ის დარწმუნებულია, რომ გენერალ ზალუჟნის თანამდებობიდან გაშვებას რუსული პროპაგანდა აუცილებლად გამოიყენებს. ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუს დროს პიტერ დიკინსონი კიევში იმყოფებოდა, სადაც 90-იანი წლებიდან ცხოვრობს.
ეს კარგს არაფერს ამბობს უკრაინის მთავრობაზე. თითქოს მიანიშნებს, რომ კატასტროფა ახლოვდება.
რადიო თავისუფლება: უკრაინის ჯარებს ახალი მთავარსარდალი ჰყავს. და პირველი და ალბათ მთავარი კითხვაც არის - რატომ?
პიტერ დიკინსონი: სამწუხაროდ, ამ ყველაფერს შიდა პოლიტიკის სუნი სდის. არ არსებობს რეალური, მყარი სამხედრო არგუმენტი, რომლის გამოც ზალუჟნი უნდა შეცვლილიყო. არგუმენტებად გვესმის, რომ მაგალითად, ომი სწრაფად იცვლება. ახალი აზროვნება გვჭირდება, ახალი ხალხი. არა ძველი სკოლის ხალხი, არამედ ხალხი, ვინც მზადაა, დანერგოს ახალი სტრატეგიები, მიდგომები, ჩაერთოს დრონების ომში, ომში ახლებურად იბრძოლო. მაგრამ საქმე ისაა, რომ სწორედ ამ მხრივ, ზალუჟნიზე უკეთეს კანდიდატს ძნელად თუ იპოვით. მისმა სტრატეგიებმა და ტაქტიკამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხადყო, რომ ის არათუ უშინდება ახლებურ მიდგომებს, არამედ წარმატებით ახერხებს მათ დანერგვასა და ბრძოლის ველზე გამოყენებას. ასე რომ, ის არგუმენტი, თითქოსდა ზალუჟნი „გუშინდელი დღის კაცია“, ერთობ არადამაჯერებლად ჟღერს. კიდევ ერთი სამხედრო არგუმენტი, რომელიც გაჟღერდა, იყო ის, რომ ის თითქოსდა ზედმეტად ფრთხილია. რომ იყო შემთხვევები, როდესაც ზალუჟნის უკანდახევა სურდა და ზელენსკიმ არ დაანება, მან თქვა: ვრჩებით! ბახმუტთან, ავდიივკასთან, ზაპოროჟიაში. მსგავსი ხმები ვრცელდებოდა გასულ ზაფხულსაც, როდესაც უკრაინამ თავისი კონტრშეტევა წამოიწყო - რომ თითქოსდა ზალუჟნი ზედმეტად კონსერვატიული იყო, რისკებს თავს არიდებდა...
რადიო თავისუფლება: იქნებ სწორედ წარუმატებელი კონტრშეტევის ფასს ახდევინებენ?
პიტერ დიკინსონი: არა, ასე არ მგონია. უკრაინელები თვლიან, რომ კონტრშეტევა წარუმატებელი გამოდგა იმიტომ, რომ საკმარისი იარაღი ვერ მიიღეს, და რაც მიიღეს, ისიც დაგვიანებებით. ესაა და ეს, ზალუჟნის ნამდვილად არაფერს აბრალებენ. მაგრამ ვფიქრობ, ზელენსკის გადმოსახედიდან - უფრო სწორად, მისი ბანაკის ზოგიერთი წევრი ცდილობს, ზელენსკის შეუქმნას აგრესიული ლიდერის იმიჯი, ამბიციური ლიდერისა, რომელსაც ასეთივე სარდალი სჭირდება გვერდში, ვინც ისეთი კონსერვატიული არ იქნება, როგორიც ზალუჟნი იყო. ზელენსკი ხმამაღლა, გზნებით ლაპარაკობს უკრაინის გამარჯვებაზე და ვიცით, რომ იმედგაცრუება ვერ დამალა, როდესაც ზალუჟნი ფრონტზე ჩიხში შესვლაზე ალაპარაკდა. მან თქვა: მე მჯერა ჩვენი გამარჯვების. და მე მჭირდება ხალხი, ვისაც ჩემსავით სჯერა ამ გამარჯვებისა. იქმნება განცდა, რომ ზელენსკის სურს ჰყავდეს ისეთივე ამბიციური, პროაქტიური სარდალი, როგორც თვითონაა, ვინც ისე აზროვნებს, როგორც თვითონ. მას უკრაინის მიწების შენარჩუნება სურს. მას არ სურს მოისმინოს: უკან ვიხევთ.
მთავარი მიზეზი, რის გამოც ზელენსკიმ ზალუჟნი შეცვალა, არის ის, რომ მას აშინებდა გენერლის მზარდი პოპულარობა.
რადიო თავისუფლება: რამდენად სარისკოა ეს გადაწყვეტილება? რამდენად დიდია საფრთხე, რომ უკრაინას ეს ნაბიჯი ძვირად დაუჯდება?
პიტერ დიკინსონი: რისკი ნამდვილად არის. არის რისკი, რომ ეს უკრაინას ძალიან ძვირად დაუჯდება. ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ზელენსკიმ ზალუჟნი შეცვალა, არის ის, რომ მას აშინებდა გენერლის მზარდი პოპულარობა. უკრაინული პოლიტიკა ერთობ მყიფე რამეა, ერთ დღეს პოპულარული ხარ, მეორე დღეს კი აღარავის ახსოვხარ. და მიზეზი, რის გამოც ზალუჟნი ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ზელენსკი, არის ის, რომ მას პოლიტიკოსად არ განიხილავენ, ის პოლიტიკაში არ გასვრილა. უკრაინაში სიტყვა პოლიტიკოსს მხოლოდ ნეგატიური რეპუტაცია ახლავს, უკრაინელს არ სჯერა პოლიტიკოსის - თუ პოლიტიკაში წახვედი, მის ნდობას კარგავ. და რადგანაც ზალუჟნი პოლიტიკოსი არ არის, მისი უფრო სჯერათ. და თავისთავად ცხადია, ის ერთობ წარმატებული სამხედრო მეთაურია, პატივს სცემენ და აფასებენ. ზალუჟნი იქცა ერთგვარ სიმბოლოდ, სიმბოლოდ იმ პატივისცემისა და მადლიერებისა, რასაც უკრაინელი ხალხი საკუთარი ჯარის მიმართ გრძნობს. დღეს უკრაინაში ორი ინსტიტუტია, რომლის პოპულარობაც განუხრელად იმატებს, რომლის მიმართაც უკრაინელ ხალხს ნდობა აქვს: პირველი ჯარია, მეორე კი - მოხალისეთა მოძრაობა. მხოლოდ ამ ორ ინსტიტუტს აქვს უკრაინელების თვალში ნდობა და პატივისცემა.
რადიო თავისუფლება: თუ მართლაც ასეა და ზალუჟნი საკუთარ პოპულარობას შეეწირა, რას ამბობს ეს უკრაინის მთავრობაზე?
პიტერ დიკინსონი: ეს ძალიან შემაშფოთებელია და კარგს არაფერს ამბობს უკრაინის მთავრობაზე. და ეს მიანიშნებს, რომ კატასტროფა გვიახლოვდება.
ეს იქნება ნომერი პირველი თემა რუსული პროპაგანდის დღის წესრიგში - გვეტყვიან, რომ ზალუჟნი გმირული ფიგურაა, რომელიც ზელენსკიმ დააღალატა, რომ დროა, ომი შევწყვიტოთ ჩვენს რუს ძმებთან, რადგან უკრაინა ვერასოდეს გაიმარჯვებს, ზელენსკი კი მოღალატეა!
რადიო თავისუფლება: რას იტყვიან უკრაინის პარტნიორები მსგავს შინაომებზე? ამ მხრივაც არსებობს რისკები?
