Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოღვიძება ომში: ომის მოწინააღმდეგე რუსი დისიდენტები იხსენებენ უკრაინაში შეჭრის გამო "შოკსა და საშინელებას"


ისკანდერ გაბრახმანოვი, ომის მოწინააღმდეგე დისიდენტი, თათრეთის დედაქალაქ ყაზანიდან.
ისკანდერ გაბრახმანოვი, ომის მოწინააღმდეგე დისიდენტი, თათრეთის დედაქალაქ ყაზანიდან.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა აქტიურად თუ პასიურად მხარს უჭერს ომს. თუმცა ამ ომმა ათასობით რუსის ცხოვრება შეცვალა და დაიწყო სასტიკი დაპირისპირება არა მხოლოდ მთავრობასა და პოლიციასთან, არამედ მეზობლებსა და ნათესავებთან - ოჯახის წევრებთან.

ერთი სხვაგვარად მოაზროვნე რუსეთში ფიქრობს, რომ „მთავარია, ხალხი არ მიეჩვიოს იმას, რაც უკრაინაში ხდება. და ისინი ასევე არ უნდა მიეჩვიონ საკუთარ უმწეობას“.

ივან კორეტნიკოვი
ივან კორეტნიკოვი

მიუხედავად იმასა, რომ რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლამდე უკრაინის საზღვრებთან აურაცხელ ჯარს მოუყარა თავი, ყოველგვარი პროვოცირების გარეშე მოსკოვის ფართომასშტაბიანი შეჭრა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შოკისმომგვრელი იყო.

„ცხადია, კარგად მახსოვს“, ამბობს ივან კორეტნიკოვი, 84 წლის მხატვარი პერმიდან, როცა ომის დაწყების დღეს იხსენებს. „ეს იყო როგორც მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილი, 24 თებერვალი მეხის დაცემასავით იყო. ბოლო წუთამდე ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი რამ მოხდა“.

მართალია, რუსების უმეტესობა უკრაინასთან ომს აქტიურად თუ პასიურად მხარს უჭერდა, ათასობით რუსი შეაძრწუნა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებამ და უცბად დაინახეს, რომ მათი ცხოვრება სრულიად შეიცვალა.

რადიო თავისუფლებამ რუსეთის ათეულობით მოქალაქეს ჩამოართვა ინტერვიუ გასული წლის განმავლობაში მას მერე, რაც ისინი დააჯარიმეს, ან დააკავეს მათი ანტისაომარი პროტესტის გამო.

ივლისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე ერთი ქალი, რომელიც ომის მიმართ პროტესტს გამოთქვამდა და თანამემამულეებს აფრთხილებდა, რომ „მათი დუმილის გამო იმაზე, რაც უკრაინაში ხდებოდა, ხალხს ხოცავდნენ“.

„...გადავირიე“

პოლინა მუხაჩოვა, რომელმაც ახლახან დაასრულა მოსკოვიდან 900 კილომეტრში მდებარე ქალაქ კიროვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გვიყვება, რომ თავიდან უბრალოდ შოკში იყო: „თავიდან ვიფიქრე, რომ ეს მოასწავებდა ფინანსურ არასტაბილურობას და ამან შემაშინა ყველაფერზე მეტად. მერე მივხვდი, რომ ეს არის ნამდვილი ომი და გადავირიე“.

„შემდეგი დღეები თითქოს ბურუსში ვიყავი“, განაგრძობს მუხაჩოვა. „არ ვიცოდე, რა მექნა, როგორ ვიცხოვრებდით ამიერიდან... თავს დაკარგულად ვგრძნობდი“.

ილმირა რახმუტულინა ქორეოგრაფია ბაშკირეთიდან, უფიდან. ის მსგავს ამბავს იხსენებს:

„23-24 თებერვლის ღამეს არ გვიძინია. ისე ვღელავდით, ვერ დავიძინეთ. ომის დაწყების შესახებ მაშინვე შევიტყვეთ. ცხადია, შოკში ვიყავით, შეძრწუნებული ვიყავით რაც მოხდა“.

ილმირა რახმუტულინა
ილმირა რახმუტულინა

სამარაში ცხოვრობს აქტივისტი ვლადიმირ ავდონინი, რომელიც გვიხსნის, რომ მისთვის სამყარო შეიცვალა.

„ომის შესახებ ცნობა ძალიან მოულოდნელი იყო“, - უამბო მან რადიო თავისუფლებას. „თავიდან შოკირებული ვიყავი. მაგრამ უცბად მივხვდი, რომ საჭირო იყო მოქმედება, რომ დუმილი არ შეიძლებოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს გვაკისრია პასუხისმგებლობა მომხდარისთვის. იმავე დღეს დავიწყე „ერთი კაცის პროტესტისთვის“ მზადება.

ვლადიმირ ავდონინის „ერთი კაცის პროტესტი."
ვლადიმირ ავდონინის „ერთი კაცის პროტესტი."

რუსეთში ინდივიდუალური პიკეტი არ არის აკრძალული, მაგრამ ვინც მათ აწყობს, პოლიციის სამიზნე ხდება ხოლმე და მას ბრალად უყენებენ „პოლიციის თანამშრომლისთვის დაუმორჩილებლობას“ ან „დაკავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას“.

ადვონინი თვლის, რომ „თუ არაფერს აკეთებ და დუმხარ, დანაშაულის თანამონაწილე ხარ“. ადვონინი, მისი სიტყვებით, „არ აპირებს პუტინის დანაშაულის თანამონაწილეობას“.

"პოლიტიკური დისკუსიები დაანგრევს ჩვენს ოჯახს"

როცა რუსეთის არმია უკრაინაში იბრძოდა, ქვეყანაში ომის მიმართ დამოკიდებულება ოჯახების დაყოფის მიზეზი ხდებოდა.

ქალაქ კიროვის მკვიდრმა, მუხაჩოვამ - რომელიც აპრილში დააკავეს თმაში მწვანე ლენტის ტარების გამო მაშინ, როცა ომის მოწინააღმდეგე დისიდენტები მწვანე ფერს მშვიდობის სიმბოლოდ იყენებდნენ - თქვა, რომ მას მშობლები მოუწოდებდნენ, არ გამოეხატა პროტესტი ომის მიმართ.

პოლინა მუხაჩოვა
პოლინა მუხაჩოვა

"მათ მიაჩნიათ, რომ ჯობია, ჩუმად იჯდე და, როგორც ისინი ამბობენ, ყურადღება არ მიიქციო", გვიამბობს მუხაჩოვა. "დიდი-დიდი, სამზარეულოში ისაუბრონ ერთმანეთთან", ამბობს ის თავის მშობლებზე.

"დედაჩემი მეტ-ნაკლებად ნეიტრალურია, მაგრამ მამაჩემი ომის მომხრეა, მე და ბებიაჩემი კი ომის წინააღმდეგი ვართ", ამბობს მუხაჩოვა. "ვერავინ ვერავის აზრს ვერ შეცვლის. დედა სერიოზულად შეშფოთებულია იმით, რომ პოლიტიკური დისკუსიები ჩვენს ოჯახს დაანგრევს, ამიტომ ცდილობს ჩუმად იყოს და კონფლიქტებს თავი აარიდოს".

მსგავს ამბავს ჰყვება ისკანდერ გაბრახმანოვი, ომის მოწინააღმდეგე დისიდენტი, თათრეთის დედაქალაქ ყაზანიდან.

"დედაჩემი ... არც გმობს და არც ემხრობა იმას, რაც ხდება", თქვა მან. "მაგრამ მამაჩემს ... სურს, რომ საბჭოთა კავშირი აღდგეს. ეს ის ქვეყანაა, სადაც ის გაიზარდა, სადაც გაატარა თავისი ახალგაზრდობა და ამიტომ მიაჩნია, რომ ის შესანიშნავი დრო იყო. მე მესმის მისი შეხედულება, მაგრამ ძირეულად არ ვეთანხმები".

პოლიცია გამვლელმა გამოიძახა

როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ელენა ბაიბეკოვა მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა ქალაქ ასტრახანში. მან 22 თებერვალს ერთკაციანი საპროტესტო აქცია მოაწყო ომის წინააღმდეგ ქალაქის მთავარ მოედანზე და უკვე ჰქონდა პრობლემები პოლიციასთან.

"სავაჭრო ცენტრის წინ ვიდექი და წარწერა მეჭირა: "პუტინი = ომი=კრიზისი=დეგრადაცია=საერთაშორისო მტრობა", თქვა ბაიბეკოვამ. "დავინახე, ერთ-ერთი გამვლელი გაბრაზდა და პოლიცია გამოიძახა, ამიტომ სხვა ქუჩაზე გადავინაცვლე".

მათემატიკის მასწავლებელი ელენა ბაიბეკოვა
მათემატიკის მასწავლებელი ელენა ბაიბეკოვა

ორი დღის შემდეგ მის სახლში პოლიცია მივიდა და ბაიბეკოვა დააკავეს, რადგან მეზობელმა უჩივლა, აივანზე პირსახოცი უკიდია უკრაინის დროშის ლურჯ და ყვითელ ფერებშიო.

