- ენგურჰესის კაშხალი
- შეწყვეტილი სეზონი
- თვითნებური თუ ნებადართული?
- როგორ დაიცვა რეგულაციები, რომლებიც არ არსებობს?
- როგორ ისეირნა პრეზიდენტმა „ჯიჯი თრეველის“ ნავით
მურმან ბარათაშვილი 25 წელი ჭიათურაში სპეციალური სკოლის დირექტორად მუშაობდა. 2017 წელს ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. უმუშევრად დარჩენილმა 50 წლის ფიზიკოსმა შვილების ტურისტულ კომპანიაში მძღოლად დაიწყო მუშაობა.
ერთხელაც, როცა ტურისტები მესტიაში მიჰყავდა, გზად ენგურჰესის კაშხალთან შეჩერდნენ. უცხოელები იმდენად აღფრთოვანდნენ ამ ადგილით, რომ მურმან ბარათაშვილს იქვე გაუჩნდა ახალი ბიზნესის წამოწყების იდეა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ მან ენგურჰესის კაშხალზე მოტორიანი ნავით თავისი პირველი კლიენტები გაასეირნა.
ენგურჰესის კაშხალი
ენგურჰესი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით, სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში, მდინარე ენგურის ხეობაში, გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. მისი 271-მეტრიანი კაშხალი თაღოვან კაშხლებს შორის სიმაღლით მსოფლიოს ხუთეულშია. ენგურჰესისთვის დაგუბებული წყლის ზედაპირი დაახლოებით 13 კვ.კმ-ია, მასში მილიონ კუბურ მეტრამდე წყალია და შეუძლია 1300 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც საქართველოს და დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა მოიხმარს. ქალაქ ჯვარში აშენებული ენგურის კაშხალი მდინარე ენგურის წყალს კრებს. ენგური კი სათავეს კავკასიონის მთებში იღებს და შავ ზღვაში ჩადის.
მურმან ბარათაშვილის კომპანიას „ჯჯ თრეველს“, რომელსაც ორ პარტნიორთან ერთად ფლობს, ნავებით ტურისტები ენგურის კაშხლიდან მესტიის სოფლებისკენ მიჰყავს.
ტური დაახლოებით 40 წუთი გრძელდება, მგზავრები მოტორიანი ნავებით ენგურის ხეობის 12 კმ-იან მონაკვეთს გადიან და გზად რამდენიმე ჩანჩქერს, მთის მცირე მდინარეებსა და ულამაზეს ხეობას ნახულობენ.
მურმან ბარათაშვილლმა და მისმა პარტნიორებმა 2018 წელს ბიზნესი ორი ნავით დაიწყეს, 4 წლის შემდეგ მათ უკვე 7 ნავი ჰქონდათ.
„ერთდროულად 50-მდე ტურისტის მომსახურება შეგვეძლო, სხვადასხვა ქვეყნიდან. მენავეებად 10-მდე ადგილობრივს ვამუშავებდით… ბიუჯეტში შეგვქონდა გადასახადები და ბიზნესს ვავითარებდით, მე და ჩემს პარტნიორებს ამ ბიზნესში დაახლოებით 80 ათასი ლარი გვაქვს ჩადებული, საკუთარი ოჯახების სახსრებით“, - ჰყვება მურმან ბარათაშვილი.
2019 წელს ბარათაშვილის ერთ-ერთმა პარტნიორმა, წალენჯიხელმა გონერი ჭანიამ კომპანია „ნიუ ვანდერი“ დააფუძნა და 2020 წელს ენგურზე ტურისტების ნავებით გასეირნება დამოუკიდებლადაც დაიწყო.
3 წლის წინ ორივე კომპანიამ სახელმწიფო აუქციონში მიიღო მონაწილეობა, ენგურჰესის მიმდებარედ მიწის ნაკვეთები იჯარით აიღეს და ტურისტული ინფრასტრუქტურაც მოაწყვეს.
შეწყვეტილი სეზონი
მურმანს და გონერის საქმე კარგად წაუვიდათ და ასე 2023 წლის ტურისტულ სეზონამდე გაგრძელდა. 7 ივლისს, შუა სეზონზე, კომპანიებმა ენგურჰესის ადმინისტრაციის წერილი მიიღეს, რომელშიც პირობები იყო ჩამოთვლილი და „ჯჯ თრეველსა“ და „ნიუ ვანდერს“ მათ დაკმაყოფილებამდე ტურისტების მომსახურება ეკრძალებოდათ.
ენგურჰესის ადმინისტრაციამ სანაოსნო ტურისტულ კომპანიებს აკრძალვები დაუწესა, „ენგური ატრაქციის“ დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის წერილის საფუძველზე.
ენგურის კაშხალს, ჰესების კასკადს, წყალსაცავსა და მის მიმდებარე მიწებს სახელმწიფო კომპანია, ენგურჰესი მართავს.
2017 წელს ენგურჰესის ბაზაზე დაფუძნდა კიდევ ერთი სახელმწიფო კომპანია „ენგური ატრაქცია“, რომელსაც ენგურჰესზე ტურიზმის განვითარება დაევალა.
ნიკოლოზ ანთიძე ამ კომპანიის დირექტორად 2021 წელს დაინიშნა, იგი მანამდე თითქმის 7 წელი ძეგლთა დაცვის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელობდა და პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც გელათის რესტავრაციის გამო უნიკალური ფრესკები დაზიანდა. რესტავრაციას ანთიძის სააგენტო კურირებდა.
ანთიძის წერილის საფუძველზე „ჯჯ თრეველსა“ და „ნიუ ვანდერს“ ენგურჰესმა ორი მთავარი პრეტენზია წაუყენა: კომპანიები წყალსაცავს თვითნებურად იყენებდნენ და არ ჰქონდათ სათანადოდ დაცული უსაფრთხოება.
„ჯჯ თრეველის“ დირექტორმა იურისტს მიმართა და ენგურის წყალსაცავზე ტურისტული საქმიანობის აკრძალვის გამო სამართლებრივი ბრძოლა წამოიწყო.
თვითნებური თუ ნებადართული?
მურმან ბარათაშვილს, წყალსაცავზე ნავებით მუშაობის დაწყების დროინდელი მიმოწერა აქვს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელთან. 2018-19 წლების ოფიციალური წერილების მიხედვით, მაშინ ენგურჰესის ადმინისტრაცია არ იყო წინააღმდეგი, წყალსაცავზე „ჯჯ თრეველს“ ტურისტები გადაეყვანა.
„ჯჯ თრეველს“ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთანაც აქვს გაფორმებული ხელშეკრულება წყალსაცავის მიმდებარედ 300 კვადრატული მეტრი მიწის იჯარაზე. ეს შეთანხმება დღემდე ძალაშია და ამ მიწისთვის კომპანია ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტში თანხას იხდის. მსგავსი ხელშეკრულება აქვს „ნიუ ვანდერსაც“.
ორივე კომპანიის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილებით ირკვევა, რომ სახელმწიფო ქონების მფლობელმა მთავარმა უწყებამ იცის, რომ ენგურის წყალსაცავზე ეს კომპანიები ნავებით ასეირნებენ ტურისტებს და მათ ბიზნესის განვითარებისთვის მიწის იჯარით აღება სჭირდებათ.
აქ არის ერთი დეტალი - სახელმწიფომ კერძო კომპანიებს მიწის ნაკვეთები კი მისცა იჯარით, მაგრამ წყალსაცავიდან რამდენიმე ათეულ მეტრში. „გვითხრეს, რომ ზვირთის ცემის ადგილზე ვერ მოგვცემდნენ მიწას, მოგვცეს რამდენიმე ათეული მეტრით წყალსაცავიდან, ეს მანძილი მუდმივად იცვლება, როცა წყალსაცავი სავსეა, უახლოვდება ჩვენს ადგილს, როცა წყალი იკლებს, - შორდება“, - ამბობს მურმან ბარათაშვილი.
დღეს ენგურჰესის ადმინისტრაცია ბარათაშვილს და ჭანიას ამ ცვლადი 50-დან 100 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთის თვითნებურად გამოყენებას ედავება.
ამ მიწაზე - საფეხმავლო ხის კიბეებია მოწყობილი, რომლითაც ტურისტები ნავებამდე ჩადიან.
„ჯჯ თრეველის“ იურისტმა, იოსებ ბარათაშვილმა წყლამდე მისასვლელი ბილიკის სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის გზები ენგურჰესის ადმინისტრაციას უკვე შესთავაზა.
ენგურჰესი კომპანიებს წყალსაცავზე გადაადგილებასაც უკანონობად უთვლის.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები ენგურჰესზე სანაოსნო ტურიზმის დაწყებიდან მე-4 წლისთავზე გაჩნდა. მანამდე, და ეს ოფიციალურ დოკუმენტებში ჩანს, ენგურჰესის ადმინისტრაციას პრეტენზიები არ ჰქონდა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას კომპანიებს აკისრებდა.
ნიკა ანთიძის მოთხოვნით, ადმინისტრაციამ 2023 წლის ზაფხულში კომპანიებს ნავების ტექნიკურად გამართულობის დამადასტურებელი საბუთები, წყალზე მისასვლელი კიბეების პროექტები და ექსპერტიზის დასკვნები მოსთხოვა და დოკუმენტაციის წარსადგენად 12 დღე მისცა.
კომპანიები იძულებული გახდნენ, საქმიანობა შეეწყვიტათ.
