ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის კვალდაკვალ დასავლეთის ქვეყნებს აუცილებლად გაუჩნდებათ დამატებითი შეკითხვები და მოთხოვნები საქართველოსთან მიმართებით, რამაც შესაძლოა გარკვეულწილად შეაფერხოს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით. ბევრი მოელის, რომ უცხოელი პარტნიორები უფრო ღრმად ჩაეძიებიან პრობლემებს და აუცილებლად დაინტერესდებიან, რეალურად რის გამო გადადგა გიორგი კვირიკაშვილი, რომელთანაც მათ საკმაოდ კარგი კომუნიკაცია და ურთიერთობები ჰქონდათ. ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა ნატოს ივლისის სამიტის წინ, რომელსაც საქართველო გარკვეულ იმედებს უკავშირებს.
პრემიერის მიერ დასახელებული მიზეზი, რომ პოსტის დატოვება გუნდში არსებული უთანხმოების გამო გადაწყვიტა, გაუგებარი იქნება დასავლეთის ქვეყნებისთვის, ეუბნება რადიო თავისუფლებას რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, ნატოსა და ევროკავშირში გაცილებით იოლად გაიგებდნენ და მიიღებდნენ, გადადგომის მიზეზად საზოგადოების უკმაყოფილება, სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული მღელვარება, შექმნილი კრიზისი და ამ კრიზისის ვერმოგვარება რომ დასახელებულიყო. ინტერესი იქნება, მით უმეტეს, რომ დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებისთვის დამაკმაყოფილებელი იყო კვირიკაშვილის მთავრობის პოლიტიკა და ხშირად ყალიბდებოდა ახლო ურთიერთობებიც.
კახა გოგოლაშვილი იზიარებს აზრს, რომ დასავლეთის მხრიდან შეკითხვების დასმა, პასუხების მიღება, შემდეგ უკვე მათი გააზრება და დასკვნების გამოტანა მოითხოვს დროს და ეს აჩენს რისკს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება რამდენადმე გაჭიანურდეს კიდეც. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ნატოს სამიტის წინ, რომელსაც ივლისში ბრიუსელი უმასპინძლებს და რომელსაც თბილისი საქართველოს პროგრესის რეალურად დაფასების იმედებს უკავშირებს. რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი ფიქრობს, რომ ივლისის სამიტზე საქართველო ვერ მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, მაგრამ როგორ აისახება საქართველოს საკითხი სამიტის დეკლარაციაში, ესეც დიდწილად დამოკიდებული იქნება ახალი მთავრობის მიერ გაცემულ პასუხებზე და იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ახალი მთავრობა მოკლე დროში დაიმსახუროს ხალხის ნდობა.
გადადგომასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ 13 ივნისს გაკეთებული განცხადების შინაარსი ეჭვებს უჩენს საქართველოს პრეზიდენტს. გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ პრემიერების მოსვლისა და წასვლის ამბავი საქართველოში თავად პრემიერებზე არ არის დამოკიდებული, ხოლო ეს ბუნდოვანი და საეჭვო პროცესები აბსოლუტურად არ შეესაბამება საქართველოს მიერ არჩეულ საგარეო პოლიტიკურ კურსს.
„რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი და რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები? მე მიმაჩნია, რომ ეს რაღაცნაირი მასკარადი, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერ-მინისტრები და ეს გაუგებარია საზოგადოებისთვის და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, ეს უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 14 ივნისს ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ და იქვე ბიძინა ივანიშვილიც ახსენა. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესი უფრო მისაღები იქნებოდა, პრემიერის პოსტი თავად ბიძინა ივანიშვილს რომ დაეკავებინა, თუმცა დღის მეორე ნახევარში „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაირკვა, რომ მომავალი პრემიერი ყოფილი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გახდება. ბევრს ეს არჩევანი არ გაჰკვირვებია წინასწარ გავრცელებული ხმებისა თუ იმის გამო, რომ მამუკა ბახტაძესთან ერთად ოპონენტები ხშირად ახსენებდნენ ბიძინა ივანიშვილს, მათ შორის - საეჭვო გარიგებებთან მიმართებითაც.
„არადემოკრატიული სისტემა, სადაც პრემიერი რეალურ ძალაუფლებას არ ფლობს და მისი ქმედებები არაფორმალურად, გარე გავლენებით იმართება, ხელს უშლის საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მუჩაიძემ. რაც შეეხება ნატოს ივლისის სამიტს, მუჩაიძის აზრით, დიდი შედეგები ისედაც არ იყო მოსალოდნელი, მაგრამ სამომავლო შედეგები - როგორც ევროატლანტიკური, ასევე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით - დიდწილად იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში საგარეო უწყებას და რამდენად ენერგიულად და პროაქტიულად გადადგამს სამომავლო ნაბიჯებს.