Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ (არ) უნდა აშენდეს „ორანჟერეა“ დიღმის ტყე-პარკში?


ბოლო მონაცემებით, 692-მა ადამიანმა მოაწერა ხელი დიღმის ტყე-პარკის დაცვის პეტიციას. პეტიციის ადრესატია თბილისის მერია, რომელსაც მოქალაქეები მიმართავენ თხოვნით, არ დაუშვას მშენებლობები და დედაქალაქის ერთადერთი მცირე ტყის განადგურება. ხელმოწერები გრძელდება.

პეტიციის მოთხოვნები:

დიღმის ტყე-პარკის დამცველები თავიანთ მოთხოვნას სამ ძირითად პუნქტად აყალიბებენ:

  • არ დავუშვათ ახალი მშენებლობა და გადავარჩინოთ დედაქალაქში, ფაქტობრივად, ერთადერთი მცირე ტყე;
  • დაუბრუნდეს დიღმის ტყე-პარკის სრულ ტერიტორიას სტატუსი და მთელი ფართობი განისაზღვროს როგორც ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა;
  • გაკეთდეს ყველაფერი, რათა დიღმის ტყე-პარკის სრული ტერიტორია დაუბრუნდეს თვითმმართველ ერთეულს და მუდმივად არ არსებობდეს ახალი მშენებლობის დაწყების საფრთხე.

ამისათვის, პეტიციის თანახმად, აუცილებელია, თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება შპს „ანაგთან”, მათ მფლობელობაში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ კომპენსაციის ან ადგილმონაცვლეობის თაობაზე.

„ანაგი“ დიღმის ტყეში

სამშენებლო კომპანია „ანაგი“ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ 3 ნაკვეთს ფლობს, ჯამში 17 000კვ.მ-ზე მეტს. ფართის ნაწილი დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული კომპანია „კია მოტორსს“. „კია მოტორსს“ აქ ავტომობილების მომსახურების ცენტრი აქვს გახსნილი. „ანაგი“ ცენტრის ადგილას აპირებს მრავალფუნქციური „ორანჟერეის“ აშენებას.

"ორანჟერეის" პროექტი „ანაგმა“ თბილისის მერიაში 2018 წლის მაისში შეიტანა. ივნისში შეთანხმდა მერიასთან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, 2018 წლის 15 ოქტომბერს კი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი.

2019 წლის 15 მარტს საკრებულომ მიიღო ახალი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც დიღმის ტყე-პარკში 13 000 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი განესაზღვრა.

მერიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე კომპანია „ანაგს“ ამ ტერიტორიის ნაწილზე, თავის კუთვნილ ნაკვეთზე მშენებლობის დაწყება შეუძლია, რასაც გარემოს დამცველების გარდა, დიღმელებიც ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ ახალი კომპლექსი ფუნქციურად შეუთავსებელია ტყე-პარკთან და დააზიანებს მათ საჯარო ინტერესს.

რა საჭიროა „ორანჟერეა“ ბუნებრივ სიმწვანეში?

„ორანჟერეა“ თბილისის მერის განმარტებით, იქნება საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო ცენტრი. შენობა ორგანულად ჩაეწერება დიღმის ტყე-პარკის სამომავლო განვითარების კონცეფციასა და საზოგადოებრივ-საპარკე ინფრასტრუქტურაში . პროექტის გამო არ მოიჭრება არც ერთი ხე და განზრახულია 150-მდე ახალი, მათ შორის ეგზოტიკური მცენარეების დარგვა.„ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, თავის მხრივ, პროექტის ავტორი, „სტუდია 9“-ის საპროექტოს მთავარი არქიტექტორი, მამუკა ჩხაიძე განმარტავს, რომ ეს იქნება ერთგვარი ზამთრის ბაღი, ღია სივრცეში არსებული, გადახურული პარკი, რომელიც მთლიანად ლანდშაფტური ზონაა და ნებისმიერ ამინდში სასეირნოდ, გასართობად თუ დასასვენებლად უმასპინძლებს ვიზიტორებს.

თბილისის მერისა და პროექტის ავტორის ამ აღმატებულ შეფასებებს არ იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ისინი შიშობენ, რომ

  • “ორანჟერეის“ მშენებლობითა და ფუნქციონირებით, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება ტყე-პარკს
  • ​განადგურდებიან ტყეში მობინადრე სხვადასხვა სახის ცხოველები
  • ტყე-პარკი დაკარგავს თავის პირვანდელ ფუნქციას და სხვა

„ტყე-პარკი ნიშნავს ტყე-პარკს“

დიღმის ტყე-პარკის ნაკვეთებად დაყოფა და გაყიდვა 1998 წლიდან დაიწყო. 2009 წელს ტყე-პარკის ნაწილს რეკრეაციული სტატუსი მოეხსნა. აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ, შპს „ანაგის“ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის მიხედვით საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი აქვს მინიჭებული. იმისათვის, რომ ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობების დაწყების საფრთხე აღარ არსებობდეს, მერიამ ტერიტორია სრულად უნდა დაიბრუნოს თავის მფლობელობაში - ასე ფიქრობს "კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის" გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი რევაზ გეთიაშვილი. მისივე თქმით, ტყე-პარკის ძლიერი დაცვითი სტატუსი უნდა იძლეოდეს იმის გარანტიას, რომ ტერიტორიაზე არანაირი მშენებლობა არ განხორციელდება. რეზო გეთიაშვილი ამბობს იმასაც, რომ საჭიროა დიღმის ტყე-პარკს სრულად აღუდგეს ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი.

და ბოლოს, იგი არ ეთანხმება თბილისის მერიის შეფასებას, რომ ტყე-პარკში გაცემული მშენებლობის ნებართვა არ მოდის კონფლიქტში ტყე-პარკის ფუნქციასთან.

ტყე-პარკი ნიშნავს ტყე-პარკს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს არის არა ინფრასტრუქტურულად, არამედ ბუნებრივი სახით შენარჩუნებული რეკრეაციული ზონა.
რეზო გეთიაშვილი

ტყე-პარკი ნიშნავს ტყე-პარკს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს არის არა ინფრასტრუქტურულად, არამედ ბუნებრივი სახით შენარჩუნებული რეკრეაციული ზონა. ასეთია ტყე-პარკი, ასეთს იცავენ ადგილობრივი მოსახლეობა, საზოგადოება, თბილისელები. ასეთი უნდათ და ასეთი უყვართ, ბუნებრივი“,- განაცხადა რეზო გეთიაშვილმა. მისივე თქმით, სამწუხაროდ საქართველოში არც სტატუსია ტყე-პარკის სრული დაცვის გარანტია და მერია კერძო მფლობელებთან ყოველთვის სისუსტეს იჩენს.

როდის დაიწყებს „ანაგი“ „ორანჟერეის“ მშენებლობას

„მოგეხსენებათ, კომპანიას იმისთვის, რომ დაიწყოს რაიმე სახის სამშენებლო თუ სხვა სამუშაოები, სჭირდება სახსრების მობილიზება. სწორედ ამიტომ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის ოქტომბერში გაცემული მშენებლობის ნებართვის მოპოვების შემდგომ, დავიწყეთ მოლაპარაკებები შესაბამის ფინანსურ დაწესებულებებთან. სწორედ აღნიშნულმა ფაქტორმა განსაზღვრა სამუშაოების დაწყების დრო“,- ასე გვიპასუხეს „ანაგში“, სადაც ასევე დაგვიდასტურეს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიწის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG