Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნებისმიერ დროს, გაუფრთხილებლად - როგორ გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების შემოწმებას


კანონპროექტის თანახმად, რეგულირების სააგენტოს ენიჭება კლინიკაში წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის, ამოღების და ა.შ. უფლებამოსილებები
კანონპროექტის თანახმად, რეგულირების სააგენტოს ენიჭება კლინიკაში წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის, ამოღების და ა.შ. უფლებამოსილებები

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმადაც უფლებამოსილებები ეზრდება სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, ანუ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, საკანონმდებლო პაკეტის მომზადება განპირობებულია ამ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკით დაგროვილი ხარვეზებისა და გამოწვევების საპასუხოდ

ცვლილებების ინიციატორი ჯანდაცვის სამინისტროა. მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ცვლილებების საფუძველს განმარტავს და ამბობს, რომ კანონპროექტის მთავარი მიზანი პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. კონტროლის ეფექტური მექანიზმის შექმნით კი სამედიცინო მომსახურების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდება.

რას გვეუბნება კანონპროექტის განმარტებითი ბარათი? ანუ რა ცვლილებები იგეგმება?

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები მიზნად ისახავს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას. ანუ, რეგულირების სააგენტოს ენიჭება კლინიკაში თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, საზედამხედველო ობიექტის დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის ან/და დალუქვის ან/და ამოღების და ა.შ. უფლებამოსილებები. პროექტის მიხედვით, აღნიშნული კომპეტენციების გაწერა მოხდება ჯანდაცვის მინისტრის ნორმატიული ბრძანების შესაბამისად.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს შესაძლებლობა ექნება, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მაგალითად, პაციენტის საჩივარზე და მყისიერად შეამოწმოს ის კლინიკა, რომელსაც პაციენტი რეგულირების სააგენტოში უჩივის.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მარეგულირებელს, პაციენტისადმი გაწეული ხარისხის შესწავლის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია. ანუ, სასამართლო გასცემს კლინიკაში კომისიის შესვლის ნებართვას. ამ შეტყობინებას იღებს სამედიცინო დაწესებულებაც. შესაბამისად, კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ იმ პერიოდში, სანამ სასამართლო კლინიკის შემოწმების ნებართვას გასცემს, იქმნება დოკუმენტაციის მოწესრიგების ან შეცვლის რისკი, რაც ართულებს რეალური სურათის აღდგენას.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმადვე, კანონში ჩნდება სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის დროებით შეჩერების მექანიზმიც, რასაც სასამართლო დაჩქარებული წესით, 48 საათში განიხილავს. დღევანდელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ბერკეტს, რომელიც რეგულირების სააგენტოს აძლევს უფლებას, რომ კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ასევე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დროებით შეუჩეროს კლინიკას ლიცენზია.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი და გასაჩივრება არ გააჩერებს მათ აღსრულებას, თუ სასამართლო სხვაგვარად არ დაადგენს.

ცვლილებების თანახმადვე, დაგეგმილია საჯარიმო სანქციების გაზრდაც. კანონპროექტის ავტორების განცხადებით, დღეს არსებული სანქციები იმდენად დაბალია, რომ ის კარგავს პრევენციის ფუნქციას:

თამარ გაბუნია
თამარ გაბუნია

„ჯარიმის მცირე ოდენობიდან გამომდინარე, კლინიკა მის გადახდას ამჯობინებს, ვიდრე ინვესტიციის განხორციელებასა და ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენი სისტემა აქამდე იყო რეაქტიული, ანუ რეაგირებდა დამდგარ შემთხვევებზე. ცვლილების მიზანი არის ის, რომ ჯარიმაც, ოპერატიული ზემოქმედებაც და სხვა ყველაფერი, ემსახურებოდეს მეტად პრევენციული სისტემის ჩამოყალიბებას, რათა კლინიკებს ჰქონდეთ ინტერესი, ინვესტიცია გააკეთონ შიგნით, ინფექციის კონტროლის გაძლიერებაში. იყო შემთხვევები და ძალიან უხერხულია ამაზე საუბარიც - სადეზინფექციო სტერილიზატორი, რომელიც არ მუშაობს ექვემდებარება ჯარიმას, იმის ნაცვლად, რომ კლინიკამ შეიძინოს ახალი სტერილიზატორი, რომელიც შეიძლება 5000 ლარი ღირდეს, მისთვის ფინანსურად უფრო მარტივია, ჯარიმა გადაიხადოს და სხვაგან გაასტერილოს, რაც არ არის დადგენილი წესის შესაბამისი“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

„თათარიახნად მომზადებული“ კანონპროექტი - როგორ მოისმინეს კანონპროექტი პარლამენტში?

