რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის საჯარო გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის (დანაშაულები გათვალისწინებული რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 და 207.3 მუხლებით). კომიტეტის განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ აპირებენ გრიგორი ჩხარტიშვილის ძებნილად გამოცხადებას.
თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერლის ტერორისტად გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსულმა გამომცემლობა АСТ-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „აჩერებს“ ბორის აკუნინისა და დმიტრი ბიკოვის წიგნების გამოცემას და ელოდება „სამართლებრივ შეფასებას“ მწერლების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. პარალელურად, რუსეთის წიგნის მაღაზიებმაც, მათ შორის ონლაინმაღაზია „ლიტერსმა“, გადაწყვიტეს აკუნინისა და ბიკოვის წიგნების ქსელიდან ამოღება.
„მწერლების საჯარო განცხადებები, რამაც გამოიწვია ფართო საზოგადოების პროტესტი, მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას. სანამ ვითარება არ გაირკვევა, წიგნების გამოცემა და ატვირთვა არ განახლდება“, - განაცხადა გამომცემლობა АСТ-ის გენერალურმა დირექტორმა, პაველ გრიშკოვმა.
რა განცხადებებზეა ლაპარაკი?
რამდენიმე დღის წინ რუსმა პრანკერებმა ვოვანმა და ლექსუსმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს ჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც, ემიგრაციაში მცხოვრებ ბორის აკუნინს დაურეკეს და უთხრეს, რომ ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრებოდა, დმიტრი ბიკოვს კი, ვითომ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი დაუკავშირდა. საუბრები, რომელთა დროსაც აკუნინი და ბიკოვი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინას და არ გმობენ იმ ფაქტს, რომ უკრაინელ სამხედროებს უწევთ რუსი ჯარისკაცების დახოცვა, პრანკერებმა სოციალურ ქსელებში ატვირთეს ფრაგმენტების სახით.
„ვფიქრობ, რომ რუსეთის კულტურის ყველა მოღვაწე, რომელიც ეწინააღმდეგება პუტინის დიქტატურას, სიამოვნებით დაეხმარება უკრაინას“, - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა აკუნინის ამ ფრაზამ რუსეთის თითქმის ყველა პროპაგანდისტული მედიასაშუალება მოიარა და ე.წ. Z პროპაგანდისტებისა და ექსპერტების დიდი რისხვა დაიმსახურა. მოგვიანებით მწერალმა კომენტარი გააკეთა ამ განცხადებაზე: „ვეხმარებოდი, ვეხმარები და დავეხმარები უკრაინელებს“.
თუმცა აკუნინმა იქვე შენიშნა, რომ მისი საუბრის ჩანაწერი უხეშადაა დაჭრილი: „ის, რომ თითქოს ვეთანხმები თეზისს "კარგი რუსი მკვდარი რუსია", რა თქმა უნდა, სისულელეა. როგორც ამ არარაობებთანაა მიღებული, ჩემი სიტყვებიდან რაღაც ამოიღეს, რაღაც იმაიმუნეს, რაღაც გადააკეთეს და ა.შ. მიმიფურთხებია მათთვის“.
გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, დმიტრი ბიკოვმა კი პრანკერებთან საუბარში წარმოთქვა ფრაზა, რომელმაც აღაშფოთა უკრაინაში შეჭრის მომხრე რუსეთის მოქალაქეები. საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით ბიკოვმა თქვა:
„რა თქმა უნდა, როცა რუსებს ხოცავენ, გული მწყდება. მაგრამ თქვენ მიმართ პრეტენზია არ მაქვს, ისევე როგორც არ მაქვს პრეტენზია ისრაელის მიმართ ღაზასთან დაკავშირებით“.
ბორის აკუნინმა მოგვიანებით განმარტა, რომ პრანკერებმა ის მართლაც მოატყუეს, მაგრამ აღნიშნა, რომ მას არაფერი უთქვამს ისეთი, რაც მანამდეც ბევრჯერ არ უთქვამს. მწერალი რუსეთის გამომცემლობებისა და წიგნების მაღაზიების გადაწყვეტილებას თავის Telegram-არხზე გამოეხმაურა:
„როდესაც ომი დაიწყო, ბევრი ადამიანი ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, რომ შემეწყვიტა წიგნების გამოცემა აგრესორ ქვეყანაში. ჩემი პოზიცია ასეთი იყო: ჩემი ნებით არ დავშორდები ჩემს მკითხველს; ერთმანეთისგან ვმიჯნავ ცუდ რუსეთის სახელმწიფოს და კარგ ქვეყანას რუსეთს. ამასთან, საჯარო ველზე ვიტყვი და დავწერ იმას, რაც სწორად მიმაჩნია. ასეც ვიქცეოდი.
იმ ჯამბაზებთან საუბარშიც, რომლებიც უკრაინელებად გამეცვნენ, ის ვთქვი, რასაც საჯაროდ ვამბობ და ვწერ:
- პუტინის რეჟიმი მიმაჩნია დამნაშავედ.
- მის მიერ დაწყებული ომი მიმაჩნია დანაშაულად.
- რუსეთის არმიის ქმედებები მიმაჩნია დანაშაულად.
- პუტინის დამარცხება იქნება რუსეთის გამარჯვება.
- რუსეთი თავისუფლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება "დემოსკოვიზება", ანუ გადაიქცევა ნამდვილ ფედერაციად.
- უკრაინას აქვს უფლება, დარტყმას უპასუხოს დარტყმით.
- ვეხმარებოდი, ვეხმარები და დავეხმარები უკრაინელებს“.
ვიდრე ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილის) მონაცემები ექსტრემისტებისა და ტერორისტების რეესტრში არ შეიტანეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მწერალი ადრე „უცხოეთის აგენტად“ იყო გამოცხადებული. რუსეთის კანონმდებლობა ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში მყოფთათვის ზღუდავს ფინანსური ოპერაციების (ტრანზაქციების) შესაძლებლობას: მათთვის მთლიანად იბლოკება ყველა საბანკო ანგარიში. რეესტრში მოხვედრილებს არ შეუძლიათ ხელფასის აღება და თვეში 10 ათას რუბლზე (დაახლოებით 100 დოლარი) მეტის დახარჯვა. ამასთან, რეესტრში შეჰყავთ არა მხოლოდ ექსტრემიზმისა და ტერორიზმის მუხლებით მსჯავრდადებულები, არამედ ეჭვმიტანილებიც.
რას ერჩიან?
ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილის) თქმით, ტერორისტთა რეესტრში მისი შეყვანა გაართულებს ურთიერთობას რუსეთში მცხოვრებ მკითხველთან, თუმცა მომხდარს სხვა განზომილებაც აქვს.
„ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენაა, წიგნების აკრძალვა, მწერლის ტერორისტად გამოცხადება, მაგრამ სინამდვილეში მნიშვნელოვანი ეტაპია. რუსეთში წიგნები არ აუკრძალავთ საბჭოთა დროიდან მოყოლებული. მწერლები ტერორისტებად არ გამოუცხადებიათ დიდი ტერორის შემდეგ. და ეს არაა ცუდი სიზმარი, ასეთ რამ მართლა ხდება რუსეთში. თუ რუსეთის ფედერაციაში იმყოფებით, გაუფრთხილდით თავს, ნუ დაკარგავთ მას, ხოლო თუ რუსეთიდან გასული ხართ, მაგრამ ძალიან გიჭირთ უცხოეთში და დაბრუნებაზე ფიქრობთ - არ დაბრუნდეთ. ღამე უფრო და უფრო ბნელი გახდება. მაგრამ მერე მაინც გათენდება“, - წერს ბორის აკუნინი თავის ვებსაიტზე.
ბორის აკუნინის თქმით, უკვე დაიბეჭდა მისი ახალი წიგნი „ჩემი კალენდარი“, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციაში აღარ გაიყიდება. ასევე დაკაბადონებულია, მაგრამ რუსეთში არ გამოვა აკუნინის „რუსული სახელმწიფოს ისტორიის“ X ტომი, რომელიც ლენინ-სტალინის ეპოქას ეძღვნება. ასევე დაწერილია რომანი „მოსკოვი-სინძინი“, თუმცა, როგორც ჩანს, არც ის გავრცელდება რუსეთის ფედერაციაში.
„რა გაეწყობა, ეს ნიშნავს, რომ ჩემი წიგნები სადღაც თავისუფალ ტერიტორიაზე გამოიცემა, - განაცხადა მწერალმა, - ელექტრონულად კი გაიყიდება ჩემს საავტორო ვებსაიტზე BAbook. მადლობა პუტინოიდებს რეკლამისთვის“.
რუსი Z-პატრიოტები აკუნინისა და ბიკოვის შერისხვით აღფრთოვანებულები არიან, თუმცა მათი პოსტებით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი პრეტენზია აკრძალული წიგნების შინაარსი კი არა, მათი ავტორების არარუსული წარმომავლობაა.
