უკრაინული დაზვერვის ანონიმურმა წყაროებმა 5 ნოემბერს ეს ამბავი ამერიკულ გამოცემა „ფაინენშელ ტაიმსს“ დაუდასტურეს. თუ სად და რა დროს მოხდა და რა შედეგი მოჰყვა შეტაკებას, ამის შესახებ კონკრეტული დეტალები წყაროს არ გაუმხელია.
"ჯერჯერობით ლაპარაკი არ მიდის დიდ შეტაკებებზე", - განუცხადა გამოცემას ანონიმურმა წყარომ, რომლის მინიშნებით, დაპირისპირება მოხდა რუსეთის ფედერაციის იმ ოლქში, რომლის დაახლოებით 600 კვადრატულ კილომეტრს რუსეთის არმია აკონტროლებს.
ამგვარ ტერიტორიას რუსეთში წარმოადგენს კურსკის ოლქი, სადაც უკრაინის ჯარები სუმის ოლქიდან 6 აგვისტოს შეიჭრნენ და ამ დრომდე ინარჩუნებენ ვრცელ პლაცდარმს მოწინააღმდეგის სიღრმეში.
კურსკის ტერიტორიაზე 500 ჩრდილოკორეელი ოფიცერი და სამი გენერალი იმყოფება?
პირველად ჩრდილოკორეელი და უკრაინელი სამხედროების სავარაუდო პირველი შეტაკების შესახებ ცნობა ტელეგრამის არხით უკრაინის უსაფრთხოებისა და ეროვნული თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის (CPD) ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ, 4 ნოემბერს გაავრცელა.
"კორეის სახალხო რესპუბლიკის სამხედროების პირველი ჯგუფი უკვე ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა კურსკის ოლქში", - წერს ტელეგრამის არხში კოვალენკო, რომელსაც სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.
უკრაინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მთავარი მაკოორდინირებელი პოლიტიკური ორგანოს ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელს ასევე მოეპოვება ცნობა იმის შესახებ, რომ კურსკის ოლქში გადასროლილ ჩრდილოკორეელ სამხედროებს რუსი ინსტრუქტორები შეასწავლიან სხვადასხვა ტიპის საბრძოლო დრონების გამოყენებას.
"რუსები თანამედროვე ომისთვის წვრთნიან ჩრდილოეთ კორეის სამხედროებს და ოფიცრებს. მათ გამოიყენებენ ბრძოლაში. რუსულ სამხედრო ფორმაში მყოფი ჩრდილოკორეელები, კურსკის რეგიონში რუსეთის დანაყოფებში ირიცხებიან. მათ FPV (First Person View) დრონების და სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავების, მათ შორის „ლანცეტების“ გამოყენების პრინციპებს შეასწავლიან", - წერს კოვალენკო, რომლის სიტყვებიც საინტერნეტო გამოცემა "უკრაინსკა პრავდას" მოჰყავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ბოლო მონაცემებით, კურსკის ტერიტორიაზე შეყვანილი ჩრდილოკორეელი სამხედროების საერთო რაოდენობა დაახლოებით 12 ათასს აღწევს. მათ შორის 500 ოფიცერი და სამი გენერალია.
როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, უკრაინის დაზვერვამ ჩრდილოკორეელი სამხედროების კურსკის ტერიტორიაზე გადასროლა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დააფიქსირა.
პუტინის "მზარდი სასოწარკვეთის“ ნიშანი
4 ნოემბერს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კურსკის რეგიონში უკრაინელი და ჩრდილოკორეელი სამხედროების პირველი შეტაკების შესახებ ცნობები არ დაუდასტურებია. მაგრამ პენტაგონი დარწმუნებულია, რომ ამჟამად რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში უნდა იმყოფებოდეს, სულ მცირე 10 000 ჩრდილოეთკორეელი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა რაოდენობა შეიძლება ოდნავ გაიზარდოს.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, პეტ რეიდერმა გაიხსენა, რომ რუსეთის ჯარები კურსკის რეგიონში უკრაინული ბლიცკრიგის პირველი დღეებიდანვე ცდილობენ დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას და უკრაინის ჯარების ალყაში მოქცევას. მაგრამ ამის ნაცვლად უკრაინის არმიამ რამდენიმე დამატებითი ტერიტორია დაიკავა, რასაც კურსკის ტერიტორიაზე ჩრდილოკორეელი სამხედროების შეყვანა მოჰყვა.
