ავტორი: გია ჯანდიერი
- ალტერნატივები
- ეკონომიკაში ფულის ინექცია
- მთავრობის მონაწილეობა საკრედიტო საქმიანობაში
- სახელმწიფო ინვესტიციები
- ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა
- ვინ იხდის გადასახადებს?
- ალტერნატივა
- არსებობს სხვა ალტერნატივაც
არსებულ რთულ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველომ პრაგმატული გზა აირჩიოს და ზედმეტად არ აჰყვეს ემოციებს - ეს ეხება როგორც ჯანდაცვის ღონისძიებებს, ასევე ეკონომიკურ პოლიტიკას.
ჯანდაცვის სპეციალისტობაზე თავს ვერ დავდებ, თუმცა ადრეც სხვებთან ერთად ვაცხადებდი, რა მნიშვნელოვანია მასობრივი ტესტირება სამეწარმეო საქმიანობის აღსადგენად; ასევე მივუთითებდი, რომ აუცილებელი იყო მთავრობას დაგროვილი საპენსიო თანხები (სახელმწიფოს ნაწილი) სასწრაფოდ გამოეყენებინა ჯანდაცვის კერძო სექტორისაგან სერვისების შესასყიდად - კორონავირუსთან ბრძოლისათვის კერძო კლინიკების მოსამზადებლად, კერძო ინიციატივების დაუყოვნებლივი წახალისებისა და მხარდაჭერისთვის ამ სფეროში, რასაც, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ.
რაც შეეხება ეკონომიკას, ანუ სამეწარმეო საქმიანობას, ეს, მგონია, კიდევ უფრო რთულ ამოცანებს აჩენს. ბევრს მიაჩნია, რომ როგორც ჯანდაცვის შემთხვევაში, სახელმწიფოს როლი აქ(აც) განსაკუთრებულია. ამ იდეას (სინამდვილეში, ემოციას) სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი აძლიერებს: 1. ხალხს მიაჩნია, რომ მთავრობა ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ ეკონომიკური პრობლემები გადაჭრას (მეტიც, მართოს ეკონომიკა). 2. მთავრობას ეროვნულ (ცენტრალურ) ბანკთან ერთად მეტი რესურსი აქვს, ვიდრე კერძო სექტორს. 3. მთავრობამ უკეთ იცის, როგორ დახარჯოს ეს ფული.
ეკონომიკის მიმართულებით სხვადასხვა მხარე სხვადასხვა ვარიაციას იყენებს - ზოგი მთავრობის სუბსიდიებს უჭერს მხარს, ზოგი ცენტრალური ბანკის მონეტარული მანქანის იმედზეა. ეს ვერსიები ბიზნესის გადარჩენასა და ეკონომიკური აქტივობის ხელოვნურად შენარჩუნებას გულისხმობს, რაც, დიდი ალბათობით ფულის ფლანგვას, ხალხის გაღარიბებასა და სახელმწიფო ვალის დაგროვებას გამოიწვევს, რომლის გადახდაც თვით მოსახლეობას მოუწევს.
ალტერნატივები
არსებობს მხოლოდ ერთი ალტერნატივა, რომელიც ემოციებს ნაკლებად უპასუხებს, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით რეალისტური ჩანს. ამ ალტერნატივის წარმოდგენამდე, მოდი, დავინახოთ რას ნიშნავს მთავრობის ჩარევა. ითვლება, რომ მთავრობას გაცილებით მეტი ფული აქვს, ვიდრე კერძო სექტორს. ამ ილუზიის უკან არ ჩანს, სულ მცირე, ორი ფაქტორი:
- კერძო სექტორის ხელში გაცილებით მეტი რესურსია. უბრალოდ, გაურკვეველ სიტუაციაში მის მონაწილეებს ზედმეტი რისკის გაწევა არ უნდათ. ეს ავტომატურად მიგვითითებს მთავრობის მიერ ასეთ სიტუაციაში განხორციელებული ფინანსური ინექციების მაღალ რისკზე - უბრალოდ, იგულისხმება, რომ კერძო სექტორი, მათ შორის ბანკები უფრო ფრთხილი მოქმედებებით საქმეს ვერ უშველიან, ხოლო მთავრობა თავისი გაუფრთხილებელი ავანტიურისტული ნაბიჯებით - უშველის.
- ილუზიაა ისიც,რომ ჩათვალო მთავრობას ფული აქვს. ეს ფული ჩვენ უნდა გადავუხადოთ ან ახლა, ან მომავალში აღებული ვალის დასაფარავად. უფრო მეტიც, ეკონომიკურ შემცირებას აუცილებლად მოჰყვება გადასახადების გადახდის - შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლების - შემცირებაც. ამავდროულად, მთავრობის მიერ ცენტრალური (ეროვნული) ბანკის რეზერვების გამოყენება ლარის ძალიან სუსტ იმუნიტეტს კიდევ უფრო შეარყევს. ამის დარდი შესაძლებელია არ ჰქონოდა ხალხს, თუ ლარი არ იქნებოდა ერთადერთი კანონიერი გადახდის საშუალება, მაგრამ, არსებული მდგომარეობით, ლარის გაუფასურება სახელმწიფოს ერთადერთი სწრაფი შესაძლებლობაა ფული სწარაფად იშოვოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფასებს გაზრდის და მოსახლეობას გააღარიბებს.
ეკონომიკაში ფულის ინექცია
მთავრობის მიერ ეკონომიკაში ფულის ინექცია ახალი არაა არც საქართველოსთვის და არც მსოფლიოსთვის. ასეთი მოდელების უარყოფითი გამოცდილება ცნობილია - ზიანი ისევ მოსახლეობის ასანაზღაურებელია - დღეს ან ხვალ. 1980-ნი წლების ბოლოდან შვედეთი (-კი) მკვეთრად დამუხრუჭდა სახელმწიფო სექტორის ზრდის გზაზე. ახლაც, კორონავირუსის კრიზისის დროს, შვედეთი ყველასთვის მაგალითი გახდა სახელმწიფოს შეზღუდული ჩარევისა და პრაგმატული მოქმედების გამო.
ნებისმიერი სახელმწიფო ინექცია მოსახლეობის გადასახდელია, მიუხედავად იმისა, რომელ ეტაპზე იხდის ინდივიდი მას. ეს ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო შემოსავლებს ძირითადად დიდი გადამხდელები ქმნიან, ისინი ამ საგადასახადო ხარჯებს აუცილებლად მოსახლეობისგან იბრუნებენ პროდუქციის ფასიდან. მთავრობას თავისი ფული არ აქვს, მას ჩვენ ვუხდით.
ლარის გაუფასურებისას სახელმწიფო ხელოვნურად აქვეითებს მის ღირებულებას ორი მიზნით: 1. ცირკულაციაში არსებული ფულის მასის ზრდის გზით გაუფასურებული ფულის ღირებულების ნაწილი მთავრობის ჯიბეში გადადის. 2. იმპორტზე დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტი პირდაპირ ზრდის შემოსავლებს, დღგ-სა და აქციზის საზღვარზე გადახდის ხარჯზე, თუ ადგილობრივი კანონიერად ცირკულირებული ვალუტა უფასურდება. ცხადია, ორივე შემთხვევაში ეს ხალხის ხარჯზე ხდება.
