შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას 11 ივლისის ინტერვიუს შემდეგ გაიზარდა შეკითხვების რაოდენობა იმაზე - როგორ პასუხობს სახელმწიფო სამართლებრივად 20-21 ივნისს მომხდარს? შს მინისტრმა, როგორც ხელისუფლების არაერთმა სხვა მაღალჩინოსანმა, არაერთხელ ახსენა სახელმწიფო გადატრიალება, რომ აქცია ძალადობრივი იყო და მის ორგანიზატორებს პარლამენტის შენობაში შეჭრა სურდათ, რომ ამბოხი წლების განმავლობაში მზადდებოდა და ის აღიკვეთა და ა.შ..
რა იცის ამ დრომდე საზოგადოებამ ამ შეფასებითი განცხადებების გარდა? საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის მოადგილე, ნონა ქურდოვანიძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
„ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და ასე ხელაღებით ამის თქმა, რომ გადატრიალება მზადდებოდა, რა თქმა უნდა, მიუღებელია. თუ შსს-ს არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, ამაზე საუბარიც კი (მითუმეტეს ამ კონტექსტში, როცა პროტესტის მუხტი ისევ მაღალია), ვფიქრობ, არასწორია.
ამ დროისთვის რაც არის საჯაროდ ცნობილი, არ ქმნის ვარაუდს, რომ ამ ტიპის დანაშაულთან გვქონდა საქმე. ვისურვებდით მეტ ინფორმაციას - რაში გამოიხატებოდა გადატრიალების მცდელობა? რა მტკიცებულებებია? ეს მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი და ერთმანეთთან თანხვედრაში. არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვა, რომ ეს ბრალდებები არის მოგონილი, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების თუ აქციის მონაწილეების დასჯის მიზნით. ეს იქნებოდა დამაზიანებელი სახელმწიფოსთვის“.
საია მუშაობს ანგარიშზე, რომელშიც გაანალიზდება 20-21 ივნისს უფლებების დარღვევის სისტემური და ინდივიდუალური შემთხვევები. ის მოიცავს საკითხების გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ საია-ს განცხადებაში.
„პირველივე დღეს, როდესაც აქციის დაშლის ღონისძიება ჩატარდა, მგონი, ყველა ვთანხმდებოდით იმაზე, რომ ძალა, რომელიც პოლიციამ გამოიყენა, იყო არაპროპორციული და ამ ფაქტებს, მათ შორის - ვინ გასცა ბრძანება, საიდან უნდა მომხდარიყო დაშლა, რა თანმიმდევრობით უნდა ყოფილიყო გამოყენებული სპეციალური ზომები, რომლებიც გამოიყენა იმ დღეს შსს-მ - ამაზე უნდა ჩატარდეს დეტალური გამოძიება. ყველა კითხვა არის ღია.
მხოლოდ მინისტრის საუბარი არ არის საკმარისი, სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი“,
საია იცავს 20-21 ივნისს დაზარალებული არაერთი პირის ინტერესებს. ამის მიღმა ორგანიზაცია აპირებს გამოიკვლიოს დაზარალებისა და თუ სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების ყველა სხვა ინდივიდუალური შემთხვევა. ამისთვის საია დეტალურ ინტერვიუებს ართმევს როგორც დაზარალებულებს, ასევე გეგმავს შსს-ს წარმომადგენლების გამოკითხვას.
ნონა ქურდოვანიძე თვლის, რომ არის უამრავი შემთხვევა, რომელზეც გამოძიების ჩატარება არის „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ და რომ მხოლოდ დაზარალებულების გამოკითხვა არ არის საკმარისი. საჭიროა, გამოიკვეთონ კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია, საქმეები განიხილოს სასამართლომ და დაისაჯონ დამნაშავეები:
„შსს-სგან გამოთხოვილი გვაქვს და არ მიგვიღია ინფორმაცია - რამდენი პოლიციალის მიმართ დაიწყო დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენება?
არც გუშინდელ ინტერვიუში უთქვამს მინისტრს რამდენ სამართალდამცავს დაეკისრა პასუხისმგებლობა. საზოგადოებისთვის ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის“.
საია-ს პრაქტიკამ აჩვენა, რომ სასამართლოსა და შსს-ს მოქმედებები ადმინისტრაციული წესით დაკავების შემთხვევებზე (305 ადამიანი დააკავეს იმ დღეს) 21-22 ივნისს ჩატარებულ პროცესებში, აშკარად ავლენდა ტენდენციას, რომ იყო ფორმალური და მხოლოდ პოლიციელთა ახსნაგანმარტებების და მათ მიერ შედგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიმდინარეობდა:
„21-ში, როცა დაიწყო, სასამართლო ყველა პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიდა. შემდგომ შეიცვალა სასამართლოში მიდგომა და საღამოს 6 საათის შემდეგ დაიწყეს პროცესების გადადება ან ჯარიმების გამოყენება. აპელაციამ მხოლოდ ვადა შეამცირა პატიმრობის და ეს პირები მაინც სამართალდამრღვევებად მიიჩნია“.
რა არის ცნობილი საზოგადოებისთვის 20-21 ივნისის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ? ნონდა ქურდოვანიძის თქმით, მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია არსებობს:
„ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. ზოგადად ვიცით, რომ მიმდინარეობს, მათ შორის, პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება, მაგრამ ამ გამოძიების პროცესში ვინმეს მიმართ დევნა არის თუ არა დაწყებული, ანუ გამოიკვეთნენ თუ არა პირები, რომლებსაც შესაძლოა ბრალი წაუყენოს პროკურატურამ, ასეთი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს.
მხოლოდ ის ვიცით, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროკურატურაში დაბარება კონკრეტული დაზარალებულების და მათთან გასაუბრება, მაგრამ ამის მიღმა დამატებით რა ღონისძიებები ტარდება საგამოძიებო პროცესში, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის ჩვენთვის“.
გარდა ამისა, საია ითხოვს გასაჯაროვდეს ინფორმაცია შსს-ს მიერ აქციის დაშლის დაგეგმვისა და შესრულების შესახებ:
„ჩვენ ვითხოვთ შსს-სგან, რომ მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია. ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ვითხოვთ, მათ შორის: როგორ იყო დაგეგმილი აქციის დაშლის ღონისძიება? ვინ მიიღო ამაზე გადაწყვეტილება? კონკრეტულად რა ეტაპები უნდა გაევლო, რომ სხვადასხვა სპეციალური საშუალებები გამოეყენებინათ?
დღეს ზუსტად ამაზე ოფიციალურად ვაგზავნით განცხადებას, რომ მივიღოთ როგორც საჯარო ინფორმაცია. ამის გარეშე საზოგადოებისთვის რთულია შეაფასოს რა მოხდა. როცა ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, მნიშვნელოვანი შსს-მ ყველა ეს ინფორმაცია საჯარო გახადოს“.