დადგეს, თუ ხანგრძლივი ვადით, რამოდენიმე საათით უწევთ მხარეებს საქმის განხილვა. სწორედ ესაა გაუგებარი და გაურკვეველი მიზეზი, რის გამოც აუხსნელია, რატომ არიდებს დაცვის მხარე გამოცხადებას თავს უსაფუძვლოდ“.
სხდომას დღესაც ესწრებოდეს შსს-ს თანამშრომლები. მათ დამსწრეებისთვის განკუთვნილი ორი რიგი დაიკავეს.