პიტერ დიკინსონი: არ ვფიქრობ, რომ დასავლეთს რაიმე მწვავე რეაქცია ექნება. უკრაინას ხელს არ შეუშლიან, თუ კიევი გადაწყვეტს, რომ უკრაინის ჯარებს ახალი სარდალი სჭირდება, ეს მათი საქმეა და დასავლეთი ამაში არ ჩაერევა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთი უკრაინას მხარს უჭერს საკუთარი ინტერესების გამო და არა უკრაინის ინტერესების გამო. მათ მშვენივრად ესმით, რომ უკრაინა არაა იდეალური ლიბერალური დემოკრატია, განსაკუთრებით, როდესაც ინსტიტუციებზე მიდგება საქმე, და ისინი გაგებით ეკიდებიან ამ ყველაფერს, რადგან აცნობიერებენ, რომ ეს ერთბაშად ვერ მოხდება. გამართული დემოკრატიის აშენება გრძელი და რთული პროცესია. დასავლეთის მთავარი ინტერესია, შეაჩეროს რუსეთის იმპერიალისტური ექსპანსია, რომელიც ემუქრება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს, ასე რომ, ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. აი, რაც შეეხება რუსებს, ისინი ბოლომდე გამოწურავენ ზალუჟნის ამ ინციდენტს, პროპაგანდის მანქანას მთელი სიმძლავრით აამუშავებენ. ისინი შეეცდებიან უკრაინული საზოგადოების დემორალიზებას. ეს იქნება ნომერი პირველი თემა რუსული პროპაგანდის დღის წესრიგში - გაუთავებლად მოვისმენთ, როგორ აყენებს ზელენსკი პირად ინტერესებს უკრაინის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა. გვეტყვიან, რომ მხოლოდ გიჟი თუ წავა საომრად ზელენსკის გულისთვის, მაშინ როცა ამ უკანასკნელს საკუთარი თავის გარდა არაფერი ადარდებს! რომ ზალუჟნი გმირული ფიგურაა, რომელიც ზელენსკიმ დააღალატა, დაგაღალატათ თქვენც, უკრაინელები, და დროა, ომი შევწყვიტოთ ჩვენს რუს ძმებთან, თუნდაც ხვალვე, რადგან უკრაინა ვერასოდეს გაიმარჯვებს, ზელენსკი კი მოღალატეა!
რადიო თავისუფლება: და ზალუჟნი რას აკეთებს ამასობაში?
პიტერ დიკინსონი: კარგი კითხვაა, ძალიან კარგი კითხვა. ვფიქრობ, ცოტა ხნით მაინც ძალიან ჩუმად იქნება, არ იაქტიურებს. მაგრამ შემდეგ, ვფიქრობ, გაიზრდება მასზე წნეხი, პოლიტიკურ ფიგურად იქცეს. უკვე ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ლამობენ, ერთგვარი ზალუჟნის ბანაკი შექმნან, მისი პოპულარობა პოლიტიკურ კაპიტალში გადაახურდაონ და ამით იხეირონ. მაგრამ მგონია, რომ ზალუჟნი ჩვეულ სიფრთხილეს გამოიჩენს. არ მგონია, რომ დიდად ხიბლავდეს პოლიტიკოსად ქცევის პერსპექტივა. მაგრამ ის ლიდერია და პატრიოტი და თუ ხელაღებით ჩამოაშორეს ყველაფერს, მაშინ ვფიქრობ, უახლოეს 6 თვეში პოლიტიკაში ვიხილავთ. Მაგრამ თუ სხვა პოზიციაზე გადაიყვანენ, შესაძლოა სცადოს ჩრდილში ყოფნა, და დალოდება, ისევ მოახერხებს თუ არა ომის მიმდინარეობაზე გავლენას, იქნება ეს უშიშროების საბჭოდან თუ სხვა ადგილიდან.
რადიო თავისუფლება: მოდით ამ ყველაფერს კრემლის გადმოსახედიდან შევხედოთ: ხედავ, რომ ზალუჟნისა და ზელენსკის შორის დაპირისპირებაა - რომელთან ეცდები საერთო ენის გამონახვას? რომელი მათგანი უფრო დაგიჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ზავზე სასაუბროდ?
პიტერ დიკინსონი: ძალიან კარგი კითხვაა. გულწრფელად გითხრათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ან ერთი, ან მეორე ამაზე წავა, რუსებთან ერთად მიუჯდება მაგიდას, ახლო მომავალში მაინც, ფრონტზე დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით. თუ სიტუაცია ფრონტზე დრამატულად შეიცვლება - უარესობისკენ, ანაც უკეთესობისკენ, მაშინ მოლაპარაკებები რეალური გახდება, მაგრამ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ორივე გადაჭრით უარს იტყოდა ამაზე. დღეს თითქმის არავინაა უკრაინაში, ვინც რუსებთან მოლაპარაკებაზე დათანხმდებოდა.