„ჯჯ თრეველმა“ დაიწყო იმ სახელმწიფო უწყების ძებნა, რომელიც მოტორიანი ნავების გამართულობას ამოწმებს და დასკვნას გასცემს.
კომპანიის იურისტი ამბობს, რომ ასეთი უწყება ვერ იპოვეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან, რომელიც მცურავ საშუალებებს ამოწმებს, „ჯჯ თრეველმა“ პასუხად მიიღო, რომ ისინი მხოლოდ ზღვის ტრანსპორტს ამოწმებენ და არ მუშაობენ შიდა წყლებში.
როგორ უნდა დაიცვა რეგულაციები, რომლებიც არ არსებობს?
ვინ უნდა შეამოწმოს მცურავი საშუალება და გასცეს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოს მტკნარი წყლებისთვის? რადიო თავისუფლებამ ეკონომიკის სამინისტროს ამ კითხვით სექტემბრის დასაწყისში მიმართა და პასუხს დღემდე ელოდება.
ამასობაში, აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოს მდინარეებსა და ტბებზე ტურისტებს ისე ემსახურებიან ნავებით, რომ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტები არც არავის აქვს და არც არავის მოუთხოვია.
„არარსებული რეგულაციების დაცვას გვთხოვენ“, ამბობს მურმან ბარათაშვილი. „დღეისათვის, საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ის სამსახური, რომელსაც ექვემდებარება საქართველოს შიდა წყლებში (მდინარეზე, ტბაში ან წყალსაცავში) მცურავი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში ,,ენგურჰესის“ ადმინისტრაციის მოთხოვნა შპს ,,ჯჯ თრეველის“ მიმართ, დაუსაბუთებელი და არასწორია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა.
ადვოკატის სიტყვებს ადასტურებს 5 თვის წინ „1 არხის“ ეთერში გასული რეპორტაჟი, რომლის მიხედვით შიდა წყლებზე ნავებით ტურისტების მომსახურების რეგულირება 2025 წელს დაიწყება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი ამ რეპორტაჟში ამბობს, რომ არ არსებობს კანონმდებლობა და ნორმები, რომელიც წყალზე უსაფრთხოების წესებს დაადგენდა.
მაშ, რატომ სთხოვდა ენგურჰესი ტურისტულ კომპანიებს ნავების უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, როცა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აღიარებს, რომ უსაფრთხოების ნორმები დაწესებული არ არის? - ვკითხეთ „ენგური ატრაქციის“ დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს. რომლის მოთხოვნითაც ამ კომპანიებს ენგურზე ნავებით მუშაობა აეკრძალათ.
რ.თ.: მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ასეთი რეგულაციები შიდა წყლებზე არ არსებობს, რომელიც მცურავი საშუალებების სტანდარტს დაადგენს და უნდა ამოქმედდეს 2025 წელს. თქვენ რის დაკმაყოფილებას სთხოვდით?
- ეკონომიკის სამინისტრო რას ამბობს, მე არ ვიცი. მე ვიცი, რომ არსებობს რეგლამენტი.
ნიკოლოზ ანთიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ენგურზე მომუშავე კომპანიები ელემენტარულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. ის ყურადღებას წყალზე ჩამავალ ხის კიბეებზე ამახვილებს.
მუშაობის აკრძალვის შემდეგ, „ნიუ ვანდერმა“ კიბე შეამოწმებინა სერტიფიცირებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელმაც დაასკვნა, რომ კიბე და სხვა ინფრასტრუქტურა ტურისტებისთვის უსაფრთხოა. ცნობა „ნიუ ვანდერმა“ ენგურჰესს წარუდგინა, მაგრამ წყალსაცავზე ცურვის უფლება ვერ დაიბრუნა.
ენგურზე მცურავი ნავების უსაფრთხოების „უდიდესი რისკის“ გამო ორი კომპანიის მუშაობის შეწყვეტა „ენგური ატრაქციის“ დირექტორმა ნიკა ანთიძემ 2023 წლის 6 ივნისის წერილით მოითხოვა.
როგორ ისეირნა პრეზიდენტმა „ჯიჯი თრეველის“ ნავით
რადიო თავისუფლებას ანთიძე ეუბნება, რომ ამ კომპანიებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება სიტყვიერად ჯერ კიდევ 2022 წელს მოსთხოვა. ამავე დროს, 2022 წლის აგვისტოში „ჯიჯი თრეველის“ ნავით ნიკა ანთიძემ ენგურზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაასეირნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი და ნიკა ანთიძე ენგურის წყალსაცავს „ჯიჯი თრეველის“ ნავით ათვალიერებენ. ნავს კომპანიის დირექტორი მურმან ბარათაშვილი მართავს.
