რუსი დიპლომატისა და პოეტის, ალექსანდრე ჭავჭავაძის სიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის არქივში შემონახულია მცირე, ერთგვერდიანი ბარათი, რომელიც ტფილისის რეკონსტრუქციას ეხება. 1827 წლით დათარიღებულ დოკუმენტში, რომლის სახელწოდებაა „ბარათი თბილისის განახლების უკეთესი წესის შესახებ“ ( Записка о лучших способах вновь построить город Тифлиси), გრიბოედოვი გამოთქვამს თავის მოსაზრებებს თუ როგორ უნდა განახლდეს ქალაქის ქუჩები რეკონსტრუქციისას. აშკარაა, რომ გრიბოედოვს არ მოსწონდა ტფილისის განახლების ის გეგმა, რომელსაც მაშინდელი მთავარმართებელი და გრიბოედოვის უფროსი, ალექსეი ერმოლოვი ახორციელებდა ჩვეული ენერგიითა და სალდათური მოუქნელობით.
განსხვავებული ხედვა
ალექსანდრე გრიბოედოვი საქართველოში პირველად 1818 წლის ოქტომბერში ჩამოვიდა. მაშინაც დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში იმყოფებოდა და სპარსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მისია რატომღაც თბილისში დაყოვნდა მთელი სამი თვის (1818 წ. 21.10 – 1919 წ. 28.01) განმავლობაში. „კარგად მოვეწყვე, სიკვდილივით არ მინდა აქედან წასვლა“ - მისწერა გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე პეტერბურგელ მეგობრებს იაკობ ტოლსტოისა და ნიკიტა ვსევოლოჟსკის. ტფილისში 1821 წლის ნოემბერში დაბრუნდა, მთავარმართებლისათვის პატაკის გადასაცემად, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ დარჩა ხანგრძლივად: 1822 წლის თებერვალში ალექსანდრე გრიბოედოვი დაინიშნა ჩინოვნიკად მთავარმმართებელ ალექსეი ერმოლოვის ადმინისტრაციის დიპლომატიურ ნაწილში.
ალექსეი ერმოლოვის (მთავარმართებელი 1818-1827 წწ) ძალისხმევას, შეეცვალა ტფილისის იერსახე, კარგად აღწერს მწერალი იური ტინიანოვი გრიბოედოვისადმი მიძღვნილ რომანში „ვაზირ მუხთარის სიკვდილი“, რომლის მიხედვითაც, ერმოლოვი „ევროპის შემოტანის“ პარალელურად, დიდ ერჩოდა ქალაქის ძველ ნაწილს, სადაც „სამხედრო ჩვეულებისამებრ კაფავდა თბილისის აივნებს, რათა „ამოეკვეთა ქალაქის აზიური იერი“, თუმცა, როგორც იური ტენიანოვი შენიშნავს, ერმოლოვის ძალისხმევით, ევროპამ მხოლოდ ქალაქის სამხედრო ყაზარმებისა გარშემო და ცენტრალური ქუჩების გასწვრივ მოიკიდა ფეხი:
„შიდა ქუჩებზე კი აივნები კვლავ მერცხლის ბუდეებად იზრდებოდნენ. ერმოლოვმა უკან დაიხია. ქალაქმა გაიმარჯვა. ტფილისი იყო და დარჩა მრავალაივნიან ქალაქად“.
აშკარაა, რომ იური ტენიანოვი იცნობდა გრიბოედოვის ბარათს „თბილისის განახლების უკეთესი წესის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე გრიბოედოვი, მთავარმართებლისგან განსხვავებით, აივნიანი ქალაქის მხარეს იყო.
