განაჩენის მიხედვით, კაცი თავის სახლში ამყარებდა სქესობრივ კავშირს 12 წლის მოზარდთან, მაგრამ ეს ფაქტი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მისთვის სასჯელის ზომად არა 4-წლიანი გამოსაცდელი ვადა, არამედ პატიმრობის 7 ან 9 წელი განესაზღვრათ, როგორც ამას სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი ითვალისწინებს.
როგორც აღმოჩნდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ორი წლის წინ მიღებული ეს გადაწყვეტილება, საქართველოს სასამართლო სისტემაში არ ყოფილა გამონაკლისი შემთხვევა.
„ბათუმელებმა“ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებისგან გამოითხოვა ინფორმაცია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარე საქმეებზე, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. სასამართლოებისგან მიღებული ხუთი განაჩენიდან კი გაირკვა, რომ ოთხ საქმეზე მოსამართლეებმა ბრალდებულებს სწორედ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცეს.
საპროცესო შეთანხმებების დამტკიცების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად კი დასახელდა ე.წ. „ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი“. რომ თითქოს, ბრალდებულებს 16 წლამდე ასაკის მოზარდებთან არა ძალადობით, არამედ ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირები ჰქონდათ.
ასე დაუმტკიცა, მაგალითად, 2022 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 20 წლის ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება, რომელსაც 15 წლის მოზარდთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი და რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ დაქორწინდნენ.
რაც შეეხება დაქორწინებას. საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. მხოლოდ ერთ წლის განმავლობაში, 2017 წლამდე არსებობდა ასევე სამოქალაქო კოდექსში ჩანაწერი, რომ 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. 2017 წლის პირველი იანვრიდან, ეს მუხლი ძალადაკარგულად გამოცხადდა.
ანუ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე მოზარდი მის სრულწლოვან პარტნიორთან მხოლოდ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფება და არა ქორწუნებაში
„ეს არის სექსუალური ძალადობისა და ადრეული ქორწინების წამახალისებელი პრაქტიკა“
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს ასეთი მუხლი, 140-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ითვლება მძიმე დანაშაულად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე. ამ მუხლში არაფერია ნათქვამი ე.წ. „ნებაყოფლობით“ თანხმობის შემამსუბუქებელ გარემოებაზე.
საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, სრულწლოვანი პირის მიერ 12 წლის ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარება არის გაუპატიურება. შესაბამისად, ქმედების შეფასება ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირად, უკვე წარმოადგენს არასათანადო რეაგირებას.
საქართველოს არაერთი ხელშეკრულება, მათ შორის ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის ევროპის საბჭოს კონვენცია, ავალდებულებს სექსუალური ძალადობის შემთხვევები გამოიძიოს და ეფექტურად დასაჯოს, პროპორციული და შემაკავებელი ხასიათის სანქციებით. ხოლო პირობითი მსჯავრის შეფარდება სასჯელის სახით, მით უფრო, ისეთი საშეღავათო ღონისძიების გამოყენებით, როგორიცაა საპროცესო შეთანხმება, არ წარმოადგენს 12 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევაში პროპორციულ სასჯელს.
ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ამბობს, რომ ამ დანაშაულის „ნებაყოფლობითობით“ შეფუთვა ძალადობისა და ადრეული ქორწინების წამახალისებელი მანკიერი პრაქტიკაა:
„ეს არის მოძალადეების პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მეთოდი, რომ მას ბავშვთან ექნება სექსი, მერე რაღაც პერიოდი იქნება მასთან თანაცხოვრებაში, იტყვის, რომ აი, ჩვენ ოჯახი შევქმენით, ამის გამო ის მიიღებს შეღავათს და შემდეგ მათი ურთიერთობა ან ძალადობის ფორმას მიიღებს და არავინ იცის, როგორ დასრულდება ბავშვისთვის თავსმოხვეული ოჯახური ცხოვრება“.