მთავრობის მონაწილეობა საკრედიტო საქმიანობაში
ომახიანად ისმის ასევე მოწოდებები მთავრობისგან საბანკო კრედიტების პროგრამებში მონაწილეობის შესახებ ან საკრედიტო რესურსის პირდაპირ სესხების, ან, მეტიც, ჩუქების და/ან კრედიტების გარანტიაში ჩადგომით. მთავრობის ასეთი მოქმედება და მოწოდებებიც არახალია და მცდარი აზროვნების შედეგია. ბანკებს საქართველოში, ცხადია, საკმარისი რესურსები აქვთ ახლა ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობა დააკრედიტონ, მაგრამ მათ, უბრალოდ, არ უნდათ რისკზე წავიდნენ არა მხოლოდ თავიანთი ინვესტორებისა და კანონის მიმართ პასუხისმგბლობის გამო, არამედ, უმეტესწილად, კონკურენციისა და ბიზნესის დაკარგვის რისკის გამო. ცხადია, მთავრობის მიერ ასეთი საკრედიტო რესურსების ინექციის ან კრედიტების გარანტიების გაცემის შემთხვევაში ეს რისკი არსად ქრება, - პირიქით, იზრდება, რადგანაც აქ მისი წყარო, გადასახადის გადამხდელი, ნაკლებად აკონტროლებს სიტუაციას და კონკურენტებიც აღარ ქმნიან საფრთხეს. ამ შემთხვევაში ბანკები მიიღებენ რესურსებს, რომელიც შეეძლებათ უფრო თავისუფლად განკარგონ და დააფინანსონ უფრო რისკიანი პროექტები, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ანუ, სახელმწიფოს ჩარევის შედეგად, საკრედიტო რისკი იზრდება და არ მცირდება. ამ რისკის შედეგად მიღებული ზარალი ან სახელმწიფოს (ანუ გადასახადის გადამხდელთა) ხარჯზე უნდა დაიფაროს, ან სხვა კლიენტების ხარჯზე - მათთვის კრედიტების გაძვირების ან ანაბრების სარგებლის შემცირების გზით.
ცნობილია, მაგალითად, როგორ ახერხებენ ბანკები საყოფაცხოვრებო კრედიტების გაცემას დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის მაღალშემოსავლიანთა ხარჯზე - დაბალი ინტერესით ან ინტერესის გარეშე. ასევე იქცევიან ბანკები სესხების გაცემისას, როდესაც მაღალრისკიან და დაბალრისკიან კრედიტებს, ფაქტობრივად, თანაბარი პირობებით აფინანსებენ.
უფრო მნიშვნელოვანია იმ პროექტების ხარისხი, რომელთაც ასეთი სახელმწიფოს მხარდაჭერილი კრედიტები დააფინანსებს. როგორც ითქვა, ბანკები ხშირად თავს იკავებენ მაღალრისკიანი პროექტები დააფინანსონ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს პროექტები უხარისხოა. მეტიც, მათ ძალიან უნდათ გასცენ კრედიტი, თუმცა ხვდებიან, რამდენად რისკიანია ეს საქმე. ამ შემთხვევაში ბანკები მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ასრულებენ - ეწევიან საკრედიტო პროექტების ფინანსურ ექსპერტიზას. ბანკების სხვა როლთან შედარებით, ეს, ფაქტობრივად, ყველაზე მნიშვნელოვანია და მისი უგულებელყოფა ეკონომიკას არყევს. თუმცა ეს როლი არ არის მისი კეთილშობილების შედეგი, არამედ შედეგია კლიენტების, ინვესტორებსა და მესაკუთრეეთან ანგარიშვალდებულებისა და კონკურენციის, რომელიც მას კლიენტების, ინვესტორებისა და მესაკუთრეების დაკარგვით ემუქრება. ამიტომ გასაგებია, რად უნდა უხაროდეს ბანკებს ასეთი იოლი რესურსების მიღება. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მთავრობის ვითომდა კეთილი განზრახვა ასევე მოსახლეობის დასაფინანსებელია გადახდილი გადასახადებით.
გასაგებია, ასევე, ერთი დიდი ნეგატიური მოვლენა, რომელიც ასეთ პროგრამებს მოჰყვება - სახელმწიფოსა და საბანკო სექტორის კორუფციული ხასიათის თანამშრომლობა. მთავრობა ყოველთვის შეეცდება ბანკები თავის სასარგებლოდ ამოქმედოს მისი კლიენტების ხარჯზე, ხოლო ბანკები მზად იქნებიან მთავრობის ბევრ საეჭვო საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა. ასეთი პროგრამა უნდა განხორციელდეს სწრაფად და, ამასთან, მკაფიო და რთული წესების გარეშე, თუ არადა, მისი პროცედურების გაწელვა არაფერ შედეგს არ მოიტანს. შესაბამისად, მისი განხორციელების შემთხვევაში იქმნება მორალური ხასიათის ხიფათი (moral hazard) - გაიფლანგოს დიდი ფული და გაირყვნას ბიზნესის სექტორი.