16 ივნისს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

თუმცა, კითხვები წარდგენილ ცვლილებებთან და კანონპროექტის მომხსენებელთან, თამარ გაბუნიასთან, ჰქონდათ როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს:

კახა კახიშვილი
კახა კახიშვილი

„რა აუცილებელი საჭიროება მოითხოვს კლინიკების შემოწმების პროცესში სასამართლოს რგოლის ამოგდებას?“ - იკითხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე

„დავუშვათ სასამართლომ წლების შემდეგ დაადგინა, რომ ჯარიმა არ იყო სამართლიანად დაკისრებული. ამ შემთხევაში, ვინ და როგორ იღებს პასუხისმგებლობას, მის დაბრუნებაზე და კლინიკის შეჩერებულ საქმიანობაზე?“ - დაინტერესდა მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატი და ამჯერად „ხალხის პარტიის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

„დაგვისახელეთ ერთი ქვეყანა, რომლის მაგალითზეც ეს კანონი შექმენით და კიდევ, ამ კანონის მთავარი წითელი ხაზი არის ჩინოვნიკის დიქტატურა. ვინ უნდა ჩამოართვას კლინიკას ლიცენზია და შეამოწმოს ის, ვინ? ჩინოვნიკმა, რომელიც დღეს არის და ხვალ არ არის?“ - მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ თამარ გაბუნიას.

შალვა შავგულიძე
შალვა შავგულიძე

„ფაქტობრივად, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ამ მარეგულირებელ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა, პარალიზება მოახდინოს სამედიცინო დაწესებულების. ვინაიდან თუ ამოიღებ დოკუმენტაციას, დალუქავ და ა.შ. ეს პარალიზებაა“, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

„რამ გაიძულათ, ასე ზედაპირულად, ქართლში როგორც იტყვიან, ასე თათარიახნად მოგემზადებინათ კანონპროექტი და შემოგეტანათ?“ - ეს კითხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ მას შემდეგ დაუსვა თამარ გაბუნიას, რაც კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ციტატა ამოიკითხა:

ნატო ჩხეიძე
ნატო ჩხეიძე

„აი, მაგალითად, განმარტებით ბარათში დასმულ კითხვაზე - სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, თქვენი პასუხია - ასეთი არ არსებობს. შემდეგი: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ. პასუხი - ასეთი არ არსებობს. ასევე, სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას. თქვენი პასუხი - ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრ რამეზე კანონპროექტის მომზადების პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ის მოცულობითია, გიწერიათ, არ არსებობს, არ მომზადებულა, არ ვიცით“...

თამარ გაბუნია ამბობს, რომ არაფერია უცნაური იმაში, რომ მარეგულირებელმა ორგანომ კლინიკაში შესვლის უფლება სასამართლოს ნებართვის გარეშე მოიპოვოს და არგუმენტად უკვე არსებული გამოცდილება მოჰყავს:

„მთელი რიგი უწყებები, 18 უწყებაა, რომელსაც არ სჭირდება სასამართლოს თანხმობა, რომ განახორციელოს ის ქმედებები, რომლებიც აღწერილია კანონპროექტში. მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურს აქვს უფლება, რომ მოსამართლის თანხმობის გარეშე, პირდაპირ შევიდეს საწარმოში. ასევე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ექვსი თვის უკან მიენიჭა უფლებამოსილება, რომ ფარმაცევტულ სექტორში შეამოწმოს რეფერენტული ფასები მოსამართლის დადგენილების გარეშე, რაც იძლევა ძალიან სწრაფი რეაგირების საშუალებას. ზუსტად იგივე უფლებამოსილება დიდი ხანია მინიჭებული აქვს გარემოს დაცვის სააგენტოს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს და ა.შ. გამომდინარე აქედან, ჩვენი მოტივაცია და ინტერესი არის ის, რომ ეს უფლებამოსილება გაფართოვდეს, რაც რეალურად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ერთი, სწრაფი იყოს რეაგირება და მეორე, თავიდან ავიცილოთ წინასწარი შეტყობინების მექანიზმი“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ცდილობს დააკონკრეტოს, რატომ გადაწყდა სასამართლოს რგოლის ამოგდება სამედიცინო დაწესებულებების შემოწმების პროცესში და ამბობს:

