1880 წელს, ალექსანდრე როინაშვილმა თბილისის მტვრიან გარეუბანში ეტლი გააჩერა და თავის ახალგაზრდა ცოლს მიუბრუნდა. „დღეიდან ცოლ-ქმარი აღარა ვართ“, - უთხრა.
როდესაც გაოგნებული ქალი ეტლიდან ჩახტა, როინაშვილმა გზა დღევანდელი აზერბაიჯანის მიმართულებით გააგრძელა. თან ეტლით ფოტოაპარატურას მიაჯაყჯაყებდა.
უიღბლო ქორწინების დასრულების შემდეგ როინაშვილს ოჯახის შექმნა აღარ უცდია. მთელი თავისი ენერგია კავკასიის ქვეყნების პეიზაჟებისა და კულტურის, საყვარელი საქართველოს დოკუმენტირებას მოახმარა.
ალექსანდრე როინაშვილი 1846 წელს დუშეთში დაიბადა. მამა ჯერაც ყმაწვილმა დაკარგა და თბილისში ისე გადავიდა, წესიერად არც კი იცოდა იქ რა უნდა ეკეთებინა.
თბილისში თავისი გზა იპოვა. ახალი ხელობა ფოტოგრაფია შეისწავლა და რუსულ სტუდიაში თანაშემწედ დადგა.
მალე საკუთარი საქმე წამოიწყო. ის იყო პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი.
სტუდია, სადაც ის პორტრეტებს იღებდა პოპულარული გახდა. მაგრამ როინაშვილი მალე დაეუფლა ახალ ტექნოლოგიას, რომლითაც დაპყრობილი სამშობლოს ფოტოდოკუმენტირება შეეძლო.
საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, რომელიც 150 წლისაა, რადიო თავისუფლებას ნება დართო, არქივში როინაშვილის რამდენიმე ფოტო ენახა.
მაღალი რეზოლუციის ფოტოებზე მომხიბვლელი, საოცარი კავკასია ჩანს, რომელიც მაშინ რუსეთის მმართველობის ქვეშ იყო.
ქართველი ისტორიკოსი გიორგი ჯავახიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ როინაშვილი გამორჩეული იმანაც გახდა, რომ ის საზოგადოების მაღალ ფენაში გაერია.
„როინაშვილი წარმომავლობით გლეხი იყო და წარმატებას საკუთარი ნიჭით მიაღწია“, - ამბობს ჯავახიშვილი.
ისტორიკოსი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 1880 წელს ცოლი გზაზე დატოვა, როინაშვილის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ ის რამდენიმე წლის განმავლოაბში დაღესტანში მოგზაურობდა და ფოტოებს იღებდა.
მე-19 საუკუნის ერთი ქართული გაზეთი წერს, რომ დაღესტანი როინაშვილს ძალიან იზიდავდა, ის „კავკასიის მთებში ისტორიის დაკარგულ არტეფაქტებს ეძებდა“.
ფოტოგრაფის დაღესტნური ექსპედიცია მომგებიანი უნდა ყოფილიყო.
რუსეთის საზოგადოება მონუსხული იყო დაღესტნით. ის კრემლმა 1864 წელს დაიპყრო, მთის ტომებთან ათწლეულებით გაგრძელებული სისხლიანი ბრძოლების შემდეგ.
„მე-19 საუკუნის რუსეთისთვის კავკასია იყო ეგზოტიკური, მშვენიერი და, ამავდროულად, ზარდამცემი ადგილი“, - ეუბნება ჯავახიშვილი რადიო თავისუფლებას.
მაშინ, როცა როინაშვილი ამ რეგიონში კამერით დადიოდა, „რუსეთის საზოგადოება კავკასიას მხოლოდ ლიტერატურიდან და ნახატებიდან იცნობდა“, - ამბობს ჯავახიშვილი.
ფოტოგრაფმა დღევანდელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც იმოგზაურა.
მოგზაურობისას როინაშვილმა უამრავი არტეფაქტი შეაგროვა, სურდა ქართული კულტურის მუზეუმი დაეარსებინა.
„რუსეთის იმპერიაში თითქმის არც ერთი ერი არ მოიპოვება, რომ საკუთარი სახლი, ანუ მუზეუმი არ ჰქონდეს,- წერს როინაშვილი, - ჩვენ კი, რომელთაც უპირატესობა გვაქვს წარსულის დიდებითა, ხელოვნებითა, მწიგნობრობითა, აზრადაც არ მოგვდის რომ დავაარსოთ ამგვარი ეროვნული სახლი. რათა დაინახოს მომავალმა თაობამ, თავისი წარსული, თავისი დიდება”.
„ამ ჩვენის ოდესმე დაუძინებელის მტრებისაგან შევიძინე ხუთასამდე ნივთი და ჩამოვიტანე ჩვენს დედა-ქალაქში იმ განზრახვით, რომ გადამეცა ჩვენის ერისათვის, დასაარსებლად ქართული ეროვნული მუზეუმისა“, - წერდა როინაშვილი თავისი სიცოცხლის ბოლოს.
„აი, ექვსი წელიწადი სრულდება, რაც ჩამოვიტანე ეს ნივთები და, ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდლამდე ვერ ვპოვე ვერც ერთი დაწესებულება ჩვენში, რომ შეეძლოს და შეინახოს, თუნდ დროებით დაქირავებულს სახლში“.
1898 წლის მაისში ალექსანდრე როინაშვილი მოულოდნელად 52 წლისა გარდაიცვალა. მთელი თავისი ქონება, მათ შორის ის საგანძურიც, რომელიც მოგზაურობისას შეაგროვა, საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა.
მასზე წერდნენ: „მან ჩვენ ქართველებს გვაჩვენა თუ რა შეუძლია ერთ კაცს, თუკი ის გარემოებას არ შეუშინდება. ალექსანდრე როინაშვილმა დაიმსახურა, რომ მისი ხსოვნა მარად იყოს მის ქვეყანაში“.