რუსულმა საინფორმაციო არხმა Soshi_today გაავრცელა ვიდეო, რომელიც ასახავს შოტლანდიურ ქვედაკაბაში - კილტში - გამოწყობილი რუსი ტურისტისა და აფხაზეთის ადგილობრივი მოსახლეობის დაპირისპირებას. აფხაზეთში რუსი ტურისტის საქციელი პროვოკაციად შეაფასეს. ამბობენ, რომ მას ტურისტული ნაკადის შემცირება ჰქონდა მიზნად დასახული.
გავრცელებული ინფორმაციით, შოტლანდიურ ქვედაკაბაში გამოწყობილი ყმაწვილი როსტისლავ კოლპაკოვია. ის გაგრაში მეგობართან ერთად საკმაოდ ძვირად ღირებულ სასტუმროში ცხოვრობს. ვიდეოც, სავარაუდოდ, მეგობარმა გადაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მილანა ნარმანია ამბობს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უშუალოდ ტურისტისგან განაცხადი არ შემოსულა, მაგრამ ინციდენტი მაინც შეისწავლეს და ის პირებიც დაადგინეს, რომლებიც თავდასხმაში მონაწილეობდნენ.
ირკვევა, რომ ჩხუბის მონაწილე აფხაზური მხრიდან იყო 1991 წელს დაბადებული ალხას პართანაძე. ის 16 ივნისს დააკავეს და ახლა 15-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
კომენტარი გააკეთა კურორტებისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ასტამურ ბარციცმაც:
„სასტუმროში რომ დასახლდა, უკვე მაშინ იქცეოდა არაადეკვატურად და გამომწვევად. სასტუმროს თანამშრომლების პროვოცირება სურდა და უხეშად ელაპარაკებოდა. იგივე გააგრძელა ექსკურსიაზეც. როდესაც კანიონამდე მივიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა: შორტები გაიხადა და კილტი ჩაიცვა. ვიდეოს თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჩხუბისთვის მზად იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს მოქალაქეებს სურდათ მოჩხუბრები გაეშველებინათ. ეს ადგილი, ბზიფის ხეობა, მილიციის მიერ კონტროლდება, მაგრამ, სამწუხაროდ, საპატრულო მანქანა იმწუთას იქ არ იყო, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყო ვითარების დაძაბვას. შემდეგ კი, როგორც გიდი და მძღოლი ჰყვებიან, ეს ყმაწვილი ჩაჯდა მანქანაში, წავიდა და სიმღერა წამოიწყო, რითაც გვანახვა, რომ მისი პროვოკაცია წარმატებით დასრულდა და რაც უნდოდა, ის მიიღო“.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში.
სტატია შემოკლებულია.