თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო დაახლოებით 60 ათასი ბავშვის კვებისთვის 2024-25 წლებში 100 მილიონზე მეტი ლარის დახარჯვას აპირებს.
ამისთვის მან ორი ტენდერი გამოაცხადა, 2023 წლის ნოემბერში.
მარცხენა სანაპიროს ბაღების კვების სატენდერო ფასი 79 მილიონი ლარი იყო.
მარჯვენა სანაპიროსი კი - 32 მილიონი ლარი.
ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ თბილისის საბავშვო ბაღებს უწყვეტად უნდა მიაწოდოს დაახლოებით 60 დასახელების პროდუქტი, რომლითაც ბავშვების საკვებს ბაღების სამზარეულოებში მოამზადებენ.
2024 წლის 30 იანვარს ბაგა-ბაღების სააგენტომ გამარჯვებულად ორივე სანაპიროზე ერთი და იგივე კომპანია, შპს „კვება“ გამოაცხადა.
კომპანია „კვება“
შპს „კვება“ 2019 წელს ახალციხეში დაფუძნებული კომპანიაა, მისი მფლობელი და ხელმძღვანელი ახალციხელი გიორგი ფეიქრიშვილია. „კვება“ სახელმწიფო ტენდერებში 2020 წლიდან მონაწილეობს, 2020-24 წლებში მან დაახლოებით 60 მლნ ლარის სახელმწიფო შეკვეთა მიიღო.
„კვებას“ სხვადასხვა დროს მოგებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის, რაიონული გამგეობების ტენდერები, კომპანია მეტწილად საკვები პროდუქტების მიწოდების ტენდერებში მონაწილეობს.
მარცხენა სანაპიროს ტენდერი კონკურენტმა კომპანიამ გაასაჩივრა.
ტენდერებთან დაკავშირებულ დავებს სახელმწიფო შესყიდვების დავების განმხილველი საბჭო - საქართველოს მთავრობის მიერ დაკომპლექტებული დამოუკიდებელი სტრუქტურა განიხილავს. საბჭოს მთავარი ფუნქცია სახელმწიფო ტენდერების კანონმდებლობის დაცვით ჩატარების უზრუნველყოფაა.
თუკი რომელიმე სახელმწიფო შესყიდვისას, ვინმეს კანონის დარღევაზე გაუჩნდება ეჭვი, შეუძლია დავების საბჭოში გაასაჩივროს.
საბჭოს წევრები და აპარატი იკვლევენ ტენდერის ჩამტარებელი სახელმწიფო უწყების ოქმებს, სწავლობენ გადაწყვეტილებების კანონიერებას.
თუ საბჭო კონკრეტულ ტენდერში რაიმე დარღვევას აღმოაჩენს, გააუქმებს შემსყიდველი სახელმწიფო უწყების გადაწყვეტილებას; შეიმუშავებს სასამართლო გადაწყვეტილების მსგავს დოკუმენტს, რომლის სამოტივაციო ნაწილში აღწერილი და დასაბუთებულია, თუ რა უნდა გამოასწოროს შემსყიდველმა ორგანიზაციამ ამ კონკრეტულ ტენდერში.
საბჭოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება ყველა უწყებისთვის სავალდებულოა.
მარცხენა სანაპიროს 79-მილიონიან ტენდერთან დაკავშირებით დავების საბჭომ ოთხი საჩივარი განიხილა, ოთხივე დააკმაყოფილა და ბაგა-ბაღების სააგენტოს მოუწოდა დასაბუთებული და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიეღო.
დავების საბჭოს 2024 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტომ დამალა დოკუმენტი, რომლის გასაჯაროების შემთხვევაში შპს „კვება“ ვერ გაიმარჯვებდა და შესაძლოა, ტენდერიდან დისკვალიფიცირებულიც კი ყოფილიყო.
რა დამალა ბაგა-ბაღების სააგენტომ?
ტენდერში მონაწილეებს ევალებოდათ, სააგენტოსთვის წინასწარ წარედგინათ ხელშეკრულებები იმ კომპანიებთან, რომელთა პროდუქტებსაც ბაღებში შეიტანდნენ.
შპს „კვებამ“ წარადგინა ქათმის ხორცის მწარმოებელ კომპანია შპს „ჯი-პი-პისთან“ გაფორმებული ხელშეკრულება. ირკვევა, რომ ტენდერის მიმდინარეობისას შპს „ჯი-პი-პის“ დირექტორმა ბაგა-ბაღების სააგენტოს შეატყობინა, რომ მარცხენა სანაპიროს ბაღებისთვის შპს „კვებას“ ქათმის ხორცს ვერ მიაწოდებდა.
მარცხენა სანაპიროს ბაღებს დაახლოებით ორ-ნახევარჯერ მეტი ქათმის ხორცი სჭირდება, ვიდრე მარჯვენას. ჯამში, ორივე სანაპიროს კვირაში დაახლოებით 8 ტონა.