მურმანი იხსენებს, რომ ნიკა ანთიძის თხოვნით პრეზიდენტი და სხვა სტუმრები მისმა კომპანიამ 4 ნავით 10-კილომეტრიან მარშრუტზე გაასეირნა.
ნავი, რომლითაც პრეზიდენტი და ანთიძე მგზავრობდნენ, ერთ-ერთია, რომლის გამოყენების უსაფრთხოებაც ახლა ეჭვქვეშაა.
პრეზიდენტი ნავებამდე იმ ხის კიბით ჩავიდა, რომლის უსაფრთხოებაც დაწუნებულია.
„მე წინააღმდეგი ვიყავი პრეზიდენტის ნავებით გასეირნების“, - ამბობს დღეს ნიკოლოზ ანთიძე.
„მე წინააღმდეგი ვიყავი, ვუთხარი კიდევ ადმინისტრაციას, პროტოკოლს და დაცვას, მაგრამ მაინც ჩავიდა პრეზიდენტი. მაშინ მოხდა ინციდენტი - პრეზიდენტის მრჩეველი დავით თევზაძე ჩავარდა წყალში“.
ენგურზე „ჯიჯი თრეველის“ ნავით ნიკოლოზ ანთიძის კიდევ ერთი გასეირნების ამსახველი ვიდეო, ჟურნალისტ თომა ჩაგელიშვილის იუტუბარხზე იძებნება. 2021 წელს „რუსთავი 2“-მა ენგურის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა; ნავზე ჩაგელიშვილს ანთიძე მასპინძლობს.
„ეს მგზავრობა მაშინ ენგურის ადმინისტრაციამ დამიგეგმა, სხვა მხრიდან ჩავედით წყალში უფრო უსაფრთხოდ“, - ამბობს დღეს ანთიძე.
„ჯიჯი თრეველის“ ნავები სახელმწიფომაც დაიქირავა 2020 წელს. მაშინ ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ მურმან ბარათაშვილს უცხოელი ბლოგერების ენგურის წყალსაცავზე გასეირნება შეუკვეთა. ტურიზმის სააგენტომ რადიო თავისუფლებას ამ ტურის ფარგლებში გადაღებული ფოტოები გამოუგზავნა, სადაც „ჯიჯი თრეველის“ ერთი ნავიც ჩანს.
ენგურჰესზე ტურისტული სეზონი დაახლოებით 4 თვე - მაისიდან სექტემბრამდე გრძელდება, მას შემდეგ, რაც ენგურჰესის ადმინისტრაციამ კომპანიებს ბრალდებები წარუდგინა, „ნიუ ვანდერმა“ მუშაობა შეწყვიტა.
კომპანია „ჯჯ თრეველის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი კომპანიაც ფაქტობრივად გაჩერდა, 7-ის ნაცვლად მარტო 1 ნავით მუშაობს - მხოლოდ იმ ტურისტებს ემსახურება, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ ტურები შეკვეთილი.
ტურისტები ნავებამდე „პარტიზანულად“, ენგურის კაშხლიდან მოშორებით, რამდენიმე კილომეტრში მიჰყავთ.
მურმან ბარათაშვილი: „ამან გამოიწვია ის, რომ ის 7 კატერი, რომლითაც ტურისტებს ვემსახურებოდი, აღარ მჭირდება, ვეღარ დაიტვირთებოდა. ერთი მენავე მყავს და ვაკეთებ იმას, რომ ფირმა შევინარჩუნო და ეს სეზონი რამენაირად ბოლომდე მივიყვანო და დავიწყო სამართლებრივი ბრძოლა, რომ იქნებ მომავალ სეზონზე მაინც შევძლო ტურისტების მომსახურება. მეუბნებიან, რომ თითქოს უსაფრთხოება არ მაქვს დაცული, ამ 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა, თუნდაც ერთი საჩივარი ან ერთი უკმაყოფილო ტურისტი ყოფილიყო“.
ენგურჰესის ადმინისტრაციამ ტურისტული სეზონის მიწურულს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტებს ენგურის წყალსაცავის წყლის ზედაპირის იჯარით გაცემის ფასი დაათვლევინა. 3000 კვ.მ ზედაპირის წლიური ქირის ფასად ექსპერტებმა დაახლოებით 21 ათასი ლარი დათვალეს. ახლა „ჯიჯი თრეველს“ მოლაპარაკება აქვს ჰესის ადმინისტრაციასთან, რომ შესაბამისი ქირის გადახდის შემთხვევაში წყალში ჩასვლის უფლება დაიბრუნოს. ენგურის ადმინისტრაციას საიჯარო ხელშეკრულების პროექტი მომზადებული აქვს, „ჯიჯი თრეველს“ მომავალ ტურისტულ სეზონზე მუშაობის შანსი უჩნდება.