Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია რეგიონებში გადის


ოპოზიცია რეგიონებში გადის. პირველი აქცია 6 დეკემბერს, ქუთაისში დაიგეგმა. „ყველა ერთის წინააღმდეგ“ - გაერთიანებული ოპოზიცია კვირის ბოლოს, ამ გზავნილით, მსვლელობას რუსთაველის ქუჩაზე დაიწყებს და ქუთაისის მერიასთას, აქციით დაასრულებს.

აქციები რეგიონებში არასასესიო კვირებში გაიმართება. ოპოზიციონერი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრები გაიმართება ყველა დიდ ქალაქში. მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავში, მარნეულში. პარალელურად, აქციები გაგრძელდება თბილისშიც. ოპოზიციონერი ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ თბილისში, 9 დეკემბერს.

რას ელიან ოპოზიციონერი ლიდერები რეგიონებში?

აკაკი ბობოხიძე, „ევროპული საქართველოს“ წევრი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საპროტესტო მუხტს, რომელსაც ოპოზიცია რეგიონებში ჩაიტანს, საზოგადოება აუცილებლად გაიზიარებს. დეპუტატის თქმით, რეგიონებში გასული ოპოზიცია არ გამოვა კანონის ფარგლებიდან და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.

როგორც აკაკი ბობოხიძე ამბობს, ქუთაისში ოპოზიციონერი ლიდერები და მათი ახლო გარემოცვა გაემგზავრება. ამ ეტაპზე, არ არის დაგეგმილი, რეგიონებში დედაქალაქიდან კოლონებით წასვლა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ დეკემბერს, ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მხრიდან თავდასხმის ეპიცენტრად იქცა, ამ ფონზე, აკაკი ბობოხიძე მაინც დარწმუნებულია, რომ ქუთაისში დაგეგმილ აქციაზე ხელისუფლებისაგან განაწყენებული მოსახლეობა სწორედ მათ გარშემო მოიყრის თავს:

„და ვინ იყო ის ხალხი, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კვერცხები დაუშინეს? ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ ლუკმა-პურზე დასმული ხალხი. ე.წ. აიპებისა და სსიპების თანამშრომლები. ქუთაისში, გუშინ, გულწრფელად აღშფოთებული ხალხი არ გამოსულა“.

რეგიონების პროტესტის იმედი აქვს ალეკო ელისაშვილს, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერს. „ამხილე ფეოდალი მაჟორიტარი“ - კამპანია ამ სახელწოდებით ალეკო ელისაშვილმა 24 ნოემბერს, კახეთიდან დაიწყო. მის ჩასვლას კახეთში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ამ შემთხვევაშიც, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ პარტიული აქტივი გამოიყენა. 28 ნოემბერს ალეკო ელისაშვილი გორში ჩავიდა:

„დავდივართ, ვხვდებით ხალხს და ვუხსნით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რეგიონებში გაბატონებული სიღარიბისა, ეს არის სწორედ სისტემა და მისი პირმშო - მაჟორიტარები, რომლებიც სინამდვილეში ფეოდალებივით არიან მომსხდარნი თავიანთ რაიონებს. ხალხის განწყობა ჩვენს მიმართ არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური და საპროტესტო. ორჯერ გავედით რეგიონებში და ორივეგან მსგავსი სურათი დაგვხვდა. საკრებულოები, მერია, კრებს ხალხს. ხდება აიპებისა და სსიპების თანამშრომლების მობილიზება. მაგალითად, გორში, მერიის კუთვნილი ავტობუსით მოიყვანეს საჯარო მოხელეები. ქმნიან ჩვენთან დაპირისპირების იმიტაციას, რომ აი, ვითომ ხალხი აღშფოთებულია“.

როგორ დახვდება რეგიონები საპროტესტო აქციებს?

ოპოზიციონერი ლიდერებისგან განსხვავებით, აბსოლუტურად სხვა მოლოდინები აქვთ რეგიონებში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მათი სიტყვებით, საზოგადოება, რომელიც მომავლისკენ არის ორიენტირებული, არ დაუჭერს მხარს იმ „დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც წარსულის დასაბრუნებლად მოდიან“. მიუხედავად იმისა, რომ აქციების ორგანიზებაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტია იღებს მონაწილეობას, აქციების ორგანიზატორებად ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოიხსენიებენ.

ერთი მხრივ ამბობენ, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველას, მათ შორის, ცხადია, ოპოზიციასაც, აქვს სრული უფლება, რეგიონებში გამართონ აქციები. მეორე მხრივ, ისინი არ გამორიცხავენ, რომ რეგიონებში ჩასულ ოპოზიციონერ ლიდერებს, შესაძლოა, ადგილობრივებმა ე.წ. კონტრაქციები მოუწყონ.

მარეხ ნიჟარაძე, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პირდაპირ ამბობს, რომ თუკი ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაა, მაშინ ეს უფლება საზოგადოების იმ ნაწილმაც უნდა გამოიყენოს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარეს დგას:

„ქუთაისი იქნება პირველი ღირსეული ქალაქი, რომელიც დაიწყებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას. დიახ, ჩვენი მხარდამჭერები არიან ძალიან გაღიზიანებულები. ძალიან ბევრია, ვისაც ეს ძალა აღარ უნდა ხელისუფლებაში. აღარ უნდა მათი ბოგინი და თარეში. მეც ვიყავი მომხრე, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარებულიყო, მაგრამ რაკი ეს ასე არ მოხდა, რა ვქნათ, არიქა, დავიქეცით და აღარაფერმა აღარ უნდა იმუშაოს? დღეს ეს ხალხი დესტაბილიზაციისა და დემაგოგიისათვის არის მზად. ამ ხალხმა არ უნდა ილაპარაკოს მოსახლეობის სახელით. მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხი გადაწყვეტს, ვინ აირჩიოს და ვინ არა“.

მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის ის ერთ-ერთი წევრია, რომელმაც 14 ნოემბერს მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. 22 ნოემბერს, მისი ბიუროს კარზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოქლომის დადება გადაწყვიტეს, თუმცა, დეპუტატის მხარდამჭერებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

დღეს მერაბ ქვარაია დარწმუნებულია, რომ იმდენად მაღალია ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და "მასთან დაკავშირებული სხვა ოპოზიციური ძალების მიუღებლობა", რომ ოპოზიცია რეგიონებში მხარდამჭერების შეგროვებას ვერ მოახერხებს.

„ჩვენ არაერთი საპროტესტო აქცია ვიხილეთ ოპოზიციის მიერ ინსპირირებული. ოპოზიცია მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანის მობილიზებას ახერხებს. ამჯერადაც ასე იქნება, არანაირ განსაკუთრებულ აქტიურობას არ ველით. ფაქტია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ აგრესიის ძალიან დიდი მუხტია საზოგადოებაში. აგრესიაა იმ რეჟიმის მიმართ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მართავდა. თუმცა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“.

ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციები გორში და შიდა ქართლში დღის გეგმას რომ ვერ შეცვლის, ამაში დარწმუნებულია მიხეილ გოგინაშვილი, გორის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, დღეს საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ მიმართ უკმაყოფილების ხარისხი არ არის იმ დონეზე, რომ ხალხი მმართველი პარტიის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდეს. ის არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილმა აქციებმა მოსახლეობა გააღიზიანოს, რასაც შესაძლოა კონტრაქციები მოჰყვეს:

„კი, ყოფით საკითხებზე არსებობს უკმაყოფილება, თუმცა, არა ისეთი, რომ ხალხი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს შეუერთდეს. რაც შეეხება პროპორციული წესით არჩევნებს, იმასაც ვიტყვი, რომ სოფლის მოსახლეობას ურჩევნია ჰყავდეს მაჟორიტარი დეპუტატები, რათა პირადად მივიდნენ მათთან და გააცნონ პრობლემები. ასეთია განწყობა. გორში, საპროტესტო აქციებზე სულ ხუთი-ათი კაცი გამოდის ხოლმე და თუკი ოპოზიციას მუხტის ან ხალხის რაოდენობის გაზრდა უნდათ, თბილისიდან ჩამოჰყავთ ხოლმე აქტივისტები. ეს არის ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება. ჩვენ არ ვემზადებით არანაირი კონტრაქციებისთვის. მაგრამ მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მმართველობის პერიოდში იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ არ გამიკვირდება, თუკი მათ წინააღმდეგ დაზარალებული მოსახლეობა გამოვა“.

გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილი კი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ მოსახლეობის საზრუნავი ყოფითი პრობლემებია, ისინი ნაკლებად ინტერესდებიან როგორც საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესით, ისე ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციებით:

„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. მაქსიმალურად არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ასე რომ აქციების ჩატარების პრობლემა არ შეექმნებათ. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ვაგრძელებთ იმ დავალებების შესრულებას, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა გვავალებს“.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მაქსიმალურად არის და იქნება დაცული ოპოზიციონერთა და სამოქალაქო აქტივისტების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, 2 დეკემბერს, მცხეთაში, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მიმდინარე აქციას, დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა. შედეგად, შსს-მ დააკავა მოძრაობა „გაბედეს“ ოთხი წევრი და „ქართული ოცნების“ სამი მხარდამჭერი.

როგორც „გაბედეს“ ერთ-ერთმა წევრმა, მამუკა ჯუღელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აქტივისტებმა დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან სიმბოლურად 41 ვერცხლის მონეტა მიიტანეს და მაჟორიტართან შეხვედრას ითხოვდნენ, რათა მისთვის კითხვა დაესვათ, თუ რატომ მისცა ხმა პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ. მისი თქმით, სწორედ ამ დროს დაუპირისპირდნენ მათ უცნობი პირები.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი გახადოს მარგინალიზებული და ამისთვის, ის აქტივისტებს უპირისპირებს პარტიულ აქტივს, საჯარო უწყებებში დასაქმებულებსა და პარტიული ინტერესების მქონე ადამიანებს:

„ბიძინა ივანიშვილის მიზანია, შექმნას სამოქალაქო დაპირისპირების ილუზია. სამოქალაქო საზოგადოება ერთიანია პროპორციული არჩევნების მოთხოვნაში, ამას მოწმობს როგორც ზოგადი განწყობები, ასევე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევა! ჩვენ ვაგრძელებთ კანონის ფარგლებში მოქმედებებს, გამოვიყენებთ კონსტიტუციით მონიჭებულ ყველანაირ უფლებას და შევუქმნით მაქსიმალურ დისკომფორტს ხელისუფლებას, რომელიც გაუჩერებლად ატყუებს ადამიანებს! მოვუწოდებთ ქართულ ოცნებასა და პირადად ბიძინა ივანიშვილს, აიღოს პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც თავად შექმნა და ახლა თავადვე აღრმავებს. პოლიციას კი, რომელიც ახლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ვთხოვთ, ემსახურონ საქართველოს და ნაცვლად უდანაშაულო ადამიანების დაჭერისა, დააკავონ მოძალადე ზონდერები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 2 დეკემბერს, საღამოს გაავრცელეს მოძრაობებმა „ქვეყნის სამსახურში“ და „რუსეთი ოკუპანტია“.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

  • 16x9 Image

    გოგა აფციაური

    გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.

XS
SM
MD
LG