ქათმის ხორცის მწარმოებელი ბაგა-ბაღების სააგენტოს წერდა, რომ ის შპს „კვებას“, მხოლოდ მარჯვენა სანაპიროს ბაღებისთვის შეუთანხმდა ქათმის ხორცის მიწოდებაზე და მარცხენა სანაპიროს ბაღებისთვის ხორცის მიწოდება ფიზიკურად არ შეეძლო.
კომპანიის დირექტორმა იგივე დაუდასტურა რადიო თავისუფლებასაც.
ქათმის ხორცის მწარმოებლის წერილი ბაგა-ბაღების სააგენტოში 5 იანვარს შევიდა. ბაგა-ბაღების სააგენტომ 5 იანვარს, ტენდერების შედეგების გამოცხადებამდე 25 დღით ადრე, უკვე იცოდა, რომ შპს „კვების“ ქათმის ხორცის მიწოდების ხელშეკრულება მხოლოდ ერთი, მარჯვენა სანაპიროს ტენდერის პირობებს აკმაყოფილებდა. მარცხენა სანაპიროს ტენდერში იმავე დოკუმენტის გამოყენება, სავარაუდოდ, კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი უნდა გამხდარიყო და, წესით, სააგენტოს სხვა სატენდერო წინადადების განხილვა უნდა დაეწყო.
ამის ნაცვლად, ბაგა-ბაღების სააგენტომ ქათმის მწარმოებლის წერილი მიჩქმალა და შპს „კვება“ 30 იანვარს გამარჯვებულად გამოაცხადა.
მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიჩქმალვის ეჭვს ამყარებს დავების საბჭოში, კონკურენტი კომპანიის, შპს „ეკოლუქსის“ მიერ გაგზავნილი დოკუმენტებიც. კომპანია ცალკე ბაგა-ბაღების სააგენტოსა და ცალკე დავების განმხილველ საბჭოს წერდა, რომ მისთვის ცნობილი იყო ქათმის ხორცის მწარმოებელთან დადებული ხელშეკრულების პრობლემები და შესაბამისი მიმოწერის გასაჯაროებას ითხოვდა.
საბოლოდ, „ჯი-პი-პის“ წერილი დავების საბჭომ მოიპოვა, შეისწავლა და გადაწყვეტილებაში დაწერა, რომ ამ წერილიდან გამომდინარე, ბაგა-ბაღების სააგენტოს ტენდერში შპს „კვების“ გამარჯვება უკანონოა და გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
დავების საბჭომ ბაგა-ბაღების სააგენტოს ასევე დაავალა, შეესწავლა, შპს „კვება“ ტენდერში გამარჯვების მოპოვების მიზნით, განზრახ ხომ არ მოიქცა არაკეთილსინდისიერად და შესაბამისად ემოქმედა.
კანონით, დავების საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულოა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, თუმცა ბაგა-ბაღების სააგენტომ „კვების“ კეთილსინდისიერება არ შეისწავლა, მხოლოდ ტენდერი შეწყვიტა, გააუქმა.
სააგენტოს ეს გადაწყვეტილება ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიამ ისევ დავების საბჭოში გაასაჩივრა და ეჭვი გამოთქვა, რომ ტენდერის შეწყვეტით სააგენტომ შპს „კვება“ დისკვალიფიკაციასა და შავ სიაში შეყვანას გადაარჩინა.
დავების საბჭომ ტენდერის შეწყვეტაც უკანონოდ მიიჩნია.
დავების საბჭომ ამ ტენდერთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებში რამდენჯერმე აღნიშნა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს გადაწყვეტილებების ნაწილი უკანონო იყო. უკანონობის თაობაზე ღიად საუბრობდნენ „კვების“ კონკურენტი კომპანიებიც დავების საბჭოში გაგზავნილ წერილებში.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შევიდა ინფორმაცია ბაგა-ბაღების სააგენტოს მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ.
ამის გადასამოწმებლად რადიო თავისუფლებამ შესყიდვების სააგენტოს წერილით ორი დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
რადიო თავისუფლების კითხვებს არ უპასუხა არც შპს „კვების“ დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი ფეიქრიშვილმა.
რადიო თავისუფლება სტატიის გამოქვეყნებამდე უშედეგოდ ელოდა პასუხს ბაგა-ბაღების სააგენტოში გაგზავნილ შეკითხვებზე. ეს სააგენტო თბილისის მერიის დაფუძნებულია, მის ხელმძღვანელს თბილისის მთავრობა ნიშნავს და დაფინანსებასაც თბილისის ბიუჯეტიდან იღებს.
ბაღების სააგენტომ 79-მილიონიანი ტენდერი კვლავ განაახლა, მალე გაირკვევა, რომელი კომპანია მოამარაგებს საკვებით მარცხენა სანაპიროს ბაღებს.