Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროცესი აშშ-ის კონგრესში: ლაპარაკია საქართველოსთვის დახმარების შემცირებაზე


ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის ქვეკომიტეტმა დაამტკიცა საბიუჯეტო კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების შესაძლო შემცირებას გულისხმობს. ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად სახელდება მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლასა თუ ბიზნესის მდგომარეობას უკავშირდება.

ვრცელ დოკუმენტში სპეციალური ქვეთავი ეთმობა საქართველოს.

ტექსტში ნათქვამია, რომ საბიუჯეტო კანონის მიხედვით საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 132 025 000 დოლარი. თუმცა ლაპარაკია ასევე, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გამოსაყოფი თანხის 15%, შესაძლოა, არ გაიცეს - „ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამოიკვლევს და არ მოახსენებს ასიგნებების კომიტეტს იმის შესახებ, რომ (საქართველოს) მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს“.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ გადასადგმელი ნაბიჯები შემდეგი მიმართულებებით უნდა შეფასდეს:

  • დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება;
  • კორუფციასთან ბრძოლა (მათ შორის - ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების დამტკიცება);
  • კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა კერძო სექტორში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის ჩათვლით;
  • უცხო ქვეყნის საწარმოებისთვის ზეწოლისგან თავისუფალი საქმიანობისა და კომერციული მოგების მიღების უზრუნველყოფა საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეზღუდვა არ შეეხება დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობის, მასმედიის მხარდამჭერ პროგრამებს. ასევე შეზღუდვა არ ვრცელდება პროგრამებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ძალადობასთან ბრძოლასა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვას.

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის სახელმწიფო, საგარეო ოპერირებისა და დაკავშირებული პროგრამების ქვეკომიტეტის მიერ დამტკიცებულ საბიუჯეტო კანონპროექტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანს შეუძლია უარი თქვას საქართველოსთვის ფინანსური შეზღუდვის დაწესებაზე, თუკი ის აცნობებს ასიგნებების კომიტეტს, რომ ეს მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის და დაკონკრეტდება ეს ინტერესებიც.

ოპოზიცია კონგრესში განხილულ დოკუმენტს უპრეცედენტოს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოსთვის დახმარების შეზღუდვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამღუპველი პოლიტიკის შედეგია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიცია თავის განცხადებებს სიცრუეზე აფუძნებს.

XS
SM
MD
LG