სერგეი კოლიასნიკოვი. ჟურნალისტი: „რუსეთის მოღალატე ჩხარტიშვილის, ზილბერტრუდის (დმიტრი ბიკოვის), პუგაჩოვას, გალკინის, სლეპაკოვის და სხვა დამპალი ადამიანების მაგალითმა ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას სჭირდება ძირეულად განსხვავებული მორალური ორიენტირები და აზრის ლიდერები“.
ილია მერში, ტელეწამყვანი: „როდესაც რევოლუციის შემდეგ ბუნინმა და ნაბოკოვმა დატოვეს რუსეთი, ეს იყო ტრაგედია რუსული კულტურისთვის, თუმცა ერთიც და მეორეც რუს ადამიანებად და რუს მწერლებად დარჩნენ“.
რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გარი კასპაროვის თქმით, რუსეთის მთავრობის სურვილი, ერთდროულად ამოიღოს ქსელიდან აკუნინისა და ბიკოვის არა რომელიმე, არამედ ყველა წიგნი, დიქტატურული მმართველობის უტყუარი ნიშანია.
„როგორც ნებისმიერ დიქტატურას შეეფერება, ერთბაშად იკრძალება ავტორის ყველა წიგნის გავრცელება, მიუხედავად მათი გამოცემის თარიღისა და შინაარსისა. გახსოვთ, როგორ იყო ნაცისტურ გერმანიაში? თავიდან აიკრძალა იდეოლოგიასთან შეუთავსებელი წიგნები, მოგვიანებით კი გააფართოვეს სია ავტორთა "დამსახურების" შესაბამისად. რუსეთში გადაწყვიტეს, დრო არ დაკარგონ წვრილმანებზე და ერთბაშად დაარტყან ავტორს და არა მის წიგნებს. აქაოდა, მტერია და რატომ ველოლიაოთო“, - განაცხადა გარი კასპაროვმა.
ემიგრაციაში მცხოვრები კიდევ ერთი რუსი მწერალი დმიტრი გლუხოვსკი კი წიგნების აკრძალვისა და მწერლების ტერორისტებად გამოცხადების მიზეზს რუსული ემიგრაციის ახალი ტალღის დისკრედიტაციის სურვილში ხედავს:
„ვინაიდან უდავოა, რომ პრანკერების ვოვანისა და ლექსუსის უკან სპეცსამსახურები დგანან, ხდება ზუსტად ის, რაზეც ადრე დავწერე. ესაა მიზანმიმართული ოპერაცია ემიგრაციის დისკრედიტაციის მიზნით. ხელისუფლება ცდილობს გაანადგუროს საზოგადოებრივი აზრის იმ ლიდერების მორალური ავტორიტეტი, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუწვდომელნი არიან და საზღვარგარეთიდან განაგრძობენ ზეგავლენის მოხდენას რუსეთში საზოგადოებრივ აზრზე. ემიგრაცია სახიფათოა ხელისუფლებისთვის, რადგან ის წარმოადგენს პუტინის ბირთვული, კლეპტოკრატიული და ობსკურანტული რუსეთის ალტერნატივას“.
მწერალი და მთარგმნელი ირაკლი ლომოური, რომელმაც თავის დასთან, მარინა ლომოურთან ერთად, სულ ახლახან გამოსცა ბორის აკუნინის ცხრატომეულის, „რუსეთის სახელმწიფოს ისტორიის“ გზამკვლევი, მიიჩნევს, რომ პრანკერებთან აკუნინის საუბარი მისი დევნის დაწყების მხოლოდ ფორმალური საბაბია:
„მთავარი ისაა, რომ რუსეთის მთავრობისთვის, რომელიც ავტორიტარიზმიდან გადავიდა ტოტალიტარიზმში, რეპრესიები, აკრძალვა და ძალადობა ერთადერთი იარაღია. მისთვის მიუღებელია მწერალი, რომელიც თავის პოზიციას გამოთქვამს საჯაროდ და ამბობს სიმართლეს. ბორის აკუნინი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანია, რომელიც უაღრესად პოპულარულია. ის გამოდის და უპირისპირდება პუტინს, მის აგრესიულ, იმპერიულ და ბოროტ პოლიტიკას - ეს არის აუტანელი პუტინის რეჟიმისთვის, რომელიც, როგორც ჩანს, ჭანჭიკების მოჭერის ახალ ეტაპზე გადავიდა. ესაა იმპერია, რომლის შესახებაც ბორის აკუნინმა დაწერა თავისი შესანიშნავი გამოკვლევა „რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ და რაზეც მე და მარინა ლომოურმა გავაკეთეთ გზამკვლევი-კრებული. აღტაცებული ვართ აკუნინის, გრიგოლ ჩხარტიშვილის ამ ნაშრომით. მისი სხვა წიგნებიც მშვენიერია, მაგრამ ეს ცხრატომეული არის რუსეთის არსის, მისი ბუნების გაგების მასშტაბური და წარმატებული მცდელობა“.
ირაკლი ლომოურის თქმით, აკუნინის „რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ ერთდროულად რუსეთის განაჩენიც არის და - დიაგნოზიც.
„რუსეთის სახელმწიფოს არსი, სახელმძღვანელო პრინციპი - პარადიგმა, სხვა არაფერია, თუ არა აზიური მმართველობის წესი - მონღოლურ-თათრული ურდოს მოდელი“, - ამბობს ირაკლი ლომოური, რომლის თქმითაც, ის პოლიტიკა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ატარებს რუსეთის მმართველი, მართლაც მსგავსია ჩინგიზ ყაენის სადგომში გადაწყვეტილებების მიღებისა:
„ასეა დღესაც, 21-ე საუკუნეში და ეს არის კატასტროფა. ამაზე ლაპარაკია საჭირო და ამას აკეთებს აკუნინი, აკეთებს ისე ოსტატურად, რომ მილიონობით ადამიანი კითხულობს მის წიგნებს და უსმენს მას. ამ თვალსაზრისით აკუნინს მისი თანამედროვეებიდან ვერცერთი მწერალი და ვერცერთი საზოგადო მოღვაწე ვერ შეედრება. როგორც ბორის ნემცოვის მკვლელობით გამოჩნდა, რომ ის მართლა იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, ვისაც პუტინი უფრთხოდა, ასევეა აკუნინის შემთხვევაშიც. შემთხვევით არაა, რომ მის მოკვლას ითხოვს რუსეთის დუმის გავლენიანი დეპუტატი, გადამდგარი გენერალი გურულიოვი, რომელმაც რუსეთის მთავარი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში განაცხადა, რომ აკუნინი მტერია და ის უნდა განადგურდეს“.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანდრეი გურულიოვმა 2023 წლის 14 დეკემბერს ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში მართლაც თქვა, რომ მწერალი ბორის აკუნინი უნდა „განადგურდეს“ იმის გამო, რომ რუსეთის არმიას „კრიმინალების ხროვა“ უწოდა.
„ვინ არის აკუნინი? მტერი! ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ მტერი უნდა განადგურდეს, მიუხედავად იმისა, აქ იქნება თუ საზღვარგარეთ. ადამიანი, რომელსაც სურს თავისი ქვეყნის სრული დამარცხება, რომელსაც სურს რუსი ადამიანის მკვლელობა, ის უნდა განადგურდეს. ის არ უნდა იყოს ამ ქვეყნად. ალბათ, მხოლოდ ასე გადარჩება ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა, რომელიც ასევე გამოდის ინიციატივით, აღდგეს რუსეთში სიკვდილით დასჯა „შინაური მტრებისთვის“. გურულიოვი ასევე მოითხოვს რუსეთის მოსახლეობის იმ 20%-ის განადგურებას, რომელიც მხარს არ უჭერს ვლადიმირ პუტინს.
ირაკლი ლომოურიც დარწმუნებულია, რომ ბორის აკუნინი პუტინისა და ბოროტების იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტერია.
„ის ფაქტი, რომ გამოაცხადეს ექსტრემისტად და ტერორისტად - თან აკუნინი კი არ თქვეს, არამედ გრიგორი ჩხარტიშვილზე აღძრეს საქმე - იმას ნიშნავს, რომ სათანადოდ დააფასეს, იციან, რომ მათი მთავარი მტერი ნავალნი კი არა, აკუნინია. სწორედ ისაა განმანათლებელი, ნათელი სხივი, რომელიც გზას იკვლევს რუსეთის ამ წყვდიადში. და თუ რამე იმედი აქვს სამომავლოდ რუსეთს როგორც ქვეყანას, როგორც ერთობას, რომ შენარჩუნდეს, გარდაიქმნას, უნდა წაიკითხონ აკუნინი, დაფიქრდნენ და მერე იქნებ სხვანაირად დაიწყონ ცხოვრება, თუმცა ეს მაინც უტოპია მგონია“, - უთხრა ირაკლი ლომოურმა რადიო თავისუფლებას.