23 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნათია კაციტაძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშზე მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ნათია კაციტაძე თვლის, რომ ანგარიში საკმაოდ დაბალანსებულია და მასში არის აღწერილი როგორც წინსვლა, აგრეთვე გამოწვევები, რომლებიც რჩება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი მნიშვნელოვნად თვლის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მართლმსაჯულების რეფორმაზე, უმცირესობების უფლებების დაცვაზე აქცენტებს. ნათია კაციტაძის განმარტებით, ხშირად საკანონმდებლო ცვლილებებში არ დევს პრობლემის გასაღები, არამედ ადეკვატური პრაქტიკის ხელშეწყობაში: "გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყველა ხელისუფლება იყო თავდაცვით პოზიციაში მსგავსი ანგარიშების მიმართ, თუმცა, ცხადია ისიც, რომ მათში დიდწილად ასახულია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები". ანგარიშში მედიაგარემოა ერთ-ერთი პრობლემურ სფეროებს შორის: "ფაქტია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში მედიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. ის, რომ ხელისუფლებას ისევ აქვს ცდუნება ჰყავდეს კონტროლირებადი მედია და გარკვეულწილად შეიცვალოს იმ მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა, რომლებიც კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ. სამწუხაროდ, ეს მოვლენებიც ასევე არის ფაქტი და ძალიან ცუდ რეალობაში დაბრუნება მოგვიწევდა, რომ არ ყოფილიყო მთელი ის ძალისხმევა, რაც საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიჩინეს. მათ შორის, თუნდაც, "რუსთავი2"-ის შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გვაქვს სახეზე. ხელისუფლებისთვის ყურადსაღები უნდა იყოს მედიაგარემოსთან დაკავშირებული ვითარება. დარწმუნებული ვარ, არავის უნდა იგივე წრეზე დავტრიალდეთ, რაც იყო თუნდაც წლების წინ, როცა მედია იყოს სრულად კონტროლირებული ხელისუფლების მიერ, ცალკეული გამონაკლისების გარდა", - ამბობს ნათია კაციტაძე "დილის საუბრებში". მან ილაპარაკა აფგან მუხთარლის საქმეზე, რომლის შესახებაც წერს სახელმწიფო დეპარტამენტი. აფგან მუხთარლის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი აზერბაიჯანში, საქართველოში კი ცნობილია, რომ გრძელდება აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან გაუჩინარებისა და აზერბაიჯანში მოხვედრის გარემოებათა გამოძიება. ნათია კაციტაძის თქმით, აფგან მუხთარლისა და მის მეუღლეს დღემდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.