Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმარობთ სმენის აპარატს? ლინზებს? როგორია თქვენი ბინა? - რა ინფორმაციას აგროვებს "აღწერა 2024"


საქართველოს მოსახლეობას შეუძლია,14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, ონლაინ შეავსოს აღწერის ელექტრონული კითხვარი.
საქართველოს მოსახლეობას შეუძლია,14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, ონლაინ შეავსოს აღწერის ელექტრონული კითხვარი.

სავარაუდოდ, თქვენც მიიღებდით მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომ 14 ნოემბრიდან საქართველოში მოსახლეობის აღწერა დაიწყო: „ჩაერთე აღწერაში, გავიგოთ რამდენი ვართ“, - წერია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სატელეფონო შეტყობინებებში.

თუმცა, გრძელი კითხვარი, რომლის შევსებაც საქართველოში მცხოვრებთათვის, მათ შორის, არამოქალაქეებისთვისაც, კანონით სავალდებულოა, იმაზე მეტ ინფორმაციას აგროვებს, ვიდრე მხოლოდ რაოდენობის აღწერაა.

საქართველოში ჩატარებული აღწერებისგან განსხვავებით, წელს მოსახლეობა პირველად აღიწერება ელექტრონულად.

ანუ, მოსახლეობას აქვს საშუალება, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, ონლაინ პლატფორმაზე გაიაროს თვითრეგისტრაცია და შეავსოს ელექტრონული კითხვარი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებს ექვსნიშნა ელექტრონულ კოდს.

თუმცა, აღწერის პროცესი ამით არ სრულდება. უკვე 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, ძირითადად საღამოობით, თქვენს კარზე დააკაკუნებენ საქსტატის წარმომადგენლები, რომლებსაც უნდა წარუდგინოთ ექვსნიშნა კოდი. ისინი რამდენიმე კითხვით გადაამოწმებენ თქვენს მონაწილეობას აღწერაში და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება თქვენთვის აღწერის პროცესი დასრულებულად.

იმ მოქალაქეებს კი, რომლებიც ვერ ან არ შეავსებენ ელექტრონულ კითხვარს, ამაში მათთან სახლში მისული საქსტატის თანამშრომლები დაეხმარებიან.

რა ინფორმაციას აგროვებენ ჩვენ შესახებ?

პორტალზე რეგისტრაცია იმის საშუალებასაც გაძლევს, რომ შენთან ერთად დაარეგისტრირო ოჯახის სხვა წევრებიც.

სამსულიანი ოჯახის ელექტრონული კითხვარის შესავსებად დაახლოებით 50 წუთი დაგვჭირდა. ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლისას, პორტალის მუშაობა ყოვნდებოდა, თუმცა, პორტალის გამართულად მუშაობის შემთხვევაშიც, კითხვარი იმდენად ვრცელია, რომ მის შესავსებად, საქსტატის ინფორმაციით, დაახლოებით 30 წუთია საჭირო.

აღწერის კითხვარი სულ სამი ნაწილისგან შედგება.

პირველი ნაწილი მოიცავს კითხვებს თქვენი საცხოვრებელი ადგილის, მისამართის, სახლის მდგომარეობის, კეთილმოწყობის (მაგალითად, გაქვს თუ არა ელექტროენერგია, ცენტრალური გათბობა, კანალიზაცია), ოთახების რაოდენობის, სახლის, საცხოვრებელი კორპუსის აშენების თარიღის შესახებაც კი. გეკითხებიან, სახლი შენი საკუთრებაა თუ ქირით ან გირით ცხოვრობ. თუკი არ ფლობ არანაირ საცხოვრებელ ფართს და არც თავშესაფარი გაქვს, კითხვარი მოიცავს გრაფას „უსახლკარო“.

კითხვარის მეორე ნაწილი შენს პერსონალურ მონაცემებს ეხება. აქ არ იგულისხმება მხოლოდ დაბადების თარიღი, პირადი ნომერი თუ სხვა მსგავსი ინფორმაცია. ამ შემთხვევაში, ლაპარაკია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემზე და მათ შორის:

  • მოქალაქეობის,
  • ეროვნების,
  • მიგრაციის,
  • აღმსარებლობის,
  • ენის ფლობის,
  • განათლების დონის,
  • ქორწინების,
  • დასაქმების,
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მაგალითად, როდესაც ჯანმრთელობის ქვეთავამდე მიხვალთ, იქ რამდენიმე კონკრეტულ კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა, მათ შორის ასეთ კითხვებზე:

  • გაქვთ თუ არა მხედველობასთან დაკავშირებული სირთულეები (იყენებთ სათვალეს/ლინზებს) და გექმნებათ თუ არა ამის გამო პრობლემა დასაქმებისას, მუშაობის პროცესში.
  • გაქვთ თუ არა სმენის სირთულეები, ხომ არ იყენებთ სმენის აპარატს?
  • გაქვთ თუ არა დამხმარე მოწყობილობის ან სხვისი დახმარების გარეშე გადაადგილების, დგომის სირთულე?
  • გაქვთ თუ არა მეხსიერებასთან, კონცენტრირებასთან ან ცნობიერებასთან დაკავშირებული სირთულეები? მაგალითად, გიჭირთ თუ არა წარსულში მომხდარი ფაქტების გახსენება?
  • გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, გაქვთ თუ არა კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეები?
  • გაქვთ თუ არა თავის მოვლასთან დაკავშირებული სირთულეები? გიჭირთ დამოუკიდებლად ჩაცმა, ჭამა ან ბანაობა?
აღწერის ელექტრონული კითხვარი
აღწერის ელექტრონული კითხვარი

კითხვარის მესამე და საბოლოო ნაწილი, სოფლის მეურნეობის შესახებ აერთიანებს კითხვებს, რაც გულისხმობს ინფორმაციის გაზიარებას ოჯახის სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის, მრავალწლიანი ნარგავებისა და ვაზის ჯიშთა რაოდენობის, ასევე პირუტყვის, ფრინველისა და ფუტკრის ოჯახების რიცხოვნობის შესახებ.

ვინ უნდა შეავსოს კითხვარი?

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, აღწერაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა იურიდიული პირისა და ფიზიკური პირისთვის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისთვის.

უფრო კონკრეტულად, როგორც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ეუბნება BMGTV-ს, „საყოველთაო აღწერას ექვემდებარება საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე. მუდმივად მცხოვრები დროის კრიტერიუმით განისაზღვრება - თუ ადამიანი 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, ის მუდმივად მცხოვრებად ითვლება.

გარდა ამისა, საერთაშორისო მიდგომისა და სტანდარტების შესაბამისად, აღწერას ექვემდებარებიან საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები (მიუხედავად ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობისა) და საქართველოში მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირები“, - უთხრა გოგიტა თოდრაძემ BMGTV-ს 14 ნოემბერს.

მისივე თქმით, აღწერაში არ მონაწილეობენ ემიგრანტები. ანუ 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები:

„ემიგრანტები, ვინც 12 თვეზე მეტია იმყოფებიან საზღვარგარეთ, ითვლებიან იმ ქვეყნის მცხოვრებლებად, სადაც არიან და, შესაბამისად, აღწერის ობიექტს არ წარმოადგენენ. ანუ ემიგრანტები საქართველოს მოსახლეობად არ ითვლებიან. ეს გახლავთ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის და გაეროს სტატისტიკის სამსახურის რეკომენდაცია, რომლითაც მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს“, - თქვა გოგიტა თოდრაძემ.

რა მიზნებისთვის გროვდება პერსონალური მონაცემები?

ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი რადიო თავისუფლებამ, ამ ეტაპზე, ვერ მიიღო. დაპირების მიუხედავად, 15 ნოემბერს საქსტატის წარმომადგენელთან ინტერვიუ ვერ შედგა.

აღწერის სარეგისტრაციო პორტალზე წერია, რომ აღწერის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება „სწორად განისაზღვროს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში“.

იქვე წერია ისიც, რომ „"ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად, აღწერის ფარგლებში შეგროვებული ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. ამასთან, ინდივიდუალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის და ვრცელდება მხოლოდ აგრეგირებული სახით“.

რადიო თავისუფლებამ ვერ მიიღო პასუხი ვერც ამ კითხვაზე: პერსონალური ინფორმაციის ხასიათის რა დამატებითი კითხვები გაჩნდა 2024 წლის აღწერის კითხვარში, წინა, 2014 წლის აღწერის კითხვარისგან განსხვავებით?

2023 წელს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, საჯარო დაწესებულებებისთვის გამარტივდა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შეგროვება. გაფართოვდა ის საფუძვლები, რაზე დაყრდნობითაც საჯარო დაწესებულებებს ამ ტიპის ინფორმაციის შეგროვება შეუძლიათ. მათ შორის, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად კანონში ჩაიწერა „მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი“, რაც 2023 წლამდე მოქმედ კანონმდებლობაში არ გვხვდებოდა.

ლონდა თოლორაია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ყოფილი ინსპექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქსტატმა სწორედ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი შეიძლება დაუდოს საფუძვლად განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის შეგროვების მიზანს:

ლონდა თოლორაია
ლონდა თოლორაია

„გამჭვირვალე უნდა იყოს ინფორმაცია, თუ რაში სჭირდება საქსტატს, მაგალითად, ინფორმაცია ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ. მიზანი, რომლისთვისაც გროვდება ეს ინფორმაცია, უნდა იყოს მკაფიო.

ზოგადად იმის თქმა, რომ მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება მჭირდება, ეს არ არის დასაბუთება. კონკრეტულად რაში სჭირდება, ეს უნდა დაასაბუთოს. იქნებ სოციალურ და ჯანდაცვის ისეთ პროგრამებს გვთავაზობენ, რომლებიც აქამდე არასდროს გვქონია, ამაზე უნდა მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია“, - ამბობს ლონდა თოლორაია, რომლის თქმითაც, ლეგიტიმურად ჩნდება კითხვები პერსონალური მონაცემების შეგროვების საჭიროებებთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მაღალი სტანდარტები:

„მაგალითად, როდესაც ყველა ეს მონაცემი შემყავს ონლაინ სისტემაში, რამდენად დაცულია ეს სისტემა? ამ სისტემებზე ხელი ვის მიუწვდება? ვინ მუშაობს ამ სისტემებთან? აქვთ თუ არა მათ ცოდნა, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ამ ტიპის მონაცემებს? ნამდვილად იმ მიზნისთვის გამოიყენება ეს ინფორმაცია, რა მიზნისთვისაც მთხოვენ? და ა.შ. ეს კითხვები ლეგიტიმურია და ეს კითხვები გამომდინარეობს ჩვენი წარსული გამოცდილებიდან, როდესაც არაერთხელ გვინახავს, როგორ გროვდება პერსონალური მონაცემები სხვადასხვა მიზნისთვის. ამის საილუსტრაციოდ კმარა უკანასკნელი არჩევნებიც“, - ამბობს ლონდა თოლორაია.

რადიო თავისუფლებამ საქსტატისგან ვერ მიიღო ინფორმაცია ვერც იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის გამოცდილებებს დაეყრდნო 2024 წლის აღწერის კითხვარი.

აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო - 2026 წლის ივნისში.

საყოველთაო აღწერა ქვეყანაში ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო კვლევა 2014 წელს ჩატარდა.

2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა, რაც 15%-ით ნაკლები იყო წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით. აღწერამ მოიცვა საქართველოს მთელი ტერიტორიის 82%. ის ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც წელს, აღწერა ჩატარდება საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG