25 თებერვალს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ოკუპაციის კვირეულს გახსნის. ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო სამსახურის უფროსი, ნესტან ბაგაური და ამავე სამსახურის სპეციალისტი მანანა ვარადაშვილი „დილის საუბრებში“ გვიყვებიან გამოფენაზე, ოკუპაციაზე, ისტორიული ფაქტების ცოდნისა და გააზრების მნიშვნელობაზე.
წლევანდელი გამოფენისთვის მასალა შეირჩა გასული საუკუნის დასაწყისის დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრებთან კავშირის ნიშნით.
არის ის, რაც შეიძლება მხოლოდ საგამოფენო დარბაზში ნახო, თუმცა, „დილის საუბრების“ სტუმრებმა მსმენელებს გაუზიარეს 1969 წლის 26 მაისის საარქივო აუდიო-ჩანაწერი, ფრაგმენტი რადიო თავისუფლების ერთ-ერთი გადაცემიდან, რომელშიც ემიგრაციაში მყოფი დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე მსმენელს უზიარებს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებისთვის მზადების პროცესს.
ოკუპაციის კვირეულში დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის. საზოგადოებას საშუალება ექნება 25 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ესტუმროს გამოფენას „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - პერსონები საარქივო დოკუმენტებიდან“, რომელიც მომზადებულია ცენტრის კოლექციებში დაცული უნიკალური არქივების საფუძველზე.