ხელისუფლებამ და აქტივისტებმა საერთო ენა ვერ გამონახეს. მინისტრები „ულტიმატუმებს არ იღებენ”, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები „ხეობას არ თმობენ”.
სოფელ ნამოხვანში, ადგილობრივი მოსახლე ლალი ეფრემიძის ეზოში, მდინარე რიონის ნაპირას ორი მოზრდილი კარვის გვერდით მესამე, შედარებით პატარა, 15 მარტს გაშალეს მას შემდეგ, რაც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისიდან სოფელში დაბრუნდნენ.
უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 143-ე დღეს, რამდენიმე ადგილობრივის მიერ წამოწყებულ მოძრაობას ხალხი არ აკლდება, უფრო პირიქით. ათეულობით აქტივისტი ერთმანეთს დღე და ღამე უწყვეტად ენაცვლება.
14 მარტს, საპროტესტო აქციამდე, ხეობაში, სოფელ ჟონეთში შეყვანილმა პოლიციამ სოფელი მეორე დღესვე დილიდან დატოვა. კარვების მიმდებარედ პოლიციის მხოლოდ რამდენიმე ეკიპაჟი პატრულირებს. კომპანია „ენკას” მთავარ ოფისთან, სადაც დასაქმებული მუშახელისთვის ორსართულიანი კოტეჯებია აშენებული, მხოლოდ დაცვის სამსახურის ავტომანქანა დგას. მშენებლობა შეჩერებულია. აქაურები ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიამ მძიმე ტექნიკა რამდენიმე დღის წინ გააჩერა და სადგომზე გადაიყვანა.
სამოქალაქო მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებმა, რიონის ხეობისა და საქართველოს სხვა რეგიონის მცხოვრებლებმა, ბოლო ორ კვირაში მეორე, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ხალხმრავალი აქცია გამართეს.
ამ აქციაზე ძველ მოთხოვნებს, მათ შორის მთავარს - გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების კასკადზე“ 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, კიდევ ერთი დაემატა - გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
„ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის დანიშვნა ან გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და არა რომელიმე აქტივისტის აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა… ეს საპროტესტო მოძრაობა რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია ის, რომ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები... ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა”, - განაცხადა მინისტრმა აქციის მოთხოვნების პასუხად.
ნამოხვანში ლალი ეფრემიძის ეზო, სადაც კარვებია გაშლილი, ჰესის მშენებლობის ადგილსა და მშენებელი კომპანიის მძიმე ტექნიკის სადგომს შორის არის მოქცეული. ლალი ეფრემიძე გვეუბნება, რომ ეზოში უკვე შემობარა რამდენიმე წლის წინ დარგული ჯონჯოლის ნერგები, საყანე მიწას კი თვის ბოლოს დახნავს. 3000 კვ.მ-ზე, რამდენიმე ათეული წელია, სიმინდი მოჰყავს. „მე მარტო ვამუშავებდი და ვთოხნიდი და ახლა იმდენი სტუმარია ჩემს ეზოში, ისინიც მომეხმარებიან, ალბათ“.
კარავში მყოფები ამბობენ, რომ ლალი ეფრემიძე ერთადერთია, რომელმაც საკუთარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ამ დრომდე არ გაასხვისა მშენებელ კომპანიაზე. თავად ლალი ამ თემაზე ამბობს მხოლოდ იმას, რომ წინაპრების მიწა მისთვის ძვირფასია.
პროექტის მიხედვით, 433 მეგავატი სიმძლავრის „ნამახვანის ჰესების კასკადი“ 7 წელიწადში უნდა აშენდეს. კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიშისა და ნამახვანი-ჟონეთის ჰესებს. „ტვიში ჰესის“ კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. „ტვიში ჰესისთვის“, დაახლოებით, 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. „ქვედა ნამახვანჰესის“ სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის აშენებაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეა ქორენიშელი ნუგზარ გოდოლაძეც. მე-5 თვე სრულდება, რაც ისიც კარავში ცხოვრობს და ქუთაისში აქციებზე ჩადის. ნუგზარ გოდოლაძე ამბობს, რომ, მართალია, მისი სოფელი - არც მისი სახლი და არც ვენახები - არ იტბორება, მაგრამ მაინც რადიკალური მოწინააღმდეგეა ჰესის მშენებლობის.
„სამოქალაქო პროტესტი, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება და თან დროის გასვლის შემდეგ მეტ მასშტაბს იძენს, აუცილებლად ანგარიშგასაწევი იქნება ხელისუფლებისთვის. ჩვენ არ დავიშლებით, გამოვიყენებთ ყველა კანონიერ ფორმას მიზნის მისაღწევად“, - ამბობს ნუგზარ გოდოლაძე.
ნუგზარ გოდოლაძე ფიქრობს, რომ ხეობის გადარჩენა და სოფლებიდან ქალაქში გაქცეული ხალხის დაბრუნება მევენახეობისა და მეღვინეობის ხელშეწყობას შეუძლია. „ტურისტებს - როგორც ქართველებს, ისე უცხოელებს - ძალიან მოსწონთ ქვევრის ღვინო და აინტერესებთ ქვევრის მოხდის ტრადიცია. მეც, ბოლო წლებია, დავბრუნდი სოფელში და ჩემი და ჩემი მეგობრების გამოცდილებით ვამბობ, რომ ტვიშის მიკროზონას და მიმდებარე სოფლებს, სადაც ციცქა და ცოლიკოური მოგვყავს, დიდი პოტენციალი აქვს, რასაც ჰესი საფრთხეს შეუქმნის“.
კარვებში მყოფ აქტივისტებს, რომლებიც საკუთარ თავს „რიონის მცველებს“ უწოდებენ, დროდადრო სხვადასხვა რეგიონიდან უერთდებიან ის ადამიანები, რომლებიც მათ მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევენ და უთანაგრძნობენ. გიორგი იობაშვილი ქუთაისიდან ჩავიდა ნამოხვანში და, როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სოფელი არ აქვს, წყალტუბოსა და ლეჩხუმის მხარეში ბევრი ნათესავი და მეგობარი ჰყავს. „მიწა სამშობლოსთან, ჩვენს იდენტობასთან იგივდება და პროტესტმა კიდევ უფრო მოიმატა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების პირობები გახდა ცნობილი“, - ამბობს იგი და განაგრძობს: „რა მნიშვნელობა აქვს, ეს კომპანია იქნება ქართული, თურქული, რუსული თუ ჩეხური. პირობები არის კაბალური და ამ ხელშეკრულებას ვეწინააღმდეგები“.
სოფელ ნამოხვანში კარვებში ათეული ადამიანი მორიგეობს. „ტრაქტორის მუშაობა ხეობაში ჩვენთვის ტანკთან ასოცირდება და ამის საშუალებას ვერ მივცემთ“, - გვეუბნება ერთ-ერთი აქტივისტი.
კომპანია „ენკა რინიუებლზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ წერილობით მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტის ფარგლებში მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშს დამოუკიდებელი კონსულტანტი, საერთაშორისო კომპანია „რამბოლი“ შეისწავლის და დამოუკიდებელი კონსულტანტის როლში განიხილავს პროექტის შესაბამისობას ადგილობრივ და საერთაშორისო გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთან.
სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოლაპარაკების ყოველგვარი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა 12 მარტს ქუთაისში შეხვედრის ჩაშლით.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც. ეს არის 4-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, კვლევების გადახედვა და მანამდე კაშხლის მშენებლობის არდაწყება... ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, მეტი ჩართულობა... ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის”, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
ეკონომიკის მინისტრის ოთხი შეთავაზებიდან ერთ-ერთი ხეობის განვითარების ფონდის შექმნას გულისხმობს, სახელმწიფო დაფინანსების (თურნავას თქმით, 5 მილიონი ლარის) მიმართვას ხეობის მოსახლეობის საჭიროებებისთვის.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სახელმწიფო აქტივისტთა ინტერესების გათვალისწინებას ცდილობს, აქტივისტების აღქმა კი საპირისპიროა. ისინი მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ, რადგან ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე მხოლოდ რამდენიმე წუთი დაჰყვეს, შეთავაზებები წარადგინეს და ოთახი ისე დატოვეს, აქტივისტებს არ მოუსმინეს.
რიონის ხეობის მცხოვრებთა პროტესტი გასული წლის ზაფხულში მას შემდეგ გამძაფრდა, რაც კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ რამდენიმე ადგილზე ერთდროულად დაიწყო მშენებლობა და მოსამზადებელი სამუშაოები. უკვე აშენებულია 500 ადამიანზე გათვლილი დროებითი ბანაკი, დაწყებულია ბეტონის ქარხნისა და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზებისა და ხიდების მშენებლობა.
წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. „ქვედა ნამოხვანის ჰესისთვის“ დაგეგმილია 4 400 მეტრის სიგრძისა და 9 მეტრი დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ. პროექტის ღირებულება 800 მილიონი დოლარია.