სანათა ოჩიაური ერთ-ერთია იმ მასწავლებლებს შორის, რომლებიც სკოლიდან ტრანსპორტით და როგორც უთხრეს, "სამინისტროს დავალებით" წაიყვანეს ლექციის მოსასმენად. სანათამ აკაკი მინდიაშვილის ქრისტიანობისა და სახარების არსზე მიძღვნილი ლექციის მოსასმენად 100 კილომეტრი გამოიარა ისე, რომ მისთვის არავის უკითხავს ჭირდებოდა თუ არა ეს ლექცია, აინტერესებდა თუ არა ლექციის თემა და ჰქონდა თუ არა ამის დრო. ლექციაზე დასწრებისთვის მას სკოლაში 5 გაკვეთილის გაცდენამ მოუწია. დარბაზში, სადაც სანათას და სხვა მასწავლებლებს აკაკი მინდიაშვილი ლექციას კითხულობდა, მასწავლებლების ნახევარზე მეტი მუსულმანი იყო. სანათა ოჩიაური Facebook-ზე წერს, რომ მისთვის მუსულმანური აღმსარებლობის მასწავლებლებისთვის ქრისტიანობაზე ლექციის ჩატარება იმდენად აღმაშფოთებელი იყო, რომ ოთახი დატოვა.
"ხატი, წერილი მოვიდა სკოლაში, რომ 7 ივნისს 9.30 საათზე უნდა ვყოფილიყავით რესურსცენტრში, რათა რუსთავში შეხვედრაზე წავეყვანეთ. რა შეხვედრა იყო, რის შესახებ, ან ვისთან არ აუხსნიათ და ეს იყო ,,სავალდებულო" ,,აუცილებელი". უარის თქმის უფლებაც არ გვქონდა." - ამბობს სანათა ოჩიაური.
გუმბათის საჯარო სკოლის 24 წლის მასწავლებლისთვის, ირა ძირკვაძისთვის ეს ლექცია პირველი აღმოჩნდა იმ საგანმანათლებლო ღონისძიებებს შორის, სადაც მასწავლებლის სტატუსით დაიბარეს. ირა მუსლიმია.
"დილაუთენია გავიღვიძე, ჩემი საყვარელი კაბა ჩავიცვი და თმისაკეთიც განსაკუთრებული შევარჩიე... ჩამოვედით რუსთავში და შევიყუჟეთ ერთ პატარა ოთახში რეგიონიდან ჩამოსული მასწავლებლები... საათნახევარზე მეტი ვუსმინეთ ლექციას, რომლის მთავარი არსიც იყო, რომ ჩვენ მასწავლებლებმა ნამდვილი ქრისტიანი და ეკლესიაში მოსიარულე ადამიანები უნდა აღვზარდოთ...აუცილებლად უნდა ვეზიაროთ და ღვთის შიშით ვიცხოვროთ...თურმე ერთადერთი ჭეშმარიტი გზა მართმადიდებლობაა და სხვა რელიგიის აღმსარებლები ჯოჯოხეთში მოვხვდებით...რახან ლოცვით არ ვიწყებთ და არ ვასრულებთ გაკვეთილს, მაგიტომ ვართ ზნეობრივად და მორალურად დაცემული ახალგაზრდობა...
სხვათაშორის, იქ დამსწრე მასწავლებლეთა ნაწილი ქართველი მუსლიმები ვიყავით..."- წერს ახალგაზრდა მასწავლებელი და იმედს იტოვებს, რომ განათლების მინისტრის ბრძანება არ ყოფილა მათი ამ ლექციაზე ყოფნა.
"ლექციის კულმინაცია იყო საგალობელის მოსმენა, ვიფიქრე წავალ_მეთქი , მაგრამ გადავიფიქრე, ვიცოდი "შემაჩვენებდა" . მაგალითი წინ მქონდა, რამდენიმემ დატოვა დაწყებისთანავე და _" ამათ რა უნდა ასწავლონ ბავშვებსო..." ასე შეაფასა (სეუში) მისთვის უცნობი პედაგოგები. " - წერს კიდევ ერთი პედაგოგი, რომელსაც ასევე მოუწია აკაკი მინდიაშვილის ლექციის მოსმენა.
"პედაგოგებმა გამოხატეს წუხილი სიცხის გამო (კონდენციონერი არ მუშაობდა) ამის საპასუხოდ განაცხადა: ამ სიცხის ატანა გერჩივნოთ იმქვეყნიურ, ჯოჯოხეთურ ცეცხლსო. რა შთაბეჭდილება უნდა დაგრჩენოდა?" - ესეც კიდევ ერთი მასწავლებელი მინდიაშვილის ლექციიდან.
თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის სხვადასხვა დროს ჩატარებული ლექციები განთავსებულია ინტერნეტში, მათ შორის Youtube-სა და Odnoklasniki.ru-ზე.
მასწავლებლებს შორის არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ იცოდნენ, მინისტრის მოადგილესთან მიდიოდნენ და ქრისტიანობის შესახებ ლექციაზე აღმოჩნდნენ.
ფილოლოგი გია მურღულია ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის ქრიტიანობის თემაზე ლექციების შეუთანხმებლად ჩატარებას ეხმაურება და ამბობს, რომ: "ასეთი ამბები არ უნდა იგეგმებოდეს და ხდებოდეს სპონტანურად და ყველამ წინასწარ უნდა იცოდეს, სად და რა მიზნით მიდის ან რა სარგებელს ნახავს.
იქ, სადაც მასწავლებლებს რამეს აძალებენ, იღებენ მოსწავლეებს, რომლებსაც საკუთარი პიროვნების ნორმალური გაცნობიერება და უფლებების დაცვა არ შეუძლიათ.
ის, რაც სრულად რწმენის სფეროა (მაგალითად, ღვთისმშობლის წილხვდომილობა), არ შეიძლება მასობრივი სწავლების საგანი იყოს."
ლექციები ქართულის მასწავლებლებისთვის რელიგიურ თემაზე საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდოულად მიმდინარეობს. როგორც "ქუთაისი პოსტი" წერს, იმერეთის მუნიციპალიტეტებისა და სოფლების საჯარო სკოლების მასწავლებლებს წილხვდომილობის დღესასწაულზე ლექციები "ქუთაისის უნივერსიტეტში" 3,4 და 6 ივნისს ჩაუტარდათ. ქუთაისში ლექციები ლავრენტი ჯანიაშვილმა და ნანა მრევლიშვილმა წაიკითხეს. "ქუთაისი პოსტისვე" ინფორმაციით, უნივერსტეტმა ლექციებისთვის ფართი განათლების სამინისტროს დავალებით გამოყვეს, მათ მიერ მიწერილი წერილის საფუძველზე, თუმცა პროექტი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.
რადიო თავისუფლება შეეცადა დააკავშირებოდა განათლების სამინისტროს 8 ივნისს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. 7 ივნისს კი მედიასთან საუბარში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ მედიას უთხრა, რომ იძულებით არავისი მიყვანა არ ხდება არავითარ ღონისძიებებზე.
„არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, როგორც მოგეხსენებათ, არის შექმნილი სამთავრობო კომისია წილხვდომილობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ის ღონისძიებები, რომელიც კომისიის ფარგლებში არის დაგეგმილი, ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ ყველა დაინტერესებულ მხარეებს. შესაბამისად, იძულებით მიყვანა არავისი არ ხდება არავითარ ღონისძიებაზე.“
საქართველოს პარლამენტმა ღვთისმშობლის წილხვდომილობა 8 მაისს დააკანონა და შრომის კოდექსში 12 მაისი, როდესაც წილხვდომილობა აღინიშნება, უქმე დღედ გამოაცხადა.
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში ეწერა, რომ:
- საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად - ეროვნულ დღესასწაულს.
- სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა, შესაბამისად, ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და იძენს საყოველთაო ზეიმის ხასიათს.
- „შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას - იმედის დღე“.
საქართველოს მთავრობამ კი წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, დაამტკიცა და მისი შესრულებისთვის ათასობით ლარი სარეზერვო ფონდიდანაც გამოყო.
მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის, თბილისსა და რეგიონებში ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები, ფოლკლორული ანსამბლების ტურნეები დაიგეგმა.
მთავრობის განკარგულებით, 480 ათასი ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო, 141 600 ლარი — საქართველოს საპატრიარქომ, 73 ათასი ლარი კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სულ სარეზერვო ფონდიდან 893 940 ლარი გამოიყო, აქედან 696 600 პირველი ეტაპის ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 199 340 ლარი — დამატებითი დაფინანსების ფარგლებში.
ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის ამსახველი 150 ათასი ხატის და 150 ათასი ბროშურის ბეჭდვაზე, დიზაინის მომსახურების შესყიდვასა და დარიგებაზე 48 400 ლარი გამოიყო.
მასწავლებლები, რომლებიც ქრისტიანობის შესახებ ლექციებზე გაუფრთხილებლად აღმოჩნდნენ, რადიო თავისუფლებას უყვებიან იმასაც, რომ მათთვის აქამდე არასოდეს აუნაზღაურებით რაიმე ტრენინგზე წასვლისას მივლინებით თანხა. გამონაკლისი მხოლოდ ეს ლექციები აღმოჩნდა - როდესაც რესურს ცენტრებმა მათ ლექციებზე წასვლისთვის მივლინება გაუფორმეს და თანხაც გადაუხადეს.