Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უთხრა პოლიციას 9 წლის ბიჭმა, რომ წაიქცა და ის არავის უცემია


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსთავში, 9 წლის ბიჭის ცემის ამბავი, 5 ივლისს, სოციალურ ქსელში გაავრცელა რუსკა მჭედლიძემ. თუმცა, პოსტის დაწერის მიზეზი მხოლოდ ბავშვის ცემის ფაქტი არ იყო. როგორც ის სოციალურ ქსელში წერდა, გამოკითხვაზე წაყვანილ ბავშვს, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში „დააწერინეს, რომ წაიქცა“ და ის არავის უცემია.

რუსკა მჭედლიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე ოჯახში ძალადობის მუხლით მხოლოდ მას შემდეგ აღძრა, რაც მან საჯაროდ, სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია ბავშვის ცემისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო რეაგირების ფაქტზე.

რა მოხდა 4 ივლისის საღამოს?

რუსკა მჭედლიძე ყვება, რომ 4 ივლისის საღამოს, 7-8 საათი იქნებოდა, როდესაც ეზოდან ბავშვის ყვირილი და ტირილი შემოესმა:

„მესამე სართულის აივანზე ვიყავი, გადავიხედე, ბავშვი ეგდო ძირს, კაცი ედგა თავზე და ურტყამდა წიხლებს. წამის მეასედში აღმოვჩნდი ეზოში“.

„ეს კაცი მეზობლებმა მოაცილეს ბავშვს. ეუბნებოდნენ, ბავშვს როგორ ურტყამ ასე უმოწყალოდო. ბიჭს ნაკაწრები ჰქონდა მუცელზე, ცემის კვალი ეტყობოდა, დაწითლებული იყო“, - აგრძელებს რუსკა მჭედლიძე:

„კაცი, რომელიც ბავშვს სცემდა, მისი მამინაცვლის მამაა. ბავშვი დავსვით, დავამშვიდეთ, წყალი დავალევინეთ. მე ვკითხე, ხშირად გცემს-მეთქი? მიპასუხა, სულ მცემენ და ახლაც რომ გავყვე სახლში, იქაც მცემენო. ეზოში ჩამოვიდა ბავშვის მამინაცვლის დედაც, რომელიც ბიჭს უყვიროდა და ისევ ცემით ემუქრებოდა. რომ დაეცი, რატომ თავიც არ დაარტყი და არ მოკვდიო. ბავშვი მეხვეწებოდა, შენთან ერთად წამოვალ, აქ არ დამტოვოო, მაგრამ ქალმა ჩხუბი დამიწყო, შენ ვინ გეკითხება, ბავშვს რომ არ მატანო“.

რუსკა მჭედლიძე ამბობს, რომ პოლიციის გამოძახებისგან მეზობლებმა თავი შეიკავეს, თქვეს, ოჯახში თვითონ მოგვარდებიანო:

„სახლიდან ისეთი სისწრაფით გამოვიქეცი, რომ ტელეფონი არ წამომიღია. ამიტომ სახლში მომიწია ასვლა ტელეფონის ასაღებად. თავდაპირველად ბავშვის ბიძასთან და ბიცოლასთან დავრეკე. ბიცოლას მოსვლას დაველოდე, რომ მასთან ერთად ავსულიყავი ბავშვთან სახლში და პოლიცია გამომეძახებინა, მაგრამ ეზოში დაბრუნებულს, პოლიცია უკვე გამოძახებული დამხვდა“.

როგორც რუსკა ამბობს, აღმოჩნდა, რომ პოლიცია ნაცემი ბიჭის მეგობარმა, ასევე მცირეწლოვანმა ბავშვმა, მეზობლის ტელეფონით გამოიძახა:

„სანამ ბავშვს ე.წ. ბებია წაიყვანდა სახლში, ორ მეგობარს დაუბარა, თუ 10 წუთში ეზოში არ ჩამოვედი, ე.ი. კიდევ მცემენ და 112-ში დარეკეთო. ბიჭი რომ არ გამოჩნდა, ერთ-ერთი მეგობარი ავიდა მასთან სახლში, კარიდან შემოესმა ბიჭის ტირილი და მეზობლის ტელეფონით დარეკა პოლიციაში“.

9 წლის ბიჭი და დედამისი, რომელიც ბავშვზე ძალადობის დროს სახლში არ იყო, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში 4 ივლისს, გვიან საღამოს გადაიყვანა.

თვითმხილველის სტატუსით, გამოკითხვაზე გადაყვანას ითხოვდა რუსკა მჭედლიძეც, თუმცა, როგორც ის გვეუბნება, პოლიციამ უარი უთხრა.

„დააწერინეს, რომ წაიქცა“ - როგორ განვითარდა მოვლენები 5 ივლისს?

რუსკა მჭედლიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მეორე დილით, 5 ივლისს, ბავშვის ამბის გასაგებად ეზოში ჩასულმა, შეიტყო, რომ ძალადობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება არ დაიწყო:

„იმ მეზობელმა, რომლის ტელეფონითაც შევიდა ზარი 112-ში, მითხრა, რომ საქმე შეწყდა, რადგან პოლიციაში ბავშვს ათქმევინეს, რომ წაიქცა და არავის უცემიაო“.

ქალი ამბობს, რომ ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ, ის ჯერ იმ სკოლაში წავიდა, სადაც 9 წლის ბავშვი სწავლობს, შემდეგ კი სოციალურ ქსელში საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ ინსპექციას მიმართა:

„სკოლის დირექტორი ჩავაყენე საქმის კურსში, რომ მათ მოსწავლეზე იძალადეს. თან მახლდა ბავშვის ბიცოლაც. დირექტორმა დარეკა მანდატურის სამსახურში. მალევე მოვიდა მანდატური, გამოგვკითხა, შეავსო ფორმა #2, რომელიც დაურთო ბავშვის საქმეს და ინფორმაცია გადააგზავნა სოციალური ზრუნვის სააგენტოში. ამის შემდეგ დავწერე საჯარო პოსტი და პოლიციის განყოფილებაში წავედი, რათა დამეფიქსირებინა პრეტენზია“.

რუსკა მჭედლიძე ირწმუნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვზე ოჯახში ძალადობის საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია:

„რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში რომ მივედი, მითხრეს, აი, ხომ ატეხე ამბავიო. რომ ვკითხე, მე რატომ არ გამომკითხეთ-მეთქი, ხომ ხედავ, მთელი უბანი მოვიყვანეთ გამოკითხვაზეო. მე წესით, დღეს უნდა გამომკითხონ“.

რუსკა მჭედლიძე ამბობს, რომ 9 წლის ბავშვი, რომელზეც 4 ივლისის საღამოს ფიზიკურად იძალადეს, ბაბუამ წაიყვანა. მისი ინფორმაციით, ბავშვი ერთ-ერთ რეგიონში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.

რაც შეეხება ბიჭის დედას, რუსკა მჭედლიძე ამბობს, რომ დედას მის მიმართ პრეტენზია აქვს:

„ჩემი თანდასწრებით, ტელეფონით ელაპარაკა ბავშვის ბიცოლა დედამისს. იმუქრებოდა, ციხეში ჩაჯდომა რომ დამჭირდეს, ამას არ ვაპატიებ პოსტის ავტორს, გავანადგურებ, რატომ დაწერა ტყუილიო. თვლის, რომ მათი ოჯახის საქმე საქვეყნოდ გამოვფინე. თან ირწმუნებოდა, მე არაფერი დამიძალებია ბავშვისთვის, თვითონ თქვა, წავიქეციო. თავად ბავშვს კი მოიხსენიებდა უდიერად. ვაპირებ, რომ შსს-ს მივმართო განცხადებით ამ ქალის მხრიდან მუქარის ფაქტზე“.

რუსკა მჭედლიძის მონათხრობის თანახმად, ოჯახი, სადაც ბიჭი იზრდება, სოციალურად დაუცველია. ბიჭის დედა თბილისში, მომსახურების სფეროში მუშაობს და სახლში გვიან ღამით ბრუნდება. 9 წლის ბიჭი და მისი და-ძმა, რომლებიც ასევე არასრულწლოვნები არიან, ცდილობენ, დედის მოსვლამდე არ ავიდნენ სახლში, სადაც მათი მამინაცვალი და მამინაცვლის მშობლები ცხოვრობენ:

„ბავშვი ყვებოდა, რომ ძმებს სახლში ხშირად სცემენ. სცემს მამინაცვალიც და მისი მამაც. ამბობს, რომ ბავშვი უცემიათ ფეხსაცმლითაც. არ აძლევენ სახლში თამაშის უფლებას. შეიძლება ითქვას, რომ ამ ბავშვებს არავინ ჰყავთ, გარდა ბიძისა (ბიოლოგიური მამის ძმა) და ბიცოლასი. მანამდეც, ძალადობის ფაქტები რომ ყოფილა, ბიცოლას და ბიძას მიჰყავდა ხოლმე ბავშვები დროებით სახლში. თუმცა, სამწუხაროდ, არც ისინი რეკავდნენ პოლიციაში“.

გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ 9 წლის ბიჭის ცემის ფაქტზე, გამოძიება დაწყებულია ოჯახში ძალადობის, 126-ე პრიმა მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება და მოწმეთა გამოკითხვა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბავშვმა თავდაპირველად, ანუ 4 ივლისის ღამეს, პოლიციის განყოფილებაში უარყო ძალადობის ფაქტი, რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ოფიციალური წყარო უდასტურებს, რომ გასაუბრებისას, "მოზარდს სამართალდამცავებისთვის არ მიუთითებია მის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე".

რა უნდა ექნა შსს-ს?

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, იმავე დღეს, 5 ივლისს გაგზავნა წერილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში და ფაქტზე დროული რეაგირება მოითხოვა.

ანა თავხელიძე, ორგანიზაციის იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თვითმხილველების მონათხრობი აბსოლუტურად საკმარისი იყო იმისთვის, რომ სამართალდამცავებს მიეღოთ სავარაუდო დამნაშავის დაკავების გადაწყვეტილება:

ანა თავხელიძე
ანა თავხელიძე

„ბავშვმა რომც არ მოყვეს, რომც არ დაადასტუროს მის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტი და უარყოს, ამ ფაქტს ჰყავდა მოწმეები, რომლებმაც კაცს ბავშვი ხელიდან გამოსტაცეს. ეს საკმარისზე მეტი მტკიცებულებაა ამ ადამიანის დასაკავებლად“.

რაც შეეხება ბავშვის გამოკითხვის პროცესს, ანა თავხელიძის თქმით, სამართალდამცავებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევებში, შესაძლოა დედის ფაქტორი წარმოადგენდეს ინტერესთა კონფლიქტს და როდესაც არსებობს დედის მხრიდან ბავშვის ინტერესების უგულებელყოფის ეჭვი, დაუშვებელია დედა იყოს ბავშვის წარმომადგენელი საგამოძიებო უწყებაში:

„არ შეიძლება ასეთ დროს დედა ესწრებოდეს გამოკითხვის პროცესს ან ახორციელებდეს წარმომადგენლობას. ასეთ შემთხვევაში, სხვა სანდო პირი უნდა იყოს ბავშვის წარმომადგენელი. უმჯობესია, რომ თავად სახელმწიფომ აიღოს ეს ვალდებულება და სოციალური მუშაკი დაინიშნოს ბავშვის საპროცესო წარმომადგენლად. საინტერესოა, თუ იფიქრა ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თუ არ უფიქრია, ახლა უნდა დაფიქრდნენ საპროცესო წარმომადგენლის ჩანაცვლებაზე“.

ამასთანავე, ანა თავხელიძე ამბობს, რომ ბავშვის გამოკითხვა უნდა მომხდარიყო არა პოლიციის განყოფილებაში, არამედ მისთვის მორგებულ გარემოში:

„ამ ტიპის გამოკითხვებს უნდა ესწრებოდეს ფსიქოლოგი. უნდა ხდებოდეს აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რათა ნათლად აღსაქმელი იყოს, ვის რა როლი აქვს იქ, რათა გამოირიცხოს ძალადობის დამალვის და ჩაფარცხვის ეჭვი“.

რას ამბობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო?

5 ივლისს გახმაურებული ძალადობის ფაქტს მიღმა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ზრუნვის სააგენტოს სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრები სამი არასრულწლოვნის მდგომარეობის შესახებ? რადიო თავისუფლებამ კითხვით მიმართა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე, მათ ამ ინფორმაციის დაზუსტება არ შეუძლიათ.

რაც შეეხება ორი დღის წინ მომხდარ ფაქტს, სააგენტო მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლება და გვეუბნება, რომ „სააგენტო ჩართულია ამ შემთხვევის მართვაში. შესწავლის პროცესში გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისად განხორციელდება რეაგირება და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას მიეწოდება შესაბამისი სერვისები“.

XS
SM
MD
LG