სახელმწიფო ინვესტიციები
ასევე ეკონომიკურად არაპრაგმატულია (ახლაც და ყოველთვის) წარმოების ზრდაში სახელმწიფო ინვესტიციები. როგორი ლამაზი და პატრიოტული სახელიც არ უნდა დავარქვათ ასეთ პროგრამებს, საქმე ისევ საჯარო რესურსებს ეხება, რომლის წყარო მხოლოდ გადასახადებია.
ბანკებს შესაძლებელია უფრო დახვეწილი იდეებიც ჰქოდეთ - მაგალითად, ასეთი კრედიტები რეალურად უფრო გართულებული სქემით გაიცეს. მთავრობას საკრედიტო რესურსი არ აქვს, ამიტომაც ბანკები თვითონ ასესხებენ ამ ფულს მთავრობას და შემდეგ უკან მიიღებენ საკრედიტო რესურსის სახით. ამ შემთხვევაში მათ საშუალება გაუჩნდებათ ეს კრედიტები გააიაფონ კიდეც, თუმცა მისი სარგებლის ამოღება სახელმწიფო ვალიდან ან ჩვეულებრივი (დანარჩენი აქტივობების ხარჯზე) სესხების სარგებლიდან დააფინანსონ.
რამდენად მოსალოდნელია, რომ კრიზისის დროს საკრედიტო საქმიანობა უფრო მარტივი იყოს? - თვით ეს წინადადება გულისხმობს, რომ, პირიქით, კრიზისის დროს ბიზნესსაქმიანობა რთულდება. ყველა ცდილობს გარკვეული ხასიათის პროდუქცია შეიძინოს და სხვებზე უარი თქვას, ხოლო, ამასთანავე, დაზოგოს რესურსები უარესი დღისთვის. კრიზისის დამძლევი პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ მოსახლეობის რესურსები მიმართოს მისთვის (ანტიკრიზისული გეგმის) სასურველი მიმართულებით და მისი დანაზოგები ხელოვნურად აამოძრაოს. კრიზისებისა და მათი ასეთი გამკლავების ყველა ისტორია თავდება მოსახლეობის საყოველთაო გაღარიბებით.
ამიტომ, ბანკების მიერ სესხების გაცემა სახელმწიფოს (გადასახადის გადამხდელთა) ხარჯზე ძალიან რისკიანი იდეაა. ცხადია, მთავრობის მიერ ამ ფუნქციის თავის თავზე აღება კიდევ უფრო დიდი რისკის მატარებელია - მას არც ამის ცოდნა აქვს და არც გამოცდილება. მისი ბაზარზე მოქმედება და საინვესტიციო გადაწყვეტილებები ბნელ ოთახში ხელების ცეცებას ჰგავს.
მაგალითად, შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ახლა საკვების სფეროში ინვესტიცია აუცილებლად წარმატებული იქნება, თუმცა მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ინვესტიცია არ არის პანაცეა, არამედ მთავარია პროდუქტიულობა და კონკურენტუნარიანობა. თუ ჩვენ ემოციას ავყვებით და ამ ძლივს ნაშოვნ რესურსებს არასწორად გამოვიყენებთ, უკეთეს შემთხვევაში ხელზე შეგვრჩება ძვირად ღირებული და უხარისხო ადგილობრივი პროდუქტები
ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა
აქ მოდის კიდევ ერთი მცდარი იდეა, რომლის შედეგებზეც ფიქრს ემოციები ფარავს. ბევრი ფიქრობს, რომ აუცილებელია დავეხმაროთ, მით უფრო კრიზისის პირობებში, ადგილობრივ წარმოებას, რომელიც ამუშავდება და ხალხს დაასაქმებს. რაც არ ჩანს (ფრედერიქ ბასთიას მიხედვით), არის ის, რომ ასეთ პირობებში 1. ადამიანებს, ოჯახებს არჩევანის თავისუფლება შეეზღუდებათ; 2. კონკურენცია შეიზღუდება და მოსახლეობა მიიღებს უფრო დაბალი ხარისხის, მაგრამ უფრო ძვირ პროდუქტებს; 3. თვითონ ეს საწარმოები კონკურენციის გარეთ ილუზორულ ეკონომიკურ სამყაროში აღმოჩნდებიან და სრულიად დაკარგავენ პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიანობას; 4. სანამ ეს ფანტაზია ამოქმედდება, კიდევ ბევრი იფიქრებს უცხოეთშიც ამ სფეროში მოგების მიღებაზე, პროდუქტიულობის ზრდაზე, ახალი ტექნოლოგიებით სხვების ჯობნაზე და ა.შ. ჩვენი - თუნდაც, უკეთესი - პროდუქცია კი შესაძლებელია ძვირი იყოს და მოსახლეობამ, რომელიც კრიზისის შედეგად უფრო გაღარიბდება, ისევ იმპორტული აირჩიოს.