ანა თავხელიძის თქმით, პრობლემა იმაზე ღრმაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს:
„ხშირ შემთხვევაში, ზიანი ადგება ბავშვების ფიზიკურ ჯანმრთელობას. გარდა ამისა, იმ საზოგადოებაში, რა საზოგადოებაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ისინი განიცდიან უდიდეს მორალური წნეხს. ამ ტიპის დანაშაულების შემდეგ, ხშირად, ბავშვები იძულებულნი ხდებიან დაიწყონ თანაცხოვრება იმ პირთან, ვინც მათთან სექსუალური კავშირი დაამყარა. შესაბამისად, ძალიან მაღალია მათ მიმართ ოჯახში ძალადობის რისკი. ხშირად, ამ ბავშვებს უწევთ სკოლის მიტოვება, რაც განაპირობებს მოძალადეზე მატერიალურ დამოკიდებულებას და იკვრება ჯაჭვი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ძალადობის მძიმე ფორმებით სრულდება ხოლმე“.
ამასთანავე, საკითხავია ისიც, თუ რას უწოდებს პროკურატურა, მოსამართლე „ნებაყოფლობით თანხმობას“, როდესაც საქმე ეხება 12 წლის ბავშვს ან 15 წლის მოზარდს:
„ეს არის შეფუთული დანაშაული. ამ ტიპის სექსუალური კავშირის დროს, უმეტესად, საქმე გვაქვს ბავშვის ნების დამთრგუნველ გარემოებასთან, როდესაც ბავშვს არ აქვს იმის გაცნობიერების საშუალება, თუ რა ხდება მის თავს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამგვარ კავშირს, რა რისკის წინაშე შეიძლება დადგეს მისი ჯანმრთელობა. მით უმეტეს, რომ საქართველოში, სკოლებში, სქესობრივი განათლება არ არსებობს. სახელმწიფო არ სწავლობს, როგორ მოხდა ბავშვის დაყოლიება სექსუალურ კავშირზე“, - ამბობს ანა თავხელიძე.
ამის საილუსტრაციოდ იურისტს მოჰყავს 2021 წელს, ქობულეთში დატრიალებული ტრაგედია, როდესაც 14 წლის მოზარდმა თავი მას შემდეგ მოკლა, რაც სრულწლოვანმა პირმა „დაქორწინების პირობით“ მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა, ამ ამბის გახმაურების შემდეგ კი ოჯახმა მოზარდზე ფიზიკურად იძალადა:
„პროკურატურა ამბობდა, რომ ეს იყო თანხმობით სექსუალური კავშირი, ჩვენ კი ვამბობდით, რომ ეს იყო გაუპატიურება, რადგან ბავშვი იყო 14 წლის და ამავე საქმეში გამოიკვეთა, რომ მოზარდს მიღებული ჰქონდა ალკოჰოლი. ასევე გამოიკვეთა, რომ მოძალადე მას დაჰპირდა, რომ თუ სექსუალურ კავშირზე დამთანხმდები, ცოლად მოგიყვანო. ანუ, ზემოქმედება მოახდინა ბავშვზე, ასე დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი და ეს ერთმნიშვნელოვნად უნდა ჩათვლილიყო არა ნებაყოფლობით თანხმობად, არამედ გაუპატიურებად“.
ერთადერთი და ისიც უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც პროკურატურამ და სასამართლომ, შესაძლოა, ნაკლებად მკაცრი სასჯელის გადაწყვეტილება მიიღოს, ეს შეიძლება იყოს მოზარდისა და იმ პირის ასაკი, რომელმაც მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა:
„როდესაც საქმე ეხება, მაგალითად, 15 წელზე მეტ გოგოს და 18-19 წლის სრულწლოვანის ურთიერთობას, ასეთ დროს კიდევ შესაძლებელია, რომ მეტად იყოს გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი ეს კავშირი. თუმცა, ესეც ძალიან საგამონაკლისო შემთხვევა უნდა იყოს და ძალიან დეტალურად უნდა ჰქონდეს საგამოძიებო უწყებებს შესწავლილი ეს საკითხიც. მაგრამ კიდევ ერთხელ, როდესაც ლაპარაკია 12 წლის ბავშვზე, ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება, რომ სრულწლოვანი პირის ამ ასაკის ბავშვთან სქესობრივ კავშირს უწოდო ნებაყოფლობითი“.
„ან წარმოდგენა არ აქვთ ბავშვის განვითარებაზე ან მოძალადეს აფარებენ ხელს“
„რატომ ვერ იქნება 12 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობითი? იმიტომ, რომ 12 წლის ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ ადრეული მოზარდობის ასაკშია, ვერ მოსთხოვ პასუხს მის ქცევაზე და განსაკუთრებით სექსუალურ ქცევაზე“, - ამბობს ნათია კუჭუხიძე, ფსიქოთერაპევტი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის.
მისთვის სრულიად მიუღებელია პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის შედეგადაც, ზრდასრული პირები, რომლებიც სქესობრივ კავშირს ამყარებენ ბავშვებთან და მოზარდებთან, ე.წ. „ნებაყოფლობითი“ კავშირის იარლიყით, ფაქტობრივად, სასჯელის გარეშე რჩებიან:
„უამრავი ტრენინგია ჩატარებული მოსამართლეებთანაც და პროკურორებთანაც, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ძალადობა, მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ამ ცოდნას უბრალოდ ვერ იყენებენ. 12 წლის ბავშვს ზრდა-განვითარება არ აქვს დასრულებული. მისი კოგნიტური ფუნქციონირება ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. იმ ადამიანს, ვინც ამბობს, რომ 12-13 წლის ბავშვი „ნებაყოფლობით“ თანხმდება სქესობრივ კავშირს, ან წარმოდგენა არ აქვთ ბავშვის განვითარებაზე ან მოძალადეს ხელს აფარებს, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ“.
ნათია კუჭუხიძის თქმით, ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც განზრახული აქვს ბავშვთან სქესობრივი კავშირის დამყარება, ადვილად შეუძლია მისი ნდობის მოპოვება, სქესობრივ კავშირზე დაყოლიება, რომელსაც შემდგომ მოზარდის თანხმობით გაამართლებს. და ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან დაბალია ზოგადად საზოგადოებაში და მით უმეტეს, ბავშვებში სქესობრივი განათლება:
„ამ ასაკის ბავშვის გავლენის ქვეშ მოქცევა არის ძალიან მარტივი. ძალიან თანმიმდევრულია სექსუალური მოძალადეების ქცევა. და კი, ზრდასრული ადამიანი, რომელიც 12-13 წლის ბავშვთან ამყარებს სქესობრივ კავშირს, ის სექსუალური მოძალადეა და ამას ვერანაირი ე.წ. თანხმობა ვერ ამართლებს. მათი ქმედება შენიღბულია, ნდობით ურთიერთობებში შედიან ბავშვებთან, მათ ოჯახთან. შემდეგ ისინი ახდენენ ბავშვების იზოლაციას, ან დასაჩუქრებით, ან დაშინებით. გარდა ამისა, ბავშვებს არ აქვთ სქესობრივი განათლება, ამ ასაკში მათ ვერ მოსთხოვ კრიტიკულ აზროვნებას და საღი გადაწყვეტილებების მიღებას“.
„გრუმინგი“ - ძალადობა სიყვარულის სახელით, სწორედ ასე უწოდებენ ფსიქოლოგები ტაქტიკას, როდესაც ზრდასრული ადამიანები ბავშვებისა და მოზარდების სქესობრივ კავშირზე დაყოლიებას ცდილობენ:
„ამ თემაზე უამრავი მასალაა ინტერნეტში, ის მაინც წაიკითხონ პროკურორებმა და მოსამართლეებმა, გაეცნონ, როგორ შეუძლიათ ზრდასრულ პირებს ბავშვების მახეში გაბმა, მსგავს კავშირებზე დაყოლიება“, - ამბობს ნათია კუჭუხიძე.
დანაშაულის სტატისტიკა
არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულების სტატისტიკა საგანგაშოა.
თუკი მხოლოდ ოფიციალურ სტატისტიკას დავეყრდნობით, რომელსაც თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება ავრცელებს, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, ანუ, 12 თვეში, დაწესებულების მომსახურებით ისარგებლა სექსუალური ძალადობის 109 მსხვერპლმა ბავშვმა. სწორედ ამ დაწესებულებაში ხვდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდები, სადაც მათ უტარდებათ სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება.
მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ 30 ივნისს გახდა ცნობილი.
ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლამდე კაცი დააკავეს. ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც დედამ ბავშვი ტკივილების გამო კლინიკაში წაიყვანა, სადაც გაირკვა, რომ ბავშვი სამი თვისა და ორი კვირის ორსულია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავები საქმის კურსში ექიმებმა ჩააყენეს.
ძალადობის მსხვერპლი და მოძალადე კაცი მეზობლები არიან.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო.