აქ 13 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზა.
ბაზის გახსნის ცერემონიაში, რომლის პირადი შემადგენლობა 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა, აშშ-ისა და პოლონეთის სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელები და სამხედრო სარდლები მონაწილეობდნენ.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ განაცხადა, რომ ბაზის გახსნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ პოლონეთი რუსეთის გავლენის სფეროს გარეთაა.
ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ამ ობიექტის გამოჩენას პოლონეთში უწოდა „მნიშვნელოვანი ეტაპი სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სფეროში ნატოს ყველა ქვეყნისთვის, ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის“.
პოლონეთის ტერიტორიაზე აშშ-ის ანტისარაკეტო ბაზის განლაგებას დასავლეთის მორიგი არამეგობრული ნაბიჯი უწოდა მოსკოვმა, რომელიც საფრთხის შემცველად მიიჩნევს დასავლეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოებას მის საზღვრებთან.
ირანი თუ რუსეთი?
პოლონეთში არსებული ბაზა შეერთებული შტატებისა და ევროპის ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საერთაშორისო სისტემის, ერთგვარი „ანტიბალისტიკური გუმბათის“ ნაწილია.
„Aegis Ashore-ის ანტისარაკეტო სისტემა შედგება თანამგზავრებისგან, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ ბალისტიკური რაკეტის გაშვების მომენტი. შემდეგ თურქეთში განთავსებული რადარი ადრეულად აღმოაჩენს რაკეტებს და გადასცემს კოორდინატებს ორ ანტისარაკეტო დანადგარს. ერთი განთავსებულია რუმინეთში, ხოლო მეორე რეძიკოვოში, პოლონეთში. იქ არის რადარები და რაკეტები. ამ ყველაფერმა უნდა შექმნას ანტიბალისტიკური გუმბათი ევროპის ამ ნაწილზე“, - განაცხადა პოლონეთის საჰაერო ძალების ყოფილმა სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ტომას დრევნიაკმა.
რუმინეთში, დევესელუში ანტისარაკეტო ბაზა 2016 წელს ამოქმედდა. პოლონეთში, რეძიკოვოშიც, ანტისარაკეტო კომპონენტის მშენებლობა 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დროში გაიწელა, რაშიც კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად მოგვიანებით კოვიდის პანდემიამაც ითამაშა თავისი როლი.
პოლონეთის ტერიტორიაზე თანამედროვე ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა „იჯისით“ (Aegis Ashore) აღჭურვილი ამერიკული ბაზა, სამხედრო ექსპერტების თქმით, ახლო აღმოსავლეთიდან, ძირითადად ირანისაგან მომავალი სარაკეტო საფრთხისაგან ნატოს ქვეყნების დასაცავად შეიქმნა.
„ირანი ავითარებს სარაკეტო პროგრამას, ბირთვულ პროგრამას ავითარებს. როგორც კი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, ირანს ბირთვული იარაღის განვითარება 10-12 თვეში შეეძლება. იმ დროისთვის ირანულმა რაკეტებმა, რომელთა მოქმედების დიაპაზონი დაახლოებით 2000 კმ იქნება, შეიძლება მიაღწიონ ევროპას. მეტიც, მათი ფრენის სიშორე თანდათან გაიზრდება“, - აღნიშნავს პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (PISM) მეცნიერ-თანამშრომელი ვოიცეხ ლორენცი.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თითოეული ასეთი ბაზა თავისთავად ზრდის რეგიონის უსაფრთხოებას. თუმცა, საკითხავია, შეუძლია თუ არა რეძიკოვოში დისლოცირებულ სისტემა „იჯისს“, პოლონეთის დაცვა რუსეთიდან ან ბელარუსიდან შესაძლო სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში?
პოლონური რეძიკოვო, სადაც 13 ნოემბრიდან საბრძოლო მორიგეობაზე დადგნენ ამერიკული „სტანდარდის“ ანტისარაკეტო სისტემები, მხოლოდ 170 კმ-ითაა დაშორებული რუსული ანკლავის - კალინინგრადის საზღვრიდან და ეს ანტირაკეტები ვერ მოასწრებენ რეაგირებას, რუსული „ისკანდერების“ გაშვების შემთხვევაში.
სამხედრო ჟურნალისტი ანდრეი კინსკი ამბობს, რომ ამ მხრივ ამერიკული ბაზის პოლიტიკური მნიშვნელობა აღემატება სამხედროს.
„სამწუხაროდ, ის ვერ შეძლებს იმ რაკეტების ჩამოყრას, რომლებიც შეიძლება რუსეთის ფედერაციის ან ბელარუსის ტერიტორიიდან გაუშვან. ჩვენ ვსაუბრობთ, სავარაუდოდ, კრულევეცკის რეგიონიდან (პოლონეთში 2023 წლიდან კალინინგრადის რეგიონს მისი პოლონური სახელით - კრულევეცკით, ქალაქ კალინინგრადს კი კრულევეცად მოიხსენიებენ - რედ.) და ბელარუსიდან რუსული ტაქტიკური სარაკეტო სისტემა „ისკანდერის“ მიერ გაშვებულ რაკეტებზე. მათ სროლის მოკლე სიშორე აქვთ და, ფაქტობრივად, დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ“, - დასძენს სამხედრო ჟურნალისტი.
მტრის სამიზნე
მაგრამ პოლონელი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში რეძიკოვოში დისლოცირებული ამერიკული ბაზა, ვაშინგტონსა და ვარშავას შორის მოლაპარაკების შედეგად, პოლონეთის დაცვას რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტებისგანაც შეძლებს. ამ ეტაპზე კი, ამერიკულ „იჯისებს“ რუსული რაკეტებისგან დასავლეთ ევროპის ქვეყნების დაცვა შეუძლია.
„მას (Aegis Ashore) შეუძლია ჩამოყაროს რუსული რაკეტები, რომლებიც ურალიდან დასავლეთ ევროპისკენ გაფრინდებიან. ეს ნამდვილად რეალურია. უპირველეს ყოვლისა, ეს სისტემები ცოტაა. საუბარია არა იმაზე, შეგვიძლია თუ არა კიდევ რამდენიმე (ანტისარაკეტო) კომპლექსის შეძენა, არამედ იმაზე, რომ რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, ნატოს მასშტაბით ეფექტიანი თავდაცვისათვის საკმარისი არ არის ათასობით საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემა. ეს არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა“, - დასძენს ვოიცეხ ლორენცი.
გახსნისთანავე რეძიკოვოში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა უკვე გახდა რუსული პროპაგანდისტული მანქანის სამიზნე. კრემლის განცხადებით, ობიექტის გახსნა ევროპაში ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან კიდევ უფრო მიახლოებას წარმოადგენს. ეს არ არის მოსკოვის ახალი ნარატივი. თუნდაც გდანსკის მახლობლად ამერიკული ბაზის მშენებლობის ეტაპზე, რუსმა პოლიტიკოსებმა მას იმთავითვე უწოდეს რუსეთის მორიგი საფრთხე.
ამ საფრთხეზე იყო საუბარი „როსია-1“-ის პროპაგანდისტულ საკვირაო გადაცემაში „მოსკოვი.კრემლი.პუტინი“, რომელშიც კვლავ ხაზგასმული იყო რუსეთის ხელისუფლების საყვარელი კლიშე, რომ დასავლეთი რუსეთის მოტყუებას ცდილობს. ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წარმოდგენილი იყო როგორც შორსმჭვრეტელი ლიდერი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ გამოააშკარავა დასავლეთის ჭეშმარიტი ზრახვები და განგაში ატეხა იმის გამო, რომ ევროპაში აშშ-ის ბაზა მიმართული იყო რუსეთის და არა ირანის წინააღმდეგ.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს გამოთქვა უკმაყოფილება თეთრი სახლის მიმართ და ეჭვქვეშ დააყენა ვაშინგტონის გარანტიები, თითქოს ევროპაში „ანტისარაკეტო გუმბათის“ შექმნის მიზანი ირანისგან მომდინარე საფრთხის შეკავება ყოფილიყო.
„ხდება ამ გეგმების რეალიზება და ესაა ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება ევროპაში, ჩვენი საზღვრების სიახლოვეს. და, რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს, პარიტეტის შენარჩუნების მიზნით, შესაბამისი ზომების მიღებისკენ მივყავართ“, - განაცხადა პესკოვმა.
- 19 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცების შესახებ“.
- განახლებული დოკუმენტი აფართოებს ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებს და ასეთი შესაძლებლობა განიხილება „კოსმოსური თავდასხმის საშუალებების მასიური გაშვებისა“ და მათ მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთის შესახებ „საიმედო ინფორმაციის მიღებისას“.
- მანამდე, სექტემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს მიმართა წინადადებით, რომ შეიცვალოს რუსეთის ბირთვული დოქტრინა და რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება შეეძლოს იმ შემთხვევაშიც, თუ მის საზღვარს მასობრივად გადაკვეთენ ფრთოსანი რაკეტები, დრონები და სხვა მფრინავი ობიექტები.
ფორუმი