30 წელი გავიდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან, რომელიც ისტორიაში შევიდა „აგვისტოს პუტჩის“ სახელით. 1991 წლის 18 აგვისტოს, ფოროსის აგარაკზე ბლოკირებული საბჭოთა კავშირის (სსრკ) პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი თანამდებობიდან გადაყენებულად გამოაცხადა ე.წ. საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტმა - ГКЧП-მ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სსრკ-ს ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელები. პუტჩის ორგანიზატორებმა მიხაილ გორბაჩოვის შემცვლელად დაასახელეს ГКЧП-ის თავმჯდომარე და საბჭოთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, გენადი იანაევი.
19 აგვისტოს ჯარი გამოჩნდა მოსკოვისა და სხვა მნიშვნელოვანი ქალაქების ქუჩებში, კომიტეტის მიერ გავრცელებული მიმართვიდან გაირკვა, რომ აპირებდნენ სსრკ-ს დაშლის შეჩერებასა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას. „შთამბეჭდავი“ იყო ГКЧП-ს მიერ გამოცემული N1 დადგენილება, რომლითაც:
- დაშლილად გამოცხადდა ხელისუფლებისა და მმართველობის სტრუქტურები, გასამხედროებული ფორმირებები, რომელთა არსებობა ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციას
- შეჩერდა იმ პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ხელს უშლიდნენ ვითარების ნორმალიზებას
- შეიზღუდა შეკრების, დემონსტრაციისა და გაფიცვის თავისუფლება
- მედიას დაუწესდა ცენზურა
ГКЧП-მ სულ რაღაც სამი დღე იარსება, თუმცა „აგვისტოს პუტჩმა“ უზარმაზარი გავლენა იქონია როგორც მთლიანად საბჭოთა კავშირის, ასევე მასში შემავალი ცალკეული რესპუბლიკების, განსაკუთრებით კი საქართველოს მომავალზე.
მოსკოვმა არ დაუჯერა
1991 წლის 19 აგვისტოს საკავშირო რადიოს ეთერში, დილის 6 საათიდან, შემდეგ კი სსრკ ცენტრალური ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება „ვრემიაში“, დიქტორმა წაიკითხა ГКЧП-ს ოფიციალური მიმართვის ტექსტი სახელწოდებით „საბჭოთა ხელმძღვანელობის განცხადება“, რომლის მიხედვითაც, მიხაილ გორბაჩოვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და სსრკ კონსტიტუციის 127/7 მუხლის შესაბამისად, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის უფლებამოსილება გადაეცა ვიცე-პრეზიდენტ გენადი იანაევს.
30 წლის შემდეგ, ГКЧП-ზე საუბრისას, მიხაილ გორბაჩოვი იტყვის, რომ აგვისტოს სამი დღის განმავლობაში ის და მისი ოჯახის წევრები ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე იმყოფებოდნენ:
„მაგრამ ვინარჩუნებდი მხნეობას და ვმოქმედებდი. უარვყავი შეთქმულთა ულტიმატუმი, გამომეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა და გავაკეთე ვიდეომიმართვა პუტჩისტების ქმედებების უკანონობის თაობაზე. ამან და რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის მტკიცე პოზიციამ ГКЧП-ს ანტიკონსტიტუციურობასთან მიმართებით, გარდაუვალი გახადა პუტჩის დამარცხება“, - წერს 90 წლის მიხეილ გორბაჩოვი წერილში „გაიგო პერესტროიკა, დაიცვა ახალი აზროვნება“, რომელიც ინტერნეტგამოცემამ,„რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი, ბორის ელცინი და მისი თანამოაზრეები მართლაც იქცნენ წინააღმდეგობის ცენტრად. პუტჩის დაწყებისთანავე, 19 აგვისტოს, რუსეთის მთავრობის შენობის, „თეთრი სახლის“ წინ გამართულ მიტინგზე, ელცინმა სიტყვით მიმართა თანამემამულეებს და საგანგებო კომიტეტის ქმედებებს „სახელმწიფო გადატრიალება“ უწოდა:
„მიგვაჩნია, რომ ასეთი ძალისმიერი მეთოდები მიუღებელია. ისინი ახდენენ სსრკ-ს დისკრედიტაციას მთელი მსოფლიოს თვალწინ, ძირს უთხრიან ჩვენს პრესტიჟს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში და გვაბრუნებენ ცივი ომისა და საბჭოთა კავშირის იზოლაციის ეპოქაში. ყოველივე ეს გვაიძულებს არალეგალურად გამოვაცხადოთ ხელისუფლებაში მოსული ე.წ. გე-კა-ჩე-პე (ГКЧП). შესაბამისად, უკანონოდ ვაცხადებთ ამ კომიტეტის ყველა გადაწყვეტილებასა და განკარგულებას“.
19 აგვისტოსვე გაერთიანდნენ „საგანგებო კომიტეტის“ მიერ დახურული გაზეთების მთავარი რედაქტორები და გამოსცეს „ობშჩაია გაზეტა“, რომლის საშუალებითაც ასევე გავრცელდა ბორის ელცინის მიმართვა.
სპონტანურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა მთელი საბჭოთა კავშირი. რუსეთის მთავრობის სასახლის სამი დამცველი ტანკების მუხლუხებში დაიღუპა. სახალხო წინააღმდეგობის შედეგად, 21 აგვისტოს, ГКЧП-ის წევრებმა ფაქტობრივად აღიარეს დამარცხება. მოსკოვში დაბრუნდა მიხაილ გორბაჩოვი, რომელიც დღესაც დარწმუნებულია, რომ საბჭოთა კავშირისთვის საბედისწერო აღმოჩნდა როგორც 1991 წლის 8 დეკემბრის რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის ლიდერების „ბელოვეჟის შეთქმულება“ (რამაც ოფიციალურად დაასრულა საბჭოთა კავშირის ისტორია), ასევე 1991 წლის აგვისტოს გადატრიალების მცდელობა:
„სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ შეასუსტა სსრკ-ის პრეზიდენტის პოზიცია, ჩაშალა სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ახალი სამოკავშირეო ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესი და ხელი შეუწყო დეზინტეგრაციას. რესპუბლიკებმა ერთმანეთის მიყოლებით მიიღეს დამოუკიდებლობის დეკლარაციები. მიუხედავად ამისა, მე მჯეროდა, რომ ამ პირობებშიც კი არ შეიძლებოდა დანებება და ვაგრძელებდი ბრძოლას საკავშირო ხელშეკრულების დასადებად მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებოდი, რამდენად უფრო რთული გახდა ამ მიზნის მიღწევა. იყო შანსი, თავიდან აგვეცილებინა დაშლა. რთული, ზოგჯერ მტკივნეული დისკუსიების შემდეგ მივედით ახალი კავშირის ფორმულამდე: კონფედერაციული სამოკავშირეო სახელმწიფო. ოქტომბრის შუა რიცხვებში რვა რესპუბლიკამ ხელი მოაწერა ეკონომიკური თანამეგობრობის ხელშეკრულებას და დაიწყო მუშაობა რესპუბლიკათაშორისმა ეკონომიკურმა კომიტეტმა. 14 ნოემბერს სახელმწიფო საბჭომ განიხილა ახალი კავშირის ხელშეკრულების პროექტი. მაგრამ ელცინმა სიტყვა არ შეასრულა. მან და მისმა გარემოცვამ შესწირეს კავშირი კრემლში გაბატონების დაუოკებელ სურვილს“.
ГКЧП და საქართველო
„1991 წლის 19-21 აგვისტოს, მართალია, „იანაევისა და კომპანიის“ ჯანყი მარცხით დამთავრდა, მაგრამ სსრკ-ში სახელმწიფო გადატრიალება მაინც მოხდა. იგი მოაწყო „ელცინმა და კომპანიამ“, - წერდა 30 წლის წინ აკაკი ბაქრაძე და 19-21 აგვისტოს გადატრიალების კიდევ რამდენიმე მთავარ შედეგს ასახელებდა:
- დაემხო კომუნისტური პარტიის (სკკპ) ბატონობა. თავად პარტია განადგურდა
- დაიშალა საბჭოთა კავშირი (სსრკ). ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობა და თავისუფლება უკვე აღიარებულია. სულ მალე საქართველოსა და სხვა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების დამოუკიდებლობასაც ცნობს მსოფლიო
აკაკი ბაქრაძე ასევე ვარაუდობდა, რომ ელცინის დემოკრატიული რუსეთი ისევე არ მოიშლიდა დემოკრატიული საქართველოს მტრობას, როგორც არ იშლიდა ქრისტიანული და სოციალისტური რუსეთი ქრისტიანული და სოციალისტური საქართველოს მტრობას.
აკაკი ბაქრაძის ყველა ეს ვარაუდი გამართლდა, თუმცა მანამდე დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარ საქართველოს სერიოზული გამოცდა მოუწყო ГКЧП-მ და მისმა I-მა დადგენილებამ, რომლის სულისკვეთება სწორედაც რომ ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ დადგენილებით, დაშლილად გამოცხადდა ყველა გასამხედროებული ფორმირება, რომელთა არსებობა ეწინააღმდეგებოდა სსრკ კონსტიტუციას. მოსკოვს ასეთ გასამხედროებულ ფორმირებად საქართველოში ეროვნული გვარდია ეგულებოდა.
19 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომელიც ყაზბეგში იმყოფებოდა, სასწრაფოდ დაბრუნდა თბილისში და მოუწოდა მოქალაქეებს, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, წესრიგი და დისციპლინა.
საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და მთავრობის ერთობლივი მიმართვაში, რომელიც გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა, ვკითხულობთ:
„მოგიწოდებთ, ყველანი ვიყოთ სამუშაო ადგილებზე, შევასრულოთ სამსახურებრივი მოვალეობა, არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ დავუშვათ თვითნებური მოქმედება, დავემორჩილოთ საქართველოს ხელისუფლების ორგანოთა განკარგულებებს. დარწმუნებული ვართ, მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ჩვენს რესპუბლიკაში სამოქალაქო სიმშვიდისა და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას. იმედია საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობა გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებულობას და პასუხისმგებლობას“.
ისტორიკოს გიორგი არქანიას მიხედვით, 19 აგვისტოს თბილისში უკვე იმყოფებოდა სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი ვლადიმერ შურავლიოვი, პარალელურად „ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის გარნიზონის ნაწილებმა კონტროლი დააწესეს თბილისის აეროპორტსა და რკინიგზის სადგურზე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა სამხედრო ბაზები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ. შურავლიოვი შეხვდა გამსახურდიას და კატეგორიულად მოსთხოვა ეროვნული გვარდიის გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭოთა ჯარი ქართულ გვარდიას გაანადგურებდა“ (გაზ. „განმათავისუფლებელი“. 2017 წ. N53).
მუქარის ფაქტს ადასტურებს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილე ნემო ბურჭულაძეც:
„იყო ოფიციალური მუქარები! ზეწოლა კი არა, გვარდიის განადგურების ღია მუქარა იყო, მაგრამ ზვიადის პასუხი იყო, რომ საქართველო არის სახელმწიფო და ის მოიქცევა ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეჰფერის“.
1991 წლის 19 აგვისტოს ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას „შს სამინისტროს შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ“, რომლის ძირითადი პუნქტები ასე გამოიყურებოდა:
- შს სამინისტროს შინაგანი ჯარების ეროვნულ გვარდიას მიეცეს განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვეგანაყოფის სტატუსი
- გაუქმდეს შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა და ქვეგანაყოფი დაექვემდებაროს მინისტრის მოადგილეს
- შინაგანმა ჯარებმა ისარგებლონ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტაბელური იარაღით
19 აგვისტოსვე შეიკრიბა საქართველოს უზენაესი საბჭო, რომლის წევრისა და საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარის, ნოდარ ნათაძის თქმით, ყველას ესმოდა, თუ რა მძიმე ვითარება იყო შექმნილი:
„პუტჩისტებმა განაცხადეს, რომ საბჭოთა კავშირის გაძლიერება უნდოდათ. ეს კი ნიშნავდა სისხლსა და ნგრევას საქართველოში და ჩვენს ისევ დამონებას. ზვიადმა მშვიდად თქვა, პუტჩი უნდა დავგმოთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის სხვა სახელმწიფოში მოხდა და ვერ ჩავერევითო. ბოლოს კი დასძინა, ერთხელ მაინც მოვიქცეთ ისე, ჩვენი ქვეყანა სხვის ნანგრევებში არ მოყვესო“.
20 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „მიმართვას დასავლეთის ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისადმი“, რომელიც პრესაში 21 აგვისტოს გამოქვეყნდა. ზვიად გამსახურდიამ დასავლეთს პრინციპული პოზიციის დაჭერისკენ მოუწოდა:
„შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, რეაქციული ძალების შესაძლო გამარჯვება, საფრთხეს უქადის უწინარეს ყოვლისა საბჭოთა კავშირში შემავალ იმ რესპუბლიკებს, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის, და რომელთაც ჰყავთ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი. ისინი უშუალო სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დგანან. ამიტომ მე მოვუწოდებ დასავლეთის მთავრობებს, უწინარეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სასწრაფოდ და გადაუდებლად დე ფაქტო და დე იურე ცნონ ამ რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობა და დიპლომატური ურთიერთობა დაამყარონ მათთან, რათა დაიცვან ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმების მონაპოვარი ამ ქვეყნებში“.
1991 წლის აგვისტოში საქართველოს ეროვნული მოძრაობა ორ დაპირისპირებულ ბანაკად იყო გახლეჩილი. ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში და საქართველოს ეროვნული კონგრესი აირჩია. კონგრესში შემავალმა პარტიებმა ეროვნული გვარდიის რეორგანიზება ხელისუფლებას უკან დახევად ჩაუთვალეს. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ირინა სარიშვილის, ხმის ჩანაწერი:
„ყველანაირად ჩანდა, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება მიდიოდა გე-კა-ჩე-პესთან დათმობაზე. და ამან გამოიწვია შემდგომ განხეთქილება გვარდიაში და განხეთქილება "მრგვალ მაგიდასთან" და შეიარაღებული დაპირისპირება ერთმანეთთან“.
აგვისტოს პუტჩის დღეებში ეროვნული გვარდიის სახელით თბილისში გავრცელდა პროკლამაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ხელისუფლების დისკრედიტაციას. პროკლამაციის ავტორები ამტკიცებდნენ, თითქოს ხელისუფლებამ ვერ გაუძლო მოსკოვის ზეწოლას, უპირობოდ შეასრულა ცენტრის ბრძანება და დაშალა ეროვნული გვარდია.
„ცილისწამება და პროვოკაცია“ - ასე შეაფასა პროკლამაციის შინაარსი ზვიად გამსახურდიამ 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ საჯარო განცხადებაში:
„სინამდვილეში გვარდია კი არ დაიშალა, მას მიეცა ახალი სტატუსი განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვეგანაყოფისა, რაც შექმნილი მწვავე მდგომარეობის გამო აუცილებელი იყო გვარდიის დასაცავად საბჭოთა იმპერიული ჯარების მხრივ თავდასხმისგან, რითაც არაორაზროვნად იმუქრებოდნენ სამხედროები იმ დღეებში; გარდა ამისა, ამგვარი რეორგანიზაცია გვარდიისა დაგეგმილი იყო გაცილებით უფრო ადრე“.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განმარტა, თუ რატომ გაათავისუფლა თანამდებობიდან ეროვნული გვარდიის სარდალი, თენგიზ კიტოვანი:
„ბრძანებულებაში გვარდიის დაშლა-გაუქმებაზე არაფერია ნათქვამი, ოღონდ გვარდიას სჭირდება ხელმძღვანელად პროფესიონალი სამხედრო გენერალი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეასრულებს თავის მაღალ დანიშნულებას, მასში არ იქნება წესრიგი და დისციპლინა, რითაც იგი შესაძლოა გადაიქცეს საზოგადოებისათვის საშიშ ძალად. რამდენადაც გვარდია ექვემდებარება უშუალოდ პრეზიდენტს, მე მოვუწოდებ ჭეშმარიტ გვარდიელებს გატარდნენ შს სამინისტროში როგორც შინაგანი ჯარის წარმომადგენლები, მიიღონ ტაბელური იარაღი, დაემორჩილონ ხელმძღვანელობას და ემსახურონ საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებს და არა ცალკეული პირების გაუმართლებელ ამბიციებს“.
თუმცა საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებამ, „ჭეშმარიტი გვარდიელები დამორჩილებოდნენ ხელმძღვანელობას“, სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. თენგიზ კიტოვანი და ეროვნული გვარდიის დიდი ნაწილი არ დაემორჩილა პრეზიდენტს და გავიდა ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვაზე.
საბოლოოდ, ГКЧП 22 აგვისტოს დამარცხდა. პუტჩი არ შედგა. დააპატიმრეს ყველა პუტჩისტი, თუმცა „აგვისტოს სამ“ დღეში მომხდარმა მოვლენებმა მაინც გადამწყვეტი გავლენა იქონია საქართველოს ბედზე. პოლიტიკურ ბრძოლაში სწორედ ამ დროიდან გაჩნდა მძლავრი შეიარაღებული კომპონენტი „კიტოვანის გვარდიის“ სახით. გარდა ამისა, ოპოზიციაში გადავიდა 17 აგვისტოს თანამდებობიდან გათავისუფლებული პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა, რამაც მეტი სიმწვავე შესძინა ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებას.
ყველაფერი კი 1991 წლის 2 სექტემბრის ინციდენტით გაგრძელდა და კანონიერი ხელისუფლების დამხობით დასრულდა. სულ რაღაც ორი წლის თავზე, 1993 წლის 3 დეკემბერს, საქართველო СНГ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) წევრიც გახდა, რაც ასე ძალიან სურდა 1991 წლის აგვისტოს მოვლენების მთავარ გმირსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბორის ელცინს, რომელმაც, კვლავ აკაკი ბაქრაძეს რომ დავესესხოთ, თვალისდახამხამებაში იცვალა ზნე და სავლე ელცინიდან პავლე ელცინად იქცა.