აქ არის კიდევ ერთი დიდი მნიშვნელობის ფაქტორი. ემოციებმა შესაძლებელია დაგვძლიოს და დავიწყოთ ფიქრი ეგრეთწოდებული საკუთარი ბაზრის ან საკუთარი წარმოების დაცვის პოლიტიკაზე - პროტექციონიზმე. ეს, როგორც ზემოთ აღინიშნა, დიდი დარტყმა იქნება ქართველ მომხმარებლებზე, განსაკუთრებით კი დაბალი შემოსავლების ინდივიდბზე და ოჯახებზე. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ ზემოქმედებას მოახდენს ეს საქართველოს გეოპოლიტიკურ პოზიციონირებაზე და ქვეყნის უსაფრთხეობაზე. გამონაკლისის გარეშე, ყველა სავაჭრო პარტიორი ჩათვლის, რომ ასეთი არამეგობრული ნაბიჯი ზუსტად მის წინააღმდეგ იქნა გადადგმული, - ჩვენი ქვეყანა დაკარგავს კეთილსინდისიერი და სანდო პარტნიორის სახელს. მოსალოდნელია, რომ მათაც გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ სავაჭრო და სხვა სახის მკაცრი ღონისძიებები. ასეთი ნაბიჯების გადადგმა ასევე საერთაშორისო სავაჭრო წესების დარღვევად ჩაგვეთვლება და საბოლოოდ მოსახლეობა და ქვეყანა დიდ ზიანს მივიღებთ.
ვინ იხდის გადასახადებს?
ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, რომ მთავრობა, ზოგადად, წარმატებულ ბიზნესებს ბეგრავს ძირითადად - წარუმატებელს ან ნაკლები, ან არაფერი აქვს გადასახდელი. სუბსიდიების დაფინანსება სწორედ წარმატებული ბიზნესების ხარჯზე ხდება წარუმატებლების მიმართულებით. წარუმატებლები ასევე ვერ ახერხებენ კრედიტის აღებას და მხოლოდ მთავრობის პროგრამების ან გარანტიებისა და სესხების იმედზე არიან, რაც ისევ წარმატებულებისა და მოსახლეობის ხარჯზე ხდება. ამიტომ, რესურსების გადანაწილება წარმატებულიდან წარუმატებელი ბიზნესებისაკენ ეკონომიკის საერთო წარმატებაზე უარყოფითად აისახება. ყველაზე ადვილად გასაგები იქნება, უბრალოდ, ერთ წარმატებულ სუპერმარკეტს რომ ფული წავართვათ და მის მეზობელს გადავცეთ, რომელიც ცუდად მუშაობს და გაკოტრდა. გაკოტრების შესახებ კი ყველა ადგილობრივმა მომხმარებელმა იცის და სწორად მიაჩნია, რომ, ფაქტობრივად, თავისი არჩევანით უპირატესობა მიანიჭა პირველს და გააკოტრა მეორე.