"ამიტომ, კურსკში ამ დამატებითი 10,000-12,000 (კორეელი) ჯარისკაცის განლაგება, რა თქმა უნდა, არის ნაბიჯი, რასაც საბრძოლო შესაძლებლობების თვალსაზრისით, შესაძლოა დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება გამოყენებული ეს ძალები რუსეთის სარდლობის მიერ და როგორ მოხდება მათი ინტეგრირება რუსეთის სამხედრო ძალაში", - დასძინა პეტ რეიდერმა.
ნატოს ხელმძღვანელმა, მარკ რიუტემ ამ ცნობების შეფასებისას თქვა, რომ ეს არის "მნიშვნელოვანი ესკალაცია", რაც გლობალური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
რიუტემ ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში განლაგება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, "მზარდი სასოწარკვეთის" ნიშანია.
"პუტინის ომში უკვე 600,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა და ის ვერ ახერხებს უკრაინის წინააღმდეგ შეტევის შენარჩუნებას უცხოური მხარდაჭერის გარეშე", - თქვა რიუტემ.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ თუ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები "უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვებიან, ისინი ნებადართული სამიზნეები იქნებიან".
მოსკოვმა და ფხენიანმა, რომლებმაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თავდაცვის თანამშრომლობა გააძლიერეს, ეს ცნობები კურსკის ტერიტორიაზე ათასობით ჩრდილოკორეელი სამხედროს საიდუმლოდ შეყვანის შესახებ უარყვეს, როგორც "ყალბი ამბავი" და განაცხადეს, რომ მათი სამხედრო თანამშრომლობა საერთაშორისო სამართლის ფარგლებს არ სცილდება.
პირველი კომენტარი რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა 25 ოქტომბერს, BRICS-ის სამიტის შედეგების შემაჯამებელ კონფერენციაზე ყაზანში გააკეთა ცნობებზე იმის შესახებ, რომ, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში მონაწილეობის მიზნით, რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეის სამხედროები იმყოფებიან.
BRIC-ი შეიქმნა 2006 წელს ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის მიერ. სამხრეთი აფრიკა ორგანიზაციას შეუერთდა 2011 წელს. 2024 წლის 1 იანვარს ჯგუფის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ: ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.
ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა რუსეთში ყოფნის ამსახველ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, NBC News-ის რეპორტიორმა პუტინს ჰკითხა, რა მიზანს ემსახურება მათი ყოფნა რუსეთში და რამდენად არსებობს უკრაინაში ომის უფრო მეტი ესკალაციის ალბათობა.
"სურათები - სერიოზული რამაა. თუ არსებობს სურათები, ესე იგი ისინი რაღაცას ასახავს", - თქვა პუტინმა.
ფხენიანს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია კურსკის ოლქში უკრაინელ და ჩრდილოკორეელ სამხედროებს შორის პირველი სავარაუდო შეტაკების შესახებ გავრცელებულ ცნობაზე.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "კრემლი არ აკეთებს კომენტარს აშშ-ის განცხადებებზე კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედროების შესახებ, რადგან ვაშინგტონი თავად ამბობს, რომ არ ფლობს ამ ინფორმაციის დამდასტურებელ ფაქტებს".
- 5 ნოემბერს „დიდი შვიდეულის“, ასევე სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ სერიოზულად არიან შეშფოთებული რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარების განთავსებისა და უკრაინაში მათი შესაძლო გამოყენების გამო, იტყობინება Reuters-ი.
- „კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ უკრაინაში რუსეთის აგრესიის პირდაპირი მხარდაჭერა, გარდა იმისა, რომ წარმოაჩენს რუსეთის სასოწარკვეთილ მცდელობას, მოახდინოს საკუთარი დანაკარგების კომპენსაცია, კონფლიქტის სახიფათო გაფართოებაც იქნება“, ნათქვამია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
- მათ ასევე „სრულიად კატეგორიული სახით“ დაგმეს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა, მათ შორის, რუსეთის მიერ ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტების „უკანონო შესყიდვა“.
ფორუმი