1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო. მას მერე 70 წელი საქართველომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გაატარა, რეპრესიულ და სისხლიან პოლიტიკურ რეჟიმში. წითელი არმიის შემოჭრას იუნკრები, მოწყალების დები, ჯარისკაცები და საზოგადო მოღვაწეები დღიურებსა და პირად წერილებში იხსენებენ.
მოისმინეთ თვითმხილველების ნაამბობი ოკუპაციის ქრონოლოგია. ისინი 98 წლის წინანდელ მოვლენებს აღწერენ:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი
- 19 წლის სტუდენტი და მოწყალების და, მარო მაყაშვილი
- გიმნაზიელი მოხალისე გივი ღამბაშიძე
- ოსიაურის ბრძოლის ჯარისკაცი ილიკო რამიშვილი
- დამფუძნებელი კრების წევრი ქრისტინე შარაშიძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა ბრძოლის დაწყების პირველივე დღეს გამოაცხადა, რომ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და პროფესორ-მასწავლებლები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა სახელმწიფომ ეს რესურსი დამოუკიდებლობის დასაცავად გამოიყენოს.
წერილში, რომელსაც 19 წლის სტუდენტი მარო მაყაშვილი მამას 18 თებერვალს სწერს, ბრძოლის ბოლო დღეებია აღწერილი. ის, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც წავიდა ბრძოლაში მოწყალების დად, 19 თებერვალს კი ყუმბარის ნამსხვრევს ემსხვერპლა. თავად-აზნაურთა ოჯახში გაზრდილი მარო პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის შვილი და მწერალ ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილი იყო. ის ეროვნულ გმირად არის აღიარებული.
გივი ღამბაშიძე 18 წლის იყო, როცა გიმნაზიელ მოხალისეებს შეუერთდა და ბრძოლაში ჩაება. ის ცნობილი ექიმის, ვახტანგ ღამბაშიძისა, და ამერიკელი ვანდა ჰოპეს შვილი იყო. გივი ღამბაშიძე დღიურში 21 თებერვალს გამართულ ვაზიანის ბრძოლას აღწერს, სადაც გამარჯვება ქართულმა ჯარმა მოიპოვა.
ოკუპაციის კიდევ ერთ მძიმე სცენას იხსენებს ჯარისკაცი ილიკო რამიშვილი, რომელიც ოსიაურის ბრძოლაში მონაწილეობდა. თბილისის დატოვების შემდეგ ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტაკება ჰქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე. მთავრობა ბათუმში წავიდა, თუმცა წითელი არმია ლიხს იქითაც გადავიდა და საქართველო მთლიანად მოექცა საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ.
ქრისტინე შარაშიძე კი დამფუძნებელი კრების წევრი და პედაგოგი იყო, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გასაბჭოების მერეც იბრძოდა. მისი დაკითხვის ოქმის ჩანაწერი წითელი არმიის შემოჭრის წლისთავზეა გაკეთებული. პირველი რესპუბლიკის პოლიტიკოსი ქალი რუსეთს ამხელს ქვეყნის ოკუპირებაში.