ალტერნატივა
მნისვნელოვანია რის ალტერნატივაზე მიდის საუბარი. აქ შესაძლებელია განვიხილოთ ჯანდაცვის კონკურენციაზე დაყრდნობილი კერძო სისტემა - რატომაც არა. კორონავირუსთან ბრძოლის გერმანული გამოცდილება არის დეცენტრალიზებული, სახელმწიფო და კერძო სექტორების დამოუკიდებელი მოქმედების შედეგია. თუმცა, ეკონომიკურ საკითხებს რომ არ ავცდეთ, აქ, ამის ნაცვლად, მთავრობის ჩარევისა და მისი საშუალებით ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის ალტერნატივა განვიხილოთ.
ეს არის გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირების გზა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გადასახადები არ არის ბიზნესის კეთების ერთადერთი პირდაპირი დანახარჯი, აუცილებელია ასევე ვიფიქროთ ბიზნესის სახელმწიფო რეგულირების რადიკალურ შემცირებაზე. თუმცა ამ შემთხვევაში გავამარტივოთ და შევხედოთ მხოლოდ გადასახდების ნაწილს (ცხადია, როდესაც გადასახადების შემცირებას ვიხილავთ, ავტომატურად სახელმწიფო ხარჯებსაც ვგულისხმობთ).
გადასახადების შემცირება ორ რამეს გამოიწვევს - საქონლის ფასის სტრუქტურის ცვლილებას გადასახადების წილის შემცირების მიმართულებით და თვით ფასის შემცირების ტენდენციას. შევაფასოთ როგორი იქნება საგადასახადო ვალდებულებების წილი ფასში სხვადასხვა დონის საგადასახადო ტვირთის პირობებში (საგადასახადო ტვირთი - ყველა ხილული გადასახადი საქონლის ფასში) - იხილეთ სქემა, რომელიც აღწერს სხვადასხვა რეჟიმს:
სქემა ნათლად აჩვენებს, რომ საგადასახადო ტვირთის (ანუ გადასახადების წილი საქონლის ფასში) ზრდის შემთხვევაში მეწარმეს უწევს მისი სხვა ნაწილების გადანაწილება. ანუ, თუ გადასახადები იზრდება, მეწარმეს უწევს:
- მოგების შემცირება - და ამით მისი საინვესტიციო მოტივაცია მცირდება;
- ინვესტირების შემცირება, ანუ გაფართოებასა და ახალ ტექნოლოგიებზე უარის თქმა;
- ნაკლები რესურსები - უფრო ნაკლები და/ან დაბალხარისხიანი რესურსების შეძენა;
- ნაკლები შრომა - ნაკლები ადამიანის დასაქმება და/ან ხელფასების შემცირება;
- დაბოლოს, როდესაც გადასახადების გადახდა შეუძლებელი ხდება - არალეგალური ნაწილის გაჩენა.
ეს ხდება, როდესაც ჩვენ ვცდილობთ დაბალი გადასახადების მდგომარეობიდან მაღლისკენ წავიდეთ. თუ ამ სქემას უკან გავყვებით, ვნახავთ, რომ გადასახადებიდან რესურსების გამოთავისუფლება - პირიქით, ყველა სხვა კომპონენტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სქემა არ განიხილავს მთავრობის მიერ ინფლაციის ხელოვნურად გამოწვევას ან სხვა უხეშ ჩარევას, რაც ამ სქემაში მოცემულ ფასებზე ზემოქმედებას მოახდენდა.
ერთი რამ ცხადია, რომ არ შეიძლება ერთდროულად მაღალი გადასახადები გქონდეს და ეკონომიკის მაღალი აქტიურობა - რაც მეტ რესურსებს ფლობს ბიზნესი, მით ადვილია გაფართოება, ხალხის დასაქმება და კონკურენტუნარიანობის შექმნა-შენარჩუნება და პირიქით. შესაბამისად, როდესაც ვამბობთ, რომ ბიზნესს სჭირდება მეტი რესურსი, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ მისთვის უფრო ნაკლები გადასახადის დაწესებაზე. სხვა შემთხვევაში მეწარმეს ვაიძულებთ ჯერ გადასახადი გადაიხადოს და მერე დაელოდოს, როგორ მიიღოს ეს თანხა უკან მთავრობისგან დაუმსახურებელი პრივილეგიების სახით.
ზემოთ ასევე ითქვა, რომ სინამდვილეში წარმატებული ბიზნესები იხდიან გადასახადებს და ამ რესურსების სახელმწიფოს მექანიზმებით გადანაწილებას ძნელად თუ მოჰყვება წარმატება. გამოდის, ამ გზით პროდუქტიულობა და ეფექტიანობა ჯარიმდება და არაპროდუქტიულობა და არაეფექტიანობა წახალისდება.
შესაბამისად, უმჯობესია, რომ ეს მწირი რესურსები მეწარმეებს დავუტოვოთ, რათა მათ მიიღონ უკეთესი საინვესტიციო გადაწყვეტილებები კონკურენციის პირობებში. ეს მით უმეტეს უფრო მნიშვნელოვანია კრიზისის პირობებში - მიეცეს მეწარმეთა ინოვაციას და შემოქმედებით უნარს მაქსიმალური შესაძლებლობა ამოქმედნენ და შექმნან დოვლათი, იმის ნაცვლად, რომ მთავრობისგან პრივილეგიებს დაელოდონ. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ასეთ პირობებში ბიზნესი თვითონ იმოქმედებს, რომ გაარკვიოს რა მიმართულებითაა ახლა უფრო ხელსაყრელი ინვესტირება და რას უფრო ითხოვს და ელოდება მომხმარებელი. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაშიც არ გამოდგება მის მრჩევლად და ჭკუის დამრიგებლად, რადგან მისი რჩევით მეწარმე აუცილებლად დაკარგავს კონკურენციის გრძნობას და წამოიწყებს რისკიან ბიზნესს.
გადასახადების დაწევა კორონავირუსისდოინდელი და მის შემდგომი პოლიტიკის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს. ახლა ბიზნესის ამოქმედების გარეშე თვით სახელმწიფო ბიუჯეტიც დაიწრიტება. დღეს ვინც ითვლის, რა მოცულობის საგადასახადო შემოსავალი იქნება, სრულიად აცდენილია რეალობას - არავინ იცის, ამ პირობებში რომელი ბიზნესი გადარჩება და რისი გადამხდელი იქნება ის. მეწარმეებს ახლა ბევრი გაუსტუმრებელი ვალდებულება აქვთ და მათ შორის უკვე დამდგარი და მომავალი ვალდებულებები გადასახადებზე, ხელფასებზე, მიმწოდებლების მიმართ და ა.შ. ან უხდიან სახელმწიფოს და ან იყენებენ ამ რესურსს სამოქმედოდ - სხვა ოფციები არ არსებობს.
ამავდროულად, თუ წინ გავიხედავთ, პოსტკორონა მსოფლიოში დიდი კონკურენცია იქნება საინვესტიციო რესურსებისათვის - ეს მანამდეც ასე იყო, თუმცა ბევრს არ ესმოდა. ამიტომ, საქართველომ უნდა სასწრაფოდ შექმნას ახალი დამატებითი უპირატესობები, იმისათვის რომ ინვესტორები მოვიზიდოთ. ეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, იმის ფონზე მოხდება, რომ ლარი ასე არასტაბილურია და არსებობს ბევრი პრეტენზია სასამართლო სისტემის პოლიტიზებაზე (ნებისმიერი რეალობის პირობებში) და, თანაც, ინვესტიციებზე, როგორც არასდროს, ყველა ინადირებს. ის რისი შეცვლაც ადვილად შეუძლია ახლა მთავრობას, რათა კონკურენტული უპირატესობები გავზარდოთ არსებული პრობლემების საპირწონედ, ეს არის მხოლოდ გადასახადების შემცირება.