სამად დაყოფილი თბილისი
1969 წლის ჟურნალ „საბჭოთა საქართველოს“ მე-8 ნომერში დაიბეჭდა არქიტექტორისა და ხელოვნებათმცოდნის, ლონგინოზ სუმბაძის სტატია, რომელშიც დეტალურად არის გარჩეული გრიბოედოვის ბარათის ტექსტი, რომლის მიხედვითაც ტფილისი სამ განცალკევებულ ნაწილად არის დაყოფილი:
- ჩრდილოეთით მდებარე გარეთუბანი (ორიგინალში რატომღაც Каратубань)
- ნამდვილი ქალაქი ანუ კალე
- ავლაბრის გარეუბანი (Предместье Авлабарское)
გარეთუბანზე ალექსანდრე გრიბოედოვი ამბობს, რომ „წინათ აქ უმნიშვნელო ქოხები მიწურები იყო, მხოლოდ ორი შენობა გამოირჩეოდა დანარჩენებისგან: მთავარსარდლის სახლი და ჰოსპიტალი. გენერალმა ერმოლოვმა წინანდელ მცხოვრებთა ნაწილი დასავლეთით მდებარე ტაფობში გადაიყვანა სალალაკის წყლისკენ, ნაწილი კი სრულად გაასახლა თბილისიდან. მათ ადგილზე ბევრი კარგი შენობაა წამოდგმული, ზოგი კი ნაჩქარევადაა აგებული თითქოს შესამკობად, და ახლო შენობებს ჩამოქცევით ემუქრება... საერთოდ ახლა გარეთუბნის ქუჩები და მოედნები მეტად დაფანტულია, ცარიელი ადგილებით დასერილი, მისვლა-მოსვლა გაძნელებულია, წესიერი განათების მოწყობა - შეუძლებელი, და ჩრდილოეთის ქარი კი განუწყვეტლივ დაჰქრის ამ დიდ სივრცეზე ისე, ქარაშოტის დროს სახლიდან გამოსვლაც არ შეიძლება“.
ნამდვილი ქალაქი ანუ კალე - ეს არის ტერიტორია აბანოთუბნიდან თავისუფლების მოედნამდე. გრიბოედოვის ბარათის მიხედვით, „აქ იყო დაწესებულებები, ბაზრები, ქარვასლები, დუქნების დიდი ნაწილი და ცხოვრობდა ძირითადი მოსახლეობა, რომელსაც ძველთაგანვე ჰქონდა აქ საკუთარი სახლები“. ამ უბანში ახალი გეგმის სისრულეში მოყვანამ მესაკუთრეების დიდი პროტესტი გამოიწვია.
ავლაბრის გარეუბანი - აქ ერთი დიდი ქუჩააო, ამბობს გრიბოედოვი, რომელიც ხელახლა შენდებაო.
გრიბოედოვის რჩევები
ლონგინოზ სუმბაძეც, იური ტინიანოვის მსგავსად, 1969 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში შენიშნავს, რომ რუსეთის თვითმპყრობელობის წარმომადგენლები საქართველოში უგულებელყოფდნენ ადგილობრივ თავისებურებებს და ქალაქის რეკონსტრუქციას წარმართავდნენ მოსახლეობის ზნე-ჩვეულებებისა და საუკუნეთა განმავლობაში გამომუშავებული ხალხური ტრადიციების გაუთვალისწინებლად. სუმბაძის თქმით, იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა ალ. გრიბოედოვი, რომელმაც თბილისის რეკონსტრუქციისას რამდენიმე წესის გათვალისწინება მოითხოვა:
„ნამდვილი ქალაქში ანუ კალეში ეტლების სამოძრაოდ შეძლებისდაგვარად გაფართოვდეს მხოლოდ მთავარი ქუჩები: მეორეხარისხოვანი შესახვევები არ არიან ყურადების ღირსი, რადგან ქალაქის მთელი სიგანე ამ ნაწილში 1,5 ვერსს არ აღემატება“.
„არამცთუ არ უნდა შევუშალოთ ხელი, არამედ უნდა წავაქეზოთ მეპატრონე, რომელიც თავისი სახლის გარშემო გადახურული აივნის ან ფიცრული დერეფნის მიდგმას განიზრახავს. სახურავის კიდიდან გადმოწეული ფარდული, რომელიც კედლიდან ერთი არშინის ან უფრო მეტ მანძილზე მაგრდება ბოძებზე, აქაური ცხელი სარტყელის პირობებისათვის საჭირო ჩრდილს იძლევა და წინააღმდეგობას უწევს აგურის გახურებას სიცხისგან. ყველა აქაური ექიმის დამოწმებით, ეს ჯანმრთელობისათვის აუცილებელია“.
„აღმოსავლური გემოვნებით ნაგები დარბაზები სიგრილისა და ჯანმრთელობისათვის აგრეთვე მეტად სასარგებლოა (ჰაერის მოძრაობა) გახსნილი მხარე შენობისა ქუჩას არ უნდა უყურებდეს. ჩვენი ჩრდილოეთის ხუროთმოძღვრება პატარა სარკმელებით აქ არ გამოდგება“.
ციხესიმაგრის აღდგენა. ქალაქის ამ ნაწილს შემოვლებული ჰქონდა კედელი, რომელიც დროთა განმავლობაში დაინგრა.
ალექსანდრე გრიბოედოვი ასევე საჭიროდ მიიჩნევდა მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობასაც, რადგან, მისი აზრით, მარცხენა სანაპიროზე სოფლები კუკია, ჩუღურეთი და გერმანელთა კოლონია, მოწყვეტილი იყვნენ ქალაქის ძირითად ნაწილს:
„მარცხენა სანაპირო ქალაქის მოსახლეობასთან ერთად ერთნაირ საქმიანობას ეწევა, ურთიერთსაჭიროება მათ აახლოებს და მოსავლელი გზა კი, ერთადერთი ხიდის საშუალებით, რომელიც მეტეხის ბასტიონის ძირშია - მეტად შორია“.
აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძეც შენიშნავდა: „სანამ თბილისი კალასა და სეიდაბადის ფარგლებს არ სცილდებოდა, მეტეხის ხიდი, თუმცა გაჭირვებით, მაგრამ მაინც აკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნილებას. მაგრამ მე-19 საუკუნის პირველ ათეულ წლებშივე, როცა ქალაქის ახალმა ნაწილმა, „გარეთუბანმა“ სწრაფი ზრდა დაიწყო და მდინარის გაღმა – ჩუღურეთსა და კუკიაში – ქალაქის მოსახლეობამ იმატა, აუცილებელი გახდა მდინარის ნაპირების დაკავშირება კიდევ ერთი ხიდით“.
ხიდის ასაგებად გრიბოედოვს მიზანშეწონილად მიაჩნდა სამი ადგილი: სომხური მონასტრის პირდაპირ, არტილერიის სახლის პირდაპირ ან ამ ორ პუნქტს შორის. თუ 1821 წლის თბილისის გეგმით ვიხელმძღვანელებთ, ხიდი უნდა აშენებულიყო დღევანდელი ბარათაშვილის ხიდის ადგილზე (პირველი ვარიანტი) ან გალაკტიონის ხიდის ადგილზე (მეორე ვარიანტი) ან სადმე მათ შორის - ზაარბრუკენის ხიდის ადგილზე (მესამე ვარიანტი).
დროთა განმავლობაში, XIX საუკუნეშივე, გრიბოედოვის მიერ დასახელებულ სამივე ადგილზე, მართლა აშენდა ხიდები, რომელთაგან უძველესი ე.წ. ვორონცოვის ხიდი დღესაც ემსახურება ქალაქს.
თბილისურ ტრადიციულ საცხოვრებელ დარბაზებს (ხის მაღალი გვირგვინებით გადახურულს, შუაში ჰაერისა და სინათლისათვის დატანებული ერდოებით) თბილისურ აივნებზე ნაკლებად გაუმართლათ. თბილისური დარბაზი სამუზეუმო იშვიათობად იქცა, მაშინ როცა აივნიანი სახლები მასობრივად გადარჩნენ და, შესაბამისად, გადარჩა ძველი თბილისის ტრადიციული იერსახე, რადგან, როგორც ლონგინოზ სუმბაძე ამბობს, აივანი ყოველთვის იყო თბილისური საცხოვრებელი სახლის გეგმის ფუნქციური ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარი ელემენტი და ქალაქის განაშენიანების ხუროთმოძღვრულ-მხატვრული თავისებურებაც, მისი ქართული იერი, სწორედ ამ აივნების წყალობით იქმნებოდა.
„გრიბოედოვის ბარათის“ შედგენიდან 200 წლის შემდეგაც ძველი თბილისი კვლავ აივნიანი ქალაქია, თუმცა შეუძლებელია იმის ვერშემჩნევა, რომ წლიდან წლამდე აივნებისა და აივნიანი სახლების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება.
„ბევრს დღეს ჯერ კიდევ არა აქვს შეგნებული, რომ ფართო აივანი თბილისის პირობებში საცხოვრებელი სახლის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს, რომ სიცხის წინააღმდეგ ბრძოლა, სიგრილის შენახვა, თბილისურ სახლებში აუცილებელი ღონისძიებაა, რომ მთლიანი შემინვა ფასადისა, რომელიც ამ ბოლო დროს ჩვენი ხუროთმოძღვრების ერთი ნაწილის ავადმყოფობად იქცა, აუტანელ მიკროკლიმატურ პირობებს ქმნის სათავსოს შიგნით, რომ არსებული ქუჩების, მოედნების, ცალკეული კვანძების რეკონსტრუქცია დიდ სიფრთხილესა და წინდახედულებას მოითხოვს“, - წერდა არქიტექტორი ლონგინოზ სუმბაძე ჯერ კიდევ 1969 წელს.