Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გაუშვა პოლიციამ ტრაილერის მძღოლი, რომელიც ქალს გაუპატიურებით ემუქრებოდა?


28 წლის ქალს, რომელსაც ორი კვირის წინ, ავტოსტოპით მგზავრობისას, ტრაილერის მძროლმა კარი ჩაუკეტა, სექსი შესთავაზა, უარის შემდეგ კი გაუპატიურებით დაემუქრა, ამ დრომდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი. მძღოლი, რომელიც ასევე არ არის ბრალდებული, თავისუფალია. ქალი კი მუქარის ღია გზავნილებს იღებს.

საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონო აღკვეთის (143-ე) მუხლით. თუმცა 9 ოქტომბრის შემდეგ, მას მერე, რაც ეს ფაქტი მოხდა, როგორც კავშირ „საფარის“ ადვოკატი, თამუნა ლუკავა აცხადებს, საქმე წინ არ წასულა.

ქალის დაცვის მხარე მოითხოვს:

  • როგორც 28 წლის ნ-ს (მის ვინაობას, მისივე თხოვნით ღიად არ ვასახელებთ), დაზარალებულად ცნობას,
  • ისე სისხლის სამართლის საქმის წარმართვას გაუპატიურების მომზადების მუხლითაც, რადგან ადვოკატის შეფასებით, ქალის ჩვენება ამის საფუძველს იძლევა.

თამუნა ლუკავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ტრაილერის მძღოლი პოლიციამ ამოცნობის პროცედურის შემდეგ გაათავისუფლა. ადვოკატებს პროკურატურისგან არანაირი ახსნა-განმარტება არ მიუღიათ. ერთადერთი პასუხი, რაც მათ უკვე მესამე კვირაა, ესმით, არის:

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - თუმცა რა იგულისხმება ამაში, უცნობია.

რადგან ქალს არა აქვს დაზარალებულის სტატუსი, მის დაცვას არც იმის შესაძლებლობა ეძლევა, რომ საქმის მასალებს გაეცნოს.

თავად დაზარალებულ (თუმც ოფიციალური სტატუსის გარეშე) ქალს, იმის გათვალისწინებით, რაც ტრაილერის მძღოლმა დღისით, ავტობანზე გაბედა, ეშინია, რომ ის ისევ არ გამოვიდეს ქალთან კონტაქტზე და მას რამე არ დაუშავოს.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის იხსენებს, რომ 9 ოქტომბერს, ტრაილერიდან ჩამოსვლის შემდეგ, ის პოლიციამ, დაახლოებით, 5 წუთში იპოვა. მათ მაშინვე უთხრა, რომ მძღოლი არ იყო ფხიზელი, რომ მას მოწეული ჰქონდა მარიხუანა და დალეული ჰქონდა ლუდი. მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მისი მანქანის შესახებ, ტრაილერის მისაბმელის ნომერიც უთხრა და მძღოლის სახელი და გვარიც.

ამბავი პარასკევს მოხდა, თუმცა ეს პირი ამოცნობაზე მხოლოდ ორშაბათს დაიბარეს.

„მესამე კვირაა დაზარალებულის სტატუსს ვითხოვ და პასუხი არ არის. ბევრჯერ მოვითხოვე ისიც, რომ პოლიციას ჩემი და ჩემი მეგობრის მიმოწერა ენახა, სადაც შველას ვითხოვდი, რადგან მინდოდა, რომ ეს მიმოწერაც საქმეში ყოფილიყო. ეს მიმოწერა აქამდე არც უნახავთ“.

ამბავი კი ასე ვითარდებოდა: როცა მგზავრობისას ვითარება დაიძაბა და ქალი მიხვდა, რომ თითქმის მისი ასაკის მძღოლთან თავდაპირველი მეგობრული ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მეგობარს მისწერა და დახმარება სთხოვა - პოლიციას სწორედ მეგობარი გოგო დაუკავშირდა.

რა ხდებოდა ტრაილერში, ავტობანზე?

ავტოსტოპით სხვა დროსაც უმგზავრია და მსგავსი არაფერი შემთხვევია. ამიტომ, როცა ქალს ზესტაფონთან ტრაილერმა გაუჩერა, თავშიც არ გაუვლია, რომ მძღოლი, შესაძლოა, მოძალადე ყოფილიყო.

რიკოთის უღელტეხილი ისე გადაიარეს, რომ საგანგაშო არაფერი შეუმჩევია. მეგობრულად ლაპარაკობდნენ. ქალმა ერთ მომენტში წყლის საყიდლად გაჩერება სთხოვა. მძღოლი თავად ჩავიდა და წყლის ნაცვლად, 2 ბოთლი ლუდი ამოიტანა.

თვითონ ერთი ბოთლი დალია, გოგომ კი იმდენი მოსვა, რამდენიც წყურვილის დასაკმაყოფილებლად ეყო.

ამის შემდეგ მძღოლმა მარიხუანა მოწია, თანამგზავრსაც დაჟინებით სთავაზობდა მოწევას.

„პირველი ნაფაზი სახეში შემომაბოლა. მე ვუთხარი, რომ ვერ მოვწევდი, რადგან ცუდად ვხდებოდი, მაგრამ დაჟინებით მოითხოვდა და თავი რომ დაენებებინა, მინიმალური რაოდენობა გავსინჯე. თუმცა ამის შემდეგ რომ დაიწყო, აღარ გაჩერდა - ჯერ სექსი შემომთავაზა. მე რომ ვუთხარი, რომ თავს უხერხულად ვგრძნობდი და მანქანა გაეჩერებინა, ამაზე უარი მითხრა და ისიც მოაყოლა, რომ კარი ჩაკეტილი იყო და გადახტომასაც ვერ შევძლებდი“.

სექსის შეთავაზების ტონი მუქარამ შეცვალა.

თუ თავიდან ტრაილერის მძღოლი ქალს ეუბნებოდა, რომ თბილისში ჩაიყვანდა და თავად გზას რუსთავისკენ გააგრძელებდა, მოულოდნელად გამოუცხადა, რომ საერთოდ არ აპირებდა თბილისში ჩასვლას, რომ გზიდან გადაუხვევდა და ყველაფერი იქ მოხდებოდა. ბილწი სიტყვებით აღწერდა რა მოელოდა მას და ა.შ.

ქალმა ტირილი დაიწყო, მაგრამ მის შიშზე თითქოს მძღოლის აგრესიამაც იმატა. ასე იარეს ავტობანის თითქმის ბოლომდე, მანამ, სანამ ისინი პოლიციამ, დაახლოებით, მცხეთის მიდამოებში არ გააჩერა.

ქალი - პოლიციაში, მძღოლი - თავის გზაზე

ავტობანზე მათ პოლიციის დაახლოებით 3-4 ეკიპაჟი ეძებდა.

ქალი კი თავის მეგობარს სწერდა და მინიშნებებით კარნახობდა, თუ სად იყვნენ, რომ მძღოლს ეჭვი არ შეეტანა. პოლიციამ მძღოლს ტრაილერის გაჩერება და ქალის მანქანიდან ჩაშვება მოსთხოვა.

დაძაბულობის მეორე ეტაპი პოლიციაში დაიწყო. ქალი გვიყვება, რომ პოლიციამ იქვე, გზაზე ათჯერ მაინც მოაყოლა მომხდარი, თუმცა ამბავი ასე დაამუშავა:

„თითქოს ორმა ახალგაზრდამ დავლიეთ, მან შემომთავაზა სექსი და რა იყო ამაში პრობლემა. ამას მეუბნებოდნენ, როცა ერთი-ერთზე ვრჩებოდით. რაღაც დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციას. არც ჩქარობდნენ და ჩემს თავს გადამხდარს არც სერიოზულად აღიქვამდნენ“.

მცხეთის პოლიციაში ქალი დაახლოებით 10 საათამდე დატოვეს, სანამ ჩვენებას დააწერინებდნენ. ეს ხდებოდა 9 ოქტომბერს, პარასკევს. ტრაილერის მძღოლი ამოცნობაზე ორშაბათს დაიბარეს და ამოცნობის შემდეგ გაუშვეს და ის დღემდე თავისუფალია.

დღეს 28 წლის ნ. მოითხოვს, რომ გამოძიებამ ცნოს ის დაზარალებულად, ხოლო ტრაილერის მძღოლს მოსთხოვოს პასუხი ჩადენილზე. ჯერჯერობით პოლიციის მხრიდან რეაგირება არც ქალის მიმართ გამოგზანილ მუქარის წერილებს მოჰყოლია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG