/
16 დეკემბერს, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციასთან ერთად ძალაში შედის განახლებული კონსტიტუცია. საქართველოს უმაღლეს კანონში ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო.
საქართველოს კონსტიტუციის მეორე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა “საქართველო”.
საქართველოს კონსტიტუციის მეორე მუხლის მესამე პუნქტში წერია: საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური. სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით.
განახლებული კონსტიტუციით საქართველო სოციალური სახელმწიფოა, რაც მას სხვადასხვა ვალდებულებას აკისრებს. მათ შორის - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ დემოგრაფიულ განვითარებაზე ზრუნვა; მოქალაქისთვის დასაქმებაში ხელის შეწყობა; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება. საქართველო სეკულარული, დემოკრატიული სახელმწიფოა, შესაბამისად არ ევალება ეკლესიის განვითარებაზე ზრუნვა.
ახალ კონსტიტუციაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის სტატუსი მიენიჭა. ცვლილებებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით. შესაბამისი შესწორებების კონსტიტუციაში შეტანას მოითხოვდნენ ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფები.
2018 წელს საქართველოში პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები ჩატარდა. 2024 წლის შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია, კოლეგიის შემადგენლობაში, რომელსაც დაამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, იქნებიან: პარლამენტის 150 დეპუტატი, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მიერ დასახელებული ადამიანები.
განახლებული კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი., საქართველოს პრეზიდენტს ასევე უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ხელფასს ან სხვაგვარ მუდმივ ანაზღაურებას რაიმე სხვა საქმიანობისათვის.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის, აჭარისა და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან.
განახლებულ კონსტიტუციაში არაფერი წერია საქართველოს პარლამენტის ადგილის განსაზღვრის შესახებ, აღარ არის დებულებები, სადაც საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქად ქუთაისი იყო განსაზღვრული და ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვები მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს იყო.
ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
კონსტიტუცია კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს მიიღონ ზომები ევროპის კავშირსა და NATO-ში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.