„კონკრეტიკაზე იყო საუბარი და მესმის, რომ კონკრეტიკა აუცილებელია. ჩვენ სად ვხვდებით და სად ვხედავთ, რომ უმჯობესი იქნებოდა მაშინვე მივსულიყავით დაწესებულებაში და არ ჰქონოდა დაწესებულებას 72 საათი. საბედნიეროდ, ეს არ არის ბევრი შემთხვევა, თუმცა, უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოზე, სადაც კლინიკური შეცდომების თაობაზე მიდის მსჯელობა და სადაც დგება ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი, ხდება ისე, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი სურათი განსხვავებულია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნისგან და სრულიად წარმოუდგენელია, რომ პაციენტს იმგვარი კლინიკური მიმდინარეობა ჰქონოდა, რაც აღწერილია სამედიცინო დოკუმენტაციაში, ამდენად, საბჭოს ხშირად უხდება მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და ითხოვოს დამატებითი გამოძიება კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. ასევე, სანებართვო სალიცენზიო პირობების შემოწმების პროცესში, წელიწადში ერთხელ ამ პირობების შემოწმება რეგულირების სააგენტოს ისედაც დავალებული აქვს. მოულოდნელი ინსპექტირების ეფექტი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება ამბობს,რომ მოულოდნელი ინსპექტურება არის მობილიზების ერთ-ერთი წინაპირობა და კლინიკა მუდმივად ცდილობს, რომ იყოს შესაბამისობაში სანებართვო პირობებთან“.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის გამოცდილება დაედო საფუძვლად კანონპროექტში დაგეგმილ ცვლილებებს, თამარ გაბუნია ამბობს:

„მსოფლიო გამოცდილება ამბობს იმას, რომ უფრო მეტი და მეტი ქვეყანა მიდის წინასწარი შეტყობინების გარეშე სამედიცინო დაწესებულებების ინსპექტირებისკენ... სასამართლოს ჩართულობა ქმნის არაობიექტური შეფასების რისკებს. საერთაშორისო პრაქტიკის ელემენტები, ბუნებრივია, გათვალისწინებულია, მათ შორის, შეტყობინების გარეშე, მოუმზადებელი ინსპექტირება და რომ მარეგულირებელს უნდა ჰქონდეს ეს უფლებამოსილება. სხვა დანარჩენი, იმდენად ადგილობრივი პროცედურული საკითხია, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია უკვე ადგილობრივი საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინება“.

კიდევ ერთ კითხვას, რომელიც ცვლილებების შემდეგ, ჩინოვნიკების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერ და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ასეთი პასუხი აქვს:

„საჯარო მოხელემ ცუდად რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და მასზე დაკისრებული უფლებამოსილება, ამ რისკზე ბუნებრივია, უნდა ვიფიქროთ და სწორედ ამას ემსახურება რეგულირების სააგენტოს შიდა ადმინისტრაციული სტრუქტურა. ადმინისტრაციულ ორგანოში ზემდგომი ამოწმებს გადაწყვეტილებას და აფასებს და შემდეგ, კლინიკას შეუძლია დავით მიმართოს რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციას. ეს მექანიზმი მნიშვნელოვანია და უნდა შენარჩუნდეს. სანებართვო ლიცენზიის შეჩერების საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, ინსპექტორების ჯგუფმა, თუკი ეს შესაძლებელია, კლინიკას უნდა მისცეს გონივრული ვადა, რათა გამოასწოროს დარღვევები, თუმცა, თუკი არ მოხდება გამოსწორება, შემდეგ დგება ლიცენზიის შეჩერების საკითხი. ლიცენზიის შეჩერება უნდა იყოს ობიექტურ საფუძველზე და ეს დისკრეცია ერთ ინსპექტორს არ ექნება. ჩვენ მზად ვართ, რომ შემოწმების წესები იყოს მკაფიო და მზად ვართ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ მომდევნო მოსმენამდე“.

რას ამბობენ დაგეგმილ ცვლილებებზე კლინიკების ხელმძღვანელები?

კლინიკების ხელმძღვანელები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოს მონიტორინგი სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია და ამაზე არავინ დავობს.

