Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გოგებაშვლის ნების საწინააღმდეგოდ ვიქცევით და კოპირებას და კალკირებას ვახდენთ"


მანანა ვარადაშვილი და ნესტან ბაგაური, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები
მანანა ვარადაშვილი და ნესტან ბაგაური, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები

საქართველოში დედაენის კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. დიდი წვლილი ამაში მიუძღვის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, რომლის წარმომადგენლებმა - ნესტან ბაგაურმა და მანანა ვარადაშვილმა რადიო თავისუფლების მსმენელს გაუზიარეს არა მხოლოდ კვირეულის პროგრამის ზოგიერთი დეტალი, არამედ გაუზიარეს ამონარიდები საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი წერილებიდან.

„განსაკუთრებით გვიხარია ის, რომ სულ უფრო იზრდება ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის, ანბანის მემკვიდრეობის ცნობადობა. რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ დედაენის კვირეულის ფარგლებში ყველას გაახსენდებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. უკვე რამდენიმე წელია დედაენის კვირეული ფარგლებში ყველაზე პროზაულ, ოფიციალურ უწყებებსაც უკვე ეს აქვთ ჩამჯდარი, რომ ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო მასალა, ალბათ, რამე იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში“.

ღონისძიებებს ერთობლივად ამზადებენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისის მერია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კვირეული თსუ-ში გმაოფენით გაიხსნება, რომელიც იაკობ გოგებაშვილს ეძღვნება და რომელსაც მანანა ბაგაურმა პირობითად უწოდა „ქართული ენის და საქართველოს დარაჯი“:

„წინ წამოვწიეთ გოგებაშვილის არქივიდან ის მასალა, რომელიც ეხება, მაგალითად, აფხაზეთში დედაენის გავრცელების პრობლემებს - გუდაუთაში, სოხუმში. აჭარაში გრიგოლ ვოლსკისთან მისი მიმოწერა. ასევე სამცხეში, ახალციხეში ქართული ნაწარმოებების საჯაროდ კითხვასთან დაკავშირებული მასალა და ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტში არის ის აუდიტორია, რომლისთვისაც ეს იქნება ძალიან საინტერესო“.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო სამსახურის უფროსი, მანანა ბაგაური განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ დედაენის დღე და კვირეული არ იყოს ჩაკეტილი კონკრეტულ ინსტიტუციებში, კონფერენციებსა და სამეცნიერო ღონისძიებებში. 14 აპრილის დღის კულმინაცია იქნება 3Dპროექცია თბილისის საკრებულოს შენობაზე და მაყურებელი საგანგებოდ წლევანდელი პროექტისთვის დაწერილი ელექტრონული მუსიკის ფონზე იხილავს ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობას.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო სამსახურის უფროსი სპეციალისტი, მანანა ვარადაშვილი „დილის საუბრებში“ ყვება უშუალოდ ცენტრში დაგეგმილ ღონიძიებებზე. როგორც აღნიშნავს, სკოლის მოსწავლეთა ჯგუფების მისაღები განრიგი უკვე შევსებულია. მისვლა ინდივიდუალურ ვიზიტორებსაც შეუძლიათ.

„განსაკუთრებით სახალისოა შარშან გაკეთებული კლიშეები გოგებაშვილის „დედაენისა“, რომელიც მნახველებს საშუალებას აძლევს თავისი ხელით გაკეთებული სახსოვარი წაიღონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან“.

მანანა ვარადაშვილმა რადიო თავისუფლების მსმენელს შესთავაზა ამონარიდი გრიგოლ ვოლსკის წერილიდან იაკობ გოგებაშვილისადმი. წერილი 1898 წლით თარიღდება:

„ძვირფასო ძმაო იაკობ, ერთი ფრიად მძიმე სათხოვარი მაქვს და იმედია, ეცდები, რაც შენგან დამოკიდებულია, აასრულო ეს სათხოვარი. კარგად იცი, რომ აჭარა-ქობულეთი, სადაც ჩვენდა სასიხარულოდ, აქამდის ასე საუცხოოდ შენახულია და დაცულია ქართველობა, ჩვენებური ზნე-ხასიათი და დედაენა, დიდად მოწყურებულია დაეწაფოს სწავლას. ხალხი, როგორც საზოგადოდ ქართველობა, ნიჭიერია და მკვირცხლი. ხალხი თხოულობს სულიერი შიმშილის დაკმაყოფილებას. ჩვენ რამდენადმე ვეცდებოდით და შევიძლებდით სულიერი საზრდო-პურის მოწოდებას, მაგრამ ძალით მაცხოვნე-მზრუნველები, რომელთაც ხელში უგდიათ ქვეყნის ბედი, არ გვიშვებენ ძმათა საშველად. ჩვენი განათლების გამგენი სიყვარულის წილ ღვარძლსა სთესენ. შეჩვენებულიმც იყოს იმათი საქმე და სახელი!“ .

ნესტან ბაგაური ყურადღებას ამახვილებს ერთ სადღეისოდაც აქტუალურ საკითხზე:

„დღემდე მიდის ძალიან მწვავე პოლემიკა - როგორი მეთოდებით და როგორ ვასწავლოთ დედაენა? ხშირად, სწორედ იმიტომ, რომ თვითონ გოგებაშვილის პედაგოგიკის პრინციპებს არ ვიცნობთ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ვიქცევით და კოპირებას და კალკირებას ვახდენთ. ორი უკიდურესობა გვჭირს - ან სრულად უგულებელყოფა, ან კოპირება და კალკირება. საარქივო მასალა სულ სხვა რეკომენდაციებს იძლევა. ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ ნაკლებად გაცვეთილი, ამაღლებული შეფასებები გავაკეთოთ, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობას არ უყვარს ეს“.

დასასრულ, ამონარიდი იაკობ გოგებაშვილის წერილიდან:

„ჩვენში ძლიერ გახშირებულია ერთი ნაკლულოვანება წერისა, სახელდობრ ისა, რომ ზემო და ქვემო ნაწილები ასოებისა ორჯერ და სამჯერ სჭარბობენ ცენტრსა, შუაგულსა. გამოდის რაღაც ვიწრო და წოწლოკინა ხელი, რომელიც საწერადაც ძნელია და საკითხავადაც. ფრიად შესანიშნავია, რომ ეს ხელი ჩვენ ქართველებს შემოგვერია საუკუნის დამდეგიდან, რუსეთთან შეერთების შემდეგ. თითქო საკუთარი პოლიტიკური ცენტრის გაუქმებას და გაქარწყლებას წერაზედაც უმოქმედნია, შეუსუსტებია, დაუპატარავებია მათი ცენტრი და გაუდიდებია ზემო და ქვემო ნაწილები. წინანდელ საუკუნეებში ამ წოწლოკინა ხელს ადგილი არა ჰქონია“.

ნესტან ბაგაური:

„ვფიქრობ, გადატანითი თუ პირდაპირი მნიშვნელობით დღესაც არის ჩვენთვის პრობლემა, რომ პოლიტიკური ცენტრის დაკარგვას მთელს ქვეყანაზე უმოქმედნია და მე მგონი, რაღაც თვალსაზრისით, ისევ ის წოწლოკინა ხელის მსგავსი საზოგადოება ვართ, სამწუხაროდ“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG