როგორია თოვლიან ამინდში ქუჩაში ცხოვრება - რადიო თავისუფლებამ დღეს ის უსახლკაროები მოიკითხა, რომლებსაც იანვარში თავშესაფარზე ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მათ გარეთ არაერთი ზამთარი აქვთ გადატანილი და თოვლის მიუხედავად თავშესაფარში წასვლაზე მაინც არ ფიქრობენ.
ოთარ ლობჟანიძე ძველ ფიცრებს აგროვებს და საპატრიარქოს წინ, სკვერში უკიდებს ცეცხლს.
„ეს არაფერი არ არის, ეგეთები ყოფილა?! აი ღამე რომ ვაფარებ თავს სადმე, იქ კი ცივა მაგრამ ჯერჯერობით კარგად ვუძლებ.“
ოთარი რამდენიმე წელია, რაც ქუჩაში ცხოვრობს და გვიყვება, ვინ როგორ თბება.
„ზოგი ასე ჩემნაირად წვავს რაღაცებს, ზოგი ავტობუსში ადის, ზოგი ორთაჭალაში ცეცხლთან იკრიბება და ასე რა.“
ოთარის მეზობლად, პირდაპირ საპატრიარქოს წინ, მაია მათიაშვილის კარავია გაშლილი. წუხანდელმა თოვლმა მისი ყველა საბანი დაასველა.
დასველდა საჭმელი და ნივთებიც. მაიას მხოლოდ იმას ამბობს, რომ სცივა.
300 არაგველის ძეგლთან მარადიულ ცეცხლზე თბება კონსტანტინე.
„საღამოს იკრიბება ხოლმე აქ ხალხი. მე ხან სად ვარ ხან სად, არის რაღაც ადგილები. მაგალითად, თავისუფლებაზეა კარგი ადგილი, სასტუმროს გვერდით გვირაბში. შენობებში აღარ შევდივარ, მეშინია რომ დაცვა გამაგდებს.“
კონსტანტინეს ვკითხეთ, თავშესაფარში წასვლაზე თუ უფიქრია. სხვების მსგავსად, ისიც უარზეა - „იქ ძალიან სხვანაირი სიტუაციაა, სხვანაირი ცხოვრებიც წესი.“ კონსტანტინე ამბობს, რომ ოჯახიც ყავს და ნათესავებიც, მაგრამ მათთან არ მივა - „მაგათ როგორ შევაწუხებ?“
მიხეილ ჭანკოტაძემ დიდუბის მეტროს შესასვლელიდან, გვირაბში გადაინაცვლა. სანამ თოვს და ცივა აქ დარჩება.
„ერთი, ორი, სამი ძაღლი - ესენი არიან ჩემი საბანი. გასათბობად ვსვამ ცოტ-ცოტას, დათრობა არ მინდა. იმისაც მეშინია რომ სულ შევწყვიტო დალევა და ცუდად არ გავხდე. ასეა ჩემი ამბავი. სხვანაირი ცხოვრება დამიდგა, მაგრამ არაუშავს, იმედი არ უნდა დაკარგო“.