პოლიტიკურმა პარტია "გირჩმა" დღეს საროსკიპოს შექმნის შესახებ საჯაროდ განაცხადა და ხელისუფლებისთვის გამიზნული მორიგი პროვოკაციული წამოწყებით კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
„ხელისუფლებამ ან უნდა დააპატიმროს მთელი „გირჩი“ ან უნდა გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი“, - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ 10 მაისს და ჟურნალისტებს დაათვალიერებინა „გირჩის“ ოფისში მოწყობილი ოთახი, რომელიც პარტიამ საროსკიპოს ფუნქციით დატვირთა და სახელად "პიონერი" დაარქვა.
აქ სექსმუშაკის მიყვანა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. "პიონერის" ფართის გამოყენება საათში 49 ლარი და 90 თეთრი ეღირება.
"როდესაც ქალბატონი როენა ხუცურაული დაიჭირეს, გადავწყვიტეთ, რომ შეგვეძლო ხმაური აგვეტეხა, როგორც მინიმუმ ლაპარაკი დაგვეწყო ერთმანეთთან: მოსულა თუ არა, რომ ჩვენი სახელით პოლიცია დასდევდეს ადამიანებს, რომლებიც არავის არაფერს უშავებენ, ერთი რაღაც სერვისს ყიდის, მეორე ყიდულობს და ორივე კმაყოფილია. ჩვენ გვგონია, რომ არ მოსულა და ამის სადემონსტრაციოდ გავაკეთეთ ეს ოთახი." - ამბობს გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდაზე, ჰერმან საბო.
მისი თქმით "გირჩი" არსებობის დღიდან ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების პირად ურთიერთობებში ჩარევას და ეს გადაწყვეტილებაც ამ პოლიტიკის გაგრძელებაა.
"გირჩის" ოფისის ახლადგახსნილ საროსკიპოში სექს-სათამაშოების და აქსესუარების გარდა "აი ისას" ქართული პრეზერვატივებიც არის გამოფენილი.
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს ძალადობას და გულისხმობს ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ნებაყოფლობით შეთანხმებას, არის პატიოსანი შრომა. მათ შორის პატიოსანი შრომაა პროსტიტუციაც. ერთადერთი გზა იმისათვის, რომ დავასრულოთ ეს ტრაგიკომედია და დავიცვათ ადამიანები ძალადობისგან, მათ შორის, ხშირ შემთხვევაში, ძალადობისგან სამართალდამცავების მხრიდან ... არის პროსტიტუციის სრული ლეგალიზაცია." - თქვა ზურა ჯაფარიძემ საროსკიპო "პიონერის" ჟურნალისტებთან წარდგენისას.
უფლებადამცველებს, სექსმუშაკებს და აქტივისტებს შორის არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებ, რა იქნება საქართველოში სექსმუშაკების მძიმე მდგომარეობის შემამსუბუქებელი - დეკრიმინიზაცია, ლეგალიზაცია თუ დეპენალიზაცია.
„საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სექსმუშაკებს სისტემა არ თვლის ადამიანებად, მათ ექცევა როგორც მონებს და ხშირად იყენებს მათ ინფორმაციის წყაროდ სხვა ადამიანების წინააღმდეგ", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ საროსკიპოს გახსნისას.
"პიონერს" გახსნის დღეს მომხმარებელი არ გამოჩენია, არც პოლიციას უთქვამს საჯაროდ რაიმე პოლიტიკური პარტიის ამ უკანონო წამოწყებაზე.
"გირჩმა", რომელიც მთაწმინდის რაიონისმაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებისთვის ემზადება, მორიგი სკანდალური წამოწყებით სულ მცირე, კიდევ ერთხელ მიიქცია მედიის და საზოგადოების ყურადღება.