ისინი ამბობენ იმასაც, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ყველანაირი ბერკეტი აქვს, აწარმოოს კლინიკების სრულყოფილი მონიტორინგი და მათი მუშაობის ხარისხი.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ცვლილებებში ხედავენ, ეს არის სამედიცინო დაწესებულებებში სასამართლოს დადგენილების გარეშე შესვლა და ამით კლინიკების მუშაობის შეფერხება.

ნიკოლოზ ფრუიძე, კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრო სასამართლოს მიმართავს ამა თუ იმ კლინიკაში შესვლის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, როგორც წესი, სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლე დროში, მაქსიმუმ 36 საათში გამოდის. შესაბამისად, მისი თქმით, არალოგიკურია მსჯელობა იმაზე, რომ სამედიცინო დაწესებულება ასეთ მცირე დროში მოახერხებს კლინიკაში არსებული რეალური „სურათის წაშლას“ და სწორედ ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად შედის ცვლილებები კანონში:

ნიკოლოზ ფრუიძე
ნიკოლოზ ფრუიძე

„რა დოკუმენტაცია უნდა შევცვალოთ? თითქმის ყველა დოკუმენტაცია იტვირთება შესაბამის პორტალზე. თუ მე ისეთი შეცდომები მაქვს, რომლებიც შემიძლია, 24 საათში შევცვალო და გამოვასწორო, ე.ი. ეს არ არის შეცდომა. მაქსიმუმ მტვერი იყოს სადმე და ის მტვერი გადავწმინდო?“

ნიკოლოზ ფრუიძე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კიდევ ერთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც კანონში ჩნდება სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის შეჩერების მექანიზმიც, რასაც სასამართლო დაჩქარებული წესით, 48 საათში განიხილავს. ცვლილებების თანახმად, სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი და გასაჩივრება არ გააჩერებს მათ აღსრულებას, თუ სასამართლო სხვაგვარად არ დაადგენს:

„ინსპექტორიც ხომ ისეთივე ცოცხალი ადამიანია, როგორც სხვა და მანაც ხომ შეიძლება შეცდომა დაუშვას. მთელ მსოფლიოში ასეა - კანონმდებლობით ჩადებულია სასამართლოს რგოლი, რომ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, ის აღსრულებაში არ შევა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მე სახელმწიფო მაძლევს გონივრულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. ეს გონივრული ვადა არის ორი კვირიდან სამ თვემდე. ამ შემთხვევაში კი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. პირდაპირ მიჩერებს და მეუბნება, თუ არ მოგწონს, წადი, მიჩივლე და როგორც სასამართლო გადაწყვეტს. დავუშვათ ვუჩივლე და მოვუგე თვეების შემდეგ. როგორ წარმოგიდგენიათ, მოახერხებს რამდენიმე თვის შემდეგ კლინიკა ფუნქციონირების აღდგენას? ამ ხნის პერიოდში კლინიკიდან ხომ წავლენ ექიმები, ექთნები. ხელფასს თუ ვერ გადავუხდი, როგორ შევინახავ თანამშრომლებს. ეს არის რისკი იმისა, რომ კლინიკა დაიხურება და დაიხურება პირველივე შეცდომაზე“.

„კონსილიუმ მედულას“ დირექტორი არც იმას გამორიცხავს, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემთხვევაში გაიზარდოს ტენდენციურობის, კორუფციის, მიკერძოებულობის რისკი:

„დღეს, საქართველოში მოქმედი კლინიკების 98% კერძო კლინიკაა. ყველა ერთმანეთის კონკურენტია და ვინმე გამორიცხავს, რომ ტენდენციური შემოწმება არ ჩატარდეს ვიღაცის დავალებით? როგორც კი სასამართლოს ბერკეტი მცირდება, ძალიან დიდი რისკი ჩნდება არაობიექტურობის. ვიმეორებ, შემოწმებისა და კონტროლის წინააღმდეგი არავინაა. ერთხელაც არ გამოგვითქვამს ამასთან დაკავშირებით პრეტენზია. პირიქით. ჩემთან ერთი კვირის წინაც იყო შემოსული რეგულირების სააგენტო გეგმიურ შემოწმებაზე. მცირე ხარვეზების გამო შემიდგინეს აქტიც. როცა ვთვლით, რომ აქტი არამართებულადაა დაწერილი, ამას სასამართლოში ვაპროტესტებთ, როდესაც ვეთანხმებით მათ, იძულებულები ვართ, გადავიხადოთ ჯარიმა. ეს ჩვეული პროცესია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვხედავთ რისკებს და ამ რისკებზე უნდა დაფიქრდეს ჯანდაცვის სამინისტრო. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფოს ყველანაირი ბერკეტი აქვს, რომ შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი“.