გადასახადების შემცირებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირებაც; მით უმეტეს, - სახელმწიფოს ხარჯების შემცირება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, - შემოსავლების შემცირება გარდაუვალია (აშშ დოლარი თუ სასწრაფოდ 5 ლარი არ გახდა). ცხადია, ისე ვეღარ ვიცხოვრებთ. მაგალითად, ბიუროკრატიის ხელფასებიც ეკონომიკის შესაბამისი უნდა იყოს. გადასახადების შემცირება, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, გაცილებით მარტივი შესასრულებელია - მას გამოცხადების გარდა არაფერი დასჭირდება.
არსებობს სხვა ალტერნატივაც
შესაძლებელია სხვა ალტერნატივებიც - ვალის აღება და/ან საერთაშორისო დახმარების მიღება. ვალის აღებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლა ასეთ რესურსებზე ყველა სახელმწიფო ფიქრობს და აკეთებს გათვლებს და, შესაბამისად, - გაძვირდება. ამასთანავე, ამ ვალის აღებასაც საზღვარი აქვს და ეფექტიანობაც - ილუზორული დღევანდელი კვერცხის მიღების მცდელობით ადვილად შეიძლება ისიც გავტეხოთ და ხვალინდელი ქათამიც დავკარგოთ დიდი ხნით.
დახმარების იმედზე შესაძლებელია ვიყოთ, არავის არაფერს ვუშავებთ და რატომაც არა. თუმცა ეს დახმარების რესურსებიც ერთგვარ კონკურენციაშია უკვე; სესხების არ იყოს, მასაც მოჰყვება წინაპირობები (ზოგ შემთხვევაში - კარგი) და, თანაც, ბოლო ხანებში არაფერი (სერიოზულად ცუდი ან სერიოზულად კარგი) გაგვიკეთებია ისეთი, რომ გვეგონოს რაიმე პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. საეჭვოა, ასეთი რესურსების დანიშნულება ჩვენი ეკონომიკის დღევანდელ ან ხვალინდელ მოთხოვნებს იდეალურად მოერგოს. მით უმეტეს, უგუნურება იქნება ის ჩვენს ერთადერთ იმედად წარმოვიდგინოთ და განვითარების საიმედო წყაროდ დავისახოთ. მთავრობის ადგილზე ამ საკითხზე ასჯერ თუ არა, ათჯერ მაინც დავფიქრდებოდი. არ მგონია ინვესტორებისათვის მაინცდამაინც მიმზიდველი იყოს მხოლოდ დახმარების იმედზე მყოფ ქვეყანაში ჩადონ ფული.
საბჭოთა კომუნიზმის სამწუხარო და საშინელი გამოცდილების მქონე ხალხს კარგად ესმის, რომ ქვეყანაში სიმდიდრის ერთადერთი წყაროა მეწარმე, მხოლოდ მან, თავისი მოგების მიღების მოტივაციით, შეიძლება მოიფიქროს მრავალი სახის გამოსავალი, მოერგოს ნებისმიერ სიტუაციას, მოიზიდოს ყველაზე თანამედროვე იდეები, მათ შორის ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, და აამოქმედოს რესურსები შედეგების მისაღწევად, ყველა დანარჩენი მის იმედზე და მის ხარჯზე ვმოქმედებთ. მთავრობას ფული არ აქვს, არც არაფერს ქმნის, მან ან ახლა უნდა წაგვართვას რესურსები, ან მომავალში და გაფლანგოს ილუზიის შესაქმნელად..
ამიტომაც ყველაზე რეალისტური და პრაგმატულია გადასახადების განაკვეთების სასწრაფოდ და რადიკალურად შემცირება, კერძო სექტორს დავუტოვოთ შესაძლებლობა იმოქმედოს. უნდა ვენდოთ ჩვენს მეწარმეებს, რომ ისინი გაცილებით უკეთეს სამეწარმეო გადაწყვეტილებებს შემოგვთავაზებენ. მთავრობას დასჭირდება გამბედაობა, რათა ასეთი გადაწყვეტილების ფისკალური და პოლიტიკური რისკები გადაიტანოს, თუმცა თავი შეიძლება იმით დაიმშვიდოს, რომ არცა აქვს სხვა რაიმე არჩევანი.
გია ჯანდიერი არის "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი.