ამჟამად ოკუპირებულ რაიონში, დოკუმენტებს არა დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი, არამედ ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაცია გასცემს.
დე ფაქტო ხელისუფლება წლების განმავლობაში საშვთა გაცემის სისტემას მუდამ ცვლიდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა.
ედუარდ კოკოითის ე.წ. პრეზიდენტობის პერიოდში შეიქმნა შემდეგი სისტემა: საბუთები, რომლებიც ადასტურებდა, რომ განმცხადებელი იყო რაიონის მცხოვრები, გადაეცემოდა კგბ-ს რაიონულ განყოფილებას და გადამოწმების შემდეგ, მას თანხმობას ან უარს ეუბნებოდნენ საშვის მიღებაზე.
პროცედურა არ გულისხმობდა კონკრეტულ ვადებს. არც კრიტერიუმები იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რის გამო ეუბნებოდნენ უარს მოქალაქეებს. ზოგი საშვს ორ კვირაში იღებდა, განმცხადებელთა დიდ ნაწილს კი თვეების განმავლობაში უწევდა ლოდინი. რაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.
ანატოლი ბიბილოვის ე.წ. მმართველობის დროს უკვე ცხინვალი ჩაერთო საქმეში. ყოველ ოთხშაბათს დე ფაქტო დედაქალაქიდან ახალგორში ჩადიოდა ერთი პირი, აგროვებდა საბუთებს და უკან მიდიოდა. დაახლოებით ერთ თვეში ის უკვე საშვებით ბრუნდებოდა დაბაში. ეს პროცედურა 2019 წლის 4 სექტემბრამდე გაგრძელდა, ვიდრე ბიბილოვმა ოკუპირებული დაბა მთლიანად არ ჩაკეტა.
ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა გადაწყვიტა, რომ საშვების გაცემა ისევ ადგილობრივ ადმინისტრაციას დაეწყო. თუმცა ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, ამან კორუფციის მასშტაბი გაზარდა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხელის მოთბობა დაუფარავად დაიწყო.
„საშვის გაცემაზე პასუხისმგებელი გახდა რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე რეზო დევიძე. ჩვენ ბევრი რამ ვნახეთ ჩვენი თანამდებობის პირებისგან, მაგრამ ასეთი უხეში გამოძალვა და დოკუმენტებით ვაჭრობა არასდროს ყოფილა. თანამდებობის პირი გასცემდა საშვებს სახლში, იღებდა ქრთამს ხალხისგან. ვიღაცისგან ორმოცდაათი დოლარი, ვიღაცისგან ასი. თუ ფული არ არის, მოიტანეთ ძვირადღირებული ალკოჰოლი, ყველი. საშვის სანაცვლოდ წეროვანიდან ცხვარი ჩამოიყვანეს. წეროვანელები ამას არ აპროტესტებენ, ულაპარაკოდ იხდიან, ამიტომ საშვებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ. დაბაში მცხოვრებლებს კი გადახდა არ სურთ, მიაჩნიათ, რომ მათთვის უსასყიდლოდ უნდა გაიცეს, რადგან ისინი მუდმივად ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე. მათ კი თვეობით ლოდინი უწევთ“, - ამბობს პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში თამარ მეარაყიშვილი.
მისი თქმით, დაბაში უკმაყოფილება იმდენად გაიზარდა, რომ ორი თვის წინ ადგილობრივ ადმინისტრაციას ეს ფუნქცია ჩამოართვეს და ისევ უშიშროების კომიტეტი ჩაერთო საქმეში. ამ პერიოდში საშვების გაცემა დაჩქარდა, თუმცა ზოგიერთი პირის ე.წ. შესწავლის პროცესი დიდხანს მიმდინარეობდა. ახალგორელების ნაწილი მიიჩნევდა, რომ არც ეს სისტემა ამართლებდა. ამიტომ ორიოდე კვირის წინ საშვთა გაცემის უფლება ისევ ადგილობრივ ადმინიტრაციას მისცეს. კორუფციაში დადანაშაულებული მოხელეების გამო კი მოსახლეობაში უკმაყოფილება ისევ იზრდება.
ახალგორის ლეგიტიმური გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გელა შერმადინი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნას 20 მაისს ელოდებიან. მისი ინფორმაციით, საშვების გაცემის პროცესი ისევ გაჭიანურებულია და ამის გამო მოსახლეობა უკმაყოფილოა.
„ძალიან ნელი ტემპით გაიცემა საშვები. იქ მაიმუნობენ რაღაცეებს, კორუფციულ გარიგებებს ვგულისხმობ. იქაური ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან ჩართულები და საშვების გაცემა ისევ ჭიანურდება. ძალიან ბევრი ხალხი ელოდება. 20 მაისს გზის გახსნას ველოდებით, მაგრამ გადასაადგილებელი საშვი ჯერ ყველას არა აქვს“.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა „რაზდახანის" (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორი ამ საგუშაგოს აღებამდე ჩაკეტა. ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას, გასული წლის 10 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს - დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს შეჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გზას გახსნიდა. ჯერჯერობით, მისი პირობა თვეში მხოლოდ 10 დღით სრულდება. ახალგორელები გზის გახსნას 20 მაისისთვის ელოდებიან.