მოზარდების ფსიქიკური ჯანდცვის სფეროში სიახლეა - თბილისსა და ბათუმში გაიხსნა ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრები სახელწოდებით - „კლუბი სინერგია“. ცენტრები ამ ეტაპზე მოემსახურებიან 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს. „კლუბ სინერგიის“ დამფუძნებელი, ფსიქიატრი ნინო მახაშვილი „დილის საუბრებში“:
„დიდი კვლევები გვიდასტურებს, რომ მოზარდები მიმართავენ ადიქტურ ქცევებს იმიტომ, რომ აქვთ ემოციური ან ქცევითი სფეროს პრობლემა. თუ ბავშვი მაღალი შფოთვის განცდებს ატარებს, თუ დეპრესიულია, ბავშვს თუ სხვადასხვა სფეროში აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ის გაცილებით მაღალი რისკის მქონე მოზარდია, რომ მიმართოს ე.წ. თვითდამშვიდებას ალკოჰოლით იქნება ეს, მარიხუანით თუ ე.წ. „კლუბური ნივთიერებებით““.
14-25 წლის ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით. ნინო მახაშვილი ყურადღებას ამახვილებს პრევენციაზეც, როცა ადამიანს არა ჩამოყალიბებული კლინიკური მდგომარეობა, არამედ ერთეული პრობლემა აქვს. თუკი მშობელი აკვირება და ხედავს, რომ მოზარდი არაკომფორტულად გრძნობს თავს, ხელი ეშლება ახლობლებთან ურთიერთობაში, გაღიზიანებულია, აგრესიას გამოხატავს, ჯობია მშობელმა კონსულტაცია გაიაროს სპეციალისტებთან. „კლუბ სინერგიას“ აქვს მოდულები მშობლებისთვისაც:
„ბავშვი არის კონტეინერი ოჯახის პრობლემების. ის ასახავს, ირეკლავს და ატარებს დისფუნქციური ოჯახის გადაუჭრელ, კონფლიქტურ სიღრმეებს“.
ნინო მახაშვილის თქმით, „კლუბ სინერგიის“ ცენტრებში მოზარდების მომსახურებას მომავალი ერთი წლის განმავლობაში ევროკომისია აფინანსებს. კერძოდ, ეს ხორციელდება პროექტ „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“-ს ფარგლებში. ფსიქიატრს დიდი იმედი აქვს, რომ მომავალში სახელმწიფო აიღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას. მას სურს, რომ სამიზნე ჯგუფის ასაკი გააფართოვოს და 14 წელზე უმცროსების მომსხურებაც შეძლოს.
„ნეირომეცნიერება ამბობს, რომ ლამის 25 წლამდე გრძელდება გარდატეხის ასაკი. ტვინის ის არეები, რომლებიც ზრდასრული ადამიანისთვის დამახასიათებელ ქცევაზე აგებს პასუხს, არ არის მომწიფებული ამ ადამიანებში და ვთხოვთ უფროსისთვის დამახასიათებელ ქცევებს. ამ დროს მზად არ არიან“, - ამბობს ნინო მახაშვილი და გადადის პრობლემის ერთ-ერთ საფუძველზე:
„ეს სამყარო ეკრანით არის სავსე და ვერც მოვწყვიტავთ ამ ბავშვებს, მაგრამ ბალანსზეა ლაპარაკი. ძალიან მძიმეა ამ ბალანსის დაჭერა ჩვენთვისაც კი - როდის გამოვრთოთ კომპიუტერი, ჩვენი კინდლი, სმარტფონი და რეალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. თუ ჩვენ არასწორად დავიწყებთ ბავშვის აღზრდას და ამას გამოვიყენებთ მისი დამშვიდებისთვის და არა ჩვენს სხეულს, ჩვენს ზღაპარს, ჩვენს სიტყვებს და ალერსს, ეს არის სათავე.
ახალგაზრდა მშობლებს მინდა მოვუწოდო - ძალიან ადვილია, მაგრამ ნუ ჩაურთავთ პატარა ბავშვებს ელეტრომოწყობილობებს, დაელაპარაკეთ, მიეცით რაღაც სხვა, შემოქმედებითი, გაიყვანეთ გარეთ, აქტიურ თამაშში ჩართეთ, ეთამაშეთ ჭადრაკი“.