გიორგი რამიშვილს, „ნიუ ჰოსპიტალს“-ის დირექტორი ფიქრობს, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებით, ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს თავი დააღწიოს იმ არასახარბიელო მდგომარეობას, რომელშიც დღეს ეს უწყება იმყოფება. არასახარბიელო მდგომარეობაში კი ის გულისხმობს ქვეყანაში მოქმედი კლინიკების დიდ რაოდენობასა და ამ ბაზარზე არსებულ „არაკეთილსინდისიერ მოთამაშეებს“.

კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი"
კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი"

გიორგი რამიშვილი თვლის, რომ არაერთგვაროვნების აღმოსაფხვრელად, ჯანდაცვის სამინისტროს, სავარაუდოდ, სურს, სექტორი ტოტალურ კონტროლამდე მიიყვანოს, რაც მისი თქმით, აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია, „ერთ ქვაბში ხარშავს“ ბაზრის ყველა მოთამაშეს და ახდენს „კეთილსინდისიერი მოთამაშეების“ დისკრედიტაციას:

გიორგი რამიშვილი
გიორგი რამიშვილი

„ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, იყოს ისეთი დაწესებულებები, რომლებსაც ტოტალური კონტროლი შეუზღუდავს გარკვეულწილად იმ ქმედებებს, რასაც ისინი არ უნდა აკეთებდნენ და ალბათ აკეთებენ და ამის შესახებ ინფორმაცია აქვს რეგულირების სააგენტოს და ფიქრობს, რომ დამატებითი კონტროლით მათ გარკვეულ კალაპოტში ჩააყენებს, მაგრამ გაცილებით დიდია წილი იმ კლინიკებისა, ვინც კეთილსინდისიერადაც მუშაობს, ვინც პაციენტების უსაფრთხოებაში ინვესტირებას ახდენს, ვისაც აქვს მართლა დიდი ფული ჩადებული კლინიკებში. მესმის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სურს, ჰქონდეს ბერკეტი, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ეს ბერკეტი მათ ახლაც აქვთ. ჩვენი კანონმდებლობა ისეთი მკაცრი და დახუნძლულია ჯარიმებით და სანქციებით, რომ დამატებით სანქციები აღარ არის საჭირო. ის, ვინც იქცევა ცუდად, კი ბატონო, მას უნდა დაუწესდეს სანქციები, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია ყველა დაწესებულების ერთ ქვაბში ჩაყრა. როდესაც ხარვეზი გვაქვს, ერთი, რომ ვიხდით ჯარიმას, მეორე, რომ ვასწორებთ ხარვეზს, ეს ცოცხალი პროცესია, რომლის გამოსწორებისკენაც პირადად ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით. ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. და ახლა ისე გამოჰყავთ, რომ ჩვენ ცუდები ვართ და ისინი გვაიძულებენ, რომ კარგად მოვეპყროთ პაციენტებს. თუკი ჩვენ მოვახდენთ კლინიკების, ექიმების დემონიზაციას, აღარავის მოუნდება ამ საქმეში დარჩენა. ექთნები ისედაც გარბიან უკვე, ექიმებიც თავის გზას ნახავენ. არ შეიძლება ამ პროცესის ისეთნაირად წარმოჩენა, რომ ჩვენ ჩასაფრებულები ვართ, რომ ვიღაცას რაღაც ვავნოთ“.