"ჩემი საქმის მოსმენამ სასამართლოში სამ წუთს გასტანა", იხსენებს ის და ამატებს, რომ ხუთდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. "შემდეგ საკანში ჩამაგდეს რამდენიმე ალკოჰოლიკთან ერთად, რომლებიც გამუდმებით ეწეოდნენ".

როცა გაათავისუფლეს, მისი სკოლის დირექტორმა სამსახურის გაცდენის გამო დასაჯა და აპრილში სამსახურიდან დაითხოვეს.

"პატიმრობაში ყოფნისას, ერთი-ორმა მასწავლებელმა მომწერა და მეუბნებოდნენ, რომ მთლიანად მიჭერდნენ მხარს, მაგრამ ისინი ჩემსავით ვერ მოიქცეოდნენ", განაგრძობს ბაიბეკოვა. "მაგრამ ასეთი მხოლოდ ორი ადამიანი იყო 56 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში".

მათი დუმილის გამო იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, ხალხი იხოცება

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პირველ კვირებში, ომის საწინააღმდეგო პროტესტის გამო 13 000-ზე მეტი რუსი დააკავეს, ზოგჯერ ძალის გამოყენებით, - იტყობინება OVD-Info, რომელიც თვალყურს ადევნებს რეპრესიებს რუსეთში.

მთავრობამ სასწრაფოდ მიიღო სასტიკი კანონები, რომლებიც ნებისმიერი ფორმით ომის მიმართ პროტესტს - დანაშაულად მიიჩნევენ. დამოუკიდებელი მედია და უფლებადამცველი ჯგუფები ან დახურეს, ან ქვეყნიდან გააძევეს. ომის მოწინააღმდეგე დისიდენტებს წლის ბოლოსთვის ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.

მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ტალღა განახლდა მას შემდეგ, რაც სექტემბერში პუტინმა სამხედრო მობილიზაციის შესახებ გასცა ბრძანება, რუსეთში რამე არსებითი ომის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი მოძრაობა არ შექმნილა.

ქალაქ უფაში მცხოვრებმა ომის მოწინააღმდეგე დისიდენტმა, რახმატულინამ, ოთხჯერ მოაწყო პროტესტის აქცია ომის დაწყებიდან პირველ კვირებში.

"მთავარი ის არის, რომ ხალხი არ უნდა შეეგუოს იმას, რაც უკრაინაში ხდება", თქვა მან. "და ისინი არ უნდა შეეგუონ საკუთარი უმწეობის განცდას".

"ისინი ამას არ უნდა შეეგუონ, იმიტომ რომ, თუ შეეგუებიან, მათი დუმილის გამო იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, ხალხი იხოცება - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით", თქვა რახმატულინამ.

"ვიცი ამ საფრთხის არსებობის შესახებ“

25 წლის ლიაისან სულტანგარეევა, ბაშკირეთის პატარა ქალაქ ტუიმაზის მკვიდრი, არაერთხელ დააჯარიმეს ომის წინააღმდეგ პროტესტის გამო.

"მე გამოვთქვამდი პროტესტს იმიტომ, რომ არ შემეძლო ჩუმად ყოფნა", თქვა მან. "არ შემიძლია, უბრალოდ განზე გავდგე და სეირს ვუყურო. ეს უკვე მეტისმეტია. მე არ ვიცნობ არც ერთ ადამიანს ტუიმაზიში, რომელმაც ღიად გამოთქვა პროტესტი ომის წინააღმდეგ".

"რა თქმა უნდა, მეშინია ციხეში ჩაჯდომის", თქვა მან. "ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს თავიდან ავირიდო. მაგრამ ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად ვარ... ვიცი, რომ ეს ჩემს და ჩემი ნათესავების ცხოვრებას დაანგრევს, მაგრამ სხვა გზა, მგონი, არ არის. ვიცი საფრთხის არსებობის შესახებ".

ლიაისან სულტანგარეევა
ლიაისან სულტანგარეევა

სულტანგარეევა რუსეთში რჩება, ისევე როგორც მისი თანამოაზრე დისიდენტები მუხაჩოვა, ავდონინი, კორეტნიკოვი და გაბდრახმანოვი.

სამუშაოდან დათხოვილმა მასწავლებელმა ელენა ბაიბეკოვამ რუსეთი დატოვა შეჭრიდან რამდენიმე თვეში და გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

ილმირა რახმატულინამ და მისმა დამ - რომელთაც შეჭრის შესახებ უფაში შეიტყვეს, უძილო ღამისას - რუსეთი დატოვეს და სომხეთში წავიდნენ.

XS
SM
MD
LG