გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველოში 2-7 წლის ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მიკროგრამ/დეცილიტრზე მაღალი აქვს, რაც დასაშვებ ზღვარს სცდება. ტყვიის მაღალი შემცველობა საქართველოს დასავლეთ რეგიონებში აღინიშნა, რამაც პასუხებზე მეტი კითხვები გააჩინა.
გამოკვლევის ავტორების თქმით, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის გაზომვა 2018 წელს ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მხოლოდ ერთი და ყველაზე საინტერესო კომპონენტია. კვლევაზე ერთობლივად იმუშავა გაეროს ბავშვთა ფონდმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, სტატისტიკის სამსახურმა.
სულ, საქართველოში შემთხვევით შერჩეულ 1578 ბავშვს შეუმოწმეს სისხლში ამ საშიში ნივთიერების დონე, ტყვიის შემცველობის ზღვრად კი აიღეს 5 მიკროგრამი/დეცილიტრი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ამ მაჩვენებელზე მაღალი კონცენტრაცია უკვე გარკვეულ ჩარევას საჭიროებს, თუმცა ტყვია იმდენად სახიფათო ნივთიერებად ითვლება ადამიანის ორგანიზმისთვის, რომ ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო კონცენტრაციის მინიმუმი დადგენილი არ არის.
აშშ-ის სიეტლის უნივერსიტეტის ბოლო კვლევებით, მსოფლიოში 540 000 ადამიანის სიკვდილი ტყვიის ინტოქსიკაციით არის გამოწვეული. ტყვიამ, შესაძლოა, შეაფერხოს ბავშვის ტვინის განვითარება, დააქვეითოს ინტელექტის კოეფიციენტი, გამოიწვიოს ანტისოციალური ქცევა, შესაძლოა, ბავშვს გაუჭირდეს სწავლა.
ანემია, ჰიპერტენზია, თირკმლის დაზიანება, რეპროდუქციული ორგანოების პრობლემები - ეს იმ დაავადებების ჩამონათვალია, რისკენ მიდრეკილსაც ხდის ორგანიზმს სისხლში ტყვიის შემცველობა.
როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, კვლევის ფარგლებში ბავშვების შემოწმებისას რაიმე საყურადღებო სიმპტომი არ გამოვლენილა. თავს ჯანმრთელად გრძნობს ის 16 ბავშვიც, რომლებსაც კვლევის დროს სისხლში ტყვიის შემცველობა 30 მკგ/დლ-ზე მეტი აღმოაჩნდათ.
ავტორები ამბობენ, რომ 41 %-ში აღმოჩენილი ხუთ და მეტ მიკროგრამ/დეცილიტრზე მაღალი კონცენტრაციის ტყვია საგანგაშო არ არის, თუმცა, უდავოდ, ყურადსაღებია. კვლევით კი პროცესი არ დასრულებულა, რადგან მან კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის წყაროებთან დაკავშირებით.
კვლევის სამი მთავარი მოულოდნელობა
- დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ერთმანეთისგან განსხვავდება.
- თბილისი, როგორც ინდუსტრიულად ყველაზე განვითარებული ქალაქი, სიის სათავეში არ არის.
- სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტ ბავშვს აჭარაში გამოუვლინდა.
დღეს არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რატომ აღმოაჩნდა დასავლეთ საქართველოში ბავშვების 60 %-ზე მეტს სისხლში ტყვია. ამისთვის დამატებითი კვლევები იგეგმება. შემდეგ ეტაპზე სპეციალური ჯგუფები ისევ მივლენ იმ ოჯახებში, სადაც ბავშვებს სახიფათო რაოდენობის ტყვია აღმოაჩნდათ. ამჯერად შეისწავლიან გარემოს, სადაც ისინი იზრდებიან, რათა დადგინდეს, რა წამლავს მათ მძიმე მეტალით.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა იყო ის, რომ თბილისში ბავშვების 30 %-ზე მეტს არ აქვს სისხლში ტყვიის სახიფათო რაოდენობა, მაშინ როცა დედაქალაქში ავტომობილიც ბევრია და 2 წლის წინ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნახევარზე მეტი ვერ აკმაყოფილებდა ტექნიკური დათვალიერების სტანდარტებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორის, პაატა იმნაძის აზრით, თბილისი რომ გეოგრაფიული არეალების ხუთეულშიც კი არ შევიდა, ტყვიით დამაბინძურებელი წყაროების გამორიცხვის საშუალებას იძლევა.
„ვარაუდის დონეზე შეიძლება მხოლოდ გამორიცხვა. მაგალითად, ფაქტია, რომ ბენზინი არაფერ შუაშია. ალბათ, ჰაერიდანაც გამორიცხულია. რჩება სხვა ფაქტორები. დიდი განსხვავება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კი კვლევას საჭიროებს“, - ამბობს პაატა იმნაძე.
მთავარი კითხვა
სანამ კვლევებით გამყარებული პასუხი იქნება, სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა თავისი მოსაზრებები გამოთქვეს იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქრათველოს შორის ასეთი განსხვავებული სურათი, ან რატომ არის აჭარაში მცხოვრები ბავშვების 85 %-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ზღვარზე მაღალი.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფიქრობს, რომ საქართველოში გარემო ძველი მემკვიდრეობის მძიმე ტვირთისგან ჯერ არ გათავისუფლებულა. ეს ეხება ეთილირებულ საწვავს, რომელიც საქართველოში მის აკრძალვამდე დიდი ხნის განმავლობაში აბინძურებდა ჰაერს და ტყვიის მთავარი წყარო იყო. მინისტრის თქმით, მისი კვალი ათწლეულები რჩება ნიადაგში, თუმცა ის არც სხვა მიზეზებს გამორიცხავს.
„წინასწარი შეფასებები ადრეა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს რამდენიმე გამომწვევ ფაქტორთან. ამიტომ კვლევას უნდა ჩამოვაცილოთ ეპიზოდური შემთხვევები და გამოვაჩინოთ რეალური სურათი. წყაროს იდენტიფიკაციაა ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე. ამის მერე შეიქმნება პროექტის მეორე ნაწილი, რომელიც ამ წყაროს აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ტყვიის მაღალი შემცველობა რეგიონების მიხედვით ყოფილ სამხედრო ბაზებთან სიახლოვის ბრალია, თუმცა ზუსტი პასუხი არც მას აქვს:
„გარკვეული ჰიპოთეზები არსებობს, თუმცა ამ ჰიპოთეზებით ვერ ვილაპარაკებთ, თუ დამადასტურებელი ფაქტები არ გვექნება. ამიტომ კვლევები მიმდინარეობს, მათ შორის ნიადაგისა და წყლის“.
გარემოში ტყვიის შემცველობის ფონურ მდგომარეობას ნორმალურად მიიჩნევს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მისი თქმით, სურსათის შესწავლისასაც მხოლოდ 2 %-ზე ნაკლებ შემთხვევაში გამოვლინდა ტყვიის ზღვარს მიღმა შემცველობა.
რა ვიცოდით აქამდე
ამ დროისთვის სხვა კვლევებიდან ვიცით, რომ ტყვიას შეიცავს ბავშვის სათამაშოები, სარემონტო მასალები, სუნელები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები საქართველოში. კვლევა მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ ჩაატარა.
ტყვიის კონცენტრაცია რომ ბავშვების სისხლში ზღვარზე მაღალი იყო, ამაზე საქართველოში დიდი ხანია ლაპარაკობდნენ, სხვადასხვა მცირე კვლევების საფუძველზე. მაგალითად, 2015 წელს იაშვილის კლინიკაში 2-5 წლის პაციენტების სისხლში გაზომეს ტყვიის შემცველობა და ის ყოველ მესამე ბავშვს ნორმაზე მაღალი აღმოაჩნდა.
გაეროს ბავშვთა ფონდი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ის აპირებს ისევ ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან ტყვიით დაბინძურების წყაროების ძიების პროცესში. Unicef-ის ჯანდაცვის სპეციალისტი თამარ უგულავა ამბობს, რომ ამ გამოწვევის წინაშე სხვა ქვეყნებიც იდგნენ და ის მათ მიერ უკვე დაძლეულია.