გიორგი რამიშვილს მიაჩნია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ყოველი უკმაყოფილო განცხადების შემდეგ კლინიკაში მარეგულირებელი ორგანოს გაუფრთხილებელი შესვლა, კლინიკის მუშაობის პარალიზებას მოახდენს:

„ლაპარაკია იმაზე, რომ პაციენტი რომ დაიჩივლებს და მაგალითად, რეკლამაციას განათავსებს „ფეისბუქში“ ან დარეკავს ცხელ ხაზზე, ამის საფუძველზე, მარეგულირებელი ორგანო უნდა შევიდეს კლინიკაში. არსებობს კმაყოფილი პაციენტი, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს უკმაყოფილი პაციენტი და ყველა უკმაყოფილო პაციენტი არ ნიშნავს, რომ კლინიკამ რაღაც დანაშაული ჩაიდინა და დასასჯელია. და ეს ხშირად ასეც ირკვევა ხოლმე. კლინიკის თითოეული შემოწმება, ჩათვალეთ, რომ 10 თანამშრომელს ამოაგდებს სამუშაო რეჟიმიდან. ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ შემოწმებაზე თუ ივლიან, ვერ ვიმუშავებთ ასე. ამ კანონს თუ მიიღებენ, ჩვენს მფლობელებს და ინვესტორებს არ მივცემ რეკომენდაციას, რომ განახორციელონ ინვესტიციები და ალბათ ვიმუშავებთ მილევად რეჟიმში და საბოლოოდ, მინიმუმ საავადმყოფოს განვითარება შეჩერდება და არც ისაა გამორიცხული, რომ კლინიკა დაიხუროს კიდეც“.

„ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორის თქმით, თუკი ჯანდაცვის სამინისტროს სურს, რომ მარეგულირებელი ორგანო განუსაზღვრელი ძალაუფლებით აღჭურვოს, მაშინ უნდა არსებობდეს ძალიან მკაცრი რეგლამენტი, თუ როგორ და რას შეამოწმებს ის სამედიცინო დაწესებულებებში.

გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში, მოსაწესრიგებელია მონიტორინგის ის მეთოდოლოგია, რა მეთოდოლოგიითაც დღეს მარეგულირებელი ორგანო კლინიკებს ამოწმებს. მისი თქმით, ამ მეთოდოლოგიაში არ არის გათვალისწინებული ნორმატივის შესრულებისა და სანებართვო პირობების მარჟა:

„მაგალითად, სასტერილიზაციო განყოფილებაში, რეანიმაციაში, სტერილურობის მარჟამ უნდა შეადგინოს უშეცდომობის 100%. იქ უნდა იყოს სტერილურობის მაქსიმუმი და შეცდომა უბრალოდ დაუშვებელია. მაგრამ შედარებით ნაკლები სიმკაცრის ზონებში, შესაძლოა დავუშვათ, რომ ხელსაბანში საპონი ამოწურვიდან რამდენიმე წუთში შეივსოს და ამით ვინმეს განსაკუთრებული ზიანი არ მიადგება. ნორმატივის შესრულების და სანებართვო პირობების მარჟა მთელ მსოფლიოში დაშვებულია. ჩვენთან ასე არ არის. ეს მეთოდოლოგია და რეგლამენტია შესაცვლელი. მგონია, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა მოვარგოთ ეს კანონი თანამედროვე სტანდარტებს. ეს არის თანამშრომლობა ბაზრის წესიერ მოთამაშეებსა და სამინისტროს შორის, რომელიც უნდა არსებობდეს. რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებთან მაქვს ცივილური ურთიერთობა, ვმსჯელობთ, ვსაუბრობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მივცეთ ძალაუფლება, როდესაც და როგორც გაუხარდებათ, მხოლოდ პაციენტის ან კონკურენტის მცდარ რეკლამაციაზე მიიღონ ზომები და შემოვიდნენ კლინიკაში“.

„ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორი ვერც იმის გარანტიას ხედავს, რომ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შემდეგ, არ გაიზრდება კლინიკების არალეგიტიმური დახურვის რისკი:

„მაგალითად, შეეშალათ და შეაჩერეს. შეჩერება ნიშნავს კლინიკის გაკოტრებას. ეს ნიშნავს, რომ ექიმები წავლენ სხვაგან, პაციენტები აქ აღარ მოვლენ. მიმდინარე ხარჯები არის კოლოსალური და ჩვენ ერთი კვირაც რომ არ ვიმუშაოთ, ამის ანაზღაურებას შევძლებთ თუ არა, არ ვიცი“.

ნინო კიკნაძე, ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ კანონპროექტის მომზადებისა და შემუშავების პროცესში სამედიცინო სექტორი არ ყოფილა ჩართული.

ის ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება და პაციენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილია, თუმცა მიაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამ მიზანს არ ემსახურება.

მისი თქმით, ე.წ სადამსჯელო ღონისძიებების დანერგვით მუქარა ვერ გახდება სისტემის ხარისხის გამოსწორების მექანიზმი:

ნინო კიკნაძე
ნინო კიკნაძე

„2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის სავალდებულო ხდება საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება. აი, სწორედ საერთაშორისო აკრედიტაცია ემსახურება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მაგრამ არა ასეთი ცალკე, ფრაგმენტული, არაკონსტიტუციური საკანონმდებლო აქტები. ამ კანონმდებლობით განსაზღვრული, წინასწარ შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს, თავისი შეხედულებისამებრ და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ობიექტში შესვლა, არის არაკონსტიტუციური. სისხლის სამართლის საქმეების დროსაც, როდესაც დანაშაულთან გვაქვს საქმე და ლაპარაკია ჩხრეკის ღონისძიების ჩატარებაზე, იქაც კი საჭიროა სასამართლოს განჩინება. ურთიერთთანამშრომლობის გზით მიიღწევა უკეთესი შედეგი და არა კლინიკების მოლოდინის რეჟიმში ჩაყენებით, რა ახალ ცვლილებას შემოიღებენ“.

ანალოგიური ცვლილებები „ჯანდაცვის შესახებ კანონში“ იგეგმებოდა 2020 წელსაც. კანონპროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტში 2019 წლის მიწურულს შეიტანა. თუმცა, მაშინ, კანონპროექტმა ჯერ კიდევ საკომიტეტო მოსმენის დროს ვერ მოიპოვა მხარდაჭერა და მისი განხილვა შეწყდა.

რას ამბობენ რიცხვები? - რამდენ და რა სახის ხარვეზებს ავლენს რეგულირების სააგენტო?

სხვადასხვა კლინიკაში არსებული გამოწვევების, მათ შორის, პაციენტთა არასათანადო მკურნალობის, ექიმების მხრიდან სავარაუდო გადაცდომისა თუ სტანდარტების დარღვევის შესახებ ხშირად ჩნდება ინფორმაცია როგორც სოციალურ ქსელში, ისე მედიაში.

განსაკუთრებით ხშირი იყო მსგავსი სახის ინფორმაცია კოვიდ-პანდემიის პერიოდში. მათ შორის გახმაურებული შემთხვევები - ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმე. ასევე კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმე, სადაც უფროს ექთანს ბრალდება წარუდგინეს.

პანდემიის პერიოდში, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საუბრობდა კლინიკებში კოვიდ-პაციენტების მართვის ხარვეზებზე. მისი თქმით, კლინიკებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდებოდა პაციენტთა ლეტალობის გამომწვევი მიზეზი.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული რევიზიის/კონტროლის (გეგმიური, არაგეგმიური, ცალკეული შემთხვევები) შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებს განესაზღვრათ ფინანსური სანქცია - 17 142 131 40 (ჩვიდმეტი მილიონ ას ორმოცდაორი ათას ას ოცდათერთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით.

ამავე პერიოდში, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტის სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოში შევიდა 2319 საკითხთან დაკავშირებული 1358 კორესპონდენცია. აქედან, რეგულირების სააგენტოს პირადად მიმართა 542-მა მოქალაქემ.

  • 1358 კორესპოდენციიდან, 267 პაციენტთათვის გაწეულ სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებული განცხადებაა.
  • 254 განცხადება სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებლის მიმართვაა, რომლებიც ეხება პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების დაფინანსების საკითხებს (ე.წ. "სადავო" შემთხვევები);
  • შემოწმებების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, შედგენილ იქნა და სასამართლოებს გაეგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2048 ოქმი.
  • „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევაზე - 1611 ოქმი;
  • სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევაზე – 212 ოქმი;
  • მაღალი რისკის შემცველი საქმიანობა (ტექნიკური რეგლამენტი) – 147;
  • უკანონო საექიმო საქმიანობა - 27;
  • სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაციით, 2023 წლის 31 იანვრის მონაცემებით, დაჯარიმდა - 1105 სამართალდამრღვევი, შენიშვნა მიეცა - 463 სამართალდამრღვევს, საქმე შეწყდა - 46 შემთხვევაში, განუხილველია - 2 შემთხვევა; 432 შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობს;
  • პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 140 საკითხი;

2022 წელს 267 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. მათ შორის, 191 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 70; სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა 6 ექიმს.

XS
SM
MD
LG